ყური, რომლისკენაც არაერთხელ დახრილა პავლე მოციქული და უკარნახია მღვდელმთავრისთვის, თუ რას გულისხმობდა იგი თავისი ეპისტოლეების ამა თუ იმ ადგილას
ყური, რომლისკენაც არაერთხელ დახრილა პავლე მოციქული და უკარნახია მღვდელმთავრისთვის, თუ რას გულისხმობდა იგი თავისი ეპისტოლეების ამა თუ იმ ადგილას
ათონის მთის სიწმინდეებზე წერა ძალიან რთულია, რადგან მხოლოდ მათი ჩამოთვლაც კი ალბათ მთელ წიგნს დაიკავებდა. მათ აღწერილობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ ამჯერად მხოლოდ მიმოხილვით ექსკურსს შემოგთავაზებთ.

მიუხედავად თურქეთის მრავალსაუკუნოვანი ბატონობისა, საბერძნეთს მაინც არ უგემებია ისეთი ტოტალური ანტირელიგიური ტერორი, როგორიც საქართველომ განიცადა. დარბევები, რომლებიც განახორციელეს ათონის მთაზე არაბებმა, ჯვაროსნებმა, თურქებმა და მეკობრეებმა, ეპიზოდური იყო. ბერებიც პირველ რიგში სიწმინდეების გადარჩენას ცდილობდნენ. მათ ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია - ათონის სავანეებში სულ უფრო მეტი და მეტი რელიკვია გროვდებოდა. ამას გარდა, ბევრი სიწმინდე წმინდა მთაზე ჩამოტანილია უკვე თურქების მიერ კონსტანტინოპოლის (საზოგადოდ, ბიზანტიის) დაპყრობის შემდეგ - რაკი ათონი ერთგვარი ავტონომიურობით სარგებლობდა, სიწმინდეები იქ უფრო მეტად იყვნენ დაცულნი, ვიდრე სხვაგან. ასე მაგალითად, წმინდა პავლეს მონასტერში მოხვდა იესო ქრისტეს შობისას მოგვების მიერ მორთმეული საჩუქრები, რომლებიც დაპყრობილი კონსტანტინოპოლიდან სულთნის ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა სერბმა ცოლმა ჩამოიტანა.

ათონის მონასტრებში სიწმინდეები ინახება საკურთხევლებსა და სპეციალურ საცავებში, რომლებიც წმინდა რელიკვიებისთვის არის გამოყოფილი. როგორც წესი, ეს რომელიმე ეკვდერია, რაც ათონის ტაძრებში ყოველთვის რამდენიმეა ხოლმე (სიწმინდეები იქ განლაგებულია ვიტრინის მაგვარ თაროებზე, თავისი წარწერებით). განსაკუთრებით თაყვანსაცემი სიწმინდეები მომლოცველებისთვის მწუხრის ლოცვის შემდეგ გამოაქვთ სამთხვევად. მაგალითად, ვატოპედის მონასტერში შეგიძლიათ ნახოთ წმინდა ღვთისმშობლის სარტყელი და თაყვანი სცეთ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა იოანე ოქროპირის თავებს, დიდმოწამე პანტელეიმონის თავს შეგიძლიათ რუსიკაში ემთხვიოთ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალას, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ იყო ჩამობრძანებული, ნახავთ ანდრიას სკიტში, წმინდა მოწამე პარასკევას ნაწილებს თაყვანს სცემთ ფილოთეოსში. ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები მრავალ მონასტერშია. ყოველივე ამის ნახვასა და გააზრებას ადამიანი ვერც კი ასწრებს, იმდენად ბევრი და მნიშვნელოვანი სიწმინდე მყოფობს წმინდა მთაზე.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას წმინდა მთაზე მყოფი უამრავი სასწაულმოქმედი ხატის შესახებ. ყველასთვის ცნობილია ივერიის ღვთისმშობლის ხატი ივერონში. ვატოპედის მონასტერში შვიდი თაყვანსაცემი ხატი განისვენებს, რომელთაგან მთავარია "ყოვლადდედოფალი". ის მონასტრის ტაძარში (კირიაკონში) მარცხნივ არის დაბრძანებული. ეს ხატი სხვებზე მცირე ზომისაა. "მსწრაფლშემსმენელის" ხატიც ათონის მთაზეა და ინახება დოქიარის მონასტერში.

წმინდა მთაზე განსაკუთრებით გასაოცარია "დღის წმინდანის" მოვლენა (საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ყოველდღე რომელიმე წმინდანი იხსენიება). მონასტრებში უამრავი სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილია, ამიტომ ხშირად კალენდრის მიხედვით მოხსენიებული წმინდანის ნაწილები სამთხვევად გამოაქვთ. გამოტანისას ტაძარში ანთებენ დიდ კანდელს და გარემო ნათდება. სანაწილეში, როგორც წესი, რამდენიმე წმინდა ნაწილს ერთად ათავსებენ და იმ დღის წმინდანის ნაწილს სპეციალური ვერცხლის მაჩვენებლით მიუთითებენ.

ათონის სიწმინდეთაგან ყველაზე განსაცვიფრებელია წმინდა იოანე ოქროპირის ყური, რომელიც სრულიად აუხსნელი გზით არის მიმაგრებული მის თავის ქალაზე. ამ ყურის გარდა წმინდა მღვდელმთავრის ქალაზე კანის ერთი ფრაგმენტიც არ არის დარჩენილი. საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ყური დარჩა უხრწნელი? შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებამ გაგვცეს. ერთხელ მისმა მორჩილმა პროკლემ მღვდელმთავრის კაბინეტის კარის ჭუჭრუტანიდან დაინახა უცნობი სათნო მოხუცებული, რომელიც ოქროპირს ზურგს უკან ედგა და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. ასე გაგრძელდა ზედიზედ რამდენიმე ღამე. წმინდა მღვდელმთავარი ამ დროს პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტებაზე მუშაობდა. დროდადრო ეჭვი აწუხებდა, ვაითუ ჩემი ნაშრომი ღვთივსათნო არ იყოსო. შიშობდა, ვაითუ სწორად არ ესმოდა ეპისტოლეების გაუგებარი ადგილები... პროკლემ ცნობისმოყვარეობის დაოკება ვეღარ შეძლო და გადაწყვიტა, ეკითხა ოქროპირისთვის, ვინ იყო ის მოხუცებული, რომელიც გაურკვეველი გზით ხვდებოდა მღვდელმთავრის ოთახში და ასევე იდუმალად ქრებოდა იქიდან. ოქროპირმა გაოცებით უპასუხა, რომ მასთან არავინ შესულა. პროკლე ყურადღებით დააკვირდა წმინდა იოანეს მაგიდის თავზე დაკიდებულ ხატს და საოცარი მსგავსება აღმოაჩინა იმ მოხუცებულსა და ხატზე გამოსახულ წმინდანს შორის. ეს მოციქულთა თავის პავლე მოციქულის ხატი იყო. იოანე ოქროპირი მიხვდა: მოციქულის გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ მისი ნაშრომი ღვთივსათნო იყო. ყური, რომლისკენაც არაერთხელ დახრილა პავლე მოციქული და უკარნახია მღვდელმთავრისთვის, თუ რას გულისხმობდა იგი თავისი ეპისტოლეების ამა თუ იმ ადგილას, ამ სასწაულის ნამდვილობის დასტურად უხრწნელი დარჩა.

გარდა სიწმინდეებისა, მნიშვნელოვანია ათონის მთაზე განლაგებული მონასტრებისა თუ სკიტების ისტორიაც, რასაც "კარიბჭის" მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1