უდიდესი სიწმინდე - მადლის ქვა
უდიდესი სიწმინდე - მადლის ქვა
როცა წმიდა დავით გარეჯელმა იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა, მონასტრის უკვე საკმაოდ დიდი კრებული წმიდა ლუკიანეს ჩააბარა და თვითონ რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა ქალაქისკენ გაეშურა.
მიაღწიეს ადგილს, რომელსაც მადლის ქედი ეწოდება და საიდანაც მთელი იერუსალიმი მოჩანს. იხილა რა ღვთის ქალაქი, წმიდა დავითი ქვე დაემხო, მადლობა შესწირა უფალს: "მადლობელი ვარ, უფალო, რომ მეც, შენი უღირსი მონა, ღირს მყავ მოწევნად და ხილვად შენი წმინდა ქალაქისა, სადა დასდგნენ ფერხნი შენნი. აღარ ვიკადრებ ჩასვლას ქვემოთ და შენი წმინდა ნაფეხურების დათრგუნვას. ჩემთვის საკმარისია ის მადლიც, რომელიც იერუსალიმის ოდენ ხილვით მომეცა".

კარგა ხანს იყო ქვე დამხობილი. ძმებმა გზის განგრძობა სთხოვეს. მაგრამ წმიდა დავითი უღირსად იტყოდა თავს და ვერ შეჰბედა იერუსალიმში შესვლა. მხოლოდ სთხოვა ძმებს: "თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ილოცეთ უფლის საფლავზეო". მარტო დარჩენილმა დიდი ლოცვისა და ცრემლთა ღვრის შემდგომ იმ ადგილიდან, სადაც მუხლმოდრეკით იდგა, სამი ქვა აიღო, იმხელა რწმენით, თითქოს ქვანი უფლის საფლავისგან არიან გამოკვეთილნიო, დიდის კრძალვით ჩააწყო კალათაში და უკან, გარეჯისკენ, გამობრუნდა.

იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაი ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა. ხოლო შენ წარავლინე მალემსრბოლნი, რათა დაეწივნენ მას. დავითს კალათაში სამი ქვა უძევს, შენმა ხალხმა ამ ქვებიდან ერთი დაუტოვოს და უთხრას: "ამას გიბრძანებს შენ უფალი - შენი რწმენისთვის მიგეღო მადლი ჩემი წმინდა ქალაქის იერუსალიმისა. ხოლო მე სათნოდ მიჩნს, ორი ნაწილი უკანვე, იერუსალიმში, დავაბრუნო, რათა სრულიად არ იყოს განშორებული მადლისაგან. ხოლო მესამედი მადლისა შენთვის მომინიჭებია. წაიღე იგი უდაბოში, წმინდა ჰყავ შენი მისვლით, შენი სხეულის იქ დადებით (ანუ გარეჯას დაიმარხეო), რომლისა სარწმუნოებით შემხებელთა ჰპოვონ კურნება სულთა და ხორცთა. ხოლო ეგ ქვა წაიღე უდაბნოში, ვითარცა ევლოგია, სახსენებლად და მისათხრობლად სარწმუნოებისა შენისა". პატრიარქმა სასწრაფოდ დაადევნა თავისი ხალხი წმიდა დავითს. მიეწივნენ ღირს მამას, თაყვანის სცეს, მოუთხრეს ყოველივე. კრძალვით, სიმდაბლით გამოართვეს ორი ქვა და ერთი დაუტოვეს.

ღვთის სახიერებით გაკვირვებული წმიდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. მიუხედავად პატრიარქის კაცთა ვედრებისა, ღირსი მამა აღარ მიბრუნდა იერუსალიმს, სადაც უკვე განთქმულ იყო მისი სახელი, დაბრუნდა გარეჯას და მიჰფინა მადლი იერუსალიმისა თავის მონატრებულ სულიერ შვილებს.
ბეჭდვა
1კ1