კვართი ღვთისმშობლისა ძალაა ქართველი ერისა
კვართი ღვთისმშობლისა ძალაა ქართველი ერისა
ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის შვილნი, ყოვლადწმინდა მარიამის განსაკუთრებულ მეოხებასა და დედობრივ მზრუნველობას ვართ მინდობილნი. ღვთისმშობლის საფარველი ძალაა ქართველი ერისა, რომელმაც მრავალი ჭირ-ვარამი გადაიტანა. საუკუნეთა მანძილზე მტერი მოსვენებას არ აძლევდა ქართველ კაცს. მუდამ ხმალაღმართულმა, ქრისტიანობით უძლეველმა ივერიამ მოაღწია ჩვენამდე, მაშინ, როდესაც მის მეზობლად უდიდესი იმპერიები განადგურდნენ. ყოვლადწმინდა მარიამი მფარველობს ჩვენს ერს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული მრავალი სიწმინდე, რომელთა შორის აღსანიშნავია მარადქალწულის კვართი და სარტყელი. სწორედ დედა ღვთისას წმინდა ნებით პოვა ამ სიწმინდეებმა საბოლოო განსასვენებელი ჩვენს სამშობლოში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი ამჟამად დაცულია სამეგრელოს მთავრების - დადიანების სასახლეში დაარსებულ ზუგდიდის მუზეუმში. საქართველოს გასაბჭოებამდე იგი ხობის მიძინების ტაძრის კუთვნილება იყო. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ (1922-1936 წლებში) ხობის ტაძარში დაცულ სხვა სიწმინდეებთან ერთად კვართი ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. მხოლოდ რამდენიმე პიროვნებისთვის იყო ცნობილი მისი ადგილსამყოფელი. 1990 წლის შობის დღეს კი, როდესაც მუზეუმის თანამშრომელთა ძალისხმევით პირველად გადაასვენეს კვართი სასახლის ეზოში მდგარ ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესიაში, გამჟღავნდა მისი ადგილსამყოფელი მორწმუნეთათვის. გამოუთქმელმა სიხარულმა მოიცვა იმ შობის დღეს მრევლი. უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა მორწმუნე ერი ტაძრისკენ, რათა მიახლებოდა და თაყვანი ეცა ამ უდიდესი სიწმინდისთვის. ამ დღის შემდეგ კვართი ისევ მუზეუმს დაუბრუნეს. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, უკვე 20 წელია, 15 ივლისს, როდესაც მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნის (კონსტანტინოპოლი) ტაძარში დადების დღესასწაულს, ქართველ ერსაც ეძლევა საშუალება, თაყვანი სცეს ყოვლადწმინდა მარიამის კვართს, რომელსაც მხოლოდ ამ დღეს გადაასვენებენ ხოლმე ტაძარში.

ღვთისმშობლის კვართის ძალით მრავალი სასწაული აღესრულება. ერთ-ერთი ასეთი სასწაული მოხდა 2000 წელს, როცა კვართის ქსოვილზე მაცხოვრის სახე გამოისახა.

საეკლესიო გადმოცემამ მრავალი ცნობა შემოგვინახა ყოვლადწმინდა მარიამის კვართის სასწაულმოქმედებისა და კურნების ძალის შესახებ. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, 1855 წელს სამეგრელოში ომერ ფაშას მეთაურობით შემოჭრილა ოსმალთა რაზმი და ხობის მონასტრის მიდამოები საომარ ასპარეზად უქცევია. შეშინებული მოსახლეობა და სასულიერო პირებიც კი მთებში გახიზნულან. მხოლოდ ერთი ბერი, პეტრე ჟორდანია, დარჩენილა მონასტრის დარაჯად. მტერს განზრახული ჰქონდა ეკლესიის იარაღის საწყობად გადაქცევა, მაგრამ ერთ საღამოს ტაძარს ნათელი დაადგა. შეშინებულმა თურქებმა მონასტრის მიდამოები მაშინვე დატოვეს.

მეორე დიდი სასწაული 1891 წელს აღესრულა. მაშინ მონასტერი გაუძარცვავთ და ღვთისმშობლის კვართი სანაწილე კუბოსთან ერთად გაუტაცებიათ. ხალხმა შეიტყო თუ არა მომხდარის შესახებ, მაშინვე ალყა შემოარტყა ტაძრის მიდამოებს და გაიძახოდა: "ნურც ბერი, ნურც ერი ნუღა ვიქნებით ცოცხალი, თუ ამ სიწმინდეს დავკარგავთო". სამი დღის შემდეგ კვართის კუბო მონასტრის მახლობლად ბუჩქებში ჩაესვენა, სადაც ღამის წყვდიადში ზეციდან ნათლის სვეტი დაადგა. მივიდნენ სოფლის მცხოვრებნი და ნახეს, კუბოს წინ სანთელი ენთო. ამ სასწაულის შემდეგ ხალხს გაუორკეცდა სიყვარული და სასოება დედა ღვთისას კვართისადმი. მოსახლეობამ, თავისი სურვილით, დააწესა ყოველ ღამით სამი კაცის მორიგეობა მონასტრის გარშემო, რათა აღარასოდეს დაეკარგათ ეს უდიდესი სიწმინდე.

მეც მოგითხრობთ ერთ სასწაულს, რომელიც ჩემი თვალით ვიხილე. გულმხურვალედ ვმადლობ დედა ღვთისას, რომ მეც გამხადა ღისრი, მივახლებოდი მის წმინდა კვართსა და სარტყელს და თაყვანი მეცა. ვმადლობ რუსთავის წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარს, დეკანოზ კახაბერს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა და დასავლეთ საქართველოში წმინდა ადგილების მოსალოცად წასული მრევლი ყოვლადწმინდა ქალწულის კვართის მოლოცვის გარეშე არ დაგვტოვა. ეს იყო ენით გამოუთქმელი სიხარული, როდესაც მამაომ გვახარა, რომ მუზეუმმა ნებართვა გასცა, მივახლებოდით სიწმინდეს. სიხარულის ცრემლებიც კი მოგვადგა თვალზე. ახლაც თვალწინ მიდგას მამა კახაბერის ბედნიერებით აღსავსე თვალები და ყურში ჩამესმის მისი ხმა, როგორ აღავლენდა პარაკლისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის კუბოს წინ დაჩოქილი.

მუზეუმის ერთ პატარა ოთახში ასვენია უდიდესი განძი ქართველი ერისა. მახსოვს სანთლებით განათებული ოთახის კუთხეში დასვენებული კუბო, რომელშიც ინახება ყოვლადწმინდა მარიამის კვართი. ოთახი იმდენად პატარაა, რომ მრევლი ნაწილ-ნაწილ შევდიოდით მოსალოცად, მერე კი იქვე, მუზეუმის ეზოში გამოსულები ვლაქერნის სახელობის ტაძარს მივაშურებდით, რათა სამადლობელი ლოცვა აღგვევლინა ყოვლადწმინდა მარიამის ხატის წინაშე.

ეზოში მრევლის ერთ-ერთი წევრი მომიახლოვდა და მთხოვა, სასწრაფოდ შევსულიყავი ტაძარში და ვიდეოკამერა ჩამერთო. მიზეზი არც მიკითხავს, ისე გავიქეცი ეკლესიისკენ. შევედი ტაძარში და რას ვხედავ - საკურთხევლის თავზე სინათლის სხივებით გამოსახულია დედა ღვთისა ყრმა იესოთი ხელში. გაოგნებულმა გავასწორე კამერა. ეს სასწაული ვიდეოფირმაც აღბეჭდა. ამ დროს კი მრევლის ნაწილი მამა კახაბერთან ერთად ისევ ყოვლადწმინდა მარიამის კვართის წინაშე ლოცულობდა.

ჭეშმარიტად დიდია ყოვლადწმინდა მარიამის დედობრივი მზრუნველობა ყოველ ქრისტიანზე. დედა ღვთისა შეეწია ჩვენს მცირედმორწმუნეობას და ხილულად დაგვანახა თავისი ჩვენთან მარადმყოფობა. ღვთისმშობლის წილხვდომილი ერის შვილებს მეტად მოგვეთხოვება ქრისტიანობის დაცვა ჩვენს სულებშიც და ჩვენს გარშემოც. მარადქალწული მარიამი შეგვეწიოს ჩვენი წილი ქრისტიანობის დაცვაში.
ბეჭდვა
1კ1