ქოზიფას მამათა მონასტერი
ქოზიფას მამათა მონასტერი
მეუფე იობი ქოზიფას დედო მონასტერს უწოდებს
ქოზიფას მამათა მონასტერი ქარელის რაიონიდან ცოტა მოშორებით, მდინარე ძამას ხეობაში მდებარეობს. ეს უძველესი მონასტერი VII-IX საუკუნეებშია დაარსებული, მოქმედი XVII საუკუნემდე ყოფილა..

ქოზიფას მონასტერში თავდაპირველად ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აუგიათ. XIII საუკუნის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ პერიოდს განეკუთვნება მონასტრის გალავანი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. ეს უკანასკნელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, კომპლექსის მთავარი ნაგებობაა.. შემორჩენილია გალავნის "გარე ბჭის" წარწერა, რომელშიც საუბარია კომპლექსის მთავარი ტაძრის აგებასა და შემკობაზე (წარწერა ამჟამად სახელმწიფო მუზეუმში ინახება).

XV-XVI საუკუნეების კომპლექსს კიდევ ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია შეემატა.

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის, იასონ ციციშვილისა და სერგი მაკალათიას აღწერით სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკები გახლდათ. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები. აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ჰყვაოდა.

მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. ვახუშტი თავის აღწერაში წერს: "გუჯარეთს ქვეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუმბათო, კეთილ-შენი, მთასა შინა და აწ უქმი". ჟამთა სვლამ მიტოვებული მონასტერი ძლიერ დააზიანა.

1997 წლის 17 ივნისს მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ქოზიფას მონასტერში სამონასტრო ცხოვრება აღდგა.

XX საუკუნის ბოლოს ქოზიფაში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები: აიგო ბერების საცხოვრებელი სენაკები, სატრაპეზო, მოწესრიგდა მონასტრის შიდა სივრცე და მრავალი სხვა.

ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ყველა ტაძარი აღდგენილია და წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა, აქ არის წმინდა შიო მღვიმელის, მართალი ლაზარეს, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმინდა გიორგის ეკლესიები.

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში, მამათა საძვალეა. ყოველ შაბათს იქ მიცვალებულთა ხსენების მსახურება სრულდება. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ისაია (გოგიბერიძე).


მამა ისაია:
- მეუფე იობმა ნახა უღრან ტყეში ქოზიფას მონასტრის ნანგრევები. მეუფესთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირი იყო, მათ შორის არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი), მეუფე ეფრემი, მამა საბა და პირადად მეც. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა ქოზიფას მონასტერი და განახლდა მონასტრული ცხოვრება. Uუკვე ხუთი წელი სრულდება, რაც ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლავართ. ჩემი ოცნების მონასტერი იყო ქოზიფა. აქაურობა განსაკუთრებით მიყვარს. მეუფე იობი ქოზიფას დედო მონასტერს უწოდებს. ცხონებული მამა შიო (ხარძეიშვილი) ქოზიფას მონასტრის პირველი წინამძღვარი გახლდათ. მამა შიოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მონასტრის კეთილმოწყობაში. მეუფე ეფრემს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მონასტრის ჩამოყალიბებაში.

***
მონასტრული ტიპიკონი ასეთია: დილით სამის ნახევარზე ვდგებით. სამ საათზე ვიწყებთ შუაღამიანს, ცისკარს, პირველ ჟამს. მსახურების შემდეგ ვისვენებთ. ათ საათზე ტრაპეზი გვაქვს. ცოტა ხნის შესვენების შემდეგ მორჩილებებს ვასრულებთ. გვაქვს მეურნეობა. ვუვლით ფუტკარს. მიწას ვამუშავებთ და მოგვყავს პროდუქტები. მწუხრის ლოცვას საღამოს 5 საათზე ვიწყებთ. ტრაპეზის შემდეგ მცირე სერობა გვაქვს. თითოეული მონასტრის წევრი პირად კანონს ვასრულებთ. მერე ისევ მეორე დღისთვის ვემზადებით. ბერის ცხოვრება დალხინებული, მარტივი არ არის. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

ქოზიფას მონასტრის საძვალე

მონასტერში მომხდარმა ხანძარმა ძალიან იმოქმედა მონასტრის ძმობაზე. დაიწვა სატრაპეზო, საწყობი. მეორე სართულზე ორი კელია გვქონდა. იქ მომლოცველები რჩებოდნენ ხოლმე. ერთ ოთახში კი მონასტრის ბიბლიოთეკა იყო. ჩვენი ამბავი ძალიან ბევრმა ადამიანმა გულთან მიიტანა და თანადგომა გამოხატა. უფალმა ყველას შეუწიროს. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. მეუფე იობმა უწმინდესს აუწყა მომხდარის შესახებ. უწმინდესმა მონასტრის დასახმარებლად სოლიდური თანხა გამოგვიყო. ხანძარი რომ მოხდა მონასტერშიMმეორე დღეს ფაქტობრივად აღარაფერი გვქონდა და პირველი ადამიანი, ვინც ამოვიდა მონასტერში, იყო თემურ აბუთიძე, დავითი, ბერდიაკვან მამა ფილიპესთან ერთად. პროდუქტები ამოგვიტანეს. პირველი გულისტკივილი ჩემმა მრევლმა მიიღო.

მადლობელი ვართ მეუფის, ჩვენი უწმინდესის.

არქიტექტორ რეზო ჯანაშიას პროექტით, ვაშენებთ ძველი სტილით ახალ ერთსართულიან შენობას, სადაც განთავსდება ორი ოთახი, ბიბლიოთეკა. გვექნება, საწყობი პროდუქტებისა და ინვენტარისთვის. გვექნება თონე და მოსასვენებელი ადგილი. ღვთის იმედი გვაქვს, ღმერთი გვეწევა და ღმერთი მოგვცემს ძალას, მოთმინებას და საშუალებებს, რომელიც გამოჩნდება და შევძლებთ ავაშენოთ და დავასრულოთ მშენებლობა. ქოზიფას ბევრი ადამიანი სტუმრობს და რჩებიან ხოლმე მონასტრებში, გვეხმარებიან მშენებლობაში. სურთ მონასტრული ტიპიკონით იცხოვრონ და შემოიფარგლონ ეკლესიური ცხოვრებით. მონასტერს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ბერებს ეს ძალიან კარგად გვესმის. რა თქმა უნდა, მრევლსაც კარგად ესმის და ყველანაირად გვერდით გვიდგას. ღმერთით მივალთ იქამდე, რომ მონასტრული ცხოვრება მეტად აღორძინდეს და გვქონდეს მშვიდი და წყნარი გარემო. ამით შეგვეძლება უფრო სულიერად ვიცხოვროთ და ვადიდოთ ყოვლადწმიდა სამება, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, სრულიად საქართველოს. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი მონასტრები, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ღმერთმა შეგვაძლებინოს ვაკეთოთ სიკეთე და ვიცხოვროთ ეკლესიურად.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ბეჭდვა
1კ1