აქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა ქრისტიანთათვის უდიდესი სიწმინდეები: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, ძელი ცხოველის ნაწილი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი, წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმიდა მარინეს მკლავი, წმიდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი და სხვა სიწმინდეები.
ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის აგების თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით იგი X-XI საუკუნით თარიღდება, ხოლო მეცნიერთა აზრით მონასტერმა დღევანდელი სახე XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მიიღო.
ასწლეულების მანძილზე მონასტერში არ შეწყვეტილა ღვთის სადიდებელი და სავედრებელი ლოცვები. მონასტრის განსაკუთრებულ მისიას ისიც განაპირობებდა, რომ საუკუნეების მანძილზე აქ ინახებოდა ქრისტიანთათვის უდიდესი სიწმინდეები: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, ძელი ცხოველის ნაწილი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი, წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმიდა მარინეს მკლავი, წმიდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი და სხვა სიწმინდეები, რომელთაც თაყვანს სცემდნენ არამარტო ქართველები, არამედ სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოსული მისიონერები, რაც მათივე ჩანაწერებით დასტურდება.
ისტორიული წყაროების მიხედვით ხობის მონასტერი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც იქმნებოდა ხელნაწერები, ჰქონდათ მდიდარი ბიბლიოთეკა. მნიშვნელოვან ცნობებს ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი გვაწვდის, მისივე ცნობით ხობის მონასტერში დაცული ყოფილა მოსე გაბაშვილის გადაწერილი ხელნაწერთა კრებული ნუსხა_ხუცურით შესრულებული; "გულანი" - აფხაზეთის კათოლიკოს ევდემონ საყვარელიძის ბრძანებით XVII საუკუნის მეორე ნახევარში ნუსხა-ხუცურით შესრულებული; სახარება XVII საუკუნისა, ოქროთი დაფერილი და ვერცხლის ძველ ყდაში ჩასმული პატარა სახარება ნუსხა-ხუცურით შესრულებული, "დავითნი" 1768 წლის ხელნაწერი, 1843 წელს ნუსხა-ხუცურით გადაწერილი ხელნაწერი კრებული, 1756 წელს მხედრულით გადაწერილი ტიპიკონი, სახარება - თათრულად ნათარგმნი, 1739 წელს გადაწერილი, XIX საუკუნეში მხედრულით შესრულებული სულხან-საბას ლექსიკონი; მარხვანისა და ზატიკის ხუცური ხელნაწერი XIX საუკუნისა; აქვე ინახებოდა უამრავი ნაბეჭდი წიგნი.
ექვთიმე თაყაიშვილის ცნობითვე, ტაძრის მხატვრობა რამდენჯერმე განუახლებიათ, დღემდე მოღწეული მხატვრობა XVII საუკუნეში ლევან II დადიანის დაკვეთითაა შესრულებული. მონასტერი განსაკუთრებით მდიდარი ყოფილა იქ დაცული ძვირფასი ხატებითა და ჯვრებით: თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი XII ს, თამარ მეფის დედის - ბორდოხან დედოფლის მრავალნაწილიანი ვერცხლის ხატი XIIს, მაცხოვრის წვერის რამდენიმე ღერი, ღრუბელი, რომლითაც ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს ძმარი მიაწოდეს, ხობის ღვთისმშობლის ხატი, მაცხოვრის ხატი. ამ ძვირფასი საეკლესიო საგანძურიდან ძალიან ბევრი დაკარგულია, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, რაც არამარტო ჩვენი მონასტრის ტკივილია, არამედ ყველა იმ ეკლესია-მონასტრისა, რომელიც კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
1923 წლის 9 იანვარს, ხობის ტაძრიდან სიწმინდეები გაიტანეს და მონასტერი დახურეს. ამ დღიდან ტაძარმა ბევრი განსაცდელი გამოიარა და 66 წლის შემდეგ თითქმის იავარქმნილი მონასტრის ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. 1989 წლის 16 სექტემბერს უწმინდესმა ტაძარი ხელახლა აკურთხა და ღვთისმსახურება აღდგა. იმ დღიდან მოყოლებული ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. თუმცა, ამ წლების მანძილზე იგი მოქმედებდა, როგორც სამრევლო ეკლესია, ხოლო 2004 წლის 14 სექტემბრიდან, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აქ ხარების დედათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ანა (მუსელიანი).
გთხოვთ შეეწიოთ ხობის ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერს. გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს:
LBTGE22, GE28LB 0122 1802 4868 6000 GEL, GE98LB 0122 18024868 6001 $, GE71LB 0122 1802 4868 6002 ევრო. (მისამართი: ხობის, სოფელი ნოჯიხევი).
***
შემოწირულობა შესაძლებელია ყველა მობილური ოპერატორიდან და ქალაქის ფიქსირებული ქსელიდან ნომერზე 0901 900 900 დარეკვით (ზარის ღირებულებაა 1 ლარი), ასევე სწარფი გადახდის აპარატებიდან-იხილეთ მენიუ: სხვადასხვა-ქველმოქმედება-ხობის მონასტერი. (ხობის მონასტერი, ტელეფონი 579 82 85 85 მამა ილია).