ბიჭვინთაში არსებული დიდებული ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ყოფილა
ბიჭვინთაში არსებული დიდებული ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ყოფილა
-ანდრია მოციქულის შესახებ დასავლეთ საქართველოში არსებობდა საინტერესო გადმოცემა. ეს გადმოცემა აფხაზეთში ყოფნის დროს, XVII საუკუნის 70-იან წლებში ჩაუწერია ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს ( ვკითხულობთ ელდარ ბუბულაშვილის წიგნში" საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები"). მისი გადოცემით, ბიჭვინთაში არსებული დიდებული ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ყოფილა, რადგან მან ამ კუთხის მოსახლეობა მოაქციაო. იმავე ჟან შარდენის მიხედვით, სოფელ ბიჭინთაში ანდრია მოციქულის სახელზე აგებულ სამნავიან ეკლესიაში "სიცოცხლეში ერთხელ ჩამოდის თითოეული კათოლიკოსი ან პატრიარქი ყველა ეპისკოპოსის თანხლებით-წმინდა ზეთის დასამზადებლად, რომელსაც ისინი მირონს უწოდებენ".

ჟან შარდენის აღნიშნული გადმოცემა ფრიად ყურადსაღებია. შესაძლებელია, სასულიერო იერარქია იმიტომ თვლიდა თავს ვალდებულად, სიცოცხლეში ერთელ მაინც წასულიყო აღნიშნულ ტაძარში მოსალოცად, რომ იგი საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებლის, ანდრია მოციქულის სახელთან იყო დაკაშირებული. ჟან შარდენი ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ბიჭვინთის აღნიშნული ეკლესია, თურმე, ანდრია მოციქულს აუშენებია.

ჟან შარდენი გადმოგვცემს ერთ საინტერესო ფაქტს. მისი აღწერით, ბიჭვინთაში არსებული ანდრია პირველწოდებულის "ეკლესიის წინ დგას მარმარილოს სვეტი, საიდანაც ღვთის განგებით ამ წმინდა მოციქულის სიკვდილით დასჯის დროს მდუღარე წყლის ნაკადი გადმოღვრილა. ამ ნაკადის დინება შეუჩერებია რამდენიმე კაცს ამ წმინდანისადმი ვედრების ძალით. ასეთი სასწაულის შემდეგ ხალხი ამ წმინდანისადმი განსაკუთრებულ მოკრძალებას იჩენს. სვეტის წინ გავლის დროს მუხლს იდრეკენ და ემთხვევიან მას".

ბეჭდვა
1კ1