"ღვთისმშობელმან ჯუარი ვაზისა მისცა ნინოს და წარმოავლინა ქართლად"
"ღვთისმშობელმან ჯუარი ვაზისა მისცა ნინოს და წარმოავლინა ქართლად"
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი. ჯვრის ვერცხლის შემკულობა და მისი ჩასასვენებელი კუბო, როგორც მასზე არსებული წარწერით ირკვევა, დამზადებულია XVIII საუკუნის 60-იან წლებში, მეფე ვახტანგ V შაჰნავაზის მოღვაწეობის დროს. ბატონ ელდარ ბუბულაშვილის ავტორობით გამოცემულ წიგნში "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები" ვკითხულობთ: ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წმინდა ნინოს ჯვრის შემკობაში მოღვაწეობა უნდა მიეღო არა ვახტანგ V შაჰნავაზს, არამედ-მეფე ვახტანგ VI -ს (1716-1723). აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეულია ვაზის ჯვრის კუბოზე არსებული წარწერით: "დედაო, ნინა, დედისა ნიჭებულსა ჯვარსა გიმკობ მეფე ვა...ანგი, რომლითა განანათლე ქუეყანა ქართლისა,-მეცა"... წარწერაში, უეჭველია, მეფე ვახტანგია ნახსენები, მაგრამ არ ჩანს რომელი მეფე ვახტანგი იგულისხმება. მკვლევართა უმრავლესობის აზრით, წარწერაში მოხსენებული უნდა იყოს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი, რადგან კიოტზე არსებულ სხვა წარწერაში აღნიშნულია, რომ ჯვარი შეამკო 1667 წელს არჩილ მეფემ, რომელიც იყო შვილი ვახტანგ V შაჰნავაზისა. ამავე პერიოდს განეკუთვნება კიოტის ის წარწერა, რომელშიც მეფე ვახტანგია ნახსენები, რაშიც, ბუნებრივია, ვახტანგ V შაჰნავაზი იგულისხმება. ვაზის ჯვრის ვერცხლის პერანგზე გამოსახულია ექვი კომპოზიცია წმინდა ნინოს ცხოვრებიდან შესაბამისი ქართული წარწერებით: წმინდა ნინოს სასწაულებრივი ხსნა, ღვთისმშობლის მიერ ღირსი დედისათვის ჯვრის გადაცემა, რომელსაც თან ახლავს წარწერა: "ღვთისმშობელმან ჯუარი ვაზისა მისცა ნინოს და წარმოავლინა ქართლად"; ანგელოზის გამოცხადება ფარავნის პირას-წარწერით "ოდენ მოვიდა ნინო ფარავანსა ზედა, დაიძინა მან და მისცა კაცმან წიგნი ათნი სიტყვანი დაწერილნი"; კერპების შემუსვრა წმინდა ნინოს მიერ: "ოდეს იხილა ნინომ მირიან, თაყვანის მცემელი არმაზ და გაცისა, ევედრა ღმერთსა და სიტყვითა შემუსრა კერპნი იგი". აქვეა ნანა დედოფლის განკურნება, წარწერით: ოდესა აღადგინა ნანა დედოფალი სნეულებისაგან ჯვარისა ამის შეხებითა". და ბოლოს-უფლისწულ რევის განკურნება შესაბმისი ქართული წარწერით: "ოდეს აღადგინა რევ ძე მეფისა მირიანისა შეხებითა ჯვარისა ამის". გარდა ზემოაღნიშნული წარწერებისა, ჯვრის კუბოს უკანა მხარეს მოთავსებულია 1667 წელს მეფე არჩილის მიერ შესრულებული ორი წარწერა: "წმინდაო მოციქულო ნინა, მეოხ-გუეყავ ორსავე შინა ცხოვრებასა მეფესა არჩილს, რომელმან შემოგწირე სულის ჩემისა საოხად და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად შევამკე ხატი ესე". მეორე წარწერა შემდეგი შეინაარსისაა: "ძელო ცხოვრებისაო, ცხოვრებისაგან ნუ ხუებულ-მყოფ, ვითარცა პირუელსა მამასა ჩუენსა ადამსა, ყოვლად-მცუელ და მფარუელ-მეყოფ ორსავე ცხოვრებასა, ეგრეთუე თქუენ, სიმრავლენო მოწამეთანო, მიოხენით წინაშე ღუთისა მეფესა არჩილს ქრონიკონს ტნე (1667 წ.)".
ბეჭდვა
1კ1