ამ მიწაზე, რომელმაც მალევე მიიღო სახელწოდება - ბრეტანი, უძველესი დროიდან სხვადასხვა ერი ცხოვრობდა. მათ ღრმა რელიგიურ ტრადიციებსა და წარმართულ კულტებზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი მრავალი საკულტო და დამკრძალავი ტიპის ნაგებობა.
ქრისტეშობამდე V საუკუნეში მიწაზე, რომელსაც მაშინ არმორიკა ერქვა, კელტები დასახლდნენ. კელტი ხელოსნები და მეზღვაურები ბრეტანის მიწაზე თითქმის რომის ლეგიონების შემოსევებამდე ცხოვრობდნენ. მომავალმა ბრეტანმა გამოიარა რომის იმპერიის დაცემაც. სწორედ ამ დროს ზღვისპირა მიწებზე და არმორიკის უღრან ტყეებში დასახლდა ბრიტანელი, შემდგომში ბრეტანელი ხალხი. დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევა. გალი ბერები და მოღვაწენი ცხოვრების მკაცრი წესით, მისიონერული საქმისადმი გულმოდგინებით, ქრისტიანული მოძღვრების ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ბრეტანელმა ქრისტიანებმა, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ დასავლეთის მართლმადიდებელ წმინდანებთან (წმინდა მარტინ ტურელთან, წმინდა გერმანე ოქსერელთან), აგრეთვე ირლანდიის ბერმონაზვნურ ტრადიციებთან, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთთან (პროვანსთან) და აღმოსავლეთთან, კელტების და კელტი დრუიდების დიდი ნაწილი მართლმადიდებლობაზე მოაქციეს, რომელთა უმეტესი ნაწილი შემდგომში დიდი ქრისტიანი მოღვაწე გახდა. მათ შვიდი ეპარქია და რამდენიმე მონასტერი დააარსეს, აქტიური სასულიერო და კულტურული ცხოვრების ცენტრი შექმნეს. სამრევლოები დღესაც მათი წმინდა დამაარსებლების სახელებს ატარებენ.
ადგილობრივი ქრისტიანები ღრმა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ კელტური მართლმადიდებლობა დაზარალდა ვიკინგების შემოსევების შედეგად და როცა ბრეტანში აღორძინდა ბერმონაზვნობა, დანგრეულ სავანეებში უკვე ლათინი ბერები დასახლდნენ. მიუხედავად ამისა, ბრეტანის შვიდი მართლმადიდებლური ეპარქიის დამაარსებლების, წმინდა მოღვაწეებისა და არმორიკის განმანათლებლების ხსოვნა არ მომკვდარა. დროთა განმავლობაში მათი წმინდა ნაწილების მოლოცვის ტრადიცია გაჩნდა. იგი ატარებს "ბრეტანის წრის" სახელწოდებას და იმ შვიდი ტაძრის მონახულებისგან შედგება, სადაც განისვენებენ წმინდა ნაწილები. ხშირად მომლოცველები მოინახულებენ მთავარანგელოზ მიქაელის (სენ მიშელის) მთას - ლამანშის სრუტის მარგალიტს. შუა საუკუნეებში ამ ადგილების მომლოცველობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა ადგილობრივი ქრისტიანის ცხოვრებაში.
XX საუკუნის 80-იან წლებში ამ ტრადიციამ აღორძინება დაიწყო. კათოლიკურმა თემებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ყოველდღიურად აღასრულონ მომლოცველობა ამ ადგილებში. თავის მხრივ, ბრეტანის მართლმადიდებელი თემებიც ცდილობენ, ააღორძინონ წმინდა ნაწილების თაყვანისცემა. ახლახან შექმნილი წმინდა ანას სახელობის მართლმადიდებელი საძმო შეუდგა საღვთისმსახურო ტექსტების შედგენას და ხატების დაწერას, წიგნების გამოცემას და ბრეტანის ძველ კელტ ქრისტიანებზე ინფორმაციის შეგროვებას.
ლევან მათეშვილმა