ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი
ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი
მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები
წმინდა კონსტანტინეს მეფობის 30-ე წელიწადს, 335 წელს დასრულდა ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა. ტაძრის კურთხევაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოუწოდეს ეპისკოპოსებს. იერუსალიმი ვეღარ იტევდა შეკრებილ ხალხს. კურთხევა შესრულდა 13 (26) სექტემბერს და მის სამახსოვროდ დააწესეს დღესასწაული - ენკენია ანუ ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ამ წმიდათაწმიდა ტაძრის ისტორია თავად გოლგოთაა: იგი არაერთგზის ააოხრეს მაჰმადიანმა დამპყრობლებმა, ხანგრძლივი დროის მანძილზე ეპყრათ ლათინ ჯვაროსნებს და მაშინაც კი, როცა ტაძარი მართლმადიდებლების ხელში იყო, მისი დაუფლებისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ მწვალებლები - კათოლიკეები, მონოფიზიტები და სხვები, რასაც ქრთამისა თუ ძალადობის გზით ხშირად აღწევდნენ კიდეც. ასე ტანჯვა-წამებით მოაღწია მან დღემდე.

აი, რა სახით იხილა და აღწერა მაცხოვრის საფლავი და გოლგოთა დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა 1899 წელს: "ქრისტეს საფლავი წარმოადგენს პატარა ეკლესიას, დიდს ტაძარში მდებარესა. ბერძნები უწოდებენ ამ ცხოველსმყოფელ საფლავსა უფლისასა "წმინდა კუვუკლიად", რაიცა ნიშნავს განსასვენებელსა ანუ სამეფო საუნჯესა, რადგანაც აქ განისვენა სამი დღე ხორცითა, ვითარცა მკვდარმან, მაცხოვარმა კაცთა ნათესავისამ. შესავალი კარი მისი ძლიერ დაბალია, ასე რომ, შესვლის სიგრძე იმოდენია სივრცით, რამდენზედაც დაეტევა გაშლილი გვამი მიცვალებულისა; თავისუფალი ადგილი საფლავსა და ქვაბის კედელს შუა შეადგენს ერთსა და ნახევარსა ნაბიჯსა. კლდის სარეცელი, რომელზედაც განისვენებდა ყოვლად უხრწნელი გვამი იესო ქრისტესი, მდებარეობს მარჯვენა მხარეს შესავლიდან; იგი შემოსილია მარმარილოთი არა იმოდენ შვენებისათვის, რამდენადაც დასაფარავად თაყვანისმცემელთა კეთილმსახურის წადილისაგან, რომელნიც მოსტეხავდნენ საფლავისაგან ნაწილებსა სახსოვრად. გარშემო ქრისტეს საფლავის ქვაბისა ამოჭრით წარწერილია ტროპარი წმინდა იოანე დამასკელისა: "ვითარცა ნათლით შემოსილსა და ვით როცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩუენისა აღდგომისა".

ამავე ეკლესიის გუმბათს ქვეშ არის გოლგოთაც სამხრეთის მხრივ, ის ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს უფალი იესო ქრისტე; აქაც აღშენებულია სამწირველო ტრაპეზი მართლმადიდებელთაგან. აქვე, ტრაპეზს უკან, აღმართულია დიდი ჯვარი ჯვარცმულის უფლისა იესო ქრისტეს ხატითა, გარემო მისა მდგომარენი სრულის ტანით მარჯვენით - დედა ღმრთისა მგოდებელი და მარცხენით - საყვარელი მოწაფე ქრისტესი იოანე მწუხარე სახითა. ქვის გულიც შეძრწუნდება და მოვა ლმობიერებაში ამ სურათის ხილვით. მარჯვენით ტრაპეზისა მოსჩანს გაპობილი კლდე, რომელიც გასქდა იმ წამსა, რაჟამს უფალმან განუტევა სული. პატრიარქი და მღვდელმთავარნი გოლგოთაზედ სწირავენ უმიტროდ პატივსადებლად ამ ადგილზედ იესო ქრისტეს დამდაბლებისა.

ჩრდილოეთის ნაწილს ქვეშ გოლგოთისა არის ბნელი სამლოცველო ადამისა. აქ რკინის ხრახნილში შეიძლება დანახვა ტრაპეზს უკან ბუნებითის კლდისა გოლგოთისა და გამსქდარნი ქვანი ჟამსა იესო ქრისტეს სიკვდილისა. ამ ადგილსა იყვნენ დამარხულ მართალ ნოეს მიერ ძვალნი და თხემი პირველის მამის ადამისა, და ჟამსა იესო ქრისტეს ჯვარცმისასა გარდამოსრული მის ცხოველსმყოფელი გვერდისაგან სისხლი დავარდა თავსა ზედა სამოთხეში შემცოდველისა პირველ მამისა ადამისა და განბანა იგი სამოთხესა შინა მის მიერ ქმნული ცოდვისაგან.

პირველ ქრისტეანობიდამ დაწყობილი მე-18 საუკუნემდის ქართველებს პირველი ადგილი ეპყრათ გოლგოთაზედ".

ამ წვლილისათვის ბიზანტიის კეისარმა გოლგოთის ნაწილი უბოძა ბაგრატ კურაპალატს.

ახლა კი მივყვეთ აღდგომის ტაძრის ისტორიას, ისტორიას, აღსავსეს ნუგეშითა და ტკივილით. 614 წელს იგი მიწასთან გაასწორეს სპარსმა დამპყრობლებმა. ეკლესია მალევე აღადგინეს, მაგრამ 1010 წელს ეგვიპტის სულთანმა ჰაქემმა ისევ დაანგრია. ტაძრის აღდგენა დასრულდა 1048 წელს და მასში სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. ამ წვლილისათვის ბიზანტიის კეისარმა გოლგოთის ნაწილი უბოძა ბაგრატ კურაპალატს, რომელმაც იქ ქართველი ეპისკოპოსი დანიშნა.

განსვენების ჟამი ხანმოკლე აღმოჩნდა. ოციოდე წლის შემდეგ პალესტინას თურქ-სელჩუკთა ურდოები შემოესივნენ და ხელთ იგდეს იერუსალიმის სიწმინდეები. ჯვაროსნებმა განდევნეს ისინი წმინდა მიწიდან, მაგრამ მცირე ხანში მაჰმადიანები მას ისევ იპყრობდნენ. ასე რომ, XIII საუკუნის ბოლომდე აღდგომის ტაძარს უსჯულონი ფლობდნენ და იქ მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება უაღრესად გართულებული იყო.

1299 წელს ქართველებმა, მონღოლებთან ერთად, იერუსალიმი აიღეს და წმინდა ქალაქში გაბატონდნენ. სულ მალე იერუსალიმი კვლავ მამლუქების ხელში გადავიდა. არ ვიცით, გამოდევნეს თუ არა მათ ქართველები გოლგოთიდან, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ 1308 წელს ბიზანტიის კეისრის დახმარებით მათ ეგვიპტის მამლუქ სულთანს გოლგოთის სავანე თავიანთ კერძო საკუთრებად დაამტკიცებინეს. ცხრა წლის შემდეგ გიორგი ბრწყინვალის მიერ ეგვიპტის სულთანთან გაგზავნილმა ელჩმა მთლიანად აღდგომის ტაძრის გათავისუფლებას მიაღწია. ამის შემდეგ ქართველები 150 წლის განმავლობაში მშვიდობიანად ფლობდნენ ამ სავანეს და ყველა ქრისტიანს მათთვის უნდა ეთხოვა ქრისტეს საფლავზე ლოცვის ნებართვა. ეს მშვიდობა დაირღვა 1366 წელს, როდესაც კვიპროსის სომხები ქრთამის მეშვეობით გოლგოთას დაეპატრონენ და რამდენიმე წლით მოახერხეს მისი შენარჩუნება.

საინტერესოა, რას წერდნენ ამ პერიოდში უცხოელი პილიგრიმები ქართველთა შესახებ: "ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი" (ლუდოლფ ზუდჰაიმი, 1347 წ.).

"ქართული წირვა იმართება გოლგოთაზე, სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის ძირში იბერიელთა მიწაა და იბერიელთა წირვები იმართება" (დიაკვანი ეგნატე, 1391 წ.).

"ქართველები ასრულებენ წირვას გოლგოთის მთაზე, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და სადაც ადამის თავის ქალა ძევს, გოლგოთის მთის ძირში იბერიელთა მიწაა, სადაც იბერიელები თავიანთ წირვას ასრულებენ" (ეგნატე სმოლენსკელი, 1389-1405 წ.წ.).

* * *
შემდეგი საუკუნე იყო ქართველებსა და სომხებს შორის გოლგოთისათვის ბრძოლის საუკუნე. სომეხმა მონოფიზიტებმა რამდენჯერმე მიიტაცეს ეს უწმინდესი ადგილი, მაგრამ საქართველოს მეფის ალექსანდრე დიდის ძალისხმევით, იგი ისევ უწინდელ მფლობელებს უბრუნდებოდა.

მხოლოდ სომხებს არ ეჭირათ თვალი გოლგოთაზე. მის დაუფლებას ცდილობდნენ კათოლიკეებიც, რომლებსაც ქართველებისთვის გოლგოთის წართმევა უცდიათ 1475 წელს, თუმცა წარუმატებლად. პაპისტებმა უკან არ დაიხიეს და მიაღწიეს იმას, რომ 1492 წელს ადგილობრივი სასამართლოს განჩინებით გოლგოთის თხემი გაიყო: ჩრდილოეთი ქართველებს დარჩა, სამხრეთი კი - ფრანგებს.

მაგრამ ჩვენი წინაპრების გულში ღვთის რწმენა და სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ უფლის ჯვარცმის ადგილი ისე ადვილად არ ეთმობოდათ. საქართველოს ხელისუფალთა ძალისხმევის შედეგად 1511 წელს იერუსალიმში ჩასულმა ბეენა ჩოლოყაშვილმა კათოლიკეები გოლგოთიდან გამოაძევა. თავად ბეენა გვამცნობს: "ნებითა ღმრთისათა აქა ფრანგთა გოლგოთა დავაგდებინე და მათი ყუელა გარეთ გამოუყარე - კანდელი და რაც მათი იყო მე ცოდვილმა ბეენ, ამინ". და როდესაც სამი-ოთხი წლის შემდეგ პაპისტებმა გოლგოთა ისევ მიიტაცეს, ამჯერად იგი ზოსიმე კუმურდოელმა გამოისყიდა, როგორც ჯვრის სავანის აღაპშია ნათქვამი: "მოვიდა ნაუასძე ზოსიმე კუმურდოელი. მას ჟამსა ფრანგთა გოლგოთას და ერთი ჯუარს დაუკიდეთ სამუდამო".

ახლა კი ისევ პილიგრიმთა ცნობებს მოვუხმოთ: "წმინდა საფლავის ეკლესიაში ქართველებს ეკუთვნის ის ადგილი, სადაც წმინდა ჯვარი აღმოჩნდა. ქართველებს ეკუთვნის გოლგოთის მთაც. მათია აგრეთვე სამლოცველო გოლგოთის მთის ძირში, იქ, სადაც კლდეში ნაპრალი გადის. ამ სამლოცველოს ღმრთისმშობლისა და წმინდა იოანე მახარებლის სახელი ჰქვია" (იოჰან ტუხერნი, 1479-1480 წ.წ).

* * *
XVII საუკუნის შუა ხანებში ქართველებმა მიატოვეს გოლგოთა და ჯვრის მონასტერში გადასახლდნენ, რათა ოსმალთა მიერ დაკისრებული მძიმე გადასახადებისათვის თავი დაეღწიათ. დიდი გულისტკივილით წერდა "გოლგოთას მდგომი" მონაზონი მართა დასავლეთ საქართველოს კათალიკოს გრიგოლს: "ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასე დაკარგეთ? ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს, ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვნოს და თქვენ სულ იერუსალიმში დაკარგეთ! ეს წმინდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა და ეხლა ლამის რომ სულ გამოვვარდეთ, თუ იერუსალიმი დაგეკარგვიან, რაღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ".

XVIII საუკუნის შუა ხანებში აღდგომის ტაძარი ტიმოთე გაბაშვილმა მოილოცა და იქ ვერც ერთი თანამოძმე ვეღარ ნახა.

* * *
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ, დიდ შაბათს (ძვ.სტ.), უფლის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა.

პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ ეკუთვნის IV საუკუნის ცნობილ ისტორიკოსსა და სასულიერო მოღვაწეს ევსევი კესარიელს. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა უფლის საფლავზე ტაძარი ააგო და კურთხევისთანავე ღმერთმა ზეციური ცეცხლი გარდამოავლინა მასში.

გადმოცემით, სალადინის მმართველობის დროს თვით ხალიფაც კი მისულა დიდ შაბათს აღდგომის ტაძარში სანთლებით ხელში მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მაჰმადიანები მას ზეციურ ცეცხლს უწოდებენ და სიწმინდედ აღიარებენ. მხოლოდ კათოლიკეებს არ სჯერათ, რომ ეს ღვთისგან ბოძებული სასწაულია.

დიდ შაბათს, დილიდანვე, აღდგომის ეკლესიაში თავს იყრის ურიცხვი ხალხი, რომელთა უმეტესი ნაწილი ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მართლმადიდებელი ქრისტიანია. ტაძარში ყველა კანდელსა და სანთელს ჯერ კიდევ დიდ ხუთშაბათს აქრობენ. მაცხოვრის საფლავზე დგამენ ზეთით სავსე ჩამქრალ კანდელს, საფლავის გარშემო ავლებენ ბაფთას და მთელ მის ზედაპირზე შლიან ბამბის ფთილებს. კუვუკლიის კარს პოლიციის თანხლებით ბეჭდავენ და დიდ შაბათამდე ასე ტოვებენ.

KARIBCHE

ავჭალის წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძარში
დაბრძანებული მაცხოვრის წმინდა სამსჭვალი

დიდ შაბათს ცისკრის დაწყების წინ, უძველესი დროიდან დამკვიდრებული წეს-ჩვეულების თანახმად, მართლმადიდებელი არაბები კუვუკლიას სამგზის შემოურბენენ გარშემო და სიხარულით ხმამაღლა გაჰყვირიან: "არ არის სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა!" ტაძრის საკურთხეველში იკრიბება მართლმადიდებელი სამღვდელოება იერუსალიმის პატრიარქის წინამძღოლობით. განსაზღვრული დროის დადგომისას სამეუფო კარი იღება და პატრიარქი, სამღვდელოების თანდასწრებით, მიემართება უფლის საფლავისკენ გალობით: "აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩვენცა ქუეყანასა ზედა ღირს-მყვენ წმიდითა გულითა დიდებად შენდა!"

საღვთო კრება სამჯერ შემოუვლის გარშემო წმინდა კუვუკლიას, რის შემდეგაც საფლავის კარს ბეჭედი აეხსნება, პატრიარქი საფლავის წინ დგება, სადღესასწაულო სამოსისგან განიმოსება და მხოლოდ თეთრ ბისონში შემოსილი მღვიმეში შებრძანდება. იქ სრულ სიბნელეში იგი ლოცულობს ცეცხლის გარდამოსვლისთვის და მთელ მსოფლიოს შეავედრებს ღმერთს. ტაძარი გარინდულია. "ყოველივე აღივსება მოლოდებითAდა ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალეროვნების კრებისა. ერთბაშად მოისმის ქუხილის მსგავსი ყვირილი სხვა და სხვა ენაზედ 30 ათასის კრებისა, რომელიც შეაძრწუნებს ძარღუებსა, და მაღალი თაღებიც ტაძრისა აორკეცებენ ამ ხმიანობასა. წმინდა ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმინდა ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არცა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმინდა ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ათცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა. ზარების რეკითა, რკინის სარაკუნებელის ტყეპითა, სასიხარულო ხმითა დედაკაცთა და ტაძრის განათებითა 30 ათასის ცეცხლითა პატრიარქს გარდაიყვანენ არაბნი ხელითა უკანვე საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაც დაუყოვნებლივ დაიწყება დიდშაბათის ცისკარი".

მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული წმინდა ნაწილები საქართველოში
წმინდა ნაწილები საქართველოში IV საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება, რაც უკავშირდება ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებას. როგორც ისტორიკოსი ელდარ ბულბულაშვილის წიგნში, "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები", ვკითხულობთ, IV საუკუნის I ნახევარში მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა და მირიან მეფის გაქრისტიანება დაემთხვა იერუსალიმში წმინდა კონსტანტინე დიდისა და დედამისის, ელენე დედოფლის მიერ გოლგოთაზე ქრისტეს წამების ადგილის აღმოჩენას. ლეონტი მროველი გადმოგვცემს, რომ წმინდა ნინოს ქადაგებისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შემდეგ ქართლის მეფე მირიანმა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინესთან დესპანები მიავლინა და ნათლისღებისათვის სასულიერო პირების გამოგზავნა ითხოვა. ქართლის მეფის მოქცევით გახარებულმა კონსტანტინე იმპერატორმა მცხეთაში "წარმოგზავნა მღვდელი ჭეშმარიტი იოანე", რომელიც ქართლის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. მას თან ახლდა "მღუდელნი ორნი და დიაკონნი სამნი". საბერძნეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირთა მიერ ქართლის მოსახლეობის მოქცევის შემდეგ, როგორც ლეონტი მროველი მოგვითხრობს: "წარავლინა მირიან მეფემ ეპისკოპოსი იოანე და მის თანა წარჩინებული ერთი წინაშე კონსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, რომელი მას ოდენ გამოუჩნდა ღმრთისმოყუარესა ელენე დედოფალსა". ბიზანტიის სამეფო კარზე ასეთი დავალებით მისულ იოანე ეპისკოპოსს იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა სიხარულით მოანიჭა ნაწილი ძელი ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერხნი დამსჭვალულ იყვნეს უფლისანი და სამსჭუალნი ხელთანი.

ქართლის სამეფო კარის წარგზავნილებს სიწმინდეებთან ერთად კონსტანტინე იმპერატორმა თან გამოაყოლა სასულიერო პირები და კირითხურონი ეკლესიების აშენებისათვის. კონსტანტინე იმპერატორს მთავარეპისკოპოსის ხელით გამოუგზავნია ძელი ცხოვრების ნაწილები, ორი სამსჭვალი, რომლითაც ქრისტეს ხელები დაუჭედეს და ფიცარი, რომელზედაც უფლის ფეხები დალურსმეს. ბიზანტიიდან გამომგზავრებისას კონსტანტინე დიდს ეპისკოპოს იოანესა და მისი თანმხლები პირებისათვის უთხოვია, როცა ისინი პირველად შეადგამდნენ ფეხს ქართლის საზღვარზე, აეშენებინათ ტაძარი. როგორც ლეონტი მროველი გადმოგვცემს, ბიზანტიის იმპერატორისაგან წამოსულმა ქართლის სამეფოს წარმოგზავნილებმა "ვითარ მოიწიეს ადგილსა, რომელსაც ჰქვია ერუშეთი, და დაუტევა ხურონი საქმედ ეკლესიისა", სადაც მან დაასვენა "სამსჭვალნი უფლისანი და წამოვიდა". მანგლისში მისვლისას მას დაუწყია ეკლესიის შენება, სადაც იოანე ეპისკოპოსმა "დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი".

* * *
საქართველოში შემორჩენილია მცირე ნაწილი ძელი ცხოვრებისა, რომელზეც ქრისტე იყო გაკრული. ძელი ცხოვრებისა იყო "მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა". ძელი ცხოვრებისა საქართველოს სამეფოს ატრიბუტად იყო მიჩნეული და ხშირად იგი წყაროებში სეფე დროშასთან და სამეფო აბჯართან ერთად ქართველ მეფეთა ლაშქრობების აღწერისას მოიხსენიება. წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ ძელი ცხოვრების ნაწილები საქართველოში მრავლად ყოფილა და ისინი ძირითადად ჩასვენებული იყო ჯვრებსა და ხატებში. ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ჯვარმა და ხატმა მოაღწია, რომელშიც დაცულია ძელი ჭეშმარიტის ნაწილები. ზუგდიდის მუზეუმში დაცულია ხატში ჩასმული ღრუბლის მცირე ნაწილი. ღრუბლის მეორე ნაწილი ინახებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველში, ზაგემის მაცხოვრის ტაძარში, კანკელის მაღლა მოთავსებულ ოქროს ზარდახშაში. შემდეგ ეს სიწმინდე სვეტიცხოვლის ტაძრის კუთვნილება გამხდარა.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრში დაბრძანებულია მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები: მაცხოვრის ღრუბლის ნაწილი, სამსჭვალის თავი, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი, აღდგომის ქვის ნაწილი, რომელიც საფლავიდან გადააგორეს ანგელოზებმა.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ინახება მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები: ქვა მაცხოვრის საპყრობილიდან, მიწა გეთსამანიის ბაღიდან, ქვა გოლგოთიდან, მაცხოვრის დროინდელი ზეთისხილის ხის ნაწილი და მიწა.

როგორც წერილობითი წყაროებით ირკვევა, ოთარაშენის ეკლესიაში დაცული ყოფილა იერუსალიმიდან ჩამოტანილი, უფლის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები: "ბანბა, ცხოველსმყოფელისა ნაბანი, რომ განწმინდეს," "სულიწმინდის მოსვლის დღეს ტრაპეზზე ბარძიმის ქვეშ დადებული ვარდი", "ბზის ნაწილები, რომელსაც ფეხქვეშ უფენდნენ მაცხოვარს იერუსალიმში შესვლის დროს", "ძელი ცხოველის ნაწილი", "ქრისტეს საფლავის ლოდი", "მდინარე იორდანის კენჭი" და სხვა სიწმინდეები. საბჭოთა პერიოდში ეს სიწმინდეები საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებას წარმოადგენდა, 1991 წელს კი ისინი, სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.
ბეჭდვა
1კ1