საბერძნეთის სიწმინდეები
საბერძნეთის სიწმინდეები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დედათა მონასტერი
მანდარის აღმართს აუყვები თუ არა, უმალ შემოგეფეთება სასწაულებრივი სილამაზის ქვით ნაშენი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დედათა მონასტერი. შეხედვისთანავე რწმუნდები, რომ მონასტრის კარიბჭე არ არის ჩვეულებრივი, ის უბრწყინვალესი ქვის შენობაა. მთავარ შესასვლელთან სამრეკლოა. ეს დიდებული, უზარმაზარი შენობა ქვებით ისეა მოპერანგებული, გაგიკვირდება, - ნეტავ, რა ხელმა ააგოო. მონასტრის პირდაპირ ქვითვე მოპირკეთებული წყაროა. ეზოში, ორსართულიან სახლში, დედების სენაკები და სათავსებია. იქვეა სამლოცველო, მთავარი მონასტერი, სადაც ორიგინალურ ტახტზე დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი. მონასტრის წინ ქვის კოშკია აღმართული. ნაძვნარში განდეგილებისთვის აივნებიანი სენაკებია. აქაურობა 35 წლის წინ გაუდაბურებული ყოფილა, მაგრამ ღვთისმშობლის ნება აღსრულდა.

მონასტერში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის ისტორია კი ამგვარია: თურმე ხატი ათონელი ბერისგან სმირნაში შეიძინა ერთმა ბერძნულმა ოჯახმა. თუ როდის და ვის მიერ დაიწერა ხატი, არავინ იცის. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ათონელი ბერები ხატის წერის დროს ლოცულობდნენ. ოჯახმა ხატი მემკვიდრეობით უფროს შვილს გადასცა. რამდენიმე თაობის შემდეგ ხატი ერთ-ერთი ოჯახის პირველ შვილს - ქალიშვილს ეკუთვნოდა. 1922 წლის ამბოხების დროს ოჯახი კუნძულ მიტილენეზე გადავიდა და თან წაიღო ღვთისმშობლის ხატი. რამდენიმე წლის შემდეგ, მშობლების გარდაცვალების მერე, ქალიშვილი ათენში გადასახლდა. ახლა გავიგებთ, როგორ მოხვდა ამ ქალის კუთვნილი ხატი ატიკის მანდარის მონასტერში.

ოთხი ბერი, ერთი სული და გული რომ ჰქონდათ, ათენში მონასტრის ასაშენებელ ადგილს ეძებდა. უნდოდათ, ათონის მთაზე შეეკვეთათ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დაწერა, რადგან ამ ხატისთვის უნდოდათ მიეძღვნათ მონასტერი. წმინდა შემთხვევის წყალობით, მათ ეწვია ერთი ქალბატონი, იფიგენია ანაპლიოტე. საუბარში თქვა, მოსალოცად დავტოვე პირადი ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატიო. გახარებულმა ბერებმა უთხრეს, თუ ამ ხატს მიუძღვნით, მის სახელზე ავაგებთ მონასტერსო. ქალბატონს იმწუთას პასუხის გაცემა გაუჭირდა. მაშინ ბერებმა სთხოვეს, მხოლოდ ერთხელ გვათხოვეთ ხატი ლიტურგიის დროსო. ქალბატონი დაყაბულდა, მაგრამ მერე ბერებს ხატი აღარ გამოართვა, - ხატი თქვენია, თქვენი წმინდა მიზნისთვის გამოიყენეთ და ილოცეთ ყველა ჩვენგანისთვისო.

სამონასტრე ადგილის გამოჩენაც სასწაულებრივად მოხდა. გადაწყვიტეს, მშენებლობა ატიკის მანდარაში დაეწყოთ. იმ მხარის დიდმა მიწათმოქმედმა 25 ჰა მიწა საჩუქრად გადასცა მათ. ამ ოთხმა ბერმა დაიწყო ძალიან რთული საქმე, მაგრამ უდიდესი რწმენით, წმინდა სურვილებით და ძლიერი სულიერებით. სასწაული ის იყო, რომ თვით ღვთისმშობელი ჩამოდიოდა იმ ადგილას, სადაც მონასტერი შენდებოდა. ერთმა მოხუცმა მწყემსმა ბერებს უთხრა, მამაჩემი ხშირად ხედავდა აქ მოსიარულე მონაზონს, რომელიც მერე უჩინარდებოდა სივრცეში. როდესაც თავისი ქონება გაანაწილა, მითხრა: ერთ დღეს იქ, მაღლა აშენდება მონასტერი, მიეცი ადგილი - მიწაო. 60 წელი ვინახე ეს ამბავი. ახლა მეც მოგცემთ მიწას, რომ ფართო ტერიტორია გქონდეთ მონასტრისთვისო. მეორე მანდარელმა უთხრა მამებს: პატარაობაში პაპაჩემთან ერთად აქ ხშირად მოვდიოდი. დაახლოებით 1915 წელს პაპამ მითხრა, - დაიმახსოვრე, იქ, მაღლა დიდი ამბები მოხდება. იქნებ მოესწრო კიდეცო.

1978 წელს დაიწყო მონასტრის მშენებლობა. 1982 წელს მისი კარიბჭე იკურთხა.

სასწაული
"ღვთისმშობელი საგადასახადო დეპარტამენტის სალაროში იხდის ჩემს ვალს".

ქალაქ მეგარაში ერთ ქვრივ ქალბატონს საგადასახადო დეპარტამენტი აფრთხილებს, მიხედოს განსვენებული ქმრის დიდ ვალს. ქალი ვალის ოდენობის გასარკვევად საგადასახადოში წავიდა, მაგრამ ინსპექტორმა უთხრა, ბევრი ხალხი მყავს, თქვენს საქმეს კი ყურადღებით შესწავლა სჭირდება და რამდენიმე დღეში თვითონ დაგირეკავთო. გულდამძიმებულმა ქვრივმა გადაწყვიტა, დასთან ერთად წასულიყო მსწრაფლშემსმენელის მონასტერში და ღრმა ლოცვით ეთხოვა ღვთისმშობლისთვის საქმის მოგვარება, რადგან მას ფული არ ჰქონდა.

მართლაც, სამ დღეში დაუკავშირდა ინსპექტორი და იმის მაგივრად, ვალის ოდენობა ეთქვა, დაამშვიდა, - გუშინ ერთმა ქალბატონმა გადაიხადა მთელი ვალი. თქვენი საქმე დახურულიაო. ეს ამბავი მხოლოდ ქვრივის დედამ და დამ იცოდნენ. იცოდა ღვთისმშობელმა... დამ მოისმინა, როგორ ლაპარაკობდა ქვრივი: "ღვთისმშობელო, რომ ვფიქრობ ამ სასწაულზე: როგორ მიხვედი საგადასახადოში ხელში ფულით, ჩვენი გაუფრთხილებლობის გამოსასწორებლად როგორ მიაბიჯებდი ხმაურიან საგადასახადოში, გული მეწვის და მინდა, მთელ ქვეყანას გავაგებინო. ვინ იყო მოლარე, რომელმაც აიღო ფული შენი დალოცვილი ხელებიდან ისე, რომ ვერ შენიშნა საოცრება? არ რეკდნენ ზარები შენს გზაზე, ჩემო ღვთისმშობელო, მაგრამ რეკენ ჩემს გულში და ასე გააგრძელებენ, ვიდრე ვარსებობ, პატივისცემით სავსე ცრემლებით, რომ დამაჯილდოვე, ასეთი სასწაული მეხილა უფლის ერთ უმნიშვნელო მონას". ეს ამბავი მოხდა 1995 წლის შემდეგ. ამ ქალბატონის მონაცემები აქვს მონასტერს.

მეტეორა
საბერძნეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე, პინდუს და ხასიას შორის, თესალონიკის ახლოს აღმართულია დიდებული მთები, სადაც მეტეორა მდებარეობს.

მუქი ფერის გიგანტური კლდეების მნახველს ეუფლება შიშნარევი აღფრთოვანება. ეს გეოლოგიური მოვლენა ერთადერთია მსოფლიოში და მისი ახსნა ჯეროვნად ვერავინ შეძლო. მეტეორა ციურს, ცისას, ცის ქვეშეთს ნიშნავს.

მეტეორას ყურადღება მიაქციეს ბერებმა და დაიდეს ბინა მწვერვალზე, რადგან ეგონათ, რომ უფალთან უფრო ახლოს იქნებოდნენ. ეს მოხდა XI საუკუნის დასასრულს და XII საუკუნის დასაწყისში.

უფლის სადიდებლად ბერები მოდიოდნენ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც აიგო 1162 წელს. აღადგინეს და განაახლეს 1867 წელს. XIII საუკუნის დასასრულს თესალიის ხელში ჩაგდება ბევრს უნდოდა. ბიზანტიელები იპირუდან მოვიდნენ, ალბანელები - ჩრდილოეთიდან, სერბები და თურქები - აღმოსავლეთიდან. ასეთი ურწმუნოების, დაუცველობისა და შიშის გამო მოსახლეობის უმეტესობა ითხოვდა ბერულ ცხოვრებას მეტეორაზე. როდესაც ბერების სათაყვანო გმირმა სტეფანო დუშანმა XIV საუკუნეში აიღო თესალია და დასავლეთი საბერძნეთი, შეწყდა რომაელების და ალბანელების მბრძანებლობა და სიმშვიდემ დაისადგურა.

იმ პერიოდში მეტეორაზე პირველ განმანათლებლად და ბერული ცხოვრების დამაარსებლად ითვლება ბერი ნილე. 1367 წელს მან შეიერთა იპაპანტის უძველესი მონასტერი. მეტეორაზე სულ ოცი სავანეა.

1475-1476 წლებში დაფუძნდა სამების ტაძარი, რომელიც 1483 წელს მოიხატა.

1393 წელს თესალია აიღეს ოტომანებმა. ისინი ძარცვავდნენ და ავიწროებდნენ მონასტრებს, ამიტომ ბერები იძულებული გახდნენ, თვითონ დაეცვათ მონასტრები. XVIII საუკუნეში კი თურქ-ალბანელებმა დაიწყეს იქაურობის აოხრება. გაუდაბურდა თესალია, მაშინდელმა ბატონმა ალი პასამ დიდი გადასახადები დააკისრა მეტეორას მონასტრებს.

პროტესტის ნიშნად თურქების წინააღმდეგ აღდგა მამა თიმიუ ვლახავა აბჯროსანი. მის მამასაც აბჯროსნად მოიხსენიებენ. მამა თიმიუ 1808 წელს აუჯანყდა ალი პასას ლარისასა და ტრიკალაში. თანამებრძოლებთან ერთად ის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში იდგა. შეტაკება მოხდა კასტრაკში 1809 წელს. აჯანყებულები დამარცხდნენ. მამა თიმიოს ვლახავა დააპატიმრეს და იოანინაში სიკვდილით დასაჯეს. აჯანყებულთა დასაშინებლად ოთხად გაჭრეს. ალიმ დაადანაშაულა მეტეორა აჯანყებულების თანადგომაში და წმინდა დიმიტრის ეკლესია დაანგრია.

მეტეორას სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა ძვირფასი პერგამენტები და დოკუმენტური მასალა, წიგნები საეკლესიო ცხოვრებაზე.

მეტეორაზე სხვადასხვა ეპოქაში მოქმედებდა შემდეგი მონასტრები: პანტოკრატორის - ყოვლადძლიერი, იფსილრტერა (სამყარო), კონსტანტინეს კელია, ღვთისმშობლის მონასტერი, მოდიონი, წმინდა პავლეს, კალისტრატეს მონასტერი, წმინდა გიორგის და წმინდა მანდილას, წმინდა ალისეს მონასტერი, იპაპანტი, წმინდა დიმიტრის, სტილუს მონასტერი, წმინდა მიკანი.

დღეს კი მხოლოდ ექვსი მოქმედი მონასტერი ელოდება მომლოცველებს.

უფლის ფერისცვალების სახელობის ეკლესია
მეტეორაზე ბერული ცხოვრება XIV საუკუნეში დაიწყო. ათონელი სიტყვის დიდოსტატი ბერი ათანასიო წარმოშობით პატრიდან გახლდათ. სწავლა-განათლების მიღების შემდეგ იმოგზაურა თესალონიკში, კრეტაზე, კონსტანტინოპოლში. ისეთ ბერულ სიმშვიდეს ეძებდა, როგორიც სუფევდა ათონის წმინდა მთაზე. შემდეგ წმინდა მთიდან სულიერ მოძღვართან, მამა გრიგოლთან ერთად წამოვიდა და ერთ კლდეზე, დღევანდელ კალამბაკასთან დაიდო ბინა. მამა ათანასიომ კლდეზე ათი წელი ლოცვებში გაატარა. საარსებოდ კალათებს წნავდა. მამა გრიგოლის მეტეორადან წასვლის შემდგომ ათანასიომ ეპისკოპოსს სთხოვა, სრული მარტოობის მოსაპოვებლად კლდის წვერზე ასვლის ნება დაერთო. ღირსი ათანასიოს თხოვნა დაკმაყოფილდა.

დასაწყისში მამა ათანასიო უარზე იყო, სხვა სკიტელებიც გაჰყოლოდნენ, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა, 14 ბერი დაბინავებულიყო მის გვერდით. ასე შეიქმნა საძმო.

თავიდან ცალ-ცალკე სკიტებში ცხოვრობდნენ და თითოეული თვითონ ზრუნავდა საკუთარ თავზე. ღირსი ათანასიო აკვირდებოდა და ეხმარებოდა სკიტელ ბერებს სულიერ ცხოვრებაში, რათა ისინი დაეცვა სიზარმაცისაგან და ამავდროულად გაეძლიერებინა მათი თანასაზოგადოებრივი ცხოვრება. აჩვევდა ფიზიკურ შრომას. ასაკოვნებს უფრო მსუბუქი საქმე ევალებოდათ, ახალგაზრდები წერაქვით ამუშავებდნენ მიწას, რათა ოფლით მოეპოვებინათ საზრდო.

ღირსმა მამამ ყველას გაუნაწილა კლდის ძირში არსებული მიწები, ერთი წილი დაიტოვა თავისთვის. გააშენა ვენახები და გასცა ბრძანება, რომ რომელიმე ბერის სიკვდილის შემდეგ მისი წილი გადასცემოდა საძმოს, ხოლო მისი სულის მოსახსენიებლად პარაკლისი გადაეხადათ. ასე ჩამოყალიბდა მეტეორაზე თავისებური ცხოვრების წესი.

მონასტერმა ამ ცხოვრების წესით იარსება ღირსი ათანასიო მეტეორელის სიცოცხლის ბოლომდე. ის 1380 წელს 78 წლისა მიიცვალა.

უფლის ფერისცვალების სახელობის ეკლესია დიდ მეტეორაზე დღევანდელ ექვს მოქმედ მონასტერს შორის არის უდიდესი, უძველესი და წარჩინებული.

საბერძნეთის ტერიტორიაზე სულ 30 000 ეკლესია-მონასტერია, მათგან 6000 - ღვთისმშობლის სახელობისაა.

წმინდა ვარლაამის მონასტერი
იოანინაში მახარებლის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდნენ ძმები თეოფანე და ნექტარიოსი, რომლებიც იყვნენ გამოჩენილი ოჯახებიდან. ისინი 1511 წელს მოვიდნენ მეტეორაზე და დააფუძნეს მახარებლის ეკლესია. რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს ასულიყვნენ უფრო ფართო კლდეზე 373 მ სიმაღლეზე, რომელსაც ერქვა ვარლაამი, ბერის სახელი. ეს მონასტერი დიდი მეტეორას პირდაპირ მდებარეობს. ძმებმა ბერ ბენედიქტიოსა და პახომიოსთან ერთად 1518 წელს აღადგინეს ძველი მონასტერი და დაიწყეს ახლის შენება. წლები დასჭირდა სამშენებლო მასალის კლდეზე ატანას. ასე შეიქმნა ერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო ანსამბლი.

KARIBCHE

წმინდა ვარლაამის მონასტერი

თეოფანემ მიიძინა 1544 წელს, ნექტარიოსმა - 1550 წელს. მათი ანდერძით, მონასტერში ბერებს სიყვარულით უნდა ეცხოვრათ. მონასტრის ცხოვრება XVI საუკუნეში დაიწყო. არსებობა შეწყდა XVIII საუკუნის შუა ხანებში, რუსეთ-თურქეთის ომისას. ამას დაერთო თურქეთ-ალბანეთის ომი.

რუსენას მონასტერი
კასტრაკიდან მეტეორასკენ მიმავალ გზაზე, ერთი მაღალი კლდის მწვერვალზე აღმართულია რუსენას მონასტერი. მონასტრის კარამდე მიდის ერთი პატარა ხიდი, რომელიც 1930 წელს შესწირა დაფნოს მბუკამ. მონასტერი სამსართულიანია. შიგ განთავსებულია კელიები, დამხმარე ოთახები. მონასტრის სახელწოდების ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. სავარაუდოდ, ამ კლდეზე პირველად დასახლდა მარტოსული ადამიანი, რომელსაც რუსანო ერქვა. არის სხვა მოსაზრებაც: შესაძლებელია აქ რუსი ბერები სახლობდნენ.

წმინდა ნიკოლოზ ანაპავსა
კასტრაკიდან მეტეორისკენ მიმავალთ პირველი წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი შემოგვხვდა. მონასტრის ჩრდილოეთით ორსართულიანი, ხის აივნებიანი სენაკებია, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. მონასტრული ცხოვრება აქ დაახლოებით XIV საუკუნეში დაწყებულა. გარკვეული დროის შემდეგ შეწყვეტილა და XVI საუკუნეში აღმდგარა.

წმინდა ნიკოლოზის მონასტერში 1888 წელს თითებზე ჩამოსათვლელი ბერები ცხოვრობდნენ. მონასტერი მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვისგან დაზიანდა. 1960 წელს კი მოხდა მისი რესტავრაცია.

შეგვეწიოს საბერძნეთის წმინდა სალოცავების მადლი.
ბეჭდვა
1კ1