წმინდა მარკელას განსაკუთრებით ის დედაკაცები ევედრებიან, რომელთაც მკერდის სიმსივნე აქვთ
წმინდა მარკელას განსაკუთრებით ის დედაკაცები ევედრებიან, რომელთაც მკერდის სიმსივნე აქვთ
წმინდა მარკელა. კუნძულ ქიოსზე სოფელ ვოლისოსის გვერდით, სადაც ლეგენდის მიხედვით ჰომეროსი დაიბადა, დგას წმინდა მარკელას სახელობის ტაძარი. წმინდა მარკელა უკვე ოთხი საუკუნეა უთმობს გულს მართლმადიდებელ ბერძნებს.

წმინდა მარკელამ დედა ადრე დაკარგა და მამასთან ერთად ცხოვრობდა. იგი სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა. მამამისი, ეტყობა, ერთგვარი სიგიჟით იყო შეპყრობილი, ვინაიდან როცა მარკელა გაიზარდა, მისდამი ცოდვიანი სურვილები აღეძრა. ერთხელ შეწუხებული გოგონა სოფლიდან გაიქცა. მამამისი ცხენით გამოეკიდა. გოგონა ზღვის კლდოვანი სანაპიროსკენ გაიქცა და ბუჩქებში დაიმალა. უგუნურმა, როცა შვილი ვერ გამოიყვანა, ბუჩქებს ცეცხლი წაუკიდა. გოგონა გაიქცა ზღვისკენ. მამამისმა ისარი ესროლა და თეძოში მოარტყა. გოგონა თითქოს ტკივილს ვერ გრძნობდა და გარბოდა. როცა დაინახა, რომ ვეღარ გაიქცეოდა, დაემხო მიწაზე და უფალსა და ღვთისმშობელს სთხოვა, დაე, მიწამ მშთანმთქასო. მიწა გაიპო და წმინდა მარკელა მკერდამდე ნაპრალში გაიჭედა. მამამისმა მისი ამოთრევა რომ ვერ შეძლო, თავი და მკერდი მოაჭრა და ზღვაში ისროლა. ზღვაში მოტივტივე წმინდა მარკელას თავს ზეციური სვეტი დასდგომოდა. იგი ვენეციაში წაასვენა გვერდით ჩავლილმა ხომალდმა. იმ ადგილას, სადაც ეკლის ბუჩქი იყო, ქრისტიანებმა მის პატივად ეკლესია აღმართეს. იქ მისული მომლოცველი ორ ჯვარს იხილავს, ერთი იქაა აღმართული, სადაც წმინდა მარკელა დაჭრეს, მეორე კი მისი მოწამებრივი აღსასრულის ადგილას, სადაც კლდის უზარმაზარი ნატეხი მის ბუნებრივ საფლავს ქმნის. ქვას გარშემო ზღვამ მიწა გამოაცალა. წმინდა ნაწილებიან ქვაში ნახვრეტია, საიდანაც თბილი მარილიანი წყალი მოედინება. წყარო უდავოდ სათავეს ნაპირიდან არ იღებს, რადგან ქვა მოშორებულია მას. ზღვის მიქცევა და მოქცევა წყაროზე გავლენას ვერ ახდენს. ამ კუნძულზე შავი ქვებია, მაგრამ წყაროს სიახლოვეს ქვები გაწითლებულია. ხალხი ამბობს, წმინდანის სხეულიდან მომდინარე სისხლი აწითლებსო. მომლოცველები საუკუნეების მანძილზე ჰყვებიან, როცა აქ წყალს აკურთხებენ, სიღრმიდან ორთქლის ღრუბელი სპირალის სახით ამოდისო. გადმოცემით, წყარო თვით წმინდანის ნაწილებიდან მოედინება. მრავალი სასწაული მომხდარა წმინდა მარკელას ლოცვით, რამდენიმეს ახლა გთავაზობთ.

1872 წელს სოფელ ვოლისოსელ მღვდელს სურდა ამ წყაროში თავისი ავადმყოფი ქალიშვილი განებანა, მაგრამ განკურნებისა ეეჭვებოდა. წინა საღამოს ძილში ეს წყარო იხილა, გვერდით წმინდა მარკელა იდგა. მან მღვდელს უთხრა: "შენი ბავშვი განიკურნება. ნუ დაეჭვდები იმ ნიჭში, მე რომ მიბოძა ღმერთმა". მართლაც, მეორე დღეს წმინდა მარკელას შეწევნით ბავშვი განიკურნა.

1782 წელს სოფლელები ვოლისოსის სამხრეთით მიდიოდნენ. გზა დაუმძიმდათ, თოვლს ყინულივით წვიმა ცვლიდა. ერთი ქალი დაეცა და გონება დაკარგა. თანამგზავრებმა იქვე, წმინდა გიორგის ეკვდერის გვერდით მდებარე ოთახში დააწვინეს და ვოლისოსში ქალის ქმარს შეატყობინეს ყველაფერი. შეშინებულმა ქმარმა წმინდა მარკელას შესთხოვა ცოლის გადარჩენა. იმავე ღამეს წმინდა მარკელა გამოეცხადა ქალს, წაიყვანა ოთახის კუთხეში, სადაც საქონლისთვის გობი იდგა და იქიდან სასმელი წყალი დაალევინა.

ქარბუქის გამო ცხრა დღე ვერ მოხერხდა ქალის პოვნა. მაგრამ როცა თანასოფლელები ავიდნენ, ქალი ჯანმრთელი ნახეს. თქვა, წმინდა მარკელას მოცემულმა წყალმა განმკურნაო.

ერთი ქიოსელი ქალი მუხლს ქვემოთ დამბლადაცემული იყო. წმინდა მარკელას წყაროდან წყლის მოტანა ითხოვა. იმავე ღამეს ძილში წმინდა მარკელა გამოეცხადა: - ნუ იჯავრებ, განგკურნავო. მეორე დღეს წმინდა მარკელას წყალი მოუტანეს, ქალმა ფეხები დაისველა და განიკურნა.

პირველი მსოფლიო ომისას, ქიოსის სოფელ ვროდილასის მკვიდრი სკრასთან ახლოს იბრძოდა ბერძნული არმიის შემადგენლობაში. მძიმე და სისხლიანი ბრძოლა იყო. არტილერიის ცეცხლის დროს ბრძოლის ეპიცენტრში ქალი დაინახა და დაუყვირა, აქაურობას მოსცილდიო. მან კი უპასუხა: "მე მარკელა ვარ. ჩემი სახლი ზღვის პირასაა, სოფელ პლატნოსის გვერდით. აქ ჩემი შვილების გადასარჩენად მოვედიო". ქალის გარშემო ბომბები ფეთქდებოდა, ის კი უეცრად უჩინო იქმნა. ჯარისკაცმა ცოლს სთხოვა, წმინდა მარკელას ეკლესიაში შეკვეთილი წირვა გადაეხადა. ცოლი ვოლისოსში მივიდა თავის სამი წლის ბავშვთან ერთად. ბავშვი სადღაც გაქრა და მეორე დღესღა იპოვეს. ის წმინდა მარკელას ტაძრის მამასახლისმა მოიყვანა. გოგონამ თქვა: "ვიღაც დეიდამ სათამაშოები მომცაო".

არქიმანდრიტი დოროთე ანდროსელს ფეხები სტკიოდა, სისხლის მიმოქცევა ჰქონდა დარღვეული. ილოცა ვოლისოსში წმინდა მარკელას წყაროსთან. ფეხები წყაროში ჩაყო, უეცრად ტკივილი დაუცხრა და განიკურნა. შინ დაბრუნებულმა სამადლობლად წმინდა მარკელას სახელობის ეკვდერი ააგო. წმინდა მარკელას განსაკუთრებით ის დედაკაცები ევედრებიან, რომელთაც მკერდის სიმსივნე აქვთ.

წმინდა მარკელას ხსენება 22 ივლისსაა (ძვ.სტ.).

KARIBCHEნეა მონას ღვთისმშობელი. კვიპაროსებით დაფარული პროვატიონის მთაზე მდებარეობს ბიზანტიური მონასტერი ნეა მონა. XI საუკუნეში პროვატიონის ერთ-ერთ მღვიმეში სამი მოსაგრე ცხოვრობდა - ნიკიტა, იოანე და იოსები. ერთხელაც ხეებით დაფარულ ფერდობზე უცნაური ნათელი შენიშნეს. დილით მთიდან ქვემოთ დაეშვნენ სინათლის წყაროს სანახავად. გადაწყვიტეს, ხშირი ბუჩქნარისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ, - თუ უფლისმიერი ნათებაა, ღმერთი დაიცავს ამ ადგილსო. ცეცხლი სწრაფად მოედო იქაურობას, ერთი ბუჩქიღა დარჩა უვნებელი, ამ ბუჩქის ძირში კი ღვთისმშობლის ლოცვად ხელაღპრობილი ხატი აღმოაჩინეს. შესაძლოა მეკობრეთა თავდასხმებისას შეინახეს იგი ქრისტიანებმა ანდა სულაც უფლის დედამ ინება, რომ მისი ხატი აქ სასწაულებრივად მოეპოვებინათ. წმინდა ხატი მამებმა გალობით თავიანთ მღვიმეში გადაასვენეს, მაგრამ იგი ძველ ადგილს დაუბრუნდა. ასე რამდენჯერმე მოხდა. მონაზვნებმა გადაწყვიტეს, ხატის პოვნის ადგილას მისთვის ეკვდერი აეშენებინათ, გვერდით კი თავიანთი კელიები. ასე აშენდა ახალი მონასტერი, რომლის დაარსებაც სასწაულს უკავშირდება.

მას მერე, რაც სამმა მონაზონმა ქვის ეკვდერი ააშენა, მათ ღვთისმშობელი გამოეცხადა (ეს 1040 წელს მოხდა) და უთხრა, კუნძულ მიტილენეზე (ლესბოსი) გადასახლებულია კეთილშობილი წარმომავლობის კაცი კონსტანტინე მონომახი, იგი კონსტანტინოპოლში უნდა დაბრუნდეს და სამეფო ტახტზე ავიდესო. მონაზვნები მიტილენეზე წავიდნენ და კონსტანტინეს უამბეს ყოველივე. კეთილი ამბავი მან არ დაიჯერა, მაგრამ მათი ურყევი რწმენა რომ ნახა, დაჰპირდა: თუ ეს აცხადდა, ყველაფერს მოგცემთ, რასაც ისურვებთო. მონაზვნებმა უთხრეს, - ჩვენ არაფერი გვინდა, ოღონდ როცა ტახტზე ახვალ, ღვთისმშობლის ეკლესია ააშენეო. მონომახი დათანხმდა და წინდად პირობისა თავისი ბეჭედი დაუტოვა.

ორი წლის შემდეგ კონსტანტინე ტახტზე ავიდა. მივიდნენ, პირობა შეახსენეს. მეფემ უთხრა, მოიარეთ კონსტანტინოპოლი და აია სოფიას ტაძრის გარდა, რომელსაც აირჩევთ, იმის მიხედვით ავაშენებო. მამებმა წმინდა სერგისა და ბაქოსის ტაძარი აირჩეს. ასე აშენდა ეს მშვენიერი ეკლესია, იგი ბიზანტიის საუკეთესო ოსტატებმა შეამკეს.

1822 წელს თურქებმა 25000 ქიოსელი მოკლეს, მათ შორის 3 ათასი - ამ მონასტრის კედლებში. მთელ ამ კატაკლიზმებს გადაურჩა ღვთისმშობლის ხატი. თურქებმა მონასტერი რომ გადაწვეს, ერთმა მონაზონმა მოასწრო და მონასტრის კოშკში გადამალა. როცა ხანძარი ჩაცხრა, წმინდა ხატი სრულიად უვნებელი ეპისკოპოსის ტახტზე იხილეს დასვენებული.

ღვთისმშობლის ლოცვით მრავალი სასწაული მომხდარა. ერთხელ ქიოსელი მეზღვაურები შტორმში მოხვდნენ. ხომალდს ნახვრეტი გაუჩნდა და იძირებოდა. კაპიტანმა გადარჩენა შესთხოვა ღვთისმშობელს და აღთქმა დადო, ჩემი ხომალდის ანძის ხელა სანთელს შევწირავ მონასტერსო. ცოტა ხანში მან ტალღებზე მდგარი ღვთისმშობელი დაინახა, ხელთ ხის ნაჭერი და თოკი ეპყრა. ის მაშინვე უჩინო შეიქმნა და ქარიც დაცხრა. ხომალდი პორტში შეიყვანეს. კაპიტანმა ნახვრეტი შეამოწმა და ნახა, რომ იგი ამოვსებული და გამაგრებული იყო იმ ხის ნაჭრით და თოკით, ღვთისმშობელს რომ ეპყრა ხელთ. მალევე მან მონასტერში მადლიერების ნიშნად უზარმაზარი სანთელი მიიტანა.

1950 წელს ნეა მონას სავანე აღადგინეს და ახლა იქ დედათა მონასტერია.
ბეჭდვა
1კ1