მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ათონის მონასტრები
ვათოპედის მონასტერი
ვათოპედის წმინდა მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წლებში დააარსა სამმა მდიდარმა და წარჩინებულმა ადამიანმა - ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. ისინი მობრძანდნენ აქ, რათა ეცხოვრათ მონასტრული ცხოვრებით. წმინდა ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045წ.) ვათოპედს მეორე ადგილი ეჭირა წმინდა მთის მონასტერში, რომელიც დღემდე შეინარჩუნა.

XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონი ვათოპედის ბერები იყვნენ. სერბი მეფის სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობას შორის, რომელიც მან XIV საუკუნეში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსენიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს.

ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს - კატალონიელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები.

KARIBCHE KARIBCHE

ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV საუკუნის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, სწორედ აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.

X საუკუნეში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 - გარეთ. მათგან 5 - მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.

მონასტრის საგანძურში დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. აქ ინახება უამრავი მშვენიერი ტანსაცმელი და წმინდა ჭურჭელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები: ყოვლადდედოფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი.

მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარუსის მახლობლად. ამჟამად საძმოში 50 ბერია, ყველა მათგანი კვიპროსელია.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1