"საქართველოს იმედის" ხატი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი
29.04.2010
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მალე კიდევ ერთი მადლმოსილი ხატი შეიქმნება, რომელსაც ჩვენმა პატრიარქმა "საქართველოს იმედი" უწოდა. ის დაახლოებით საქართველოს დიდებისნაირი იქნება.
დედა ღვთისა მარიამის გარშემო განლაგდებიან ქართველი წმინდანები. ოქროთი და ბაჯაღლოთი მოიჭედება სვეტიცხოვლის გამოსახულება - აღმართული სვეტი, სიდონია - კვართით, ოღონდ არა მიწაში განსვენებული, არამედ ცოცხლად, მაცხოვრის პერანგით ხელში. ცოცხალი ფიგურები ძირითადად მინანქრისა იქნება და ისინიც ბაჯაღლოთი შესრულდება. ამ უნიკალური ხატის ესკიზი დავით კაკაბაძე-უმცროსმა შექმნა. ჭედურ სამუშაოებს კი შეასრულებს დიდი სამების ტაძართან არსებული სახელოსნო, რომელსაც ხელმძღვანელობს დეკანოზი იაკობ აბაშიძე. მამა იაკობს სამების ტაძარში შევხვდი.
- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ამ დიდებულ ხატზე მუშაობა. ამ ხატის კომპიუტერული ვერსია სამების დიდ ტაძარში არის დაბრძანებული. საკურთხეველში უკვე ბრძანდება მისი პერანგი. ხატს მოამინანქრებს დავით კაკაბაძის ჯგუფი. ჩვენ მის ფონს ვაკეთებთ. ჭედური ხატი მინანქრით დაიფარება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევა გახლავთ, რომ თითოეული დეტალი დამუშავდეს და დაფარული ადგილებიც კი მოვჭედოთ, რამეთუ უფალი ყოველივეს მხილველია. ერთი წერტილიც არ უნდა დარჩეს ხატზე მოუჩუქურთმებელი. ხატის პირზე იქნება საქართველოს დიდების მსგავსი გამოსახულებები, წმინდა მეფეები, დედოფლები, მოწამეები. კარნიზებში მოთავსდებიან მსოფლიო წმინდანები, გვერდით კარედის ფრთებზე კი ასი ათასი წმინდანის გამოსახულება, მეორე მხარეს გარეჯელი წმინდანები და ყველა ის წმინდანი, ვინც კი საქართველოში ქრისტესთვის ეწამა. ხატის დაბლა მხარეს იქნება ასომთავრული წარწერები. ჭედური ხატის წინა მხარეს - სვეტიცხოვლის სადიდებელი ლოცვა, ხოლო უკანა მხარეს - ერის სადიდებელი ლოცვები ამოიტვიფრება.
გვინდა გამოისახოს აღთქმის კიდობნის პირველი ჭედური ნიმუში,Aაღთქმის კიდობანზე მდგარი ანგელოზები და ასევე ავგაროზის მაცხოვრის მიერ ტილოზე გამოსახული ხატი.
უწმინდესი ხედავს, რომ ამ ხატის შექმნით დაიდება ერთი პატარა აგური ჩვენი სულიერი ერთობის, ღმერთთან ახლოს ყოფნისა და საქართველოს გაბრწყინებისა. ჩვენი ვარაუდით, ხატი მომავალი აღდგომისთვის დასრულდება და ტყვიაგამძლე შუშით დაბრძანდება დიდ სამებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხატში ჩაბრძანებული იქნება მრავალი წმინდანის წმინდა ნაწილები. მათ შორის წმინდა გიორგის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნიკოლოზის და სხვა მრავალ წმინდანთა ნაწილები.
- მამაო, ამ დიდებული ხატის შესასრულებლად როგორ მოხდა თქვენი გამორჩევა?
- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია ჭედურ სამუშაოებს ვასრულებთ. ადრე დიდი სამების სამრეკლოში გვქონდა სახელოსნო. ამჟამად კარიბჭეში გადაგვიყვანა, უფრო გავფართოვდით. მეც ვმუშაობ ხატის შექმნაზე. პირველ ნიმუშს თავად ვაკეთებ, შემდეგ ჩემი მეგობრები აკეთებენ მის ასლებს, რათა საქმე წინ წავიდეს. უწმინდესის ყურადღება იმით დავიმსახურეთ, რომ მანამდე შევასრულეთ ბალდახინი, რომელიც სამების ტაძრის ცენტრალურ ადგილას დგას. ვინც მიიღო მონაწილეობა იმ ბალდახინის შესრულებაში, "საქართველოს იმედის" შესაქმნელად იქიდან ავარჩიე ოთხი ადამიანი, მათ შორის ზეზვა საღლიანი, ბექა ბადუკაძე, ვიქტორ თოდუა და დავით თევდორაშვილი.
ასევე დაწყებული გვაქვს თხოთის ჯვრის მოჭედვა. იმ ჯვრისა, რომელიც თხოთის მთაზე მირიან მეფემ მოქცევის შემდგომ აღმართა. დღემდე ეს ჯვარი ბრძანდებოდა მუზეუმში. ის უწმინდესს გადასცეს და პატრიარქმა სამებაში მოაბრძანა. ახლა ეს ჯვარი საკურთხეველში ინახება, მომავალში უნდა მოიჭედოს და ძვირფასი ქვებით შეიმკოს. როგორც კი მოვრჩებით "საქართველოს იმედის" ხატის მოჭედვას, თხოთის ჯვარზე გადავალთ. უწმინდესის კურთხევით ვამზადებთ ასევე სამეფო გვირგვინებს - ესკიზები მზად გვაქვს. იმედია, ჩვენს ერს ოდესმე დასჭირდება და გამოადგება ჩვენ მიერ ოქროთი მოჭედილი სამეფო და სადედოფლო გვირგვინები. ასევე მოჭედილი გვაქვს საეკლესიო, საეპისკოპოსო კონდაკი. შევქმენით სამღვდელო ჯვრები და მრავალი სხვა.
- საიდან იღებს სათავეს ჭედური ხელოვნება?
- მახსენდება წინასწარმეტყველ მოსეს გამოცხადება: ღმერთი გამოეცხადა წინასწარმეტყველ მოსეს და პირველ ხატს აკმევინებს.Mმოსე ამბობს, რომ კერპთაყვანისცემა არ შეიძლება, მას ასევე ღმერთმა გამოუცხადა ეს ჭეშმარიტება. უფალი მოსეს ავალებს ხატების მოჭედვას.Aაქედან ჩანს, რომ ხატი სულ სხვა რამეა, კერპი - სულ სხვა. ის, ვინც კრძალავს კერპებს, უფლის დავალებით ქმნის ხატებს. გამოცხადების შინაარსი ამგვარი იყო: უფალი ეუბნება მოსეს, - გააგებინე მთელ ისრაელს, ჩემს ერს, მოკრიბონ ოქრო, გადაადნონ სხვადასხვა ნაკეთობა, სამკაულები, შექმნან ბალდახინი ანუ აღთქმის კიდობანი და მოჭედონ ძვირფასი ლითონით, მათ შორის ოქროთი, და იქ გამოისახოს პირველი ხატებიო. რა თქმა უნდა, ძველ აღთქმაში არ შეიძლებოდა შექმნილიყო უფლის ხატი, რადგან ღმერთი უხილავი იყო და ყოველგვარი მსგავსი გამოსახულება აღიქმებოდა კერპად. ასევე არ შეიძლებოდა წმინდანების გამოსახვაც, რადგან ისინი ჯერ არ იყვნენ გამოსყიდულნი მაცხოვრის სისხლითა და აღდგომით. ამიტომ ერთადერთი ხატი ანგელოზებისა შეიძლებოდა ყოფილიყო. მოსეს უფალი უბრძანებს, გამოსახოს აღთქმის კიდობანზე ანგელოზთა გამოსახულებები - ქერუბიმები, სერაფიმები. მართლაც, მთელმა ერმა მიიღო მონაწილეობა ამ პირველი ხატის შექმნაში.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს იმედის ხატის შესაქმნელად დაიდგა შესაწირი ყუთები. ხატი მთელი ერის სადიდებლად და უფლის წინაშე სავედრებლად დაიწერება.
უფალი ბრძანებს, მომიახლოვდი, ადამიანო, ერთი ნაბიჯით და მე მოგიახლოვდები ორი ნაბიჯით. გვწამს, ეს ხატი მთელ ერს გააერთიანებს. შემომწირველთა სახელები ჩაიწერება საეკლესიო დავთარში და ყოველთვის მოიხსენიებიან. ხატისთვის შესაწირის გაღება შეიძლება აქვე, სამების ტაძარში. ოქროს ნივთების შეწირვა შეიძლება საპატრიარქოში, მამა სერაფიმესთან (ჭედია).
დღეს მინანქრის შესწავლას დიდი ყურდღება ექცევა. ვფიქრობ, რომ არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ჭედურობას, რამეთუ ეს ხელოვნება საქართველოს ისტორიაში ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა და მომავალშიც იტყვის. პირველქმნილი ხატები, რომლებიც მსოფლიოში შეიქმნა, თუნდაც მოსეს დროს, მაცხოვრის მოსვლამდე, ჭედური იყო.
საქართველოს იმედის ხატი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს იმედი, რაც ასეთი აუცილებელი სათნოებაა.Uუფალი ბრძანებს, ადამიანი სრულყოფილ სიყვარულს რომ მიეცეს და უფლის წინაშე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყოს, საჭიროა რწმენა, იმედი და სიყვარული.