ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი. გ.1909) - ღელე მწყემსთა
ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი. გ.1909) - ღელე მწყემსთა
აღმოსავლეთით ბეთლემისა, გაივლით რა ნაყოფიერს ვაკესა, რომელიც იყო მინდორი ბოოსისა და მასზედა ოდესმე რუთ შეჰკრებდა თავთავსა, მარჯვნივ მხარეს გზისა სძევს არაბთა სოფელი "ბეთ-სახურ-ელნასსარ", რომელიც დასახლებულია მართლ-მადიდებელთა მიერ. ესენი შეადგენენ 500 სულამდის. მარცხენით ამ სოფლისა გადაშლილა ნაყოფიერი "ღელე მწყემსთა", რომელზედაც ღვთაებრივს ღამეს იესო ქრისტეს შობისას ღარიბნი მწყემსნი ეღირსნენ მოსმენას ანგელოსთა დადების-მეტყველებისას: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება"! ადგილი ამ სახარულევანის ხარებისა გარემოზღუდულია გალავნითა, ოდესმე მაგრითა, და აწ ნახევრად დანგრეულითა. გალავნის ჩრდილოეთის ნაწილში არიან დაცულ ნანგრევები, რომლებიც შესდგებიან დიდ ლოდთაგან და რომელნიც მოწმობენ, რომ ოდესმე აქ შვენოდა დიდი ეკკლესია, რომლისა ტრაპეზი დაცულია აქამომდის. თითქმის საშუალ გალავნისა არის ჩასავალი მღვიმეში, რომელშიაც აშენებულია ეკკლესია 30 ფუტი სიგრძით და 20 ფუტი სიგანით. იატაკი ეკკლესიისა არის მოფენილი ქვებითა, შიგა და შიგ მოზაიკითა - ფერადას კენჭებითა. ეკკლესია ფრიად ღარიბია. მის აღშენებას მიაწერენ წმიდა დედოფლის ელენას დროსა. იგი არის სამრევლო ეკკლესია მცხოვრებთათვის სოფლის "ბეთ-სახური"-სა, მოხილვის დროს მლოცველთ არაბთა მღვდელი ძველს დაბრანძულს სამოსელში ჩვეულებრივ გარდაუხდის პარაკლისს, რომელზედაც სახარებას, ადგილის შესაბამს, უკითხავს რუსთა ყოველთვის დანჯღრეულს სლავურს ენაზედ.

ქრისტე მაცხოვრის შობის ადგილსა, სადაცა "ანგელოსთა სიმრავლე ერთა ცისათა აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება" (ლუკ. 2,13-14), და აგრეთვე ტაძარსა ქრისტე მაცხოვრის აღდგომისასა იცავენ შეჭურვილნი ურწმუნო ოსმალნი, ჩვენღა სამხილებელად, რამეთუ დაგვივიწყებიეს ჩვენ მცნება უფლისა იესო ქრისტესი: "მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ" (იოან. 14,27). "იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ; ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთე იყვარებოდეთ ურთიერთარს" (იოან. 13 თავ. 34,35 მუხლ.). და აგრეთვე არ აღვასრულებთ მოციქულის მოძღვრებას: "პატივისცემითა ურთაერთარს წინაუსწრობდით" , "უკეთუ ურთიერთას იკბინებოდეთ და შეიჭამებოდეთ, იხილეთ, ნუ უკვე ურთიერთარს განილინეთ (ამოსწყდეთ)" (გალატ. 5,15). ამისათვის ამ წმიდა ადგილებზედა იქმნებიან არა იშვიათად, მტერობანი, შურნი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი და თითქმის კაცის-კლვანიცა ქრისტეს სარწმუნოების სხვა და სხვა აღმსარებელთა და წარმომადგენელთა შორის, და ამგვარის მოქმედებითა, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა ისაიასი: სახელი დიდი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი ჭეშმარიტი სარწმუნოება, იგმობვის ჩვენთვის ურწმუნო მაჰმადიანთა შორის" (რომაელ. 2,24).

ვითარცა იერუსალიმში, ბეთლემის ტაძარშიაც განუშორებლად იმყოფებიან ოსმალთა მხედარნი წესიერების დასაცველად და ქრისტეანეთა შორის უთანხმოების და დავის მოსასპობელად. ვითარცა მწვანე ველი, მოფენილი ფერადის ყვავილებითა, წარმოადგენს მშვენიერს სურათს თვალთათვის და კეთილ სუნნელებითა დამატკბობელია საყნოსელისათვის, ეგრეთვე ღვთის მსახურებანი, სხვა-და-სხვა ენათა ზედა შესრულებულნი, ამშვენებენ ქრისტეს ეკკლესიასა. ამისათვის, მცნებისაებრ მოციქულისა, ვალდებული ვართ "ვისწრაფდეო დამარხვად ერთობასა მას სულისა საკრველითა (კავშირითა) მით მშვიდობისათა" (ეფეს. 4,3).

ქრისტეს შობის ადგილზედ ბეთლემში არის ვრცელი ტაძარი, აღშენებული იმპერატორის იუსტინიანეს მიერ. ამ ტაძარში საშუალი ადგილი სამწირველო უპყრიათ ბერძენთა; ეს ტაძარი არს აღშენებლი მსგავსად წმიდისა სოფიოსი კონსტანტინეპოლში, მხოლოდ იმ ზომისა არ არის. თაღი ამ ტაძრისა არს ხისა; რადგანაც ქრისტეანენი ვერ შეთანხმებულან ამ ტაძრის გუმბათის განახლების შესახებ, ოსმალთა მთავრობას განუახლებია ხის ჭერითა და საფასე წაურთმევია ქრისტიანეთათვის. ეს ტაძარი ქვითკირის კედლით არის გაყოფილი შუაზედ, რადგანაც ერთი ნახევარი ამ ტაძრისა დასავლეთის მხრით ოსმალთ ოდესმე საჯინიბოდ გარდაუქცევიათ; ხოლო მეორე ნახევარი აღმოსავლეთის მხრივ ქრისტეანებს შეუზღუდავთ კედლითა ქრისტე მაცხოვრის შობის ადგილის დასაცველად, მეორე ნახევარიც ეხლა ბერძენთა საკუთრებას შეადგენს და იქაც ლამპარნი ანთია, მაგრამ შუა იგი კედელი "მტერობისა" , რომელიც განყოფს ეკკლესიასა, მაინც არ არის "დარღვეული" ბერძენთაგან აქამომდე. ღამე იქ ვათიეთ; მეორე დილით ოთხს საათზედ, ცისკრის მოსმენის შემდეგ, რომელიც ღამის პირველ საათიდგან დაიწყეს, გარდავახდევინეთ პარაკლისი და გამოვედით ბეთლემიდამ.
.......................
სურათზე: ღელე მწყემსთა. ბეთლემელ მწყემსთა დაკრძალვის ადგილი ბერძნულ მართლმადიდებლურ მონასტერში (სურათის წყარო).



ბეჭდვა
1კ1