როცა საქართველოში ჩააბრძანებ წმინდა ნაწილს, საქართველო გაძლიერდება და მრავალი ადამიანი მიიღებს მისგან კურნებას
როცა საქართველოში ჩააბრძანებ წმინდა ნაწილს, საქართველო გაძლიერდება და მრავალი ადამიანი მიიღებს მისგან კურნებას
ღვთის ნებით და განგებულებით აღმოვჩნდი ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე, კიევ-პეჩორის ლავრაში. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

კიევში ქართული სამრევლოს არსებობა სოციალური ქსელის დახმარებით გავიგე. დავუმეგობრდი მართლაც არაჩვეულებრივ ქართველ მრევლთაგანს კიევში სალომე ვაშალომიძეს. მისგან გავიგე, რომ უწმინდესისა და კიევის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია, პეჩორის მამათა მონასტერში, მღვიმევში მოღვაწე მამების სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულად აღევლინება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აქ დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე მსახურობს. კიევ-პეჩორის ლავრის შესახებ უფრო ვრცელ მასალას შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ, მანამდე გეტყვით, რომ თავად დედა ღვთისმშობელმა გადასცა წმინდა ანტონს და ფეოდოსის მონასტრის ასაშენებელი ოქრო. ამ ოქროთი დაიწყეს მონასტრის აშენება. მღვიმეებში მამები დღედაღამ ლოცულობდნენ. ბერები თანდათან გამრავლდნენ, აშენებდნენ სენაკებს. წმინდა ანტონს ათონზე უმოღვაწია. იგი ბერად აღუკვეცია ქართველ ბერს გაბრიელს. ალბათ ამიტომაც და კიდევ მრავალი მიზეზის გამო უყვართ და პატივს მიაგებენ საქართველოს და ქართველებს.

პეჩორის ლავრაში მამა კახაბერმა მიმასპინძლა. მისი ლოცვა-კურთხევით და დახმარებით მოვილოცე ლავრის სიწმინდეები და კიევის სხვა წმინდა ადგილებიც. გამგზავრებამდე ჩემი ახლობელი დედებისა და მამებისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა, მათი მადლიანი ლოცვა მუდამ თან მდევდა და იქ ყოფნის დროს მაძლიერებდა. ხოლო სულიერი მოძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევა, როგორც ფარი, ისე მიცავდა.

ვცხოვრობდი პეჩორის ლავრის მიტროპოლიტების სასტუმროში. ღვთისმსახურების განრიგი სასტუმროშია გამოკრული. ლოცვა დილის ექვსის ნახევაზე იწყება. ლოცვის დაწყებას, როგორც მონასტერში, აქაც მცირე ზარით გვახსენებენ. შემდეგ კი უზარმაზარი ზარის გუგუნი გვიხმობს. ლავრაში რამდენიმე ტაძარია, მღვიმე კი ორია - ახლო და შორი. ორივეგან კვირამონაცვლეობით აღევლინება ღვთისმსახურება. ეს მღვიმეები ერთმანეთს უერთდება. ნაწილი დაკეტილია, რადგანაც იქ წმინდანების ძვლებია დაბრძანებული. წმინდანები მინის ხუფიან სარკოფაგში განისვენებენ, მორწმუნეს შეუძლია მივიდეს და ემთხვიოს. ეს მამები ისე მოღვაწეობდნენ, მარტო სეფისკვერს და მცირე რაოდენობით წყალს იხმევდნენ. გამუდმებით ლოცულობდნენ. წმინდანთა სხეულების გარდა მრავალი წმინდა მამის მირონმდინარე თავის ქალაა დაბრძანებული. ძირითადად მღვიმეებში ვესწრებოდი ცისკრის მსახურებას და ღვთის მადლით, თანაზიარი ვხდებოდი ქრისტეს სისხლისა და ხორცისა. საოცარი გრძნობა გეუფლება, როცა ცხადად ხედავ წმინდა მამების უხრწნელ სხეულებს, მათ გვერდით ლოცულობ, ცოცხალი ადამიანებივით გიდგანან გვერდით, ნუგეშს და წყალობას უხვად გაძლევენ, თუკი წრფელი გულით, სინანულის ცრემლით შესთხოვ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

წმინდა მამების თავის ქალებთან მიახლება მხოლოდ მამა ბაფნუტის დახმარებით შევძელით - მამა ბაფნუტის უყვარს ქართველები და თხოვნაზე უარი არ უთვამს. მისი ლოცვა-კურთხევით მირონმდინარე თავის ქალებიდან აღებული მირონი საქართველოში ჩამოვიტანე და ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარს შევწირე.

ლავრაშია მოთავსებული წმინდა მარკოზის 12-კგ-იანი ქუდი. აქ ტარდება პარაკლისები, შემდეგ ამ ქუდს მორწმუნეებს თავზე ახურავენ და მრავალი ადამიანი იკურნება სხვადასხვა სნეულებისგან. წმინდა მარკოზს ჰქონდა თავისივე ხელით გაკეთებული პატარა ჯვარი, რომელშიც ასხამდა ნაკურთხ წყალს და მხოლოდ იმით სვამდა. ზედმეტი რომ არ დაელია, იმით ზომავდა. ის ჯვარი დღემდეა ლავრაში დაცული და ვინც იქიდან დალევს წყალს, იკურნება. წმინდა მარკოზს ღვაწლის ნიშნად წელზე ჯაჭვის სარტყელი ჰქონდა. მის სახელზე ჩატარებულ პარაკლისს თავად დავესწარი. ბოლოს კი ქუდიც დამახურეს. როცა იქ მოღვაწე მოძღვარმა გაიგო, საიდან ვიყავი ჩამოსული, გაიხარა და მიპასუხა, - ამ წმინდა მიწას, საქართველოსაც სჭირდება ლოცვა და წმინდა მარკოზის ქუდს საქართველოსთვის გახურავო. დამლოცა და ეს უმძიმესი ქუდი მცირე ხნით თავზე გამიჩერა. გავიფიქრე, ნუთუ ასეთი მძიმე ქუდი შეიძლება ადამიანს ეტარებინა-მეთქი?

ლავრაშივე არის მისი დამაარსებლების - წმინდა ანტონისა და ფეოდოსის სახელობის ორი წმინდა წყარო. ჩერნობილის ავარიის შემდეგ ამ წმინდა მამების ლოცვით გამომავალ წყლებს რადიაცია არ შეხებია და დღემდე მორწმუნეები წყაროს წყალს ონკანიდან სვამენ. ისე კი კიევში ონკანის წყალი სასმელად არ გამოიყენება. ლავრის ტერიტორიაზე ყველა პირობა არის შექმნილი, რათა მომლოცველებმა შეძლონ იქ ცხოვრება და დაპურდნენ მონასტრული ტრაპეზით. ლავრის ტერიტორიაზე მრავალი საეკლესიო მაღაზიაა. საეკლესიო წიგნებსაც ლავრის გამომცემლობა გამოსცემს. გამიხარდა, როცა ვნახე არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) და მამა ვიტალის (სიდორენკო) წიგნები. როცა ლავრაში მყოფ მომლოცველებთან საუბარში ვახსენებდი საქართველოს, მეკითხებოდნენ მამა რაფაელისა და მამა ვიტალის შესახებ. ერთმა მამა რაფაელის ჯანმრთელობაც მკითხა, - როგორ არისო. თუკი წაიკითხავს ვინმე მამა რაფაელის სულიერი შვილთაგანი, ვთხოვ, მოკითხვა გადასცენ პეჩორის ლავრაში ნანახი ადამიანისგან და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვონ. საქართველოს, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, აქაც ასე იცნობენ. საქართველოდან ჩატანილი ჩურჩხელა დიდად მოეწონათ და მისი დამზადების წესებიც კი გამომკითხეს. მამა ალექსეიმ გვარი მკითხა. ცაგურიშვილი ვარ-მეთქი. დაინტერესდა და ჩამეძია - რას ნიშნავს ცაგურ და შვილიო? ვუთხარი, რაც ვიცოდი. გაიღიმა და დამლოცა. მასთან საუბარში ვახსენე ჟურნალისტი ვარ-მეთქი. მეშინია ჟურნალისტების, ჩვენზე ცუდს წერენო. მართლმადიდებლური ჟურნალიდან ვარ-მეთქი. გაუხარდა. გაიხარა, რომ დღეს ამ თემითაც არიან ჟურნალისტები დაინტერესებული და რომ არსებობს მართლმადიდებლური ჟურნალი და ღვთის სიტყვას ადამიანები ჟურნალის დახმარებით იგებენ.

KARIBCHEლავრაში მრავლად შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მართლმადიდებლებს, რომლებსაც სულიერი ნუგეში და ღვთის შემწეობა სურთ. ლავრის ტერიტორიაზევეა კიევის სასულიერო სემინარია და აკადემია - მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილი. აქ სამი ქართველი სწავლობს, მათ შორის არიან მამა კახაბერი და გიორგი დობორჯგინიძე. მამა კახაბერის ლოცვა-კურთხევით, გიორგი იქ ყოფნის დროს მუდამ გვერდით მედგა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა.

ლავრაში ათი დღე დავყავი. მადლობა ღმერთს, რომ ჩემს იქ ყოფნას დაემთხვა ამბა ალავერდელის, მეუფე დავითის (მახარაძე) და იღუმენია იოანას ლავრაში სტუმრობა. მათ თან ახლდათ სოფელ დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინმაძღვარი, დეკანოზი შიო მენაბდე და ქაშვეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელი. მეუფე დავითის თხოვნით, პეჩორის ლავრაში დაიწერა პეჩორელი წმინდა მამების ულამაზესი ხატი. ხატის მეორე მხარეს პეჩორელი მამების წმინდა ნაწილებია მოთავსებული. საოცარი ის გახლდათ, რომ ხატის საქართველოში გადმობრძანებამდე მეუფე დავითს და ქართველ მრევლს უფლება მოგვცეს, მღვიმის ტაძარში ქართველ და ლავრის მამებთან ერთად ღვთისმსახურება ჩაგვეტარებინა. მსახურება ორ ენაზე მიდიოდა - ქართულად და რუსულად. ეს დიდი პატივია ქართველებისთვის, ამავე დროს, უდიდესი მადლი და ღვთის წყალობა. მსახურების დასრულების შემდეგ სემინარიის სტუდენტებმა ომახიანად და სუფთა ქართულით ააჟღერეს "მრავალჟამიერი". 19 ნოემბერს მღვიმეში აღვლენილმა ცისკრის ლოცვამ საკუთარი დაბადების დღის მოახლოება გამახსენა. მართლაცდა, დაუვიწყარი და მოსაგონარი დაბადების დღე მარგუნა უფალმა, დედა ღვთისმშობელმა.

მეუფე დავითის, დედა იოანას დახმარებით ასევე მოვილოცეთ კიევის წმინდა ადგილები - ღვთისმშობლის საფარველის სახელობის დედათა მონასტერი, წმინდა სამების, იონიის და კიტაევოს მამათა მონასტრები (მათ შესახებ დაწვრილებით მომავალში გიამბობთ). ამ მონასტრებში წმინდანების უხრწნელი სხეულებია დაბრძანებული. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით, რაოდენ დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ მეუფე დავითის, დედა იოანასა და სტუმრად მყოფი ქართველი მამების მიმართ.

***
პეჩორის ლავრაში ყოფნის დროს უფალმა კიდევ ერთი სასწაული განმიცხადა - წამოსვლის წინა დღეს შემახვედრა ერთ ღვთისნიერ მომლოცველს ნატაშას, რომლის დახმარებით მისმა მოძღვარმა, სევასტოპოლის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის იღუმენმა საბატიმ უდიდესი სიწმინდე, წმინდა ლუკას (ვოინო-იასენეცკი) წმინდა ნაწილი გადმომცა (ამის შესახებ შემდგომ იღუმენთან ინტერვიუში გიამბობთ). ამ ამბავს მამა საბატის ლოცვა-კურთხევით საქართველოში ჩამოსვლამდე წმინდა ნაწილთან ერთად გულით ვატარებდი. როცა საქართველოში ჩააბრძანებ წმინდა ნაწილს, საქართველო გაძლიერდება და მრავალი ადამიანი მიიღებს მისგან კურნებასო, - მითხრა მამა საბატიმ. წმინდა ლუკას წმინდა სხეულის წმინდა ნაწილი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული, იმ ტაძარში, რომლის მრევლიც თავად გახლავართ. მორწმუნეებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და მისგან უდიდესი კურნება მიიღონ.
ბეჭდვა
1კ1