თეკლათის მონასტრის განსაცდელით აღსავსე დღეები
თეკლათის მონასტრის განსაცდელით აღსავსე დღეები
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:

უფლის ნება თუ იყო დედა ელეონორას (დადიანი) წინამძღვრობა იმ ავბედით დროს. წმიდა, ბრძენი, მომთმენი და სულით ძლიერი პიროვნება იყო ნეტარხსენებული. სწორედ ასეთ ადამიანს თუ შეეძლო განადგურების პირას მდგარი მონასტრის გადარჩენა, პირადი მაგალითის ძალით კრებულის, სამღვდელოთა თუ ერისკაცთა სულიერი გამხნევება და განმტკიცება.

ღვთისმოსავი, მიმტევებელი, ყველას გაჭირვებისა და მწუხარების თანამოზიარე, შემბრალე და მოწყალე სქემიღუმენია ელეონორა დიდი მონდომებით ცდილობდა დედათა სავანის გადარჩენას. დაუცხრომელი ლოცვითა და ფიზიკური შრომით აღაფრთოვანებდა იგი თავის სულიერ შვილებს და იმ კრიტიკულ წლებში იხსნა კიდეც მონასტერი იავარქმნისაგან.

დეიდაჩემი, თამარ (გუგული) დადიანი-კეშელავა ასე იგონებდა ბებიას: "ვერ წარმოიდგენ, შვილო, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი, რა ბედნიერი მივყვებოდი მას სიონში, როდესაც პატიმრობიდან განთავისუფლებულ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ეახლა. მათ საუბარს მე ვინ დამასწრებდა და ამაზე ვერც ვერაფერს გიამბობ, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგას ბებიას ბედნიერი და, ამავდროს, ნამტირალევი სახე, უწმინდესის ოთახიდან რომ გამოვიდა. გვერდით მივყვებოდი სიონიდან ფეხით წამოსულს და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა.

საწინამძღვრო ჯვრით დამშვენებულს, ხელში კვერთხით მდუმარედ მომავალს, მისდაუნებურად გზას უთმობდნენ შემხვედრნი და სულითა და გარეგნულ მშვენებით შემკულს აღფრთოვანებულნი მიადევნებდნენ თვალს. ბებია გრძნობდა ამ ჩუმ თაყვანისცემას და შინაგანად შეწუხებული, ცდილობდა, ფეხაჩქარებული განრიდებოდა ქუჩის ორომტრიალს. მაშინ ძნელად თუ ვინმე გაბედავდა რუსთაველზე საეკლესიო სამოსლით გასვლას. იმ ხანობას თავად საქართველოს პატრიარქს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მართლაცდა საშინელი დრო იდგა!".

სენაკის მაზრის ხელისუფლებამ კომკავშირელ აქტივისტებს მონასტრის ტაძარი რომ დააცლევინა და შეაბილწვინა, უთუოდ ივარაუდა, შევიწროებული მონაზვნები დაიშლებიან და ოჯახებს დაუბრუნდებიანო, მაგრამ მწარედ შეცდა. დედებმა მოახერხეს ზოგიერთი სიწმიდის გადამალვა, მათ შორის სატაძრო ხატისა, იმპერატორმა ალექსანდრე III-მ რომ უძღვნა მონასტერს, თუმცა ამ ხატის უძვირფასესი ვერცხლის შესამოსელი გაიტაცეს. ასევე გადარჩა ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის მონასტრიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი - "ყვავილი დაუჭნობელიც". დათაგან რამდენიმემ სხვადასხვა საშუალებით - პირადი დანაზოგითა თუ ნათესავ-მოყვრების შეწევნით მძარცველებისაგან ზოგიერთი სხვა სიწმიდე და ტაძრის კუთვნილი საღვთისმსახურო ნივთი გამოისყიდა. ასე დაიბრუნეს ოქრომკედით ნაქარგი უფლის გარდამოხსნაც.

ტაძარს განშორებულმა კრებულმა სატრაპეზო სამლოცველო სახლად გადააკეთა და იქ დაიწყო წირვა-ლოცვა, მაგრამ ესეც შეიტყვეს ბოლშევიკებმა. განრისხებულებმა, ახლა "მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" თავკაცები გააქეზეს. იმათაც სატრაპეზო ისე დაშალეს, რომ ქვა ქვაზე არ დატოვეს, უმწეო ქალებს კი უბრძანეს, სენაკებს გასცლოდნენ, - ყველაფერი ახლად დაარსებულ მებოცვრეობის საბჭოთა მეურნეობას უნდა გადასცემოდა. კუთვნილი საცხოვრებლის დატოვებაზე მონაზვნებმა სასტიკი უარი განაცხადეს. გამოსავალი მოიძებნა... დედებს სენაკების წინა კარები აუჭედეს და საერთო ეზოთი სარგებლობა აუკრძალეს. ძველებურად გაგრძელდა ყაჩაღთა ღამეული თავდასხმებიც. მაზრის უფროსობა ახალგაზრდა მონაზვნების მშობლებს გასაუბრებაზე იბარებდა და მათზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა, რათა აეძულებინათ ქალიშვილები, შინ დაბრუნებულიყვნენ.

ასეთმა დაუნდობელმა ბრძოლამ კრებული გარკვეულწილად შეამცირა, მაგრამ მოწესეთა ძირითადი ჯგუფი სავანეს მაინც არ ტოვებდა. სატრაპეზოს დანგრევის შემდეგ დებმა დეკანოზ გიორგი ახვლედიანის მიერ აგებულ შედარებით დიდ შენობაში დაიწყეს ღვთისმსახურება. ამ სახლში გამოიყო ერთი დიდი ოთახი, მოეწყო კანკელი, დაიდგა ტრაპეზი და სამკვეთლო...

ძნელია დაწვრილებით ყველა იმ უკეთურობის ჩამოთვლა, რაც ხელისუფლებამ იმ წლებში ჩაიდინა. იოანე ბერი (ანანიაშვილი) იგონებს: "ბოიკოტიც გამოუცხადეს მონაზვნებს და ყველას, ვინც კი გაბედავდა მათთვის დახმარებას. ეს კი, როგორც მითხრეს ძველმა მორწმუნეებმა და მათ შორის დედა მატრონა ეჯიბიამ (იგი ბოლოს აღიკვეცა ჯერ ენკრატისად და შემდეგ კი დიდ სქემმონაზვნად), ნიშნავდა იმას, რომ მეზობელიც კი ვერ მიაწვდიდა ჭიქა წყალსა და პურის ნატეხს ბოიკოტგამოცხადებულს... ცეცხლი რომ წაჰკიდებოდათ, ჩასაქრობად ვერვინ მიეხმარებოდა... მონაზვნებს ერთხანს ქალაქის ბაზარშიც კი არ უშვებდნენ რაიმის გასაყიდად თუ საყიდლად, მათ ეუბნებოდნენ: თქვენ მუქთახორები ხართო...

მაგრამ სასწაული ხდებოდა - ვერანაირი დარბევით, ვერანაირი დაშინებით, ვერანაირი იძულებით ვერ გატეხეს ეს ფიზიკურად სუსტი ქალები, და პირიქით - რაც უფრო მეტ განსაცდელს მოაწევდნენ მათზე, ისინი უფრო მეტად განმტკიცდებოდნენ ხოლმე და უხაროდათ, ვინაიდან სწამდათ, რომ ამდენ რბევას, დაშინებას, ლანძღვა-გინებას, დაცინვას, ათასგვარ შევიწროებას ისინი ქრისტეს გულისთვის დაითმენდნენ და რაც მეტ იწროებას მოითმენდნენ, მით მეტ სიხარულს მიიღებდნენ მაცხოვრისაგან.

როგორც კი რომელიმე დიდი დღესასწაული მოვიდოდა - მეუბნებოდნენ ძველი მონაზვნები, მაგალითად - ქრისტესშობა, ხარება, აღდგომა და სხვა, ამ დროს ამოიყვანდნენ სახანძრო მანქანებს, წყალს მთელი ძალით შემოუშვებდნენ ჩვენს სენაკებში, დაგვისველებდნენ ყველაფერს, გაგვიფუჭებდნენ და თან გვიყვიროდნენ - "წადით, გადაშენდით აქედან, უპატრონოები ხომ არ ხართ, რატომ არ მიდიხართ?!" - ჩვენ მაინც არ ვტოვებდით მონასტერს, - იტყოდნენ ხოლმე სულიერი სიქადულით, და ხშირად დაამატებდნენ ნათქვამს - ჩვენ ყველაზე უარესები დაგვტოვა ღმერთმა ამდენ ხანს, ჩვენზე ბევრად უკეთესი მონაზვნები წინათ იყვნენ, ისინი იყვნენ ნამდვილი მონაზვნები, თორემ მათთან შედარებით ჩვენ ვინ ვართ"...

...კომუნისტებს დედათა მონასტერი არაერთხელ დაურბევიათ. მამიდა ხშირად იხსენებდა ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას: მთავრობის კაცები, კომკავშირელები და მათგან წაქეზებული ახალგაზრდები სენაკიდან მოულოდნელად ამოსულან. კვირა დღე ყოფილა და ტაძარში წირვა მიმდინარეობდა. მომხდურებს მონაზვნები გამოუყრიათ გარეთ და ეკლესიის რბევა დაუწყიათ. ხატები, დროშა-ბაირაღები, საეკლესიო ნივთები, წიგნები ეზოში დაუყრიათ. ყველაფერი სათითაოდ დაუოხრებიათ და გაუფუჭებიათ, მერე კი მთიდან გადაუყრიათ. სახურავიდან ჯვარი გადმოუგდიათ. როგორც ვახსენე, მამიდაჩემი მედავითნე იყო, წირვის დროს ჟამნს კითხულობდა. მიუხედავად მომხდარისა, ჟამნის კითხვა ბოლომდე ჩაუთავებია. სასოწარკვეთილი მონაზვნების კივილი სენაკშიც გაუგიათ, მაგრამ ვინ იყო მშველელი.

როცა მტარვალები წასულან, დებს ტყეში გადაყრილი ხატები და წიგნები მოუძებნიათ, მაგრამ მონასტერში ღიად მათი დაბრუნება ვეღარ გაუბედავთ. ამიტომ მოუფიქრებიათ: ხარებშებმულ ურემზე ქვეშაგები დაუგიათ და ზედ დესპინე მონაზონი დაუწვენიათ, ვითომ ავად იყო და ახალ სენაკში წაუყვანიათ. ქალაქში ჩასვლამდე მოსახლეობა უნდა გაევლოთ. გზაში დესპინე განგებ ხმამაღლა კვნესოდა, ვითომ ტკივილისგან იტანჯებოდა. დასახლებულ ადგილს რომ გასცილებიან, ტყისკენ გადაუხვევიათ და გადაყრილი ხატები და სხვა სიწმინდეები დესპინესთვის გვერდებში ამოუწყვიათ და ასე საბანგადაფარებული ამოუტანიათ მონასტერში. მაგრამ ვინაიდან ტაძარი ჩამორთმეული იყო, სატრაპეზოში დაუბრძანებიათ. სატრაპეზოს დიდი, გრძელი შენობა ორი განყოფილების - სასადილოსა და საკუჭნაოსაგან შედგებოდა. რადგან საკუჭნაო უფრო მყუდრო ოთახი იყო, იქ გაუმართავთ სალოცავი. კარგა ხანს ის იყო მათი ფარული ეკლესია. მონასტრის ტაძარი კომუნისტებმა ბოსლად აქციეს და თხები და ძროხები დააყენეს. Mმახსოვს პირუტყვის ფუნით მოსვრილი ეკლესიის იატაკი. ამ ტაძრის აღდგენა და ისევ სალოცავად გადაქცევა სულგანათლებული კონსტანტინე ქვარაიას დამსახურებაა.

ბეჭდვა
1კ1