28 იანვარს პეტრე მოციქულის ჯაჭვთაყვანისცემის ხსენებაა
28 იანვარს პეტრე მოციქულის ჯაჭვთაყვანისცემის ხსენებაა
ავჭალის პეტრე მოციქულის ტაძარი

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ავჭალში ამ უძველეს დასახლებაში რამდენიმე ძველი ტაძარია შემორჩენილი. ავჭალის მთის წვერზე მდებარე მცირე ზომის ერთნავიანი ტაძარი თავზედ დაჰყურებს ირგვლივ ყოველივეს. ტაძარი წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის გახლავთ. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2012 წლიდან აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვარია მამა რაფაელი (ბერიტაშვილი). ტაძრის კედელზე მომლოცველებისთვის მცირე შეგონებას ვკითხულობ: მონასტერი არის წმინდა ადგილი, განკუთვნილი ლოცვისა და ღვთისმსახურებისათვის და არა თამაშის, მხიარულებისა და გართობის! თქვენ მოხვედით ჩვენთან, ამიტომ დაიცავით ჩვენი კანონები, შეინარჩუნეთ სიწყნარე, მოწიწება, მორიდება.

მონასტრის ტერიტორიაზე და ტაძარში შემოდით ღვთის შიშითა და სარწმუნოებით, მოკრძალებულად ჩაცმულნი. კადნიერებით ნუ შეურაცჰყოფთ სიწმინდეს, რომ არ განარისხოთ ღმერთი და წმინდა ადგილიდან კურთევის ნაცვლად არ წაიღოთ სასჯელი! როგორც მამა რაფაელმა საუბრისას აღნიშნა, წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარი XVIII საუკუნის დასაწყიში მღვდელმონაზონ გაბრიელ ბერიტაშვილის მიერ აშენდა. სავარაუდოდ მღვდელმონაზონი გაბრიელი ტაძარშია დაკრძალული. მისი საფლავის ქვა, თავის წარწერით ტაძარშია დაბრძანებული. წლების განმავლობაში ტაძარში ღვთისმსახურება არ აღესრულებოდა. ბოლო წლებში, ტაძარს მზრუნველობას და პატრონობას ავჭალის მოსახლეობასთან და მრევლთან ერთად წმინდა ქეთევენ წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე უწევდა. უწმინდესის ლოცვა-კურხევით, წმინდა პეტრე მოციქულის მამათა მონასტრის მშენებლობას სათავეში მონასტრის წინამძღვარი, მამა რაფაელი ჩაუდგა. დღეს აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული,მონასტრის ძმობისთვის სენაკებიც მშენებლობაც იგეგმება. სასიხარულია ისიც, უწმინდესის ლოცვა-კურთხევეით, მონასტერს გადაეცა იქვე ახლოს მდებარე VIII-IX საუკუნეების წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის უძველესი ტაძარი.
თეა ცაგურიშვილი


ბეჭდვა
1კ1