შინდისის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი
შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ დედაქალაქიდან ოდნავ მოშორებით, სოფელ შინდისში დედათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვრაია არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). მონასტერში მისულს მასპინძლობა მამა ადამმა გაგვიწია. ამ სოფელში რამდენიმე წლის წინ მამა ადამმა წმინდა თამარის სახელობის დედათა მონასტერი დააფუძნა, აქაურობას თამარწმინდა უწოდა და სამონასტრო ცხოვრებაც ააღორძინა. მონასტრის ტერიტორიაზე დედათა საცხოვრებელი სენაკებია განთავსებული. სამლოცველოც წმინდა თამარის სახელობისაა, ხოლო მშენებარე ტაძარი მირქმა-მიგებების სახელზეა აგებული. როგორც მამა ადამმა ბრძანა, მონასტრის კეთილმოსაწყობად და ასაღორძინებლად კიდევ ბევრი რამ აქვს სამომავლოდ გათვალისწინებული.
- მამაო ადამ, რატომ გაგიჩნდათ სურვილი მონასტერი დაგეფუძნებინათ?- ბერი როგორ იცხოვრებს უმონასტროდ. ამიტომ დავიწყეთ იმ ადგილის ძებნა, სადაც მონასტერს დავაფუძნებდით. ყველგან დავდიოდით და ვერსად ვერ შევჩერდით. მადლობა ღმერთს, რომ ჰექტარნახევარი ტერიტორია გადმოგვცეს სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად. დიდი სურვილი გვაქვს, მონასტერთან დავაარსოთ სოციალური ცენტრი. გვყავდეს მოწყალების დები და მოვაწყოთ მოხუცთა სახლი. ასევე გვქონდეს კულტურული ცენტრი. ღვთის შეწევნით, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და მალე ჩვენი სურვილი რეალური გახდება.
იღუმენია თამარი (პაპუნაშვილი): - ერში მამა ადამის მრევლი ვიყავი. როცა მონასტრული ცხოვრება გადავწყვიტე, მამა ადამს გვერდიდან აღარ მოვშორებივარ. როცა მონასტრის მშენებლობა დაიწყო, მშენებლებს ტრაპეზს ვუმზადებდით. ერთხელაც, ერთი კვირა რომ გავიდა და სახლში არ მივედი, მითხრეს, რაშია საქმე, შინ რატომ არ მოდიხარო. მე უკვე მონასტერში დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი. თავიდან ოჯახიდან წინააღმდეგობა შემხვდა. მერე შეურიგდნენ ჩემს მდგომარეობას. ახლა კი პირიქით, ამაყობენ კიდეც. 2009 წელს შვიდი დედა აღვიკვეცეთ მონაზვნებად. შვიდიდან ოთხი ვიყავით მონაზონი და სამი - სამონაზვნე. მამა ადამს მონასტრის წევრები ერიდან მოვყვებით. მადლობა უფალს, უწმინდესს, მამა ადამს, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სულ სხვანაირი გზით მივდიოდი. მონასტერი კი მქონდა ოცნებად, მაგრამ თუ მონაზონი გავხდებოდი, ვერ წარმომედგინა. ვფიქრობდი, ამის ღირსი არ ვიქნებოდი. ერში ოჯახი მყავდა, კარგი შვილები მყავს, შვილიშვილები... კარგი ოჯახი მივატოვე.
როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მაშინ ჩემი მოძღვარი იყო მამა ზაქარია (ძინძიბაძე). მისი ლოცვა-კურთხევით გადავედი მამა ადამთან. მადლობა ღმერთს, რომ ღირსი ვარ მონასტერში ცხოვრების. თავიდან აქ რომ მოვედით, არაფერი არ იყო, მონასტერი ჩვენ თვალწინ შენდებოდა, კარავში ვცხოვრობდით. მერე აშენდა საცხოვრებელი სენაკები, სამლოცველო. თავიდან აქ მუდმივად, ცხოვრობდნენ დედა ანასტასია და დედა ნინო. ჩვენ ვმორიგეობდით. ისინი აქ ათენებდნენ და აღამებდნენ. მერე ჩვენ შევემატეთ. ამჟამად მონასტერში ექვსი მონაზონი ვართ და ოთხი სამონაზვნე. მონასტრის წინამძღვარია მამა ადამი.
მონასტრის ტიპიკონი: დილის ხუთის ნაზევარზე მოხმობის ზარი ირეკება. ვდგებით ხუთის ნახევარზე. 5 საათზე ლოცვა იწყება. ლოცვაზე დაახლოებით 9 საათამდე ვართ. მერე გავდივართ ყველა ჩვენს მორჩილებებზე. სამი მონაზონი ვუვლით პირუტყვს - მე, დედა ეფემია და იოანა. ტრაპეზში ორი დედა მორიგეობს, დედა ანასტასია უვლის ხატებსა და სამლოცველოს. ყველას ჩვენი მორჩილება გვაქვს. მონასტერს საკუთარი მეურნეობა აქვს. შრომას და ლოცვას ერთმანეთს ვუხამებთ...
მონაზონი ეფემია (გეგეშიძე): - ერში როცა ოჯახი მქონდა და მეუღლეც ცოცხალი მყავდა, სულ მონასტრულ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი. ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. როცა აღმსარებელი გავხდი და ვკითხულობდი წმინდანთა ცხოვრებას, სურვილი გამიჩნდა, მეც მათსავით მეცხოვრა, მონასტერში ვყოფილიყავი. ბუნებრივია, ამ სურვილს ოჯახი მიშლიდა და ყოველივე ოცნებად მრჩებოდა. თავიდან მამა ზაქარიას (ძინძიბაძის) აღმსარებელი ვიყავი.როცა მამა ზაქარია პენსიაში გავიდა ჯანმრთელობის გამო, ჩვენ მამა ადამთან აღმოვჩნდით... მეუღლე გარდამეცვალა, მერე დედაც...
ლაზარეს შაბათი იყო, რომ მამა ადამი ტელეფონით დამიკავშირდა. მთხოვა, სამორჩილედ თუ წამოხვალო. სულ ვფიქრობდი, რომ უფლის ნება თუ იქნებოდა, ჩემს ცხოვრებას უფალს დავუკავშრებდი. მეშინოდა უარის თქმაც, იმიტომ, რომ უფალი ყოველთვის არ უხმობს ადამიანებს. ვფიქრობდი, თუ ერთხელ მიხმობდა უფალი თავისთან, შეიძლება სხვა დროს არ მქონოდა ამის საშუალება. ეს ჩამჯდარი მქონდა გონებაში. მამა ადამმა რომ დამირეკა და მორჩილება შემომთავაზა, ვთქვი, იყოს უფლის ნება-მეთქი. მამა ადამმა მკითხა, შენი ნება რა არისო. მე ვუპასუხე, თქვენ როგორც მაკურთებთ-მეთქი და მაშინ უწმინდესთან წავიდეთო, წავედით კიდეც.
მამა ადამიუწმინდესთან ბზობას, საღამო ხანს მივედით, პატრიარქმა მონაზვნებად აკურთხა ისინი, ვინც მონასტერში ცხოვრობდნენ, ხოლო ვინც ერიდან წავედით - ისინი სამონაზვნედ. დედა თამარი სამი-ოთხი თვე შინდისში, მონასტერში ცხოვრობდა. იმის მაგივრად, რომ ძალაინ გამხარებოდა, ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი, ძნელი ყოფილა. ძალიან დამიმძიმდა ჯვარი და ძალიან გამიჭირდა. გამიჭირდა იმით, რომ უნდა დამეტოვებინა ოჯახი. მესამე დღეს სამონაზვნედ აღმკვეცეს.
დადგება დრო და ჩვენი მონასტერი დიდ ლავრად იქცევა. დედები ვშორმობთ, ვლოცულობთ, დრო არ გვაქვს იმისა, რომ უქმად ვიყოთ. ერთმანეთის ჯვარს ვტვირთულობთ. ინებოს უფალმა, რომ გვეტვირთოს და ასე შევწეოდეთ ერთმანეთს.
მამა ადამი გვმოძღვრავს, გვასწავლის, როგორები უნდა ვიყოთ. მის თითოეულ სიტყვას იმხელა ძალა აქვს, რომ სიხარულითა და სიყვარულით გვავსებს. მჯერა, დედა ღვთისმშობლისა და წმინდა თამარის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.