იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული
იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული
ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს იერუსალიმის წმინდა მიწა, უჩნდება სურვილი, კვლავ მოხვდეს ამ ქალაქში, მიეახლოს იქ დავანებულ სიწმინდეებს. თავად არ მომილოცავს იერუსალიმი, მაგრამ სხვათა შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ "კარიბჭის" მკითხველს.

"ივერია ტურის" მენეჯერი ნონა ცომაია ხშირი სტუმარია იერუსალიმისა. პირადად აქვს განცდილი წმინდა მიწის მადლმოსილება და იქაურობის მოლოცვის სურვილი არასდროს უნელდება.

- იერუსალიმი, ქრისტეს ქალაქი, ნებისმიერი ქრისტიანის წმინდა ადგილია, ასევე მუსულმანებისთვისაც, რადგან იქ ომარის მეჩეთია, ებრაელებისთვის ხომ არის და არის, - მიამბობს ნონა, -Eებრაელები ამბობენ, იერუსალიმში ავედიო.

თელ-ავივიდან გზა აღმა მიდის იერუსალიმისაკენ და მთიდან ქალაქი თეთრად იყურება. ახალი და ძველი იერუსალიმი კირქვითაა ნაშენები. ძალიან ლამაზი და თბილი ქალაქია. მდებარეობაც საოცარი აქვს.

ძველი იერუსალიმი გალავნით არის გარშემორტყმული, დაახლოებით ორ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. დავით მეფსალმუნის დროინდელი სიმაგრე არ შემორჩენილა. შემონახულია მეორე ტაძრის (დარიოსის მეფობის დროს აგებული) დასავლეთის კედელი, რომელსაც გოდების კედელი ჰქვია და ებრაელებისთვის წმინდათაწმინდა ადგილია. ლამაზია ძველი იერუსალიმი თავისი ვიწრო ქუჩებით, მრავალენოვანი, მრავალრელიგიური მოსახლეობითა და მრავალფეროვანი მაღაზიებით. იერუსალიმს 7 კარიბჭე აქვს, 6 მოქმედია. "ლომების კარიბჭიდან" შევდივართ ძველ ქალაქში და პრეტორიუმიდან ანუ პილატეს სასახლიდან უფლის ვნების გზას, ჯვრის გზას ანუ ვია დოლოროსას ყოველ წითელ პარასკევს გავდივართ.

"ლომების კარიბჭის" ახლოს, ძველი ქალაქის გარეთ გეთსიმანიაა, ბაღია, სადაც საიდუმლო სერობის შემდეგ მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა და ლოცულობდა: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მათე 26,39). გეთსიმანიის ბაღში მდგარი ბებერი ზეთისხილის ხეები შესაძლოა მოწმენი არიან იუდას ამბორისა და ებრაელთა მიერ იესო ქრისტეს შეპყრობისა.

ჯვრის გზაზე 14 წმინდა ადგილია ანუ, როგორც ეძახიან, 14 გაჩერება.

ვიწყებთ კაიაფას სახლით, სადაც იესოს მოუწყვეს სამსჯავრო და გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, "ჰნერწყვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს" (მათ. 26,67). განაჩენის აღსასრულებლად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა ძე ღვთისა მიიყვანეს პილატესთან, რომელიც ცხოვრობდა ჰეროდეს მიერ თეთრი მარმარილოთი აშენებულ მდიდრულ სასახლეში - პრეტორიუმში (მეორე გაჩერება). ამ სასახლის აივანზე გამოიყვანა პილატემ უფალი და ჰკითხა ბრბოს, ვისი გათავისუფლება სურდა: კაცისმკვლელი ბარაბასი თუ იესო ქრისტესი, რაზეც ებრაელებმა უპასუხეს, - ბარაბასიო და მოითხოვეს ქრისტეს ჯვარცმა. აქ იწყება უფლის ვნების გზა - ვია დოლოროსა.

აბობოქრებული ბრბოს დასაშოშმინებლად პილატემ იესო გაშოლტა და რომაელ მხედარს გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ იგი. მათ წაიყვანეს მსჯავრდებული და თავს დაახვიეს მთელი რაზმი. გახადეს, შემოსეს ძოწეული მოსასხამი, დაწნეს ეკლის გვირგვინი და დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში მისცეს ლერწამი. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო", აფურთხებდნენ, ლერწამს თავში ურტყამდნენ. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, შემოსეს თავისივე სამოსელი და აჰკიდეს ჯვარი.

მესამეა ადგილი, სადაც ამდენი ტანჯვით დაუძლურებულმა მაცხოვარმა ვეღარ გაუძლო ჯვრის სიმძიმეს და დაეცა.

მეოთხე ადგილზე - ქვის კედელზე ხელის ანაბეჭდია, სადაც ჯვრის სიმძიმით დაღლილი უფალი მიეყრდნო კედელს.

მეხუთე - მაცხოვრის მეორედ დაეცემის ადგილია. მაშინ მხედრებმა დაიჭირეს პირველივე შემხვედრი იუდეველი, სიმონ კვირინელი, და აიძულეს, ჯვარი ეტარებინა.

მეექვსე გაჩერება ის ადგილია, სადაც კეთილმორწმუნე ვერონიკამ ტილოთი შეუმშრალა სისხლით დასვრილი სახე უფალს და ასე გაჩნდა უფლის მეორე ხელთუქმნელი ხატი.

ბოლო გაჩერება არის უფლის წამების ადგილი - გოლგოთა, გარდამოხსნის ქვა და უფლის საფლავი.

"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული, ღმერთკაცის სისხლით დალტობილი წმინდათაწმინდა ადგილი, დასასრული გზისა, რომელიც ჩვენთვის განკაცებულმა და ნებსით ვნებულმა უფალმა გაიარა მიწაზე", - ვკითხულობთ პეტერე კონჭოშვილის წიგნში.

გოლგოთის ძირას არის ქვა, რომელზედაც "შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი იგი გვამი შენი", ქრისტე, "არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა და ახალსა საფლავსა დადვა". აქ დაიტირა მწუხარებით გულგანგმირულმა ღვთისმშობელმა თავისი საყვარელი ძე.

გამოუთქმელია მორწმუნესათვის ის საღვთო წამი, როდესაც ქრისტიანი პირველად განიცდის ამ სულიერ ნუგეშსა და სიხარულს. ტკბილია და მადლმოსილი უფლის საფლავი, აქ განსაკუთრებით იგრძნობა სიახლოვე ზეცისა და ამაოება წუთისოფლისა.

KARIBCHEდეკანოზ პეტერე კონჭოშვილის გადმოცემით: "ადგილი ქრისტეს საფლავის ქვაბისა შეადგენს თითქმის ოთხ-კუთხიანს საჟენს (კვადრატს); მისი სიგრძე იმოდენია სივრცით, რამდენზედაც დაეტევა გაშლილი გვამი მიცვალებულისა; თავისუფალი ადგილი საფლავსა და ქვაბის კედელს შუა შეადგენს ერთსა და ნახევარსა ნაბიჯსა. კლდის სარეცელი, რომელზედაც განისვენებდა ყოვლად უხრწნელი გვამი იესო ქრისტესი, მდებარეობს მარჯვენა მხარეს შესავლიდან, იგი შემოსილია მარმარილოთი არა იმოდენ შვენებისათვის, რავდენათაც დასაფარავად თაყვანისმცემელთა კეთილმსახურის წადილისაგან, რომელნიც მოსტეხავდნენ საფლავისაგან ნაწილებსა სახსოვრად. გარშემო ქრისტეს საფლავის ქვაბისა ამოჭრით წარწერილია ტროპარი წმ. იოანნე დამასკელისა: "ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშვენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა ქრისტე, ღმერთი ჩვენი, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩვენისა აღდგომისა". მარმარილოს ფიცარი, რომელიც ჰფარავს წმიდა საფლავსა, გახერხილია შუაზედ ორად, თითის სიღრმეზედ; ორნაირად ჰხსნიან ამ გახერხილს: პირველად, რადგანაც სალადინ სულთანი მარმარილოს ეზიდებოდა აღდგომის ტაძრიდან მეჩეთისათვის, ამისათვის წმ. საფლავის მონაზონთა (ბერებმა) შიშის გამო, რომ სულთანმა არ წაართვას ეს წმ. საფლავის მარმარილოს ქვაც, გახერხეს იგი ნახევრად შუაზედ. მეორე მიზეზად ამბობენ, რომ ამ მარმარილოზედ იყო მიჭედილი ნაპირებზედ რკინის ლურსმებით, ტყვიით შედუღებული, ოქროს ფიცარი, რომელიც ჰფარავდა ქრისტეს საფლავსა ზევითის მხრიდამ.

როდესაც გარემოადგა იერუსალიმსა ჯარითა სალადინი, მონაზონთა, შიშის ზარისაგან შეპყრობილთა, რათამცა ეს ოქროს ფიცარი, საფარებელი წმ. საფლავისა, არ ჩავარდნოდა ხელში ქალაქის დამპყრობელსა, ისწრაფეს აგლეჯა მისი მარმარილოსაგან, მაგრამ რადგანაც ვერ შესძლეს აგლეჯა ტყვიით შედუღებულის ლურსმებისა, მაშინ გახერხეს მარმარილო და ამ სახით მოაშორეს მარმარილოს ოქროს ფიცარი, და ამასთანავე მოამტვრივეს მარმარილოს ქვის ოთხი კუთხეცა.

თაღიდამ ჩამოშვებულნი ლამპარნი ანათებენ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა; მათგან 13 ლამპარი ეკუთვნის მართლ-მადიდებელთა, მათ შორის ქართველ მეფეთაგანაც იქმნება შეწირული, 13 ეკუთვნის რომის კათოლიკეთა, 13 სომეხთა და 4-ც კოპტებსა. თვითონ წმ. საფლავზედ ანთია დღე და ღამე განუქრობლად დაუშრეტელნი ლამპარნი: სამი, ესე იგი თვითოეულის ეროვნობისაგან, ბერძენთა, სომეხთა და ლათინთა, როდესაც წმ. ბჭენი დახშულ არიან, და ექვსი, როდესაც წმ. ბჭენი გაიღებიან ღვთის-მსახურებისათვის. ტაძარში ორი ბერძენი მონაზონი, ლამპართა აღმნთებელნი წმ. საფლავზედ, დანიშნულ არიან სულთანის ბრძანებით და იგინი უვლიან მორიგობით "კუვუკლიას" ანუ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა.

ქრისტე მაცხოვრის საფლავის სამლოცველო განიყოფება ორ განყოფილებად: პირველი შესავალშივე იწოდება სამხრედ ანგელოზისა, რომელიც ახარებდა სახარულევანსა ქრისტეს აღდგომასა მენელსაცხებლეთა დედათა. სამხრე წმ. ანგელოზისა შეადგენს სწორე ოთხ-კუთხიანს ოთახსა, რომლის თანასწორნი მხარენი ხუთ ადლამდის არიან. საშუალ ამისა სდგას მაღალი მარმარილოს ვაზა; ამ ვაზაში შთადებულია ნაწილი იმ ლოდისა, რომლითაც დაფარულ იყო შესავალი უფლის საფლავისა, და რომელიც შემდეგ აღდგომისა გადმოგორებულ იყო ანგელოზისაგან კარისა მისგან საფლავისა. წირვის დროს ეს ვაზა იხმარება ტრაპეზად, ხოლო შიგნით განყოფილებაში წმ. საფლავის საფარებელი მარმარილოს ქვა იხმარება სამკვეთლოდ. ვაზას თავზედ არიან დაკიდებულნი დაუშრეტელნი ლამპარნი, რიცხვით ათხუთმეტნი, რომელთაგანაც 5 ეკუთვნის ბერძენთა, 5 - ლათინთა, 4 - სომეხთა და 1 - კოპტებსა".

ზეთისხილის ანუ ელეონის და სიონის მთები
ზეთისხილის ანუ ელეონის მთა ძველი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან კედრონის ხეობით არის გამოყოფილი. სახელწოდება მთამ მიიღო ფერდობზე გაშენებული ზეთისხილის ბაღებისაგან. მთიდან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება. აქ ასწავლა უფალმა მოწაფეებს ლოცვა - "მამაო ჩვენო" და აქედან ამაღლდა ზეცად. 80 ტაძარი ააშენეს წმინდა ელენემ და კონსტანტინემ წმინდა მიწაზე. ერთ-ერთი მათგანია ამაღლების ტაძარი, რომელსაც დღეს მუსლიმანები განაგებენ. ტაძარი თავიდან უგუმბათო იყო, რათა მლოცველებს შესძლებოდათ ხილვა ცისა, სადაც დიდებით ამაღლდა მაცხოვარი. ამჟამად ტაძარი გადახურულია მუსლიმანურ ყაიდაზე. ტაძარში შემორჩენილია ქვა, რომელზედაც უფლის ტერფია აღბეჭდილი.

KARIBCHEზეთისხილის მთის ძირას, გეთსიმანიაში, არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავი. ამავე ტაძარში დაკრძალული არიან ღვთისმშობლის მშობლები - მართალი იოაკიმე და ანა და მისი დამწინდველი - მართალი იოსები. ძველი იერუსალიმის სამხრეთით აღმართულია კიდევ ერთი წმინდა მათა - სიონი. დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი გადმოგვცემს: "შვიდს ივნისს მოვიხილე სიონის ქორი (სამლოცველო სახლი მაღლა სართულში); ახლა აქ დგას ოსმალთა მეჩეთი და პირველ დროს კი ყოფილა პირველ ქრისტეანთა ეკლესია სიონისა. აქედან არის კეთილ-მოწიწების მიბაძვით აღებული სახელწოდება სიონისა, რომლის სახელზედაც საქართველოში რამდენიმე შესანიშნავი ტაძარია აღშენებული. სიონის ქორში არიან საფლავნი დავითის, სოლომონის და სხვათა მეფეთა ისრაელის ერისათა. აქ იყო დიდი, დაგებული, გამზადებული ქორი, რომელშიაც შესრულებულ იქმნა საიდუმლო სერობა; აქ მაცხოვარმან დაჰბანნა ფერხნი მოწაფეთა თვისთა და წინასწარ ეტყოდა მათ ნებსით ვნებათა თვისთა, და დაამტკიცებდა სარწმუნოებასა და სიყვარულში, აქედან გამოვიდა იგი მოწაფეებითურთ გეთსამანიის მტილსა. აქ იყვნენ შეკრებულ მოციქულნი შიშისათვის ურიათასა დახშულის კარებით, და უფალი გამოეცხადა მათ შემდეგ აღდგომისა თვისისა, ანუგეშებდა მათ და გარდასცა მადლი სულისა წმიდისა; აქვე მეორეგზის გამოეცხადა იგი, რაითამცა დაერწმუნებინა მოციქული თომა თვისსა აღდგომაზედ; აქვე გავარდნილის იუდა გამცემელის მაგიერ იყო წილით აღრჩეულ მოციქულად მატათა; აქ დღესა მეერგასესა (50) გარდამოვიდა სული წმინდა მოციქულთა ზედა, სახითა ცეცხლის ენათა. სიონის ქორში იყარეს წილი ათორმეტთა მოციქულთა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმან, ვის რომელს მხარეს შეჰხვდებოდა ქადაგება სახარებისა. და ამ წილის ყრით დედასა ღმრთისასა ერგო წილად ივერია - საქართველო. ამავე სიონის ქორში წმინდა იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, წოდებული მცირედ, იყო დადგენილ პირველ ეპისკოპოსად იერუსალიმისა. აქ შესდგა პირველი მოციქულთა კრება ქალაქ იერუსალიმსა; აქ შეასრულა წმინდა იოანე მახარებელმა პირველი წირვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისათვის, აქა სცხოვრობდა 24 წლის განმავლობაში ყოვლადწმინდა დედა ღმრთისა საფარველსა ქვეშე თავისი ძისა პირველის ეკლესიისასა და აქავე დაასრულა თვისი ქვეყნიური ცხოვრება".

- ძალიან რთულია, გაიარო ის გზა, რაც უფალმა გაიარა. ვერანაირად ვერ განიცდი იმ ტანჯვას, რაც უფალმა განიცადა და დაითმინა, - მიამბობს ნონა, - საოცარი განცდაა ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის სიხარული. ცეცხლის გარდამოსვლას ადამიანი ვერ ხედავს, როგორადაც არ უნდა ცდილობდე დაინახო იგი, მხოლოდ ვიდეოკამერებითა და ფოტოაპარატებითაა შესაძლებელი დაიჭირო მომენტი გარდამოსვლის დროს. ჩვენი მთავარი მიზანი კიდევ არის ის, რომ ჩვენმა ხალხმა განიცადოს აღდგომის დღესასწაულის სიხარული უფლის საფლავთან. აღდგომის მსახურება სრულდება ბერძნულ ენაზე გალობით. იქ მყოფ სხვადასხვა ეროვნების სასულიერო პირებს შეუძლიათ წარმოთქვან ასამაღლებლები თავიანთ ენაზე. სადღესასწაულო მსახურება ღამის სამ-ოთხ საათზე მთავრდება.

ბეთლემი
პირველ ქრისტიანებს ამ წმიდათაწმინდა ადგილზე მცირე ეკლესია ჰქონდათ. რომის იმპერატორმა ადრიანემ აქ ბომონი ააგო. ელენე დედოფალმა კი დაამხო კერპები და ქრისტეს შობის ადგილზე ეკლესია აღაშენა, რომელიც მეექვსე საუკუნეში განაახლა და გააფართოვა მეფე იუსტინიანემ. 614 წელს პალესტინაში შემოჭრილმა სპარსმა დამპყრობლებმა თითქმის ყველა ქრისტიანული ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ბეთლემს მიწევნული სპარსთა ლაშქრის თვალწინ გრანდიოზული ეკლესია აღიმართა, რომლის ფასადზე, შობის ამსახველ მოზაიკაზე მათ აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი სამი მოგვი იხილეს. ტაძარი დანგრევას გადაურჩა.

ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისაა. მას ძალზე ვიწრო კარები აქვს. დარბაზის ორივე მხარეს აღმართულია 56 მარმარილოს სვეტი. ჭერი ლიბანის მთებიდან ჩამოტანილი კედრისა და კვიპაროსის ვეებერთელა კოჭებით არის გამაგრებული. ტაძრის მთავარი საკურთხევლის ქვეშ არის მღვიმე, სადაც უფალი იშვა. შობის ადგილი დაფარულია მარმარილოს ფილით, რომელშიც ჩასმულია კანდელის შუქით განათებული ვერცხლის ვარსკვლავი წარწერით: "აქ იშვა ქრისტე ქალწული მარიამისგან". მარჯვნივ არის იორდანე, ბაგა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახვევებში შეხვეული ჩვილი მიაწვინა; ამ ბაგაში მწოლიარე უფალს თავყვანისცეს მწყემსებმა, რომლებსაც ანგელოზმა ახარა შობა მხსნელისა. აქვე, ტაძრის ეზოში, საძვალეა, სადაც დასვენებულია ჰეროდეს მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში მოწყვეტილ ყრმათა წმინდა ძვლები. შორიახლოს კი არის ადგილი, სადაც ერთ ებრაელს ყანა ჰქონდა და შიგ მუხუდო ეთესა. მასთან მისულა მარიამი, დედა უფლისა, და მცირეოდენი მარცვალი უთხოვია. არ მიუცია. მუხუდო კენჭებად ქცეულა. ამ ადგილზე ახლაც მიმოფანტულია მუხუდოს მსგავსი ქვები.

მწყემსთა მინდორი
ეს ის ადგილია, სადაც იესო ქრისტეს შობის ღამეს ღარიბი მწყემსები ღირს-იქმნენ, მოესმინათ მთავარანგელოზის ხარება. ამ ადგილზე ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კრებისადმი მიძღვნილი მიწისქვეშა ეკლესიაა, რომელიც წმინდა ელენე დედოფლის მიერ არის აგებული. ტაძარში არის სამი საფლავი. მწყემსების უკანასკნელი სურვილი და ანდერძი იყო, დაესაფლავებინათ იმავე ადგილას, სადაც მოისმინეს ანგელოზის ხარება.

ქებრონი - მამრეს მუხა
პალესტინის უძველესი ქალაქის, ქებრონის მიდამოებში დასახლდა ღვთის ბრძანებით ქალაქ ურიდან გამოსული აბრაამი და აქვე, მამრეს მუხის ქვეშ, ეწვია მას წმინდა სამება სამი მგზავრის სახით. მამრეს მუხის ერთი პატარა ნაწილი ჯერ კიდევ ხარობს და როგორც ერთ-ერთი გადმოცემა გვაუწყებს, ეს ტოტიც მაშინ გახმება, როცა ქვეყნად ანტიქრისტე გაბატონდება, როცა სრულიად განქარდება სიყვარული.

ქებრონში დაკრძალული არიან წმინდა და მართალი დედანი: სარა, რებეკა და ლეა. ნეტარ ელენეს მათ საფლავებზე აღუშენებია ეკლესია, რომელიც მოგვიანებით არაბებს მეჩეთად გადაუქცევიათ.

"ეს ის ადგილია, რომელზედაც თვალნათლად გამოცხადდა ღმერთის რისხვა და წყევა".

***
ბეთანიაში, მარიამის და მართას სახლში უყვარდა მოსვენება მაცხოვარს. ამ ადგილას დღეს დედათა სავანეა აღმართული. ტაძარში დაცულია ლოდი, რომელზეც ჩამოჯდებოდა ხოლმე უფალი. ბეთანიაში მაცხოვარმა მკვდრეთით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, მარიამის და მართას ძმა.

იერიქონის მიდამოებში მდებარეობს მთა, რომელზეც მაცხოვარმა ლოცვითა და მარხვით ორმოცი დღე-ღამე გაატარა. მას უწოდებენ "ორმოცდღიან მთას" ან კიდევ "განცდის მთას", რადგან აქ განცდიდა უფალს ეშმაკი. მთაზე მართლმადიდებლური მონასტერია.

ახლოსაა მკვდარი ზღვა, რომლის წყალიც ძლიერ მლაშე და მწარეა. მასში არ ბინადრობს თევზი ან სხვა ცოცხალი არსება, და თუ იორდანედან თევზი შევიდა, უმალ იღუპება და ტალღები ნაპირზე გამორიყავს ხოლმე. "არასასიამოვნო აზრები ამეშალა ზღვის ხილვაზედ, - წერს დეკანოზი პეტრე, - ეს ის ადგილია, რომელზედაც გამოცხადდა ღმერთის რისხვა და წყევა მეძავობით უკიდურესად გარყვნილ ცხოვრებისათვის ძველთა აქაურთა მცხოვრებთა. წარმომიდგა თვალსაჩინოდ დაბადების ის მოთხრობა, როდესაც ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორი, ადამუ და სებოიმ ზეცით მოვლენილმა ცეცხლმა შთანთქა; მხოლოდ განერა ამ საშინელს უბედურებას მართალი ლოტი თავის სახლობით, მაგრამ ცოლიცა მისი ურჩებისათვის გაქვავებულ იქმნა, რადგანაც, წინააღმდეგ ანგელოსთა ბრძანებისა, მიიხილა მან უკუღმართ, როდესაც მოესმა ხმა ზეცით გადმოსულ ჭექა-ქუხილისა. და იმ ადგილზედ, სადაც იყო ოთხი აღყვავებული ქალაქი, შემდეგ მათის შთანთქმისა, გაჩნდა ეს ჭეშმარიტად კუპრიანი ზღვა".

KARIBCHEმდინარე იორდანე
მკვდარი ზღვა ხმელეთის უდაბლეს ადგილას - ზღვის დონიდან ოთხასი მეტრით დაბლა მდებარეობს და იგი ერთგვარი სიმბოლოა ადამიანთა სულიერი სიკვდილისა. მის მახლობლად, მდინარე იორდანეში, ნათელ-იღო მაცხოვარმა.

მდინარე იორდანე ერმონის მთისწინეთიდან დაახლოებით ათასი მეტრის სიმაღლიდან ჩამოედინება და ხეობით მკვდარი ზღვისკენ მიედინება. მდინარე თითქმის კილომეტრნახევრის მანძილზე ეშვება, რის გამოც მიიღო სახელწოდება "იორდანე" - ვარდნილი, დაშვებული, ჩამოსული.

უფლის ნათლისღების ადგილზე მლოცველებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ უშვებენ - 18 იანვარს, რადგან ეს ადგილი სასაზღვრო ზონაა. აქ იკრიბება უამრავი მართლმადიდებელი. ამ დღეს მორწმუნენი დიდი სასწაულის მომსწრენი ხდებიან - იორდანე იწყებს აღმა სვლას. ბუნების კანონები იცვლება, რათა ადამიანებმა გულისხმაყონ ძალი ღვთისა და თაყვანისცენ მას, რაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.

იუდეის უდაბნოს მონასტრები
აქ იოანე ნათლისმცემელი მოღვაწეობდა. თანდათანობით აღმოცენდა სავანეები. ერთ-ერთი მათგანია ვადი კელტის ხეობაში კლდეზე აღმართული წმინდა გიორგის მონასტერი. აქ, მღვიმეში, ცხოვრობდა დედოფალ იეზაბელის მიერ დევნილი წინასწარმეტყველი ილია, რომელსაც სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ყორანი უზიდავდა საკვებს. ეს ადგილები ეკუთვნოდა წმინდა იოაკიმეს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მამას. აქ ძოვდა მისი ფარა.

გადმოცემით, ილია წინასწარმეტყველის მღვიმეში ევედრებოდა ღმერთს მისთვის შვილის მონიჭებას. აქ მისი ლოცვა შესმენილ იქნა და ღვთისგან ეუწყა, რომ მას და მის მეუღლეს, წმინდა ანას, ეყოლებოდათ ასული.

იუდეის უდაბნოში გამორჩეული მონასტერია წმინდა საბას ლავრა, რომელიც ღირსმა საბამ 502 წელს დააფუძნა. ეკლესია იყო დიდ მღვიმეში. მცირე ხნის შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანემ, იხილა რა წმინდა საბას სათნოებანი, მონასტერი გალავნებითა და ციხეებით გარშემოზღუდა. ღირსი მამის ლოცვით მრავალი სასწაული აღსრულდა. ლავრის შუაგულში წყარომ ამოხეთქა, გვალვის დროს უხვი წვიმა მოვიდა, იკურნებოდნენ სნეულნი და ეშმაკეულნი. წმინდა საბას ლავრა ხუთი ათასზე მეტ მონაზონს იტევდა იმათ გარდა, ვინც გარშემო მღვიმეებში მოღვაწეობდა. დამფუძნებლის ანდერძით, ლავრაში შესვლა ქალებს აეკრძალათ და ამ წესს დღემდე იცავენ.

- საბა განწმენდილის მონასტერი ერთ დროს ქართველების იყო. საოცარია - იქ მოღვაწე მამებს დღემდე ძალიან უყვართ ქართველები. საბა განწმენდილის ლავრაში წმინდანის უხრწნელ სხეულთან მხოლოდ მამაკაცებს უშვებენ. ეს სიწმინდეები ბერებს მომლოცველი მანდილოსნებისთვის გარეთ გამოაქვთ და ამთხვევინებენ. წმინდა საბა განწმენდილის კანდელის ზეთს და მირონს სჩუქნიან. იქ არის კიდევ საბა განწმენდილის მიერ დარგული პალმა, რომელიც VII საუკუნიდან ხარობს. საბა განწმენდილის პალმის რტოს საოცარი ძალა აქვს. უშვილო ცოლ-ქმარი 40 დღეEთუ იმარხულებს და მერე პალმის ჩაის დალევს, შვილი ეძლევა. იქაურ მამებს აქვს პალმის რტოთი შეძენილი უამრავი ბავშვის სურათი. იქ მოღვაწე მამები ძირითადად ბერძნები არიან. ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ამას გამოხატავენ კიდეც, - ამბობს ნონა ცომაია.

KARIBCHEნაზარეთი
ქალწული მარიამი დაიბადა ქალაქ ნაზარეთში. ნაზარეთი ნიშნავს "რჩეულს", "განცალკევებულს". ამ ქალაქში მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულ მარიამს ახარა სიხარული გამოუთქმელი: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. აჰა, ესერა შენ მუცლადიღო და ჰშევ ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდის" (ლუკ. 1,28-32).

თაბორი
მაცხოვარმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, სადაც თავის ჯვარცმამდე ორმოცი დღით ადრე აიყვანა ყველაზე ერთგული მოწაფენი - პეტრე, იაკობ და იოანე. ეჩვენნენ მათ მოსე და ილია და ესაუბრებოდნენ იესოს.

თაბორის მთა აღმართულია გალილეის ცენტრში. მართლმადიდებლური ტაძარი თაბორის მთაზე 1911 წელს აიგო ელენე დედოფლის მიერ აშენებული და შემდგომ უსჯულოთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილზე. მისი საკურთხეველი მდებარეობს იქ, სადაც მოხდა უფლის ფერისცვალება. ყოველი წლის 19 აგვისტოს ამ ტაძარს მადლმოსილი ღრუბელი ადგება, რაც მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და ძველი სტილის სისწორეს მოწმობს.

სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა, ის ადგილი კათოლიკეების ხელშია. მაგრამ იმ ტაძრიდან წამოღებული ქვის ნაწილებით ცოტა ქვევით აშენებულია მცირე ზომის ტაძარი, სადაც რუმინელი დედები მსახურობენ. იერუსალიმში ადამიანი იმისთვის მიდის, რომ სულიერად გაძლიერდეს. სახარება იქ ყველგან ცოცხლდება.
ბეჭდვა
1კ1