ქსოვილის ამ პატარა ნაჭერმა შემოინახა ადამიანის გამოხსნის უდიდესი საიდუმლოების - უფლის ჯვარცმისა და აღდგომის კვალი
ქსოვილის ამ პატარა ნაჭერმა შემოინახა ადამიანის გამოხსნის უდიდესი საიდუმლოების - უფლის ჯვარცმისა და აღდგომის კვალი

როცა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მოლოცვა დავგეგმე, ყურმოკვრით ვიცოდი, რომ ახალქალაქში მეუფე ნიკოლოზმა ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ჩამოაბრძანა.

რაღა თქმა უნდა, ამ ეპარქიის სხვა სიწმინდეებთან ერთად მისი მოლოცვაც გადავწყვიტეთ.

 

ტურინის სუდარა არის ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ჯვრიდან გარდამოხსნილ მაცხოვრის სხეულს შემოახვია იოსებ არიმათიელმა და ასე დაასვენა სამარხში. აღდგომის შემდგომ კი ამ ნაჭერზე სასწაულებრივად აისახა მაცხოვრის ვნების ყოველი წამი. აი ამ სუდარის ზუსტი ასლი გახლავთ დაბრძანებული ახალქალაქში - ამ უდიდესი სიწმინდისთვის სპეციალურად აგებულ ეკვდერში. ახლა კი ჩვენ მიერ ნანახისა და განცდილის შესახებ მინდა გიამბოთ.

როგორც გვითხრეს, ასლი გარკვეული დროით დედა სიწმინდესთან ყოფილა დაბრძანებული და მისი მადლმოსილება სრულად მიუღია. თუმცა ამას უთქმელადაც იგრძნობთ ეკვდერში შესვლისას: თქვენ წინ იშლება საოცარი სურათი მაცხოვრის ვნებისა, თითოეული კადრი დგება თვალწინ და ამის მნახველს უეცრად გიპყრობს უცნაური სევდა, ტკივილი, მადლიერება, ბედნიერება და რა ვიცი კიდევ რა - ათასნაირ გრძნობათა ჰარმონია.  გულსა და გონებაში კი  მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებს: უფალო შეგვიწყალე!... გმადლობ უფალო!...

სუდარის შუაგულში ქსოვილზე გადასულა მაცხოვრის სახის ნაკვთები, შუბლზე ეკლის გვირგვინისგან გაჩენილი სისხლის კვალია, უყურებ და ყურში პილატეს ჯარისკაცთა ხარხარი ჩაგესმის: „იუდეველთა მეფევ! გიხაროდეს!“

ეს კი გადაჯვარედინებული, ნატანჯი ხელებია, მაჯებზე - სამსჭვალისგან სისხლის ნაკვალევი...

გრძნობ იქვე, შორიახლოს დამდგარან ღვთისმშობელი და მარიამ მაგდალინელი, მათი ქვითინი გესმის და გინდა შენც ატირდე...

KARIBCHE

აი, უკვე აღსრულებული მაცხოვრისთვის რომაელი ჯარისკაცის მიერ მარჯვენა ფერდში ნაძგერები მახვილის კვალი... მოგვიტევე, უფალო!...

სუდარის მეორე ნახევარზე აღბეჭდილა მაცხოვრის ზურგის გამოსახულება. აქ კარგად ჩანს გამათრახების კვალიც. სხეულს 98-დან 100 დარტყმამდე აღენიშნებაო - მეცნიერებს დაუდგენიათ. სუდარის შესწავლის საფუძველზე მათრახების მოდელებიც კი დაუდგენიათ...

 

მაცხოვარი 70 სმ სიმაღლის სვეტზე ჰყავდათ მიბმული და, შესაბამისად, მარცხნიდან და მარჯვნიდან, მას ორი ჯალათი ამათრახებდა. ერთი ტანდაბალი, მეორე - ტანმაღალი… აი, აქ - ამ ტილოზეა ამ ყველაფრის კვალი... გრძნობ, რომ აქვე დგანან ის ჯალათებიც, ხედავ თითოეულ ჭრილობას მაცხოვრის ზურგზე და საშინლად გტკივა. ყურში კი მისი სიტყვები ჩაგესმის: მამაო, მიუტევე ამათ,რამეთუ არა იციან, რასა იქმან!

KARIBCHE

მერე შენს თვალწინ ცოცხლდება კადრი ცარიელი საფლავისა, ხედავ როგორ დევს ეს სუდარა საფლავის ქვაზე და როგორ დგანან უფლის აღდგომით გაოცებული მოციქულები და მენელსაცხებლე დედები. მაშინ ჯერ ვინ იფიქრებდა, რომ ქსოვილის ამ პატარა ნაჭერმა შემოინახა ადამიანის გამოხსნის უდიდესი საიდუმლოების - უფლის ჯვარცმისა და აღდგომის კვალი. დიახ, აღდგომისაც: მეცნიერთა ვარაუდით, სწორედ აღდგომის დროს მოხდა ქიმიისა და ფიზიკის კანონებით აუხსნელი პროცესები, რაც სუდარაზე გამოსახულების მიღების მიზეზი გახდა.

და უეცრად ტანჯვის, ტკივილის განცდას ჩაენაცვლება გულში შემოსული დიდი სიხარული: ქრისტე აღსდგა! ეკვდერის კედლებზე გამოსახული ყველა წმინდანი გიერთდება ამ სიხარულში! ქრისტე აღსდგა! ცოდვით დაცემული კაცობრიობა გამოხსნილია! გზა ხსნისა კი აქვეა, შენს წინ! ქრისტეს გზა! ამ სუდარაზე წერია ყველაფერი:

- გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ!

- მიუტევეთ და მოგეტევებათ!..

რა ტკბილი ხარ, უფალო!

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! - ბუტბუტებ დაუსრულებლად...

ყველამ, ყველა ქრისტიანმა უნდა მოინახულოს ეს უდიდესი სიწმინდე - ტურინის სუდარის ასლი და მისი მადლი შეიგრძნოს. ახალქალაქში თქვენ გელოდებიან, მეგობრებო!

შეგეწიოთ უფალი!

 

 

ბეჭდვა
1კ1