ყველა ეკლესია ეკლესიაა, მაგრამ სვეტიცხოველი საქართველოს ყველა სალოცავ-ტაძრის დედოფალია
ყველა ეკლესია ეკლესიაა, მაგრამ სვეტიცხოველი საქართველოს ყველა სალოცავ-ტაძრის დედოფალია
ეს სიწმინდე საქართველოს ყველაზე დიდი კურთხევაა და იმედი იმისა, რომ ის დაიცავს მართლმადიდებლობას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელ დედამიწაზე
სვეტიცხოვლობა უდიდესი დღესასწაულია მთელი საქრისტიანოსთვის და განსაკუთრებით ქართველი ერისთვის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოვლის დღესასწაულზე ქადაგებაში ბრძანა: "უფალმა უხვად მიანიჭა მადლი საქართველოს. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ჩვენს ქვეყანაში ჩამოტანილ იქნა ხალენი წმინდისა ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც ამ წმინდა ადგილზეა ჩაფლული და იგი განასახიერებს წინამორბედს კვართისა უფლისა ჩვენისასა, რომელიც ღვთის განგებითა და ბრძანებით ჩამობრძანდა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ღვთის განგებითა და ბრძანებით, საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და კიდევ რამდენი სხვა მადლი ებოძა ჩვენს ქვეყანას! მთავარი და მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ღირსნი ვიყოთ ამ ძღვენისა".

სვეტიცხოვლის დღესასწაულს მეორენაირად კვართობის დღესასწაულსაც უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით, კვართი მაცხოვართან ერთად იზრდებოდა. ღვთის განგებით, ის ვერ გახლიჩეს ქრისტეს მტანჯველებმა. უფლის კვართი ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ მოიაზრება. საგალობლებში ვკითხულობთ:

"კვართი ბრწყინავს, სვეტი ნათობს,
ჯვარი კრთების და სხივთა ელვებრ განუტეობს,
ხოლო ეკლესია ღაღადებს:
მეფენო და ერნო, იხარებდეთ დღეს!"


"სვეტიცხოველი ქრისტიანობის უდიდესი სასწაულია საქართველოში. სვეტიცხოველი ქართული სიმბოლოა ქრისტიანობისა. იგი "ახალ აღთქმას" ემყარება: "ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლა, რომელ არს ეკლესია ღმრთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (I ტიმ. 3,15) - ეს პავლე მოციქულის სიტყვებია. მცხეთაში, უფლის კვართზე ამოზრდილი კვიპაროსი, ნაძვი ლიბანისა გადაიქცა ნათლის სვეტად, სულიერ, მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ სვეტად, "ცხოველ" ანუ ცხოველმყოფელ სვეტად და სიმბოლოდ ღვთაებისა. ამისდაკვალად, უძველეს და უმთავრეს ქართულ ეკლესიას ეწოდება "სვეტიცხოველი".

სვეტიცხოველში ჩანს მარადიული ცხოვრების აღმნიშვნელი სიტყვა ("ცხოველი" ანუ მარად ცოცხალი), რომელიც მოცემულია უფლის ქართულ სახელდებაში - მაცხოვარი. სვეტიცხოვლის ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოხატავდა, ვითარცა ადგილი ღვთისა. სვეტიცხოველი გულისხმობდა წმინდა სიბრძნეს, საღვთო სიბრძნეს. იგი საქართველოში ქრისტიანობის საბოლოო დამკვიდრების სიმბოლოა... სვეტიცხოვლის ტაძრის მაღალი სარკმლებიდან ეშვება ("ჩამოესვეტება") ნათლის სვეტი ანუ სვეტიცხოველი, ცოცხალი და ცხოველმყოფელი თავისი სულიერებით და აკავშირებს ზეცასა და ქართულ მიწას. ადამიანი მას ვერ ხედავს ჩვეულებრივი მზერით. იგი ყველამ თავისი სულიერი ხედვით უნდა წარმოიდგინოს. ვინც ამას წარმოიდგენს, მის სულში ჩნდება სვეტი-ცხოველი, ზეცისა და მიწის შემაკავშირებელი, ადამიანის სულიერად განმწმენდელი და გამაცხოველებელი. ყველას შეიძლება გვქონდეს საკუთარ სულიერ წიაღში საკუთარი სვეტიცხოველი, ხატი და სიმბოლო იმ მთავარი სვეტი-ცხოვლისა ანუ ღვთაებისა. დღევანდელი სვეტიცხოვლის ტაძარში იმ სულიერ სვეტი-ცხოველს ფრესკებით მოხატული ქვით ნაშენები სვეტი ფარავს.

თვით უმთავრესი ტაძარი ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, სულიერი ნათლის, ღვთაებრივი სვეტიცხოვლის სიმბოლოა. ამიტომ ორგვარად უნდა გვესმოდეს მნიშვნელობა "სვეტი-ცხოვლისა": პირველია ღვთაებრივი ნათლის სვეტი, სულიერად არსებული სვეტიცხოველი, მეორე - მისადმი მიძღვნილი ტაძარი, სვეტიცხოველი.

სვეტიცხოვლის ტაძარი სიმბოლოა სულიერი სვეტიცხოვლისა.

სვეტიცხოველი რწმენის სიმბოლოა, ჩვენი მრწამსია.

სვეტიცხოველი სულიერი ნათლის სვეტია. იგი ნათელსაც კი სულიერად გაგვააზრებინებს... ის სულის საზრდოა, ნათელია სულისა, სულია ეკლესიისა, სიმბოლოა მამა ღმერთისა, ძისა და სულიწმინდისა და სამებისა ერთარსებისა. სვეტიცხოველი შემაერთებელია ცისა და ქართული მიწისა. იგი მთელი ქართული სულიერი ცხოვრების საფუძველთა საფუძველია" (რევაზ სირაძე).

როგორ დღესასწაულობდნენ ჩვენი წინაპრები სვეტიცხოვლობას, როგორ ატარებდნენ ძველი ქართველნი ამ დღეს და რამდენად ღირსეულად აღინიშნება ჩვენი უდიდესი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაული? ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა და ვფიქრობთ, კვლავაც აქტუალური კათოლიკოს-პატრიარქის, ლეონიდე ოქროპირიძის სვეტიცხოვლობას წარმოთქმული მამხილებელი ქადაგება.

"მცხინვარებითა საღმრთოითა განათლებული ერი ქართველთა, მხილველი საიდუმლოისა ღვთივშვენიერსა კვართსა ზედა საღვთოისა ღვთივ დანერგულისა სვეტისა დედოფალსა ეკლესიათასა შემოკრებულნი იშვებენ საიდუმლოდ და შესხმითა გალობათათა მძნობელნი, ქრისტესა ადიდებენ" (კანონი ცისკრისა).

ვიშ, რა დამატკბობელი, გულის წარმტაცი და საუცხოო სურათია აღწერილი მოყვანილს სიტყვებში! რა სანეტარო, სასურველი და ძვირფასი სანახავი ეშლება კაცს თვალწინ მათ გაგონებაზე! სვეტიცხოველი, ეს ჭეშმარიტად ეკლესიათა დედოფალი, აღვსილია მთლად ქართველთა ერით, დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი შეუპყრია რაღაც არაამქვეყნიურს ძალას, სახეზედ ყველას მიმოუქრის ზეციური ბედნიერება, თითოეულის შუბლს აბრწყინვებს ნათელმოსილი სხივი სულიერი ნეტარებისა. ერი ესე, მხილველი ღვთივბრწყინვალისა სვეტისა, რომელიც აღმართულია საუფლოსა კვართსა ზედა, ითვალისწინებს მათ მიერ (სვეტისა და კვართისა) მოხდენილთა მრავალთა სასწაულთა, აღივსება ლმობიერებით და გულის სიღრმიდან ამონადუღი ქება-დიდებით ქრისტესა ადიდებს.

აი, როგორ დღესასწაულობდა სვეტიცხოვლობას ჩვენი მამა-პაპა, რაგვარად ატარებდნენ ძველად ქართველნი დღევანდელს დღეს. მოყვანილს სიტყვებში, როგორც სარკეში, სრული სიცხადით გამოსჭვივის ჩვენი წინაპრების ღირს-წასაბაძი სათნოება, შეგნებული შიში და კრძალულება ღვთისადმი, მათი ქრისტიანული ჩვეულება და ხასიათი.

არავის არა აქვს საბუთი უსაყვედუროს ქართველებს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავების დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებში. არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსამართლო და უსაბუთო იქნება. ქართველ ხალხს დღესაც მტკიცედ ახსოვს, როდის რა ღირსშესანიშნავი დღეობა მოდის და დიდი ერიც ესწრება ხოლმე ამგვარ დღეობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის, რა საქმისთვის მოდის ხალხი სალოცავებში. რასაკვირველია, პირჯვრის დასაწერად, ლოცვა-ვედრებისთვინაო, ბრძანებთ მრავალნი. დიახ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ თუ ეს მართლა ესეა, რატომ წირვის დროს მაინც არ შემოდის ეს ამოდენა ხალხი ეკლესიაში და არ ისმენს შესაფერისი კრძალულებით ლოცვა-გალობათა? რის ნიშანია ეს, რაღაც უზრდელად, მეტისმეტი კადნიერებით და თავხედობით რამდენიმე წუთით შემოვარდნა ეკლესიაში და მერე ისევ გავარდნა კარზე? რა არის ესოდენი უზომო და უჯერი სმა და ჭამა, სიმღერა, შეუსაბამო ხუმრობა, დაუღალავ-განუწყვეტელი ცეკვა, ახირებული სიცილი და სხვა? თუ ხალხი მოდის ხატის კარს სალოცავად, მაშ, რაღად გაისმის ეს საზიზღარი და საზარელი ხმაურობა ზურნისა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა გულით გვძულდეს და გვეზიზღებოდეს, რადგანაც ძველ დროში ამ ხმაურობის გაგონება მოასწავებდა ჩვენი ტაძრების, ჩვენი ციხესიმაგრეების, ჩვენი ქალაქების, სოფლების და მამა-პაპათა საფლავების აკლება-განადგურებას თათრებისაგან. არა, ასეთ ურიგობაში, არეულობაში, ასეთ ყოველ ზომიერებას გადასულ დროს ტარებაში ლოცვას სრულებით ალაგი არა აქვს და, მართალი უნდა ვთქვათ, არც არავინ ფიქრობს მასზედ. ხალხი მოსულა ღვთის გასარისხებლად და არა სალოცავად. სწორედ ამგვარი დღესასწაულების შესახებ ბრძანებს უფალი: "დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა" (ისაია 1,14). "მოვიძულებ და განვიშორებ დღესასწაულთა თქვენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქვენთა" (ამოს. 5,21). ასე, მოვდივართ ვითომდა ღვთის საამოდ, ღვთის კურთხევის მისაღებად და ნამდვილად კი ვიძენთ მისს წყევა-ყვედრებას; მოვდივართ სულიერი და ხორციელი სიკეთის მოსაპოვებლად და ნამდვილად კი ვიძენთ ათასგვარ ბოროტება-სიავეს, მოვდივართ ვითომდა ეკლესიების სარგებლობისთვის, და საქმით კი დიდი ზარალის, მისი ეზო-კარმიდამოს გაბინძურება-შებილწვის მეტს არას ვარგივართ მას. განა ეს ტაძარი ჩვენთვის ეკლესიათა დედოფალია?! განა ჩვენ ვფიქრობთ ან გვიფიქრია როდისმე, რომ თუმცაღა ყველა სალოცავი სალოცავია, ყველა ეკლესია ეკლესიაა, მაგრამ სვეტიცხოველი საქართველოს ყველა სალოცავ-ტაძრების დედოფალია?! განა რომ დედოფალი ყოველთვის სხვათა დედათაგან განირჩევა ძვირფასი სამკაულით და მშვენიერი მორთულობით? განა რომ დედოფლის პატრონები დიდად ზრუნავენ და მეცადინეობენ, რომ არა აკლდეს რა მათ დედოფალს და სიღარიბე-ნაკლულოვანებით არ დაიჩაგროს იგი? მაშ, რის ნიშანია ასეთი სიღარიბე ჩვენ სალოცავთა დედოფლისა? განა ეს ტიტველა, გაფცქვნილი და წვეთისგან გარეცხილი კედლები ამ ჩემს სუსტ და უძლურ ქადაგებაზე უაღრესად არ ღაღადებენ ჩვენს აზრმოკლებულ და საგმობელ გულგრილობას, გასაშტერებელ დაუდევრობას და სამარცხვინო უფერულობას? საკმარისია თითო ოჯახის მამამ გამოიღოს თვისდა წვლილად თითო ჩანახი პურის ფასი, ხოლო თვითეული ოჯახის დედამ - უბრალო მანდილის ფასი, და ეკლესია ესე შეიმკობა სწორედ იმგვარად, როგორც შეჰფერის სახელოვან დედოფალს. აი, რა მცირედ რამეს გვთხოვს ეს მამა-პაპათა ოფლით და შრომით აშენებული ტაძარი და რაღაცა საოცარი უთავობის, სულის სიმდაბლისა და გაღატაკების გამო ვერ შეგვიგნია ესა, გავჩერებულვართ და სხვისგან მოველით მოწყალებას! ოჰ, მეტად სამწუხარო, მეტად შემაძრწუნებელი და გულის შემზარავია ესეთი ჩვენი საქციელი! ნუთუ მართლა იმ ზომამდე მივაღწიეთ, რომ აღარაფერი არღარა გვემეტება-რა იმისთანა ტაძრის აღსადგენად, რომელშიც მთელი ერი აღმოიშობა წმინდა ნათლისღებით, რომელშიც მან განაგდო სამუდამოდ კერპთაყვანისმცემლობის სიბნელე და აღიჭურვა ცხოველსმყოფელი ჯვარითა!

კმარა, კმარა, საყვარელო მსმენელო, ამოდენა შერცხვენა, ამოდენა თავის მოჭრა - განვაგდოთ ჩვენგან ეს დამჩაგვრელი სულიერი მოდუნება და მცონარება, სიმდაბლით და მორჩილებით მოვიდრიკოთ მუხლი წინაშე ამ ღვთივ ბრწყინვალისა სვეტისა, ლმობიერებით ვეამბოროთ მას, შევთხოვოთ გულის სიღრმითგან, რომ არ მოგვაგოს მან საქმეთა ჩვენთაებრ და ამიერიდან მაინც დავდოთ მტკიცე აღთქმა მუდმივი ზრუნვისა ამ ჩვენი საერთო ემბაზის გამშვენებისთვის, რაცა ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს! ამინ".

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ბრძანებს: "საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე ცენტრალურ კომპოზიციას უფლის კვართი და სვეტიცხოველი წარმოადგენს. უფლის კვართს გარს საქართველოს წმინდანები ახვევია, ვითარცა მზისგან გამომავალი სხივები. ეს სიწმინდე საქართველოს ყველაზე დიდი კურთხევაა და იმედი იმისა, რომ ის დაიცავს მართლმადიდებლობას ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მთელ დედამიწაზე".

მოდით, კიდევ ერთხელ შევთხოვთ ცხოველმყოფელ სვეტს:

"სვეტო ღმრთივამაღლებულო, თაყვანს გცემთ, კვართო საუფლოო და მირონო წმიდაო, ჯვარო ქრისტეს ღმრთისაო, თაყვანს გცემთ, რათა მოსცე ძლევაი ღმრთივდაცულსა ერსა ჩვენსა, შენ მიერ უხვებით გვირგვინოსანსა".
ბეჭდვა
1კ1