კაცხის სვეტი 40-45 მეტრი სიმაღლისაა და მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა შესაძლებელი
კაცხის სვეტი 40-45 მეტრი სიმაღლისაა და მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა  შესაძლებელი
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი  საჩხერე-ჭიათურის ეპარქიაში მდებარეობს. ეს სვეტი 40-45 მეტრი სიმაღლისაა და მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა  შესაძლებელი კაცხის "სვეტი" ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს. ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის "სვეტის" შესახებ წერს: "ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა – როკვანი; ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა _ გაათენიან". ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი სვეტზე ეკლესია აშენდა და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს იგი სამუდამოდ გამოეყო.  

აკადემიკოს აკაკი შანიძის განმარტებით,  გეოგრაფიული ტერმინი  "კაცხი", სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს. კაცხის სვეტის ზედა ბაქანზე ორი ეკლესია დგას. შუა საუკუნეებში აქ განდეგილთა სამყოფელი იყო; მეორე ეკლესია-სამლოცველოს აქვს კრიპტი (ქვემო სართული - სამარხი), იგი აზიდული თლილი ტუფით არის  ნაგები. მკვლევართა აზრით, ამგვარ ადგილებში  სამლოცველოს აგება იმაზე მიუთითებს, რომ მესვეტეობა საქართველოშიც უნდა ყოფილიყო გავრცელებული.. სვეტზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული ბოლნური ტიპის ჯვარი. გასული საუკუნის 40-იან წლებში კაცხის სვეტზე ექსპედიცია ავიდა. ექსპედიციის წევრებს შორის იყო მწერალი ლევან გოთუა.

KARIBCHE

კაცხის სვეტის მონასტრის მამები

სვეტის თხემზე  მცირე გათხრები ჩაუტარებიათ. ლევან გოთუა წერს: "აკლდამას ნალისებრი შესავალი აქვს. შესავალი თავიდანვე ღია ყოფილა და ქარს შიგ ჭარბად შეუტანია შლამი და დამპალი ჟვერო. როცა გამოვწმინდე და მოვთხარე – ადამიანის ჩონჩხს წავაწყდი მუხის ფესვებში გაკვალთულს და მყარად ჩაწნულს, ძლივს ამოვჭერი ფესვები, ძლივს ამოვთხარე. ერთი ჩონჩხია, ძლიერ გამოფიტული, თავის ქალა სრულიად ჩაშლილია, ჩანს, თავი გასავლისაკენ, ე.ი. დასავლეთისკენ ჰქონია. აქვე თიხის ჯამის ნამსხვრევი ვნახეთ. ალბათ უკანასკნელი მესვეტის ჩონჩხია. მას დამარხვა აღარც ღირსებია. სიკვდილი მოახლოების ჟამს თავად თუ შესულა აკლდამაში, იქ მიწოლილა სიკვდილის სარეცელზე და ისევე დაგვხვდა. იქნებ ათას წელიწადს შემდგომ, მუხის ფესვებში ჩახლართული და ჩაჭედილი. მრავალ ამოვკრიფეთ ჯამ-ჭურჭლის ნამსხვრევები, ერთი ქოთანი კი თითქმის მთელი ჩამხობილ იდგა საყდრის კუთხეში. ვიპოვეთ მცირე ზომის, სამწუხაროდ, დამსხვრეული სურა ჩინებული ნაკეთობისა, ხოლო საკურთხევლის გაწმენდის დროს აღმოჩნდა სურათოვნად ჩამოსხმული ბრინჯაოს შანდალი თუ ჯვარსადგარი. ქვაბულის კუთხეში კი კრამიტის ნამსხვრევები და ვგონებ კეცის ნატეხიც ვიპოვეთ.

კლდის კიდეზე მარანი ნაწილობრივ გადანგრეულა, ერთი ქვევრი შუაზე გამსკდარა, გატეხილა. ახლა გაპობილ გლობუსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ოთხი კი მთელია, ხუთ-ხუთ ჩაფს ჩაიტევს. ქვის ბადიმიც კი ეხურა ერთ-ერთს. ქვევრები სავსეებია ჟვეროთი და ლოკოკინებით. შიგ შუქი ჩავანთე და ჩავძახე კიდევაც, ჩემმა ხმამ შემაძრწუნა. ლოცვით გაბოხებული ხმის ანარეკლი გამოიღო ქვევრმა. ასეთი ხმა თუ ქონდა უკანასკნელ მესვეტეს!?" ( ლევან გოთუა "მგზავრული კრიალოსანი")

კაცხის სვეტის მამათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ელიზბარი (ყურაშვილი). მამა ელიზბარი კომანში აღსრულებული მამა ანდრიას (ყურაშვილის) ძმა გახლავთ.  მამა ელიზბარი:

-სამი წელია რაც ამ მონასტერში გადმოვედით. სვეტის ქვემოთ XI საუკუნის  წმინდა სვიმონ მესვეტის სახელობის ტაძარია. სვეტზე მდებარე ტაძარი ცხოველსმყოფელი ჯვრის სახელზეა აგებული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ზედა ტაძარი დაკეტილია, რადგან ტურისტებისთვის სახიფათო არ გამხადარიყო.  უფრო ტურისტული დატვირთვა მიეცა იქ ასვლას. ახლა მხოლოდ მამები ვატარებთ ლოცვებს. ქვედა ტაძარში ყველას შეუძლია მისვლა და მოლოცვა.
მონასტერში ექვსი წევრი ვცხოვრობთ.  ჩვენი ტიპიკონი ასეთია: ლოცვას ღამის 2 საათზე ვიწყებთ და  გამთენიის ხუთ საათამდე ვაგრძელებთ. დილის 11 საათზე   ტრაპეზი გვაქვს, რასაც მოსდევს მორჩილებების შესრულება. შუა დღის 3 საათზე  პარაკლისს ვატარებთ. 5 საათზე კვლავ ტრაპეზი მოდის და სერობის ჟამი. აი, ასეთია ჩვენი მონასტრის თანამედროვე ცხოვრება.
ღმერთი შეგეწიოთ!



ბეჭდვა
1კ1