ერთაწმინდა
ერთაწმინდა
საქართველოში იმთავითვე პატივს მიაგებდნენ წმინდა ესტატე პლაკიდას, ამის დასტურია კასპის რაიონის სოფელი ერთაწმინდა და ამ სოფელში მდებარე ეკლესია.

ტაძრის სახელწოდება "ერთაწმინდა" დაკავშირებულია მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. "ესტატე წმინდა" დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა "ერთაწმინდად" და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია "ესტაწმინდა", რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.

წმინდა ესტატეს ეკლესია XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორთავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ფასადების მდიდრული მორთულობა (უმეტესად კარ-სარკმელთა საპირეებისა და ჯვრების ჩუქურთმები) ტექნიკურად კარგი ხარისხისაა, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მშრალია და დაქუცმაცებული. ეკლესიას გვიანდელი შეკეთება-გადაკეთების კვალი ეტყობა. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის - პაატას თავი...

აქვე ერთ საგულისხმო ამბავს მოგითხრობთ.

მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა. მეორე დღესვე შეუდგნენ მისი ჯარისკაცები ტაძრის დაშლას, გუმბათიდან კრამიტები გადმოყარეს. შაჰმა თვალისჩინის თანდათანობით დაკარგვა იგრძნო და მთლად დაბრმავდა. აქამდე მას თვალი არასოდეს სტკივებია და ახლა დამწუხრებულს ჩაეძინა. უეცრად შეშინებულს გამოეღვიძა და არ იცოდა, როგორ აეხსნა ეს ხილვა - გოლიათი ვიხილე, რომელიც მახვილით ჩემს განგმირვას ცდილობდაო. შაჰის წინაშე მოკრძალებით წარდგა ერთაწმინდელი, გიორგი სააკაძის ამალის წევრი და სიზმარი აუხსნა: თვალისჩინი მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეაწყვეტინებ, ვინაიდან ეგ ტაძარი წმინდა ევსტატესია და იგი გახლდათ ის გოლიათი, რომელიც გესიზმრათო. შაჰი ასეც მოიქცა. თვალისჩინი დაუბრუნდა, მერე კი იმ ქართველს შეჰყვა ტაძარში, სადაც მას წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენეს. შეძრწუნდა შაჰი, სწორედ ეგ მემუქრებოდაო. წმინდა ევსტატეს ტაძარს მან თვალმარგალიტით მოოჭვილი ხმალი შესწირა.

ბეჭდვა
1კ1