ჯვარისმამის ტაძარი ჩვენი დედაქალაქის ხნისაა
ჯვარისმამის ტაძარი ჩვენი დედაქალაქის ხნისაა
სიონის საკათედრო ტაძრის მახლობლად, ლესელიძის ქუჩაზე, დგას მცირე ზომის აგურით ნაგები ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელსაც ჯვარისმამა ჰქვია. შენობის ფასადები ლაკონურადაა დეკორირებული აგურის წყობით. ასევე აგურის წყობითაა ნაშენი თორმეტწახნაგა გუმბათის ყელი და ლავგარდანი. ჯვარის მამა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. რატომ დაერქვა ტაძარს ჯვარის მამა და როგორია მისი აშენების ისტორია? გვესაუბრება ამ ტაძრის მღვდელმსახური, მამა თავმას ჩოხელი.

- მამაო თავმას, ისტორიულად რა არის ცნობილი ჯვარისმამის ტაძარზე?

- არსებობს მოსაზრება, რომ ჯვარისმამის ტაძარი ჩვენი დედაქალაქის დროინდელია. იგი წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის დროს აუგია 40 ძმას. სხვათა შორის, ვახტანგ გორგასლის დროინდელი ტაძარი თბილისში რამდენიმეა: სიონი, მეტეხი, ანჩისხატი, თაბორის მთაზე ფერისცვალების მონასტერი და ბეთლემი, სადაც ვახტანგ გორგასლის და არის დაკრძალული. ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალმა მცხეთა და თბილისი აღაშენა და განაშენა, ვითარცა იერუსალიმი. როგორც ჩანს, ამ ადგილს ისტორიულად გოლგოთა დაერქვა. გოლგოთაზე მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ამიტომ ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილას აშენებულ მონასტერს ჯვრის მონასტერი დაარქვა. არაერთხელ დაუნგრევიათ და აღუშენებიათ ეს ეკლესია, ჯერ თემურ ლენგის შემოსევას შეეწირა (მე-14 ს.) და ერთი საუკუნის შემდეგ აღადგინეს ძველ საძირკველზე. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანს ემსხვერპლა. საბოლოოდ, 1825 წელს აღადგინეს გორგასლის დროინდელი ტაძარი. რამდენიმე ათეული წელი უპატრონოდ დარჩენილ ეკლესიას მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია, გამშვენდა მისი ეზო.

- "ჯვარისმამა" როდის დაერქვა ტაძარს და რატომ?

- ეს სახელი ტაძარს შუა საუკუნეებში დაერქვა, მაშინ, როცა ქართველები იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ასაშენებლად შემოწირულობას აგროვებდნენ. ეს იყო ერის არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი ბაზაც. აქედან მიდიოდნენ სასულიერო პირები იერუსალიმში. "ჯვარისმამაც" იმიტომ ეწოდა, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და იქაური ქართველი ბერების მეტოქი - ფილიალი იყო. ჯვარისმამა თავისი სახსრებით ინახავდა "შვილს" - იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს. ამ ორ ტაძარს შორის ასეთი მამაშვილური ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ჯვარისმამა ძველთაგანვე ითვლება სადგურად იერუსალიმში მყოფი ქართველთა მონასტრების ბერებისა - არა მარტო ჯვრის მონასტრის, არამედ ასევე წმინდა მოციქულ იაკობის და წმინდა წინასწარმეტყველ ილიას მონასტრებისა. მოსე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ ჯვარისმამის ტაძარს მეფე სვიმონმა 1611 წელს შესწირა სამღებრო სოფელ დირბში. სხვა მეფეთაგანაც შეწირული ჰქონდა სოფლები, ყმები და ულუფა, ხოლო მისი წინამძღვარი შემოსავალს უგზავნიდა იერუსალიმის ქართულ ტაძარს. უფლის საფლავის ტაძრის თბილისში დაარსებით საქართველოს მუდმივი კავშირი ჰქონდა პალესტინასთან.

KARIBCHE- ჯვარისმამის წინამძღვართაგან ისტორიულად ვინ არის ცნობილი?

- ცნობილნი არიან: ნიკიფორე (1635 წ.), რომელიც შემდეგ კვიპროსის ვიკვოის მონასტრის მთავარეპისკოპოსი გახდა და მოციქულად წარიგზავნა რუსეთში მიხეილ ფეოდოროვიჩსა და პატრიარქ ფილარეტთან; პართენი (1678 წ.), რომელიც არჩილ მეფეს გაჰყოლია რუსეთში; ათანასე, ერეკლე II-ის თანამედროვე და შემდეგ იერუსალიმის პატრიარქი; ბენედიქტე - მან ბერძნულიდან ქართულად თარგმნა წიგნი "თეატრონი" და შემდეგ ბეთლემის მიტროპოლიტი გახდა; თადეოზი; იაკობი; იეროთეოზი; კესარიოსი; დანიელი (1859 წ.); პროკოპი, რომელმაც 1861 წელს განაახლა ეკლესია და სხვანი. ამ ტაძარში დაწერეს მოგზაურობა საქართველოში ანტიოქიის პატრიარქმა დოსითეოსმა (1520 წ.) და იერუსალიმის პატრიარქმა პაისიოსმა (1658 წ.).

- რადგან იერუსალიმის ჯვრის მონასტერს პატრონობდა, ე.ი. ამ ტაძარს დიდი სიმდიდრე გააჩნდა...

- საბუთებიც არსებობს, რომ ქარვასლა, ტაძრის მიმდებარე მიწები და სახლები ამ ტაძრის საკუთრება იყო. ჰქონია აგრეთვე სახელოსნოები, თონეები - ჯვარისმამის ლავაშის ქება მხატვრულმა ლიტერატურამაც შემოგვინახა.

მერე კი გაუჭირდა ქართველ ერს. ბევრი საკუთრება ჩამოართვეს ეკლესიას. ამ ტაძრის გვერდით მდებარე ეკლესიაც სომხებმა ჩაიგდეს ხელში. ეს ქართული ტაძარი, როგორც გადმოცემით ვიცით, სომეხ ვაჭარს რუსმა ეგზარქოსმა მიჰყიდა. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ეკლესია ჩვენია, მაგრამ ამის აღიარება სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.

- ტაძრის წინ უზარმაზარი ლოდი დევს. რა დანიშნულება აქვს მას?

- 9 წლის წინ ჯვარისმამის წინამძღვარი გახდა დეკანოზი ტარიელი (სიკინჭალაშვილი). სწორედ მან დადო ეს ქვა ტაძრის ეზოში. ის გოლგოთის ასოციაციას იწვევს. სადახლოს მარმარილოა და დაახლოებით 75 ტონას იწონის.

- თბილისის ამ ერთ-ერთ უძველეს, კოლორიტულ უბანში თავმოყრილი იყო ქალაქის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ნაგებობანი...

- ლესელიძის ქუჩა "ზემო" და "ქვემო" ბაზრების გამყრელი გზა იყო და ადრე ამ ქუჩას "შუა ბაზარი" ერქვა. უბნებს სახელწოდება - "ზემო" და "ქვემო" მტკვრის დინების მიხედვით ეწოდა. ზემო და ქვემო უბნები ერთმანეთს უპირისპირდებოდა სოციალურად და ეთნიკურადაც. ზემო უბანში თავმოყრილი იყო თბილისელი ქართველობა, ქვემო უბანში კი უფრო სომხები და სპარსელები. ამას უბნებში ეკლესიების განლაგებაც მიუთითებს.

ზემო უბნის მთავარი ქუჩა "წყლის კართან" იწყებოდა და ანჩისხატისა და "ბატონის მოედნის" გავლით სიონამდე აღწევდა. ამ უბანს საცხოვრებლად ეტანებოდა ქართველი არისტოკრატია, მათ შორის სასულიერო არისტოკრატიაც. აქ იყო მუხრანბატონის, ამილახვრის, ორბელიანთა, მროველის, დავითგარეჯელისა და დოდოს მონასტრის წინამძღვართა სასახლეები. ზედგინიძის სასახლის მახლობლად 1678 წელს დაბინავდა ჯვრის მამის წინამძღვარი. ბებუთაშვილების სასახლეს, რომელიც კლდისუბანში, ჯვარისმამის ეკლესიის ზემოთ იდგა, სხვადასხვა ნაგებობებითა და ეზო-ბაღებით, საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეჭირა. ამ ტერიტორიაზე ორი აუზი ყოფილა: პატარა - მარმარილოს ლომებით და დიდი - ქვისა. ამ აუზებში წყალი სოლოლაკის მთიდან მოდიოდა მილებით.

- როდის გაკეთდა სანათლავი, რომელშიც კალმახები და დეკორატიული თევზები ბინადრობენ?

- აქაურობა ხეობაა და ორ მთას შუა დგას ეკლესია. თავიდან ეს სივრცე სარდაფივით იყო, წყალდიდობებს შლამით ამოევსო. მამა ტარიელმა იქიდან მიწის გამოტანა დაიწყო. ამ დროს წააწყდნენ სარდაფში წყაროს. რადგან წყალს მიმართულება ვერ შეუცვალეს, ამოთხარეს 1,30 მ სიღრმის ორმო და ანკარა წყალი დააგროვეს, ხოლო მამა ტარიელმა ემბაზად აკურთხა. პატარები ხედავენ თევზებს, უხარიათ და მოსწონთ წყალში მათთან ერთად ჩასვლა, ნათლობა უადვილდებათ.
ბეჭდვა
1კ1