ჯაყისმანის მონასტრის მესაზღვრე მამები ჯარისკაცებივით იცავენ საკუთარ მიწა-წყალს. ღვთის შეწევნით, ლოცვითა და შრომით ამაგრებენ აქაურობას
16.07.2014
ჯაყისმანის მამათა მონასტერი საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარეობს. მესაზღვრე მამები ჯარისკაცებივით იცავენ საკუთარ მიწა-წყალს. ღვთის შეწევნით, ლოცვითა და შრომით ამაგრებენ აქაურობას.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია მადლიანი სალოცავებით რომ გამოირჩეოდა, ვიცოდი, მაგრამ როცა ჯაყისმანის მამათა მონასტერს ვესტუმრე, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალციხის რაიონში მდებარე სოფელი ჯაყისმანი დღეს უკვე ნასოფლარად არის ქცეული. ამ მადლიან მიწაზე მოსახლეობა მრავლად რომ იქნებოდა დასახლებული, ამაზე უძველესი ტაძარის არსებობაც მეტყველებს.
ჯაყისმანში სოფელ ვალედან მოხვდებით. ვისაც სურვილი გაუჩნდება ეს დალოცვილი მხარე მოილოცოს, წინასწარ უნდა გაითვალისწინოს, რომ მგზავრობა ორი, ან სამხიდიანი ტრანსპორტით მოუწევს. ჯაყისმანამდე 18 კილომეტრია, თანაც უსწორმასწორო და ციცაბო აღმართ-დაღმართები. ფაქტია, რომ გზა მოსაწესრიგებელია. კარგი იქნება თუ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და მამებს მონასტრამდე მისასვლელ გზას გაუკეთებენ.
"საქველოქმედო ტურების" დახმარებით შევძელი ჯაყისმანის მოლოცვა. ვალედან სატვირთო მანქანით წავედით. სოფელ ვალედან ცოტა მოშორებით მესაზღვრეები დგანან და მონასტერში მიმავალ ადამიანებს პირადობებს სთხოვენ, ტერიტორიის დატოვების შემდეგ უკან უბრუნებენ. გარშემო სასაზღვრო მავთულებია გავლებული. ოდნავი გადაცდომა და საზღვარს დაარღვევთ. გარშემო სულ სათვალთვალო საგუშაგოებია აღმართული. რას ვიზამთ? კანონებს ვემორჩილებით და ერთ დროს ჩვენს მიწა-წყალს შორიდან ვუცქერით.
გზად გრიბოედოვის ხიდიც შეგხვდებათ. ულამაზესი ბუნება გეშლებათ თვალწინ.
გრიბოედოვის ხიდი
მივუახლოვდით ჯაყისმანის მამათა მონასტერს. მამები შემოგვეგებნენ და სიყვარულით მოგვიკითხეს. "საქველმოქმედო ტურების" დახმარებით მამებს საჭირო პროდუქტი თუ სხვა საჭირო ნივთები ჩავუტანეთ. სამონასტრო პომპლექსში ექვსი ტაძარია: პირევლი ტაძარი VI-VIII საუკუნეებით თარიღდება. მთავარი - დაახლოებით XII საუკუნით. ამ ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული ადგილი და ძეგლებია. აქვეა ჯაყისციხე, თამარის ციხე და სხვა.
მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი მაქსიმე (გაბელაშვილი). მონასტერში ექვსი წევრი ცხოვრობს. ეს მართლაცდა მესაზღვრე მამები, ჯარისკაცებივით იცავენ საკუთარ მიწა-წყალს და ღვთის შეწევნით, ლოცვითა და შრომით ამაგრებენ აქაურობას. ბერმონაზონმა კირიონმა (გიორგაძე) საუბრისას აღნიშნა, ერთი ბერიც რომ დარჩეს, მონასტერი არსებობას არ შეწყვეტსო. დაახლოებით 1940 წლამდე ამ სოფელში მოსახლეობა ცხოვრობდა. მერე გაუსახლებიათ. მას შემდეგ აღარავინ დასახლებულა, შესაბამისად, სამონასტრო ცხოვრებაც არ განახლებულა. მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით, აქ მონასტრული ცხოვრება 2009 წელს დაიწყო.
-მამაო, როგორ მიაკვლიეთ ამ ადგილს? -ჩვენ აბასთუმნის მამათა მონასტრის საძმოს წევრები ვართ, აქედან დავფუძნდით ჯაყისმანში. მამები დავდიოდით ხოლმე ამ ადგილებში. პატარა ტაძარია ცოტა მოშორებით. იქ ვიყავით და მერე ვალეს მოსახლეობამ ჯაყისმანი მოგვასწავლა. ძალიან კარგი სამონასტრო ადგილია, მიწებსაც ვამუშავებთ. წყაროც ახლოს გვაქვს და სურვილი გაგვიჩნდა, მონასტერი დაგვეარსებინა. მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, 2009 წელს წამოვედით და მას შემდეგ მიმდინარეობს ჯაყისმანში ბერმონაზვნური ცხოვრება.
თავიდან რომ მოვედით, ტაძარი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. წვიმისგან ფრესკებია ჩამორეცხილი. მონასტრის წევრებისთვის საცხოვრებელი სახლი ავაშენეთ. ძეგლთა დაცვის დახმარებით მთავარ ტაძარს ძველი იერით ჩაუტარდა რესტავრაცია.
ვინაიდან ტაძრის სახელი უცნობი იყო, მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, 12 ივლისს, პეტრე-პავლობას ტაძარი აღდგომის სახელზე იკურთხა. ტაძრის განახლება მოხდა, თანაც ეპარქიაში აღდგომის სახელობის ტაძარი არ გვქონდა. ღვთის შეწევნით გავაკეთეთ პატარა საცხოვრებელი და ღვთის წყალობით ვადიდებთ უფალს.
მონასტერი ტიპიკონის სრული დაცვით ცხოვრობს. მსახურებას და მორჩილებებს ერთმანეთს ვუთავსებთ. გლოცავთ ჯაყისმანის მამათა მონასტრიდან, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მადლი თავისი სულიერი ცხოვრების და ტაო-კლარჯეთის კერის. ღერთმა დაგლოცოთ ამ უძველესი მონასტრიდან და გაგაძლიეროთ ღვთის წყალობაში, ღვთის სიყვარულში.
მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაქსიმე (გაბელაშვილი): -მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით ხუთი წელია, რაც აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ღვთის წყალობით და მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთევით, აბასთუმნისა და ჯაყისმანის მამათა მონასტრების წინამძღვარი გახლავართ. მონასტერში აბასთუმნის მამათა მონასტრიდან გადმოვიდნენ მამები. ჩვენ ვიყავით აბასთუმნის მამათა მონასტრის წევრები, მერე აღვადგინეთ ჯაყისმანის მამათა მონასტერი. მოხდა ისე, რომ გავყავით ძმობა, ნაწილი აბასთუმნში დარჩა. ღმერთია მოწყალე, ბევრი რამ გავქვს კიდევ გასაკეთებელი.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მესაზღვრეები დიდი ყურადღებით ემსახურებიან თავიანთ საქმეს. ყველანაირად გვეხმარებიან.. ღმერთმა გაგახაროთ, უფალი შეგეწიოთ.
ვისაც სურვილი აქვს შეეწიოს ჯაყისმანის მამათა მონასტერს, გთხოვთ დაუკავშირდეთ მონასტრის წინამძღვარს, მამა მაქსიმეს შემდეგ ნომერზე 595 55 55 75. "კურცხანის ხეობის აღორძინების ფონდი". საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: 136463800 უფალი შეგეწიოთ!
წმ. გრიგოლ ხანრძთელის ღვთივკურთხეულ გზაზე შემდგარ ჯაყისმანის მონასტრის ქართველ მამაოებს (ანუ მათ, ვინც უფლის წყალობით მოიგო შანსი: ღვთივსათნო მსახურებით სამარადისოდ მიეთვალონ რჯულით ქართველთა მარადიულ საძმოს) ეძღვნება ეს ამონარიდი 70-ე (71) ფსალმუნიდან (8, 9 მუხლი) დავითისი, ძეთა იონადაბისათა და პირველ წარტყუენულთა მათ, წარუწერელი ებრაელთა შორის:
"აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა. ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა, ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე“.
უფალო მოჰხედენ ღირსება დამცრობილსა მამულსა ჩვენსა და მოგვმადლე ძალა, რომ განსაკუთრებით განსაცდელის ჟამსა არა ვეცრუვნოთ და არცა ვუორგულოთ მას, არამედ გვაკურთხენ, რომ მერაბისეულად თავდადებული საქმით ვუერთგულოთ მას:
„წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო“ [მერაბ კოსტავა].
17.07. 2014
jayismaneli
gvtis madli da kurtxeva nu moklebodes chvens jayismans...