XIII საუკუნეში მეკობრეთა თავდასხმებისა და ლათინთა ზეწოლის შედეგად კარაკალის მონასტერი გაუკაცრიელდა. ანდრონიკე II პალეოლოგოსის, იოანე V-ისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათანასეს ძალისხმევით სავანე ხელახლა აღორძინდა, მაგრამ მალე კვლავ განიცადა მეკობრეთა თავდასხმა.
XVI საუკუნეში, ვლახეთის ბატონის პეტრე-იოანეს ხელშეწყობით, რომელიც სიცოცხლის მიწურულს ამ მონასტერში ბერად შედგა, და სულთან სულეიმანის ნებართვით კარაკალი აღადგინეს. XVII საუკუნიდან მის საკუთრებაში გადავიდა წმინდა ნიკოლოზის მონასტერი.
სავანის ხელმეორედ აშენებისას, როცა ძველი ნაგებობები აღადგინეს, ახლებიც ააგეს, თუმცა 1875 წლის დიდი ხანძრის შემდეგ კომპლექსის ძირითადი ნაწილის ხელახლა აღდგენა გახდა საჭირო.
მონასტრის ნაგებობებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პეტრეს კოშკი, რომელიც XVI საუკუნეშია აგებული და უდიდესია ათონის მთაზე.
კარაკალმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა ბრძოლაში.
მონასტერს მეთერთმეტე ადგილი უკავია ათონის სავანეებს შორის. საკუთრივ თავის ტერიტორიაზე მას ხუთი ტაძარი აქვს, მის გარეთ - ორი. მასვე ექვემდებარება 18 სენაკი. კომპლექსის მთავარი ტაძარი აშენებულია XVI საუკუნეში და ნაკურთხია მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელზე. ახლანდელი სატრაპეზო 1875 წელს არის აგებული ძველის ადგილას.
კარაკალის მონასტერში ინახება ბართლომე მოციქულის თავი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. ბიბლიოთეკაში დაცულია 279 ხელნაწერი და 2500 ნაბეჭდი წიგნი. მონასტერში ოცდაათამდე ბერი ცხოვრობს.
ლევან მათეშვილმა