ღვთისმშობლის კვართი, რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა არ იცის
ღვთისმშობლის კვართი, რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა არ იცის
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ჯერ არც ზუგდიდში ვყოფილვარ და, ცხადია, არც იქ, ისტორიულ მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართისთვის მიცია თაყვანი. ქრისტიანული სამყაროს ეს უდიდესი სიწმინდე ჩვენს სამშობლოშია დავანებული და, სამწუხაროდ, ქართველთა უმეტესობა ჩემსავით ჯერაც არ მიახლებია მას.

გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთში ღამის გასათევად ერთი მოხუცი ებრაელი ქალის სახლში გაჩერდნენ. იქ სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა, მიეცათ რა ამ სიწმინდის ახლოს ღამის გათენების საშუალება, აუღეს ზომები კიდობანს, რომელშიც ის ინახებოდა და შემდეგ მისი ასლი და ოქროთი მოქარგული საფარი იერუსალიმში შეუკვეთეს. უკანა გზაზე ნაზარეთში ნამდვილი ყალბით შეცვალეს, ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და დააბრძანეს წმინდა მოციქულთა - პეტრეს და მარკოზის სახელობის ტაძარში, სადაც საიდუმლოდ ინახავდნენ. თუმცა მის მიერ მოხდენილმა მრავალრიცხოვანმა სასწაულმა აიძულა ძმები, რელიკვიის შესახებ ეამბათ ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ გენადი I-ისთვის. შედეგად, 469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული კვართი შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნის ყურის სანაპიროზე აშენებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში (ვლაქერნის ეკლესია). ამ მოვლენასთან დაკავშირებით დადგინდა "ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დასვენების დღის" ყოველწლიური აღნიშვნა. მოგვიანებით ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი, რომლებიც VI ს-ის მსოფლიო კრების დადგენილებით გახსნილ ღვთისმშობლის აკლდამაში აღმოაჩინეს.

არსებობს ორი მოსაზრება ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან; მეორის მიხედვით, კვართი ჩვენში მოხვდა მე-15 საუკუნეში, კონტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

სიწმინდეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.

თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში, ჯუზეპე მარია ძამპი რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში უაღრესად საინტერესოდ აღწერს ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: "ამ ხალხს ბევრი რელიკვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიკვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიკვიები მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ, ეს ხალხი ღვთისმოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიკვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთიმშობელს ეკუთვნოდა; ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი - ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება".

ბევრს ცდილობდნენ იმერეთის სამეფო კარზე მყოფი რუსი დიპლომატები - ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარევი, თვით ივანე მრისხანეც, რომ კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ. რუს ელჩებს პირდაპირი მითითებები ჰქონდათ, ყველა ღონე ეხმარათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შესძლეს. ალექსი იევლევი აღნიშნავს, რომ მან ღვთისმშობლის კვართის შესახებ ჰკითხა ზაქარია მიტროპოლიტს, უნახავს თუ არა მას ნამდვილად ღვთისმშობლის კვართი. მიტროპოლიტს თურმე მრავალჯერ უნახავს და აღუნიშნავს, რომ იგი წიგნების მცველის მიერ ყოფილა მოტანილი იმ დროს, როცა წმინდა ხატები დევნას განიცდიდნენ საბერძნეთში. "ის ნამდვილად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართიაო და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო". თურმე ამ სიწმინდეებთან ერთად აქ ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი და სხვა წმინდანთა ნაწილებიც.

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი სარკინოზთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს. ერთხელ სარაცინებს სახელგანთქმული სარდლის მოავიას მეთაურობით 6 დღე ჰქონდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინოპოლი. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები აღლევებულმა ტალღებმა შთანთქა.

საეკლესიო გადმოცემამ მრავალი ცნობა შემოგვინახა ყოვლადწმიდა მარიამის კვართის სასწაულმოქმედებისა და კურნების ძალის შესახებ. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, 1855 წელს სამეგრელოში ომერ ფაშას მეთაურობით შემოჭრილა ოსმალთა რაზმი და ხობის მონასტრის მიდამოები საომარ ასპარეზად უქცევია. შეშინებული მოსახლეობა და სასულიერო პირებიც კი მთებში გახიზნულან. მხოლოდ ერთი ბერი, პეტრე ჟორდანია, დარჩენილა მონასტრის დარაჯად. მტერს განზრახული ჰქონდა ეკლესიის იარაღის საწყობად გადაქცევა, მაგრამ ერთ საღამოს ტაძარს ნათელი დაადგა. შეშინებულმა თურქებმა მონასტრის მიდამოები მაშინვე დატოვეს.

მეორე დიდი სასწაული 1891 წელს აღესრულა. მაშინ მონასტერი გაუძარცვავთ და ღვთისმშობლის კვართი სანაწილე კუბოსთან ერთად გაუტაცებიათ. ხალხმა შეიტყო თუ არა მომხდარის შესახებ, მაშინვე ალყა შემოარტყა ტაძრის მიდამოებს და გაიძახოდა: "ნურც ბერი, ნურც ერი ნუღა ვიქნებით ცოცხალი, თუ ამ სიწმინდეს დავკარგავთო". სამი დღის შემდეგ კვართის კუბო მონასტრის მახლობლად ბუჩქებში ჩაესვენა, სადაც ღამის წყვდიადში ზეციდან ნათლის სვეტი დაადგა. მივიდნენ სოფლის მცხოვრებნი და ნახეს, კუბოს წინ სანთელი ენთო. ამ სასწაულის შემდეგ ხალხს გაუორკეცდა სიყვარული და სასოება დედა ღვთისას კვართისადმი. მოსახლეობამ, თავისი სურვილით, დააწესა ყოველ ღამით სამი კაცის მორიგეობა მონასტრის გარშემო, რათა აღარასოდეს დაეკარგათ ეს უდიდესი სიწმინდე.

2000 წელს კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივით გახდა შესაძლებელი. ის კინოსტუდია "მემატიანის" ოპერატორებმა აღმოაჩინეს.

დაილოცოს უფლის განგებულება: აღმოსავლეთ საქართველოში მაცხოვრის კვართი გააძლიერებს რწმენაში შერყეულ ქართველს, დასავლეთ საქართველოში კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. ერთს კი ვისურვებდით მოკრძალებით, თუ ეს შესაძლებელი იქნება, ღვთისმშობლის კვართმა რომ დატოვოს მუზეუმის კედლები და მცირე ხნით თბილისში, ანდა სულაც სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვერთის გვერდით დაბრძანდეს და უფრო მეტ ქრისტიანს მიეცეს საშუალება სიწმინდესთან მიახლებისა. ეს მართლაც რომ დიდებული მოვლენა იქნებოდა.
ბეჭდვა
1კ1