განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ!
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ!
"წმინდა ქალაქი", "ღმერთის ქალაქი", "სამართლიანობის ქალაქი" და "სამყაროს ცენტრი"?
ადამში შემცოდე კაცობრიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მიწიერად ისრაელის ტერიტორიაზე აღესრულა. ეს ის მიწაა, სადაც ძველი აღთქმის პერიოდში ღვთის რჩეული ერი - ისრაელი ცხოვრობდა, ამ მიწიდან ელოდნენ ღვთის რჩეული ერის შვილები აღთქმული მესიის, მხსნელის მოსვლას, შემდგომში აქვე მოევლინა ცოდვის წყვდიადში დანთქმულ კაცობრიობას მაცხოვარი, განკაცებული უფალი, ამავე ტერიტორიაზე გაატარა მიწიერი ცხოვრების წლები, სასწაულებს აღასრულებდა და ქადაგებდა. ბოლოს, ისრაელშივე - იერუსალიმში გაიღო კაცთათვის სახილველად გამომხსნელი მსხვერპლი - ჯვარს ეცვა ადამიანთა ხსნისთვის. მაცხოვარმა მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლებაც იერუსალიმიდან ინება... არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- უპირველესად, წმინდა მიწასთან დაკავშირებით ვისაუბროთ... საინტერესოა ისიც, რატომ ინება მაცხოვარმა სწორედ ისრაელის ტერიტორიაზე მოვლინებოდა დედამიწას, აქვე გაეტარებინა მიწიერი ცხოვრების წლები, ისრაელშივე მომხდარიყო მიწიერად მისი ბრწყინვალე აღდგომა და ზეცად ამაღლებაც და არა მსოფლიოს რომელიმე სხვა ადგილას?

- როგორც ვიცით, წმინდა მიწად იწოდება ისრაელის ტერიტორია. წმინდა ადგილების უმეტესობა და მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული თითქმის ყველა სიწმინდე ისრაელშია (ბეთლემი - მაცხოვრის შობის ადგილი პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე მდებარეობს). შეიძლება ითქვას, რომ განკაცებული უფალი დღევანდელი ისრაელის გარეთ არ გასულა. ამ ტერიტორიას ასევე ეწოდება აღთქმული ქვეყანა, რადგან აქ ცხოვრობდა ისრაელის ერი.

წმინდა მამათა გადმოცემით, სწორედ წმინდა მიწად წოდებული ტერიტორია თანამედროვე ისრაელიდან შუამდინარეთამდე მოიცავდა სამოთხეს ანუ ედემის ბაღს, სადაც მკვიდრობდნენ ადამი და ევა, ე.ი. ეს მიწა იმ დრომდეც განსხვავდებოდა დედამიწის სხვა ადგილთაგან, ვიდრე ადამი შესცოდავდა და სამყარო ხრწნადობას დაიწყებდა. ძველი აღთქმის პერიოდში უფალმა ებრაელთა პირველ მამამთავარს - აბრაამს, ეს მიწა აღუთქვა. ღვთის აღთქმის თანახმად, ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ისრაელიანებმა აღთქმული მიწა, აღთქმული ქვეყანა დაიმკვიდრეს. ეს მიწა ისრაელიანებისთვისაც წმინდა მიწად მიიჩნეოდა, რადგან აქ მკვიდრობდა მამამთავარი აბრაამი, აქ გამოეცხადა მას წმინდა სამება სამი მგზავრის სახით, აქვე აღესრულა ისააკის მსხვერპლად შეწირვა. ამასთან, ძველი აღთქმის ერთადერთი ღვთისმსახურება - ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვაც ამ მიწაზე აღესრულებოდა.

რაც მთავარია, მაცხოვარიც ამ ტერიტორიაზე მოევლინა კაცობრიობას, გაატარა მიწიერი ცხოვრების წლები და გაიღო გამომხსნელი მსხვერპლი. უფალი დიდი ხნიდან საგანგებოდ ამზადებდა ადგილს, სადაც უნდა მოსულიყო, ჯერ თავისი ერი, ღვთისმსახურებითა და ღვთისმადიდებლობით გამორჩეული ერი დაემკვიდრებინა, რათა შემდგომში, როდესაც კაცობრიობის გამოხსნის დრო დადგებოდა, თავადაც იქ განკაცებულიყო, თავის ერში მოსულიყო, ე.ი. წინდაწინ განიმზადა ადგილი დედამიწაზე მოსასვლელად... აქ იყო მიწიერი სამოთხე - ედემის ბაღი, სადაც ადამი ცოდვით დაეცა. სავარაუდოდ, გოლგოთის - მაცხოვრის ჯვარცმის ადგილი იყო სამოთხის შუაგული, სადაც იდგა ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა და ხე სიცოცხლისა. უფალმაც იქ ინება კაცობრიობის გამოხსნა, სადაც ადამიანის დაცემა მოხდა: იქ დაამარცხა და სძლია ეშმაკს, სადაც ეშმაკმა სძლია ადამიანს; ასეთი გადმოცემაც არსებობს, რომ სწორედ გოლგოთად წოდებულ ადგილას, რაც თხემს, ადამიანის თავის ქალას ნიშნავს, იყო დაფლული ადამის თავის ქალა: წარღვნის დროს ნოეს თან ჰქონდა ადამის ნეშტი და ღვთის განგებულებით, წარღვნის შემდგომ სწორედ იმ ადგილას დაფლა, სადაც ადამის დაცემა მოხდა და შემდგომში ჯვარცმა უნდა აღსრულებულიყო. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია, ეს ადგილები არის დედამიწის სულიერი ცენტრი. მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნის შემდგომ, რაც რჩეული ერის უდიდესმა ნაწილმა არ მიიღო განკაცებული მაცხოვარი და ჯვარს აცვეს იგი, იუდეველები, ებრაელები ისრაელის ტერიტორიას იხსენიებენ უფრო აღთქმულ ქვეყნად, ქრისტიანები კი - წმინდა მიწად, თუმცა თავისთავად მათთვისაც წმინდაა ეს ადგილები, რადგან ძველ აღთქმაზეა აგებული ახალი აღთქმა. ძველი აღთქმა იყო მაცხოვრის მოსვლის გამამზადებელი. იუდეველებმა მხსნელი არ მიიღეს, შეწყვიტეს სულიერი განვითარება და დარჩნენ ძველ აღთქმაში, თორემ ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ერთიანი სულიერი სწავლებაა და ყველა ბიბლიურ-ძველ და ახალაღთქმისეულ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებული ადგილები უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს ღვთის ჭეშმარიტად მადიდებელი ადამიანებისთვის.

ბოლო პერიოდში წმინდა მიწის ცნება უფრო დავიწროვდა - წმინდა მიწად მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისას აღსრულებულ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებულ ადგილებს, განსაკუთრებით იერუსალიმს მოიაზრებენ, თუმცა წმინდა მიწა მთელი ისრაელის ტერიტორიაა.

ყველა მონოთელიტური რელიგიის მიმდევართათვის, რომლებიც ერთ ღმერთს აღიარებენ - იუდეველებისთვისაც, ქრისტიანებისთვისაც და მუსლიმანებისთვისაც ისრაელი წმინდა მიწაა, მაგრამ ყველაზე მეტად მის სიწმინდეს იმეცნებენ და განიცდიან ქრისტეს მიმდევრები - ქრისტიანები, რადგან აქ იშვა ქრისტე, მაცხოვარი, რომელმაც გამოიხსნა ადამიანები ჯოჯოხეთის ტყვეობიდან. ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, რომელიც მართლად, სწორად ადიდებს ღმერთს, ქრისტიანობაა. იუდეველები და მუსლიმანებიც თვლიან, რომ ისრაელის მიწა წმინდა ადგილია, მაგრამ ეს კონკრეტულად მათთვისაა წმინდა ადგილი, სინამდვილეში მათ ეს სიწმინდე ვერაფერში ეწევათ. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ჭეშმარიტად წმინდა ადგილია, რადგან ჩვენთვის ჩვენი - კაცობრიობის, ადამიანის ხსნა აქ გამოჩნდა. მაცხოვარმა თავისი ჯვარცმით თითოეული ადამიანი გამოიხსნა - ადამიდან დაწყებული მეორედ მოსვლის ჟამამდე, მაგრამ ხსნას იღებს ის, ვინც მხსნელს მიიღებს და მის მიერ მოცემულ მცნებებს აღასრულებს, ამის გამო გამოხსნის და განკაცებული უფლის დედამიწაზე ყოფნის ჟამს ფეხდადგმული მიწა უწმინდესი ადგილია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ მთავარია, ეს ადგილები - ეს მიწა მივიღოთ სწორედ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც რეალურად აქვს. ისინი, ვინც მხოლოდ თავიანთ თავს უკავშირებს ამ ადგილებს, ვთქვათ, იუდეველები და მუსლიმანები, ვერავითარ ხსნას, მაცხოვნებელ შედეგს ვერ მიაღწევენ, საღვთო მადლს ვერ მოიპოვებენ ისრაელის მიწის წმინდა მიწად, წმინდა ადგილად აღიარებით, რადგან მხსნელს არ აღიარებენ.

- წმინდა მიწაზე რაიმე განსაკუთრებული მაცხოვნებელი მადლი ხომ არ მოქმედებს?

- თავად მაცხოვრის ქადაგებების მოსმენაც კი ვერ გახდა საკმარისი იმ ადამიანთა უმეტესობისთვის, რომლებიც განკაცებული უფლის დედამიწაზე ყოფნის ჟამს ცხოვრობდნენ და მის ქადაგებებს ისმენდნენ, იმისათვის, რომ ცხონებისთვის მიეღწიათ. იერუსალიმის თუ სხვა წმინდა ადგილების მოლოცვა, თუნდაც წმინდა მიწაზე ცხოვრებაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი განიწმინდება და ცხონდება. სასუფევლისკენ მიმავალი გზა ადამიანის გულზე გადის და არა იერუსალიმსა თუ რომელიმე სხვა ადგილზე. თუნდაც - მიწიერად უპირატესი იყოს იგი. ადგილი კი არ განწმენდს ადამიანს, არამედ ცოდვათა გამო სინანული, მაგრამ წმინდა ადგილების მოლოცვისას, იხსენებს რა იმ მოვლენებს, რომლებიც იქ აღესრულა, ადამიანის გონება მთლიანად უფალზე ფიქრითაა გარემოცული, კონცენტრირებულია უფლისკენ და მეტი გულისყურით ლოცულობს. ასეთი ლოცვა ღვთისგანაც უფრო მეტადაა შესმენილი. ამდენად, წმინდა მიწაზე ჩასვლა და წმინდა ადგილების მოლოცვა კი არ გვაცხოვნებს, არამედ მორწმუნე ადამიანისთვის უფალთან სიახლოვეს ამძაფრებს. ამის სანაცვლოდ ადამიანს ღვთის წყალობა და მადლიც უფრო ადვილად ეძლევა.

მშვიდობის ქალაქი
- როდის დაარსდა იერუსალიმი და რატომ მოიხსენიება იერუსალიმი სხვადასხვა ეპითეტით - "წმინდა ქალაქი", "ღმერთის ქალაქი", "სამართლიანობის ქალაქი" და "სამყაროს ცენტრი"?

- ზუსტად როდის და ვის მიერ დაარსდა ქალაქი იერუსალიმი, რომელსაც თავდაპირველად სალიმი ეწოდებოდა, ამის შესახებ საეკლესიო ცნობები არ არსებობს. ბიბლიიდან ჩანს, რომ სალიმის - ანუ "მშვიდობის ქალაქის" პირველი მეფე არის მელქისედეკი. პავლე მოციქულის განმარტებით, "სალიმი" ნიშნავს მშვიდობას, მელქისედეკი, ღმერთის დიდ მღვდელმთავრად წოდებული, კი - "სიმართლის მეფეს". წმინდა წერილი და საეკლესიო გადმოცემა არც მელქისედეკის წინაპრებისა და შთამომავლების შესახებ გვაწვდის ცნობას - მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. წმინდა მამათა სწავლებით, მელქისედეკი მოასწავებს ქრისტეს, ის მაცხოვრის წინასახეა. როგორც მოგახსენეთ, სიტყვა "მელქისედეკი" ნიშნავს "მეფეს სიმართლისას". ის, რომ ბიბლიაში არ არიან მოხსენიებულნი მელქისედეკის მშობლები, მისი შობისა და გარდაცვალების დრო, პავლე მოციქულის განმარტებით, სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მელქისედეკის სახით წარმოჩენილია მაცხოვარი, რომელიც ღვთაებრივი ბუნებით არც ერთ ერს არ ეკუთვნის...

იერუსალიმი დაარსდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც წარღვნის შემდეგ დაკრძალულ იქნა ადამის თავის ქალა და ნეშტი, რომელიც ნოემ წარღვნის დაწყებამდე კიდობანში შეიტანა, როგორც დიდი სიწმინდე. შემდგომში პალესტინა ქანანელმა ტომებმა დაიკავეს და ერთიანად ააოხრეს ის ადგილი, სადაც ადამის თავის ქალა იყო დაფლული, თუმცა ხალხის მეხსიერებას მაინც შემორჩა ამ ადგილის ხსოვნა და მას "გოლგოთა" ანუ ადამიანის თავი (თხემი) უწოდა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო გამოხსნა.

უძველესი დროიდან იერუსალიმს იებუსელები, ქამის ძის - ქანაანის შთამომავლები ფლობდნენ: ბიბლიიდან ვიცით, როდესაც ისრაელის ერი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დაბრუნდა აღთქმულ ქვეყანაში, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ისრაელია, იერუსალიმში იებუსელები ცხოვრობდნენ და ქალაქს იებუსად იხსენიებდნენ. შემდგომში უკვე, როდესაც ისრაელიანთა მეფემ, დავითმა აიღო ეს ქალაქი და იქიდან იებუსელები განდევნა, მას კვლავ იერუსალიმი ეწოდა.

იერუსალიმის აღებამდე დავით მეფემ მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სიონის მთაზე არსებული ქალაქი აიღო, იქ ააგო კოშკი და თვითონაც იქვე დასახლდა (ამ დრომდე დავით მეფე 7 წელი ბეთლემის მახლობლად, ჰებრონში მეფობდა). მაშინ სიონი ძალიან პატარა ქალაქი იყო. დავითის დროს თანდათან გაფართოვდა. ამის გამო ეწოდა სიონს "დავითის ქალაქი" (როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სიონი არის კაცობრიობის დედა, როგორც ფსალმუნში წერია - "დედად სიონსა რქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა" - ანუ სწორედ სიონის მიწისგან შეიქმნა ადამიანი). იერუსალიმის აღების შემდეგ დავით მეფემ სადღესასწაულოდ გადააბრძანა სიონის მთიდან იერუსალიმში მოძრავი ტაძარი და მასში გადაიტანა აღთქმის - სჯულის კიდობანიც, რადგან კეთილმსახურ მეფეს სურდა, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქად ქცეულიყო. დავითმა იერუსალიმი ისრაელის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადა, თუმცა თვითონ სიცოცხლის ბოლომდე მისი გალავნის გარეთ, სიონის მთაზე ცხოვრობდა.

დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მემკვიდრე, სოლომონი ავიდა. გარდაცვალებამდე მას დავითმა უანდერძა ღვთის სჯულის აღსრულება - ტაძრის აშენება და გადასცა ტაძრის აგების გეგმაც, რომელიც ღვთის შთაგონებით შეადგინა. იერუსალიმში უძრავი ტაძრის აგება დავით მეფესაც სურდა, მაგრამ ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველის პირით ამცნო, რადგან მან ბევრი სისხლი დაღვარა ბრძოლებში, ტაძარს მისი მემკვიდრე, სოლომონი ააგებდა. დავითმა მადლობა შესწირა ღმერთს და თავისი ძისთვის ტაძრის ასაშენებელი მასალის შეგროვება დაიწყო. გამოთალა ქვები, გაამზადა ხის ბოძები... სოლომონმა 7 წელიწადში იერუსალიმის გალავნის ერთ-ერთ შესასვლელთან დიდებული ტაძარი ააგო, რომელიც იერუსალიმის, ასევე სოლომონის ტაძრის სახელწოდებით გახდა ცნობილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ დავითის მიერ აგებული მოძრავი ტაძრიდან იქ საზეიმოდ გადააბრძანეს აღთქმის კიდობანი. სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულმა სოლომონმა უფრო გაამშვენიერა თავისი სატახტო ქალაქი დიდებული სასახლეებითა და ბაღებით. სოლომონის ტაძარი ერთადერთი ტაძარი იყო მთელ მსოფლიოში, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს ეძღვნებოდა.

იერუსალიმი წმინდა ქალაქად ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში მიიჩნეოდა, რადგან ერთადერთი ტაძარი, სადაც მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, იერუსალიმში იდგა, ამიტომ ისრაელიანებისთვისაც იყო წმინდა ქალაქი. ქრისტიანებისთვის კი იმის გამო იქცა წმინდა ქალაქად, რომ სწორედ აქ აღესრულა უზენაესი მსხვერპლშეწირვა - აქ მოხდა მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით კაცობრიობის გამოხსნა. "ღმერთის ქალაქიც" იმის გამო ეწოდა, რის გამოც "წმინდა ქალაქი". "სამართლიანობის ქალაქად" კი იწოდება იმის გამო, რომ აქ აღდგა სამართლიანობა: ადამიანი, რომელიც ღმერთმა სამოთხისა და ზეცისთვის შექმნა, უფალმა თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით კვლავ ზეცას დაუბრუნა. "მშვიდობის ქალაქი" თავიდანვე ეწოდებოდა იერუსალიმს, ნიშნად იმისა, რომ სწორედ აქ უნდა დაბრუნებოდათ ადამიანებს მშვიდობა. მაცხოვრის ჯვარცმამდე მშვიდობა არ სუფევდა, რადგან ამ დრომდე დახშული იყო სასუფევლის კარი და ადამიანთა სულები ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მშვიდობა კაცთა სულებისთვის მას შემდეგ დამყარდა, რაც ადამიანებს სასუფეველი დაუბრუნდათ, მათთვის გაიღო სასუფევლის კარი. ადამის ცოდვით დაცემის სანაცვლოდ, ადამიანსა და ღმერთს შორის დაკარგული მშვიდობის აღდგენაც ხომ სწორედ იერუსალიმში, მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით მოხდა. "სამყაროს ცენტრი" შეიძლება ვუწოდოთ დავითის ფსალმუნის სიტყვებიდან გამომდინარე: "დედად სიონსა რქვას კაცმა, რამეთუ კაცი იშვა მას შინა". წმინდა მამათა გადმოცემით, აქ იყო ედემის ბაღიც. შემდგომში აქვე მოხდა გამომხსნელი მსხვერპლშეწირვაც და სულიერად სამყაროს ცენტრიც ამიტომაა. მაცხოვრის შობამდე და მაცხოვრის პერიოდშიც იერუსალიმი ეწოდებოდა გალავანში მოქცეულ ქალაქს, თორემ სიონი, ბეთანია და ზეთისხილის მთა ცალკე იყო. სიონის მთაზე აშენებულ ციხესიმაგრეს და იერუსალიმს, ამ ორ დასახლებას, ერთმანეთისგან ხევი ყოფდა, დავითის ქალაქიდან იერუსალიმის გალავნამდე დაახლოებით 2-3 კმ-ია. იმ დროისათვის ეს საკმაოდ დიდი მანძილი იყო იმისათვის, რომ ისინი ცალ-ცალკე ქალაქები ყოფილიყო. დღეს კი სიონიც, ბეთანიაც და ზეთისხილის მთაც იერუსალიმის ნაწილია. მასზე პრეტენზია აქვს არაბულ სამყაროს. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ახალი იერუსალიმი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, XX ს-ის 40-იან წლებში აშენდა.

ახალი იერუსალიმი
- რას ნიშნავს ახალი იერუსალიმის ცნება სულიერი გაგებით? რა იგულისხმება ახალ იერუსალიმში სულიერი თვალსაზრისით?

- ახალ იერუსალიმში იგულისხმება ზეციური იერუსალიმი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს მიწიერ - ძველ და ახალ იერუსალიმთან. ახალი იერუსალიმი არ იქნება მიწაზე. მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, ვიცით, რომ მოხდება მთელი სამყაროს საყოველთაო ცვლილება - სამყარო შეიცვლება ხრწნადობიდან უხრწნელობისკენ. მთლიანად განადგურდება ხილული სამყარო და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა - განსხეულებული მატერია, ისევე, როგორც მეორედ მოსვლის შემდეგ აღმდგარ ადამიანთა სხეულები. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანები მეორედ მოსვლის შემდეგ იმავე სხეულებით აღდგებიან, მაგრამ ის აღარ იქნება ხრწნადი, არამედ უხრწნელი, განსულიერებული მატერია - არ ექნებათ ვნება, აღარ განიცდიან შიმშილს, სიცივეს, დაბერებას... არავითარი მიწიერება აღარ შეეხებათ. ასეთივე სხვაობა იქნება ქვეყნიურ იერუსალიმსა და ზეციურ იერუსალიმს - ძველ და ახალ იერუსალიმს შორისაც. ახალი, ზეციური იერუსალიმი იქნება განღმრთობილი, სულიერი ქალაქი, სადაც საყოველთაო აღდგომის შემდეგ მართალი ადამიანები დაიმკვიდრებენ. წმინდა მამათა სწავლებით, მეორედ მოსვლის შემდეგ სამყარო საბოლოოდ გაიყოფა სამოთხედ და ჯოჯოხეთად. ზეციურ, ახალ იერუსალიმად იწოდება სწორედ სასუფეველი - ის ადგილი, სადაც საყოველთაო აღდგომის შემდეგ მართალნი დაიმკვიდრებენ.

აპოკალიფსში მოხსენიებულ ახალ იერუსალიმშიც სწორედ ზეციური იერუსალიმი, განღმრთობილი, გასულიერებული ქვეყანა იგულისხმება. ღვთისმშობლის საგალობლის სიტყვებიც: "განათდი, განათდი, ახალო იერუსალიმ..." ახალი, ზეციური იერუსალიმის განდიდებაა, რომელსაც მეორედ მოსვლის შემდეგ მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ხსნილი ადამიანები დაიმკვიდრებენ. ისინი, რომლებმაც თავადაც შეუწყვეს ხელი თავიანთ ხსნას. ეს საგალობელი სწორედ მაცხოვრის აღდგომის პერიოდში იგალობება, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რა მოგვიტანა მაცხოვარმა თავისი ჯვარცმითა და აღდგომით.

- რატომ ეწოდა მართალთა მომავალ სამუდამო სამყოფელს სწორედ ზეციური იერუსალიმი?

- იმის გამო, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტანისთვის იერუსალიმი წმინდა ადგილია და ყველა ქრისტიანისთვის ხსნა კაცობირობისა სწორედ იერუსალიმში გამოჩნდა. იერუსალიმში მოხდა მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა, იერუსალიმი არის ასევე დედა ყოველთა ეკლესიათა, რადგან პირველი ქრისტიანული ეკლესია იერუსალიმში შეიქმნა და აქედან მოხდა ქრისტიანობის გავრცელება დედამიწაზე.

- ე.ი. ადამიანის ხსნა ძველი მიწიერი იერუსალიმით დაიწყო და ახალი იერუსალიმით დასრულდება...

- ყველა ადამიანის სამშობლო არის ახალი, ზეციური იერუსალიმი. ეს ქვეყანა - წუთისოფელი ჩვენი სამწირო ადგილია, მდგმურები ვართ წუთისოფელში. მამები გვეუბნებიან, ვინც ამ ქვეყანას თავისად იმკვიდრებს, ვისაც ჰგონია, რომ ეს ქვეყანა მისია, ასეთი ადამიანი ღვთის მონა აღარ არის და ჯოჯოხეთის მკვიდრობისთვის ამზადებს თავს, მისი სამშობლო ზეციური იერუსალიმია, წუთისოფელი კი მისი სამწირო ადგილი, ასეთი ადამიანის ადგილი ზეციურ იერუსალიმში, თავის ნამდვილ სამშობლოში იქნება.

შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ
- ვიდრე მაცხოვარი დიდებით შევიდოდა იერუსალიმში, ზეთისხილის მთიდან გადმოხედა ქალაქს, თვალზე ცრემლი მოერია და წარმოთქვა: "უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა, რამეთუ მოვლენ დღენი შენ ზედა, და მოგადგენ შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარემოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოველთა კერძო და დაგარღვიონ შენ და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაჰშთეს ქვა ქვასა შენ შორის ამისათვის, რამეთუ არა გულისხმა-ჰყავ ჟამი მიხედვისა შენისაი". რას მიანიშნებდა ეს წინასწამეტყველება და რატომ მოერია ცრემლი მაცხოვარს იერუსალიმის ხილვისას?

- ეს წინასწარმეტყველება მაცხოვრის ჯვარცმიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგვე აღესრულა - პირველი საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც რომაელებმა დასაჯეს აჯანყებული ებრაელები, აიღეს იერუსალიმი და მიწასთან გაასწორეს. როგორც ისტორიკოსები წერენ, იმ დროს იერუსალიმში 2 მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა, მაგრამ მათ შორის არც ერთი ქრისტიანი ებრაელი (ქრისტეს სჯულზე მოქცეული) არ ყოფილა, რადგად მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ უფლისგან წინასწარ ეუწყათ. უფლის ბრძანებით, მან ქრისტიან ებრაელებთან ერთად დატოვა იერუსალიმი და რომაელებმა სწორედ ამის შემდეგ შემოარტყეს ქალაქს ალყა. მაშინ ფაქტობრივად მთელი იუდეა იერუსალიმში შეიკრიბა, რადგან იერუსალიმის კედლების სიმტკიცის იმედი ჰქონდათ, მაგრამ იმის გამო, რომ უფალს განუდგნენ, თავად განკაცებული ღმერთი აცვეს ჯვარს და თავისი პირით თქვეს: "სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა იყოსო", მართლაც, მათსა და მათ შვილებზე მოიწია. ისტორიკოსები წერენ, რომ იმ დროს იერუსალიმში ისეთი საშინელებები ხდებოდა, წარმართობის დროსაც რომ არ მომხდარა... ღვთის წინასწარმეტყველება აღსრულდა იერუსალიმზე, მაგრამ ადამიანები მაშინაც ვერ მიხვდნენ, თუ რატომ მოიწია მათზე ეს სასჯელი. ამბობდნენ, - ეს იმის გამო მოხდა, მართალი კაცი რომ მოვკალითო. იაკობ მოციქულს, უფლის ძმად წოდებულს, გულისხმობდნენ (იერუსალიმის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსს), მათი გონება იმდენად იყო დაბნელებული, არც კი გახსენებიათ, რამდენიმე წლის წინ მაცხოვარი რომ მოკლეს. რა თქმა უნდა, უფალმა წინდაწინ, არა მარტო ჯვარცმამდე, არამედ სამყაროს შექმნამდე უწყოდა ყველაფერი, იცოდა, რომ იერუსალიმი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. ამ ქალაქში ქვა ქვაზე აღარ დარჩებოდა, მაგრამ მაცხოვარს ქვებისა და შენობების გამო კი არ მოადგა თვალზე ცრემლი, არამედ იმ სულთა, იმ ადამიანთა გამო, რომლებიც, არა ღვთის ნებით, არამედ მათივე უგნურებით, იერუსალიმში უნდა დაღუპულიყვნენ. უფალმა უწყოდა, რომ ეს ადამიანები ჯერ დიდებით მიეგებებოდნენ იერუსალიმში, სულ მალე კი მის ჯვარცმას მოითხოვდნენ, რომ წლების შემდეგაც არ მოიქცეოდნენ ღვთისკენ. იუდეველებს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაინც რომ განათებოდათ გონება, მიმხვდარიყვნენ, რომ მხსნელი მოკლეს და ამის გამო სინანული დაუფლებოდათ, ღვთის სასჯელს აიცილებდნენ.

KARIBCHEმაცხოვრის ჯვარცმა
- განკაცებული ღმერთის ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო და სასტიკი ბოროტება, რაც კი ოდესმე კაცობრიობას ჩაუდენია. ეს სამარცხვინო ქმედება ადამიანებმა იუდეის მიწაზე ქმნეს. ამ დრომდე იუდეა ყოველთვის მშვენიერებითა და ნაყოფიერებით გამოირჩეოდა, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ კი გაუდაბურდა.

- ისრაელის ერი რჩეული იყო. მან ეს რჩეულობა ასე თუ ისე შეასრულა, ამოწურა, მაგრამ ვერ განვითარდა ამ რჩეულობაში, რადგან ჯვარს აცვეს უფალი, რომელსაც ათასწლეულები ელოდნენ, მაგრამ ვერ იცნეს...

რომის მიერ იერუსალიმის დანგრევამდე - I ს-ის 70-იან წლებამდე იერუსალიმში იყვნენ ქრისტიანი ებრაელები, მაგრამ ამის შემდეგ ქრისტიან ებრაელთა ცალკე ფრთა, ანუ მათი საპატრიარქო აღარ არსებობდა, თუ რომელიმე ებრაელი გაქრისტიანდებოდა, იყო მხოლოდ რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის რიგითი წევრი. ებრაელთა მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ ეს ქალაქი აღარ აღორძინებულა. იქ ებრაელებს აღარ უცხოვრიათ. შემდგოში თავად რომაელებმა აღადგინეს იერუსალიმი, მაგრამ სხვა სახელი უწოდეს. იგი ელინურ - ჩვეულებრივ რომაულ ქალაქად იქცა. კონსტანტინე დიდის ხანაში იერუსალიმმა აღიდგინა ძველი სახელწოდება, მაგრამ კვლავ ელინურ ქალაქად დარჩა. VII საუკუნეში იერუსალიმი არაბებმა დაიპყრეს და თავად ჯვაროსნების ბატონობის ხანაშიც კი ქალაქის მკვიდრთა უმეტესობა არაბები იყვნენ. ებრაულ ქალაქად კი იქცა მას შემდეგ, რაც XX ს-ის 60-იან წლებში ისრაელმა დაიპყრო იორდანიის სამეფო (იერუსალიმის აღმოსავლეთი მხარე იორდანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა).

მეორედ მოსვლისას უნდა აღდგეს სოლომონის ტაძარი
- მიუხედავად იერუსალიმის სხვადასხვა ჯურის დამპყრობელთაგან არაერთგზის დარბევისა, ცნობილია მაცხოვრის ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომის, ამაღლებისა თუ განკაცებული უფლის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ...

- წმინდა წერილთან ერთად, ეკლესია აღიარებს წმინდა საეკლესიო გადმოცემასაც, რომელიც თავისი მნიშვნელობით წმინდა წერილის ტოლფასია. არ ყოფილა პერიოდი, ისრაელში ქრისტიანებს არ ეცხოვროთ. სწორედ ქრისტიანებმა შემოგვინახეს გადმოცემები უფლის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ. მართალია, უფლის ჯვარცმიდან ის მალევე დაანგრიეს რომაელებმა და ამის შემდეგ რომაულ ქალაქად იქცა, მაგრამ რომაელთა შორისაც მაშინვე აღმოცენდა ქრისტიანობა, იქ ქრისტიანებიც ცხოვრობდნენ და იმ პერიოდშიც ყველამ იცოდა ის ადგილები, სადაც მაცხოვრის ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები აღესრულა, რაც შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. წმინდა ადგილთა უტყუარობას ადასტურებს ამ ადგილებზე ხილულად აღსრულებული სასწაულებიც, რომლებიც დღემდე აღესრულება.

როდესაც იერუსალიმი არაბებმა დაიპყრეს, ისინი სიწმინდეებს არ შეხებიან. იერუსალიმის მაშინდელმა პატრიარქმა საკმაოდ შორსმჭვრეტელური ნაბიჯი გადადგა: ხალიფა ომარს წაუყენა პირობა - იერუსალიმი იმ პირობით დანებდებოდა არაბებს, თუ ისინი სიწმინდეებსა და ადამიანებს არ შეეხებოდნენ. ომარი დასთანხმდა და დასტურად დაცვის სიგელი გადასცა, რომლის ძალითაც ქალაქის სიწმინდეები საუკუნეების მანძილზე ხელშეუხებელი იყო. შემდგომში, როდესაც ჯვაროსნებმა წმინდა მიწაზე არსებული წმინდა ადგილების გათავისუფლება მოინდომეს, არაბებსა და ჯვაროსნებს შორის დაპირისპირება ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა. ერთი პერიოდი ისრაელში ჯვაროსნული სახელმწიფოც კი არსებობდა, რომელიც შემდეგ დაეცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წმინდა მიწაზე მართლმადიდებლობა არასოდეს შეწყვეტილა, შესაბამისად, წმინდა ადგილებიც არასოდეს დაუვიწყებიათ.

როდესაც წმინდა მიწაზე არაბული სახელმწიფოები არსებობდა, იქ ებრაელებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ ამ მიწაზე ებრაელთა მასობრივი ჩასახლება დაიწყო. ამით მოხდა წმინდა მიწის გარკვეული დონით გათავისუფლება. დღეს რომ იქ კვლავ არაბული სახელმწიფოები იყოს ან თუნდაც რომელიმე ერთი ქვეყანა ბატონობდეს, შესაძლოა, ქრისტიანებისთვის გაცილებით ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს იქ ჩასვლა და სიწმინდეების თაყვანისცემა. ამასთანავე, არსებობს გადმოცემა, რომ მეორედ მოსვლის წინ უნდა აღდგეს სოლომონის ტაძარი - ეს იქნება სოლომონის მესამე ტაძარი. ვიცით, რომ სოლომონის ტაძარი ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა აღადგინეს. ამგვარად, ერთ-ერთი ნიშანი მეორედ მოსვლისა ანტიქრისტეს მოსვლის წინ, იერუსლიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა იქნება. ამჟამად იმ ადგილას, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა, "კლდის" მეჩეთი დგას. ამით უფალი ახდენს ერთგვარ დაბალანსებას. ადამიანთა მოდგმას აძლევს დროს, რომ დაფიქრდეს თავის ცოდვებზე და იზრუნოს სულის გადარჩენისთვის. ამჟამად მეჩეთის აღება, დანგრევა შეუძლებელია, რადგან ეს რომ მოხდეს, მთელი მუსლიმანური სამყარო აღდგება. როდესაც უფლის ნებითა და ძალით ეს პრობლემა მოგვარდება, მეორედ მოსვლის ჟამი დადგება. ამ დრომდე კი გვეძლევა პერიოდი, სულის გადარჩენაზე ვიზრუნოთ.

- წმინდა მიწაზე არსებული წმინდა ადგილები მთლიანად მართლმადიდებლებს არ ეკუთვნით. რატომ ხდება ასე? რატომ უშვებს უფალი, რომ წმინდა ადგილები და იქ არსებული სიწმინდეები მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება არ არის? ზოგიერთ წმინდა ადგილზე, მაგალითად, ამაღლების ადგილას, მეჩეთიც კი დგას...

- მართლაც, არც აღდგომის ტაძარი და არც სხვა წმინდა ადგილები წმინდა მიწაზე არც ერთ მიმდინარეობას არ ეკუთვნის, თავიანთი კუთვნილი ადგილები აქვთ კათოლიკეებსაც, გრიგორიანელებსაც, მართლმადიდებლებსაც. საერთოდ, წმინდა ადგილებზე არსებული ტაძრები და თვით წმინდა ადგილები არაბ დიდგვაროვანთა ოჯახების საკუთრებაა (ვიღაცამ რომელიღაც ადგილი იყიდა, ვიღაცამ გამოისყიდა...) და ისინი წმინდა ადგილებს გარკვეული თანხის საფასურად აქირავებენ, რათა იქ მსახურება ჩატარდეს.

უპირველესად ეს ხდება ჩვენი ცოდვებისა და არასრულფასოვანი სარწმუნოების გამო - ეს არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიაა ცდომილებაში და ეკლესიაში არ არიან მლოცველები, მაგრამ ბევრი ჩვენგანის რწმენა არ არის მტკიცე, არ გვაქვს ცოდვათა გულწრფელი სინანული. ამით უფალი გვიჩვენებს, თუ რაოდენ არასრულყოფილნი ვართ, რომ თვით წმინდა ადგილებიც არ არის სრულად ჩვენს ხელში და მიგვანიშნებს, რომ სინანულში ვიყოთ. ამას სხვა მიზეზიც აქვს: მადლი, რომელსაც უფალი წმინდა მიწიდან გვანიჭებს, მხოლოდ მართლმადიდებლებს არ მიემადლებათ - ღმერთს მადლი ყველა ადამიანისთვის ემეტება. წმინდა მიწაზე არამართლმადიდებლურ მიმდინარეობათა წარმომადგენელთათვის ადგილების ქონა და იქ მსახურებათა ჩატარება მათთვის ღვთისგან მიცემული მადლია, რათა მართლმადიდებლებისა და ჭეშმარიტების ცქერით, ნიშნებითა და სასწაულებით თვითონაც მოექცნენ ჭეშმარიტ სჯულზე. ასეთი რამ ხშირად მომხდარა.

- წმინდა მიწაზე დღეს არსებული დაძაბული ვითარებაც გავიხსენოთ. ალბათ ესეც ღვთის დაშვებით ხდება...

- არა მარტო წმინდა მიწაზე, არამედ მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ ქვეყანაში თუ რაიმე არეულობა და განსაცდელია, ეს მოვლენილია უფლისგან, რომ ერი გამოსწორდეს, ერში მყოფი ადამიანები განიწმინდონ - დავფიქრდეთ ჩვენს ცოდვებზე, შევინანოთ და ღვთისკენ მივბრუნდეთ. როდესაც ისრაელის ერი განუდგებოდა უფალს, მასზე განსაცდელიც მოიწეოდა, როდესაც ღვთისკენ მიიქცეოდა, უფალი ყველა პრობლემას უგვარებდა... ადამიანები განსაცდელს სასჯელად მივიჩნევთ, მაგრამ ის, რასაც ჩვენ სასჯელს ვუწოდებთ, უფლისგან მოსაქცევად და სულიერი კურნებისთვის გვეძლევა. თუკი ადამიანები საკუთარ ცოდვებს შეიმეცნებენ და ცოდვათაგან განწმენდაზე იზრუნებენ, უფალი ნებისმიერ მიწიერ პრობლემას მოგვიგვარებს.

მიუხედავად წმინდა მიწაზე არსებული დაძაბული ვითარებისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მომლოცველებზე თავდასხმა ან ტერაქტი მომხდარიყოს. მათი მეშვეობით ქვეყანაში დიდი შემოსავალი შედის და ამით ორივე მხარეა დაინტერესებული. საეკლესიო დღესასწაულების პერიოდში საომარი მოქმედებებიც რომ მიმდინარეობდეს, ბრძოლა წყდება, რათა მომლოცველებს საშუალება მიეცეთ, მშვიდად მოილოცონ წმინდა მიწა, წმინდა ადგილები.
ბეჭდვა
1კ1