სამთავისის ამაღლების ტაძარი
სამთავისის ამაღლების ტაძარი
წმინდა ილია მართალი  1887 წლის (N25) გაზეთ "ივერიაში" სამთავისზე წერდა:
"ჭალადგან ვერსტ ნახევარზედ სამხრეთისაკენ მდებარეობს სოფელი სამთავისი. ეს სოფელი გაშენეულია მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზედ, თავად ამილახვრიანთ მამულში. სამთავისში სულ 60 მოსახლე მკვიდრობს. თვით სოფელში არც ერთი ამილახვართაგანი არ მოსახლეობს, თუმცა აქაური ეკლესია, როგორც პირველ წერილშივე ვთქვით, მათის საგვარეულოს სამარხად ითველება. სოფელი ჰავითა და ნიადაგით თითქმის ჭალას წააგავს, მხოლოდ აქ წყალი ცოტა ძვირი არის და ზოგიერთი ვენახები ვერ ირწყვის ხოლმე რიგიანად. მინდორი სრულიად არ ირწყვის. მართალია, ლეხურა სამთავისს გვერდზედ ჩამოუდის, მაგრამ სოფელი მაღლობ ადგილზედ არის გაშენებული, ასე რომ ლეხურა რწყავს იმ მამულებს სამთავისელებისას, რომელიც მის ახლოს მდებარეობს;

ამას გარდა ლეხურა ორ თუ სამ პატარა წისქვილს უბრუნებს სამთავისელებს. სამთავისის მკვიდრნი საეკლესიონი არიან და სახნავ-სათესი მინდორი და ტყეც საეკლესიოა. ეს ეკლესია სამთავისის ტაძარია, რომელიც შიგ შუა სოფელშია აშენებული. ეს მშვენიერი ეკლესია ნაგებია ძველს ხელოვნებითა და იმისი კედლები მოფენილია ჩუქურთმებით და თან ბარელიეფებით; ამ უკანასკნელთა შორის შესანიშნავია ყურძნის მტევნები, ცხოველები და სხვ. ყაიდა ეკლესიის ნაგებობისა წმინდა ქართულია და ჩვენებური, თითქმის არ წააგავს სრულიად ბიზანტიურს საარხიტექტორო ყაიდას. ჩვენებური ნაშენობა ეკლესიისა იმითა არის შესანიშნავი, რომ საზოგადო გეგმას დიდი სიმარტივე აქვს და შენობის ნაწილები თანაბარია, რაიცა ძალიან სასიამოვნოა თვალისათვის: არც ერთი ხაზი, არც ერთი ნაწილი მეტი არ არის.

სამთავისის ეკლესიის გამო აი რას ამბობს აკადემიკოსი მარი ბროსე: "ეკლესია გარშემორტყმულია მაგარის გალავნით, როგორც უმეტესი ნაწილი საქართველოს ეკლესიებისა. აღმოსავლეთის ნაწილი ტაძრისა მორთულია შუენიერის ჩუქურთმებით და ბარელიეფებით. არქიტექტორთ და მეჩუქურთმეთ დიდი ხელოვნება და მოსაზრება დასჭირდებოდათ, როცა აწყობდნენ აღმოსავლეთის კედლებზე, გუმბათს და ფანჯრებს და გამოჰყავდათ მათზე დიდად მშვენიერი ჩუქურთმებით"...



ბეჭდვა
1კ1