30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენებაა - შეგვეწიოს წმინდა მარინეს მადლი!
30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენებაა - შეგვეწიოს წმინდა მარინეს მადლი!
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წავკისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება 1997 წლიდან აღდგა. მამა დავით მინდორაშვილის ძალისხმევით, ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, გაუკეთდა გალავანი, ეზოც კეთილმოეწყო. წმინდა მარინეს ეკლესიის წარსული ქალბატონმა მანანა ქუთათელაძემ გამაცნო.

- სოფლის შუაგულში, მდებარეობს წმინდა მარინეს ეკლესია. იგი აგებულია ერეკლე II-ის მეფობაში, XVIII საუკუნეში. ეს ეკლესია აგარების რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. წავკისის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად იყო ძველი ტაძრები, მაგრამ ამ ეკლესიის საეკლესიო წიგნში წავკისის მოსახლეობასთან ერთად, ასევე ტაბახმელის, კოჯრის, დიდების, კიკეთის მრევლია ჩამოთვლილი, ანუ ამ სოფლების მრევლი წმინდა მარინეს ეკლესიაზე ყოფილა მიწერილი.

საბჭოთა პერიოდში, როდესაც ტაძრების უმეტესობა გაუქმდა, წმინდა მარინეს ეკლესიაში ღვთისმსახურება აიკრძალა. ეკლესიის ზარები II მსოფლიო ომის დროს ჩამოხსნეს და ტყვია-წამლისათვის გადაადნეს. მიუხედავად საბჭოთა რეჟიმისა, ეკლესია უყურადღებოდ არ დარჩენილა. 1956 წელს წმინდა მარინეს ეკლესია წავკისის მკვიდრმა ე. გვარაძემ შეაკეთა. წლების მანძილზე ტაძარს უვლიდა სოფლის მკვიდრი ბაბუცა ბეჟიაშვილი. 1971 წელს მარგო გლოველის თაოსნობით ტაძრის შენობა ხელახლა შეაკეთეს, ამის შესახებ გვამცნობს დასავლეთ კედელში ჩადგმული ფილა. მისივე მზრუნველობით განადგურებას გადაურჩა ტაძარში შემორჩენილი ძველი საღვთისმსახურო წიგნები და საეკლესიო ნივთები.

წმინდა მარინეს ეკლესიაში დაცულ 1912 წლის "ეკლესიის უწყისში" ვკითხულობთ: "უცნობია, თუ როდის და ვის მიერ არის აშენებული. ეკლესია ქვით ნაშენია და მყარია. სამრეკლო მოწყობილია ეკლესიის დასავლეთ კედელში. ეკლესიაში მსახურობს ერთი მღვდელი და ერთი მეფსალმუნე". აქვეა ნათქვამი, რომ ეკლესიას გააჩნია ორი ათეული სახნავი მიწა. ამავე უწყისში აღნიშნულია, რომ მრევლის შემოწირულობებით 1880 წელს აშენებულია სახლი მღვდელმსახურთათვის. ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიაში 1818 წლიდან "მეტრიკები" ინახება. ეკლესიასთან არსებობს სამრევლო სკოლა, რომელიც გაიხსნა 1899 წელს და სკოლის მასწავლებლად განმწესებულია ვერა ბარნაბოვა (ბარნაბიშვილი). სკოლას თავისი შენობა გააჩნია და მასში სწავლობს 38 მოსწავლე, აქედან 15 ვაჟი და 23 გოგონა. უწყისს ხელს აწერს მღვდელი სიმეონ მჭედლიშვილი".

ეკლესიაში ახალაწერილ ხატებთან ერთად დაბრძანებულია XIX საუკუნის ხატებიც. ტაძარი შიგნიდან მოიხატა. დაიდგა ახალი ხის კანკელი. დასავლეთ შესავლელში, რომელიც გაჭრილია ტაძრის დასავლეთ კედელში, დაიკიდა ვაზის ჩუქურთმიანი ლამაზი კარი. მის თავზე ჩაიდგა წმინდა მარინეს ხატი. ტაძარს გალავანიც ამშვენებს. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. ეზოში შემორჩენილია სამღვდელო პირთა ძველი საფლავის ქვები. არქიტექტორ რეზო ჯანაშიას მიერ შედგენილია ტაძრის რესტავრაციის ახალი პროექტი, რომელიც სამწუხაროდ უსახსრობის გამო ვერ ხორციელდება.

შეგვეწიოს წმინდა მარინეს მადლი!
ბეჭდვა
1კ1