სვანებმა საუკუნეების განმავლობაში უპატრონეს, გადაარჩინეს და დღემდე შემოგვინახეს ეს საგანძური
სვანებმა საუკუნეების განმავლობაში უპატრონეს, გადაარჩინეს და დღემდე შემოგვინახეს ეს საგანძური
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი):

- ვიდრე მესტიის მუზეუმიდან სიწმინდეების გამოტანის შესახებ ვისაუბრებთ, ალბათ კარგი იქნება მკითხველს კიდევ ერთხელ შევუქმნათ წარმოდგენა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ხუროთმოძღვრულ ძეგლებსა და მათში დავანებულ სიწმინდეებზე.

- მოგეხსენებათ, რომ ზემო სვანეთში არის ქართული, ეროვნული და სულიერი კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა, ეს მხარე შეუდარებელია იმ თვალსაზრისით, რომ აქ თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი უხველესი ეკლესიები უძველესი მხატვრობით. ეს ტაძრები სავსეა სიწმინდეებით, უამრავი ჯვარ-ხატია და უძველესი ხელნაწერებია შემონახული. ძირითადად ეს საგანძური IX-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. სვანეთში ერთ-ერთ ძლიერ სალოცავად მიიჩნევა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია. დღესასწაულზე უამრავი ხალხი ამოდის საქართველოს ყველა კუთხიდან, სწორედ ამ ტაძარში არის დაბრძანებული 120-ზე მეტი სიწმინდე. ასევე მნიშვნელოვანია იფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ესეც იმ პერიოდისაა. ცნობილია იფრაარის მთავარანგელოზთა ტაძარიც. სამივე ეს ეკლესია მოხატულია მეფის მხატვრის თევდორეს მიერ, გვარი არ არის ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ის აქაური იყო. მრავალი სიწმინდეა სოფელ ლატალში - მაცხოვრის ამაღლების, იონა წინასწარმეტყველის, აგრეთვე სოფელ ლახუშტის მაცხოვრის სახელობის ტაძარში, სოფელ ლაბსყალდში - ცნობილი ლაბსყალდის სახარება, შატბერდში გადაწერილი ჰადიშის ოთხთავი და სხვა მრავალი.

- ჩანს, სვანი შინაგანად ყოველთვის მორწმუნე იყო. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ამ სიწმინდეებს დღევანდლამდე ვერავინ შემოგვინახავდა...

- სვანეთში საუკუნეების განმავლობაში ხატს ცოცხლად მიიჩნევდნენ, მის მიმართ განსაკუთრებული შიში და მორიდება ჰქონდათ. ამ დამოკიდებულებამ შეასრულა დიდი როლი, რომ ეკლესიებმა და სიწმინდეებმა დღევანდლამდე მოაღწია. 70-წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა ძალიან შეცვალა ადამიანთა ცნობიერება, შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულებაც ეკლესიისადმი. ვმადლობთ ღმერთს, რომ დღეს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში სულიერება უბრუნდება იმ საწყისს, რომელიც ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძნებული, ეს იმის შედეგია, რომ თითქმის ყველა სოფელში არის დადგენილი სასულიერო პირი, მიმდინარეობს წირვა-ლოცვები და ნამდვილი ღვთის სიტყვის ქადაგება.

- სიწმინდეების დიდმა ნაწილმა მესტიის მუზეუმში დაიდო ბინა. რამდენწლიანი ისტორია აქვს მესტიის მუზეუმს და რა სიწმინდეები იყო მასში განთავსებული?

- სიწმინდეები წლების განმავლობაში იყო განთავსებული სეტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. იმ დროს ეს ტაძარი არ იყო მოქმედი და გამოიყენეს ხატების საცავად. შემდეგ, როცა ამოქმედდა ეკლესია, ხატები, ხელნაწერები და რაც ინახებოდა, გადატანილ იქნა ერთ-ერთ შენობაში. 2003 წელს გაიხსნა ახალი მუზეუმის შენობა, სადაც მოთავსდა ყველა ეს სიწმინდე, მათ შორის ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ნიმუშები.

- ისეთ კარგ პირობებში იყო ექსპონატები განთავსებული, რომ დედაქალაქის მუზეუმებიც კი ინატრებდნენ. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეუფასებელი სიწმინდეები გაურკვეველი მიმართულებით შეიძლება წასულიყო. მეუფე ილარიონ, როგორ შეაფასებდით ამას?

- ექსპონატები მართლაც იმ დროისათვის კარგ მდომარეობაში და კარგ პირობებში იყო, მუზეუმის თანამშრომლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მრავალი უცხოელი გაოცებული და კმაყოფილი რჩებოდა ნანახით. რაც შეეხება მათ გატანას სხვაგან, ამის თაობაზე ვერაფერს ვიტყვი - ამ ეტაპზე სიწმინდეები სვანეთშია. მათ აქედან გატანას ადგილობრივი მოსახლეობა არ დათანხმდება. საუკუნეების განმავლობაში სვანებმა უპატრონეს, გადაარჩინეს და დღემდე შემოგვინახეს ეს საგანძური.

- უწმინდესმა სამების ტაძარში ქადაგებისას გულისტკივილით აღნიშნა მუზეუმიდან სიწმინდეების გამოტანის ფაქტი. თუ მოჰყვა უწმინდესის თხოვნას გამოხმაურება?

- როცა მოხდა დემონტაჟი მუზეუმისა, მაშინ სიწმინდეები განათავსეს სპეციალურ კონტეინერებში, იქვე, მუზეუმის ტერიტორიაზე, რომელიც ქცეული იყო სამშენებლო მოედნად. ამიტომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა უკმაყოფილება და მიმართა საპატრიარქოს. შედგა კომისია, რომელშიც შევიდა სამივე მხარე - ეკლესია, სახელმწიფო და საზოგადოების წარმომადგენლები. კომისიამ შესთავაზა ეროვნულ მუზეუმს, დროებით, სანამ აშენდებოდა ახალი მუზეუმი, ეს სიწმინდეები განთავსებულიყო რეზიდენციის ტერიტორიაზე, კერძოდ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, რაზეც უარი მივიღეთ, ამის შემდეგ გამოინახა შენობა - ყოფილი მუსიკალური სკოლა კაპიტალურად გარემონტდა, შემოწმდა ეს ნაგებობა კომისიის წევრებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ და ჩაითვალა დამაკმაყოფილებლად. გათვალისწინებულ იქნა ყველა შენიშვნა. 2 დეკემბერს ინვენტარიზაციის შემდეგ სიწმინდეები გადააბრძანეს ამ შენობაში.

- იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- ღმერთმა დაგლოცოთ. იმედით სულდგმულობს და ცოცხლობს ყოველი ადამიანი. ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს.
ბეჭდვა
1კ1