სინას მთა
სინას მთა
სინა - თითქოს თავადაა შეუწველი მაყვალი, რომელიც იმათ განეცხადება, ვისაც უფალი უყვარს...
სინა - ღმერთის ადგილია. ვისაც ამ მიწაზე დაუდგამს ფეხი და მისი წმინდა და თან იდუმალი ჰაერი Gაუსუნთქავს, გეტყვით, რომ იქ ქვებიც კი ლოცულობენ...

ერთი შეხედვით, უკაცრიელ, გადამწვარ და მოუსავლიან ამ უდაბნოეთს უდიდესი სულიერი მუხტი და ანდამატი აქვს, რომელიც მით უფრო იზრდება, რაც უფრო უახლოვდები მისი მთის მწვერვალს, რომლისკენაც ზეცად მიმავალი, დასაფეხურებული ბილიკი მიდის...


***
სინას მთის ამგვარად სახელდება, როგორც ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, ძველ ქრისტიანებს ეკუთვნით. არაბნი ამ ადგილს ჯაბალ-მუსად იხსენიებენ.

სინას მთა სინას ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ამჟამად ეგვიპტის საზღვრებშია მოქცეული. ამ მთას ორი წვერი აქვს: მაღალი სინად იწოდება, დაბალი - ქორებად, სადაც მამამთავარ მოსეს უფალმა ქვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნება მისცა. ამ მიწაზეა შეუწველი მაყვლოვანიც, რომლის სახითაც გამოეცხადა უფალი მოსეს.

სიტყვა "სინა" უდაბნოს ნიშნავს, ადგილს, სადაც მოსემ ღვთის ხმა ისმინა და უფალი ისრაელ ხალხს არამიწიერი ელვის სახით გამოეცხადა.

სინა, ისევე როგორც ეგვიპტის წმინდა უდაბნოები, ბერობის აკვნად გარდაისახა. მის წიაღში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე სახლობდნენ ძველი აღთქმის განდეგილები - "ფერაპევტები", რომლებიც მთელ დროს შინაგან ლოცვასა და ფსალმუნთგალობაში ატარებდნენ. ქრისტეს აქეთ კი სინა და მისი დიდი უდაბნო ქრისტიან მამათა სამკვიდროდ და აკვნად გადაიქცა.

რას მოგვითხრობს წმინდა წერილი
როდესაც მოსე თავის ცხვრის ფარას ქორების მთის მახლობლად მწყემსავდა, მოულოდნელად მთაზე ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქი ნახა, რომელიც არ იწვოდა. ამ საოცრებით შეძრული ბუჩქს მიუახლოვდა, იქიდან კი ხმა ესმა: "მოსე, მოსე... ნუ მომიახლოვდები! გაიხადე ფეხსაცმელი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმინდაა. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა".

ღვთის ხილვით შეშინებულმა მოსემ სახე ხელებით დაიფარა და ქედი დაიდრიკა. ხმამ კვლავ აუწყა: "ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში... ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო აქედან მადლიანსა და ვრცელ მიწაზე, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე - ქანაანელთა ქვეყანაში. ახლა წარგგზავნი ფარაონთან, რომ წამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელი..."

KARIBCHEუფალმა მოსეს სასწაულთმოქმედების უნარი მიმადლა, რომ თვისტომნი თავის რჩეულობაში დაერწმუნებინა, თუმცა მოსემ რამდენიმეგზის უარიც კი ჰკადრა უფალს, რის მიზეზადაც საკუთარი ენაბლუობა დაასახელა. უფალი ამან განარისხა და კვლავ აუწყა, - ეგვიპტეს წადი, მე შენთან ვიქნები და განგსწავლი, რა უნდა ქმნა. შენი ძმა აარონი ხალხთან შენს ნაცვლად ისაუბრებს. გატან კვერთხს, რომელიც სასწაულებს აღასრულებსო, და მოსე მთიდან დაეშვა.

სინაზე მოღვაწეობდა უამრავი უდიდესი ბერი, მათ შორის წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, კლემაქსად წოდებული. აქვეა ის ჭა, რომლის სიახლოვეს მოსემ მომავალი მეუღლე, ცეფორა გაიცნო...

სინაის სჯულის ფიცრები
ეგვიპტიდან ისრაელიანთა გამოსვლიდან ორმოცდამეათე დღის თავზე ისინი სინას მთასთან შეჩერდნენ. უფლის ნებით, მამამთავარი მოსე სჯულის მისაღებად მათ ორი დღის მანძილზე მარხვითა და ლოცვით ამზადებდა. მესამე დღეს კი სინას მთა სქელმა ღრუბელმა დაფარა, თანაც იელვა და იჭექა კიდეც... სინას ძლიერი ცეცხლი მოსდებოდა და ძლიერ ირყეოდა...

მოსემ თვისტომნი კარვებიდან გამოიყვანა და უფლის მთის გარშემო დადგომა უბრძანა. ხალხი დიდი შიშით თრთოდა... მალე იქაურობა სიჩუმემ მოიცვა. უფალმა ყველას გასაგონად ღაღადყო ათი მცნება და მათი აღსრულება ბრძანა.

წმინდა ეკატერინეს მონასტერი
დღეს სინას მთაზე ავტონომიური ეკლესიაა, რომელიც ალექსანდრიის ეკლესიის საპატრიარქოს ექვემდებარება და თავისი მღვდელმთავარი ჰყავს.

აქ შორეული წარსულიდან მოყოლებული უამრავი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ქრისტიანული მონასტერი და სკიტი დაიბადა, მათ შორის ყველაზე დიდი - წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მონასტერია.

უდაბნოს მტრედები ახვევია თურმე მის კედლებს...

წმინდა ქალწული წარმომავლობით ალექსანდრიიდან ყოფილა. წარმართთაგან იმ დროს ეწამა და აღესრულა, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად არ იყო დადგენილი. მისი წმინდა ნაწილები, რომელნიც პატიოსან ლუსკუმაშია დაბრძანებული, დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს. არსებობს მართლაც საოცარი გარდამოცემა, რომლის თანახმადაც ანგელოზებმა ალექსანდრიიდან სასწაულებრივად წამობრძანებული წმინდა ნაწილები სინას ნახევარკუნძულზე იმ ადგილას დამარხეს, სადაც დღეს წმინდა ეკატერინეს მონასტერია...

ამ სავანეში ძველად მრავალი ქართველი ბერი მოღვაწეობდა. ძალზე საინტერესო და საგულისხმოა, რომ მის სიახლოვეს მდებარე სოფელში, რომელსაც სანტა კატერინა ჰქვია, დღემდე სახლობენ არაბი ბედუინები, რომლებიც არასოდეს ერჩოდნენ მონასტერს. ერთ-ერთი ძველი წყაროს თანახმად, მათთვის თვით ისლამის ფუძემდებელს, მუჰამედს უბოძებია საკუთარი ხუთი თითის ანაბეჭდით დამოწმებული სიგელი, რომელსაც არაერთგზის გადაურჩენია აქაურობა უსჯულოთა შემოსევისგან: თუ მის გალავანს მაჰმადიანი მეომრები მიადგებოდნენ, იქაური ბერები ამ სიგელს გამოუტანდნენ და ისინიც მყისვე ტოვებდნენ ტაძარს. ხსენებული სიგელი თურმე დღემდე მის კედლებში ინახება.

გადმოცემის თანახმად, ხსენებული ბედუინები იმ ადამიანთა შთამომავალნი არიან, რომლებიც იმპერატორმა იუსტინიანემ მონასტრის დაცვის მიზნით მის გარშემო დაასახლა. მოგვიანებით ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში აღირივნენ და ეს ადგილი გაითავისეს. ზოგი მათგანი დღემდე ემსახურება მონასტერს, ბევრი კი იქვე ამა თუ იმ სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული. უნდა ითქვას, რომ მონასტერიც ძლიერ ზრუნავს მათზე...

როგორც იქ მოსალოცად ჩასულნი ამოწმებენ, ხსენებულ მონასტერში ოცი მღვდელმონაზონი, ბერი და მორჩილი ცხოვრობს, რომელთაც, სიმცირის მიუხედავად, ამ უდიდესი სიწმინდის დაცვა უწევთ და ახერხებენ, ძველთაგანვე აქ წესად ქცეული სტუმართმოყვარეობის წესიც არ დაარღვიონ...

იქაური წესის თანახმად, მონასტერში მომლოცველნი მცირე კარით შედიან, დამთვალიერებელნი კი უფრო ფართო კარიბჭით, რომლის სიახლოვეს საეკლესიო სუვენირებისა და ნივთების მაღაზიაა გახსნილი...

შეუწველი მაყვალი
მონასტერი იმ ადგილას დგას, სადაც მამამთავარმა მოსემ საკვირველი ჩვენება - აალებული, შეუწველი მაყვალი იხილა. როგორც ზემოთ ვთქვით, უფალმა, ამ ადგილის სიწმინდის გამო, მოსეს ფეხსაცმლის გახდა უბრძანა. ეს წესი უწინდებურად დაცულია და იმ სამწირველოში, სადაც შეუწველი მაყვლოვანის ძირი ინახება, წირვა-ლოცვას მღვდელმსახური უცილობლად ფეხშიშველი აღავლენს. ფეხშიშველი დგას ისიც, ვინც ღვთისმსახურებას ესწრება...

თავად მაყვლოვანის ბუჩქის ფესვი წაგრძელებულია სამწირველოს საკურთხევლის კედლის გარეთ, სადაც საგანგებოდ ააგეს ქვის დიდი ჯამი, რომელშიც მაყვლოვანია დაცული...

გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისი სულ მცირე ტოტის ან ფოთლის წამოღების მსურველი ძალზე ბევრია და ამიტომაც ეს ტოტები ადამიანის ხელის აწვდენის სიმაღლეზე აღარ არსებობს, ამის გამო მონაზვნები ამ სიწმინდეს საგანგებოდ იცავენ...

წმინდა ეკატერინეს სავანის ადგილას 330 წელს წმინდა დედოფალ ელენეს შემწეობით ჯერ მცირე ტაძარი და კოშკი ააგეს, რამდენიმე საუკუნის შემდგომ, 527 წელს, კი წმინდა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მის ნაცვლად მონასტერი დააარსა, რომელიც X საუკუნიდან წმინდა ეკატერინეს სახელობისაა. მის სიახლოვეს მდებარეობს მეჩეთი. საკვირველია, მაგრამ, წყაროთა თანახმად, მონასტერი არასოდეს დარბეულა, არც დაქცეულა და შეურყვნელი, პირვანდელი სახით მოვიდა ჩვენამდე...

***
სინაზე ქრისტიანი განდეგილები მეორე საუკუნიდან დასახლდნენ, ქართველნი კი უფრო გვიან - მეექვსე საუკუნიდან. თუმცა ქართული კოლონია აქ მეცხრე საუკუნიდან შეიქმნა. მათ აქ საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ ღვაწლს შეუდგნენ, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით...

სინას მთაზეა წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის გამოქვაბული ტაძარიც, რომელმაც დედოფალ იეზებელისგან დევნული წინასწარმეტყველი შეიფარა.

გამოქვაბული საკურთხეველშია მოყოლილი.

ამ წმინდა სავანის შექმნის ისტორია ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლისა და ქართველ ბერთა სახელს უკავშირდება.

წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან 30 წუთის სავალზე არის წმინდა მოწამეთა, გალაქტიონისა და ეპისტიმიას (მათ ცოცხლებს გააძრეს ტყავი) სახელობის მონასტერი, აქვეა მათი სენაკი...

***
ღამით სინას მწვერვალზე ზაფხულშიც კი საგრძნობლად ცივა. ტრადიციისამებრ, აქ ამოსვლას ადამიანები ღამის ორი საათიდან იწყებენ, რომ მზის ამოსვლას სინას მთაზე მიუსწრონ...

სინას მთის მწვერვალზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის მართლმადიდებლური მონასტერია. მთისკენ ორი ბილიკი მიდის - ერთი აქლემით მავალთათვისაა, მეორე კი, 3750-საფეხურიანი, გადმოცემისამებრ, მეექვსე საუკუნეში გამოუკვეთიათ სინელ ბერებს.

ამ გზის შუა წელზე გვხვდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მცირე ტაძარი, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს: მონასტერს საუკუნეების წინ თურმე სანოვაგე გამოელია და უიმედოდ შთენილმა ძმობამ მონასტრის დატოვება განიზრახა - უკანასკნელად წირეს მოსეს მწვერვალზე მდებარე სამების სახელობის ტაძარში და რადგან ჩათვალეს, უფალმაც მიგვატოვა, თან არაბი ბედუინებით ვართ გატშემორტყმულნიო, ამ წმინდა ალაგის დატევება იწყეს.

იკონომოსმა თურმე ყველაზე გვიან დატოვა მონასტრის კედლები, უკანასკნელად დაალაგა ყველაფერი, კარი ჩარაზა და ნახევარი საათის სავალზე უცნობი დიდებული ქალბატონი შეხვდა, რომელიც დაეკითხა: საით მიდიხარო?

- უკანასკნელად ვწირეთ მწვერვალზე და იქაურობა უსახსრობისა და უიმედობის მიზეზით მივატოვეთო...

- უკან დაბრუნდი, რადგან მონასტრის კართან უზარმაზარი აქლემების ქარავანი დგას ყველა საჭირო სანოვაგითურთ, იქიდან წასვლა აღარ იფიქროთო, - უბრძანებია უცხო ქალბატონს.

მართლაც ასულა ბერი უკან და სავანის ახლოს უზარმაზარი ქარავანი უხილავს. უკან გამოსულს კი აღარავინ დახვდა და მაშინ გულისხმაყო, თუ ვინ შეეწია...

გახარებულმა ძმობამ ამ დიდი სასწაულის სახსოვრად ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას მისი სახელობის ტაძარი ააგო...

ამ ტაძრის სიახლოვეს არის ნაპრალი, სადაც ადრე ერთ-ერთი სინელი მამა ცხოვრობდა. ერთხელ ეგვიპტის სულთანს ქრისტიანთა დევნა განუზრახავს და იმ მხარის ეპისკოპოსისთვის უხმია: მსმენია, თქვენი რჯულის ხალხს ლოცვით შეგძლებიათ მთათა გადაადგილება, ახლავე ილოცე და თუ ეს მთა არ იძვრება, ყველას სულს გაგაფრთხობინებთო...

მღვდელმთავარს ლოცვისა და მარხვისთვის რანდენიმე დღე უთხოვია. ამის შემდეგ ანგელოზმა აუწყა, - ამა და ამ ღირსი სინელი მამის ლოცვას ისმენს უფალი და სულთანთან ის მიიყვანეთო. წაუყვანიათ ხსენებული ბერი და მოძალადის წინაშე ლოცვა უწყიათ. ის მალევე დამხობილა პირქვე, თან ბერებს ევედრებოდა, - აღარ ილოცოთო... ყველამ იხილა, ლოცვისას როგორ დაიძრა მთა...

როგორც ამბობენ, სულთანი ფარულად გაქრისტიანებულა, ხოლო ის სინელი ბერი დიდებას გაჰქცევია და სინას უდაბნოში მონასტრის ძმობისთვის ტყავის ფეხსაცმლისა და ქალამნების კერვით ირჩენდა თავს...

ქართველები სინაზე
როგორც ზემოთ ვთქვით, ქართველთა სათვისტომო ამ წმინდა მიწაზე მეცხრე საუკუნიდან გაჩნდა. მანამადე კი, მეექვსე საუკუნეში, აქ თითო-ოროლა ჩვენებური მოსაგრეობდა.

სინაზე ჩვენებურები განსაკუთრებით მეათე საუკუნეში მომრავლდნენ, როდესაც არაბთა ზეწოლითა და გამუდმებული თავდასხმებით შეწუხებულმა ქართველმა ბერებმა პალესტინიდან - საბაწმინდიდან, იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრადან და სხვა სავანეებიდან სინას მიაშურეს.

სანამ ათონზე ივერთა ცნობილი მონასტერი აიგებოდა, სინაზე ქართველ კალიგრაფთა და მოღვაწეთა მთელი სკოლები ჩამოყალიბდა. იოანე ზოსიმემ, მიქაელ კატამონელმა, იოანე კუმურდოელმა, იოანე მინჩხმა, ეზრა ქობულიანისძემ და კიდევ სხვებმა უმდიდრესი წიგნთსაცავი შექმნეს, რომელსაც წიგნები პალესტინის სხვა მონასტრებიდანაც ემატებოდა.

სინას მთის ქართული ხელნაწერების დიდი ნაწილი დღემდე იქვეა დაცული, დანარჩენი კი - თბილისში, პარიზში, ნიუ-იორკში, პრაღაში, პეტერბურგსა და მსოფლიოს სხვა კერძო კოლექციებში. მცირე ხნის წინ სინაზე კიდევ რამდენიმე უცნობი ქართული ხელნაწერი აღმოაჩინეს...

სინაზე ტაძართა აღშენებას არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. იქაური ქართველი მამები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი საქართველოსთან.

სინას მთის ქართველ ბერებს კავშირი ჰქონიათ არაბულ ქრისტიანულ სამყაროსთან. ამ კავშირის ნაკვალევს სინური ხელნაწერებიც ცხადად ინახავენ - როგორც ჩანს, არაბულმა სამყარომ თავის ენასა და, ნაწილობრივ, კულტურასაც აზიარა იქაური ჩვენებურები...

სამწუხაროდ, მრავალ მიზეზთა გამო ამ მამათა მემკვიდრეობა დღემდე სათანადოდ არ შესწავლილა.

***
სინას მთა - დიდი საიდუმლოა, ისევე როგორც ლოცვა და უფალთან სიახლოვე. აქაურობის გარეგნული სიდიადე მხოლოდ ქერქია მისი შინაარსისა. სინა - თითქოს თავადაა შეუწველი მაყვალი, რომელიც იმათ განეცხადება, ვისაც უფალი უყვარს...
ბეჭდვა
1კ1