გულშემუსვრილნი მივეახლოთ სიწმინდეებს, რომ ჩვენზე ღვთიური მადლი გადმოვიდეს
გულშემუსვრილნი მივეახლოთ სიწმინდეებს, რომ ჩვენზე ღვთიური მადლი გადმოვიდეს
ქრისტიანებს ყოველი სიწმინდე ყოვლადმოწყალე ღვთისგან მოგვეცა ჩვენი სულების სანუგეშოდ. უფალმა საუკეთესოდ უწყის ჩვენი დაცემული ბუნების ცოდვისკენ მიდრეკილება. ამქვეყნად კი ათასგვარი საცდური გვახვევია თავს. ადამიანს, მხოლოდ საკუთარი ძალებით, ღვთის შემწეობის გარეშე, არ ძალუძს ამ საცდურთაგან თავის დაცვა, ამიტომ ყოვლადსახიერმა ღმერთმა მოგვმადლა სიწმინდეები, რათა მათთან მიახლებითა და თაყვანისცემით მივიღოთ ღვთიური მადლი, სულიერი ძალა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში თავდამცავ ფარად რომ გამოვიყენოთ.

ადამიანს, როგორც ხორციელ და სულიერ არსებას, სხეულის მასაზრდოებელ საკვებთან ერთად სულიერი საზრდოც ესაჭიროება. რა არის სულიერი საზრდო? ეს ღვთიური მადლია, რომელიც სხვადასხვა საშუალებით გადმოგვეცემა: ღვთისმსახურებაზე დასწრებით, წმინდა წერილის - სახარებისა და ბიბლიის - კითხვით, ლოცვით, ფსალმუნთა კითხვით, აღსარებითა და ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის მიღებით - ზიარებით, ტაძრისთვის, როგორც უფლის წმინდა სახლისთვის, შესაწირავის გაღებითა და ზრუნვით, საზოგადოდ, მოწყალების გაღებით და სიწმინდეთა თაყვანისცემით.

მრავალმოწყალე ღმერთმა უამრავი სიწმინდე გვიბოძა ქრისტიანებს. თავმომწონეობა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართველები კიდევ უფრო გაგვანებივრა, როდესაც ინება, მისი კვართი ჩვენს ძველ დედაქალაქში მცხეთაში ჩამობრძანებულიყო და სვეტიცხოველში დაედო სამუდამოდ ბინა. ჩვენთან არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართიც, რომელიც ზუგდიდში, დადიანების სასახლის მუზეუმში ინახება. წმინდანთა სისხლით არის გაპოხიერებული საქართველოს მადლიანი მიწა - მხოლოდ ერთ დღეს ჩვენმა სამშობლომ ასი ათასი წმინდა მოწამე შეიძინა, როცა ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა თბილისში, მეტეხის ხიდზე, სიონიდან გამობრძანებული ხატები ფეხით არ გათელეს და ყველანი მოწამებრივად აღესრულნენ.

წმინდანთა სხეულის ნაწილებსა თუ მათ ნახმარ ნივთებს უფალი ღვთიურ მადლს ჰფენს. როდესაც მორწმუნენი მათ ვემთხვევით, ჩვენზე უხილავად გადმოსული ღვთიური მადლით ვიკურნებით სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან. თუმცა ისეც ხდება, რომ სიწმინდეთა თაყვანისცემის შედეგად ჩვენში არავითარი ცვლილება არ ხდება. ეს მაშინ, როცა გულგრილად, მხოლოდ სხვების დასანახად ან უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვემთხვევით მათ, გული კი სავსე გვაქვს ათასგვარი უწმინდურებით, ხოლო გონება ისევ ყოფით საგნებს დასტრიალებს.

წმინდა მამები გვასწავლიან: თუ გვსურს, ჩვენზე ღვთიური მადლი გადმოვიდეს, გულშემუსვრილნი, საკუთარი ცოდვების განცდითა და სინანულით აღსავსენი უნდა მივეახლოთ სიწმინდეებს და უფალს მადლობა შევწიროთ, რომ, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყოვლადუღირსნი ღირსგვყო შევხებოდით წმინდა ნაწილებს. როდესაც რომელიმე წმინდანის წმინდა ნაწილს მივეახლებით, ვაიძულოთ თავი, წარმოიდგინოს მათი წმინდა ცხოვრება, რამდენ საცდურს გაუძლეს, რომ დაეთრგუნათ სხეული, ხორციელი ვნებები და მოეპოვებინათ გულის სიწმინდე. ეს დაგვეხმარება გონების ყოფიერებისგან მოწყვეტასა და ფიქრების მარადიული ცხოვრებისკენ წარმართვაში, ხოლო გული სინანულით აღივსება, რადგან არ ძალგვიძს, მცირედ მაინც მივემსგავსოთ იმ წმინდანის ცხოვრებას, რომლის წმინდა ნაწილების წინაშეც ვდგავართ. უღირსების გრძნობა განდევნის ამპარტავნებას და უფლის მადლი შემოვა.

წმინდა მამები გვაფრთხილებენ, გვქონდეს შიში და კრძალვა ღვთისა. ნუ გავკადნიერდებით და გულგრილად ნუ მივეახებით სიწმინდეებს, რადგან ამით განვარისხებთ ყოვლადმოწყალე უფალს და მადლის ნაცვლად სასჯელს მივიღებთ. ეს სასჯელიც ჩვენს მოქცევას ემსახურება: განსაცდელში მყოფნი უფრო მეტად რომ დავუკვირდეთ ჩვენი ცხოვრების წესს და ეკლესიური ცხოვრების დაწყებით მონანულნი დავუბრუნდეთ ზეციური მამის წიაღს.
ბეჭდვა
1კ1