კანდელის თავისთავად მოძრაობა დღესასწაულებზე არის თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღმრთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება
კანდელის თავისთავად მოძრაობა დღესასწაულებზე არის თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღმრთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება
მადლობა ღმერთს, რომ წმინდა მთის მოსალოცად დღეს მრავალი ერის თუ ბერის ადამიანი მიდის და იქიდან მადლით სავსენი ბრუნდებიან. რეჟისორი დავით გიორგობიანი იმ ადამიანთაგანია, რომელმაც ათონის მთის მონასტრები მოილოცა, მრავალ სიწმინდეს მიეახლა და საკუთარი თვალით ნანახი ფირზე აღბეჭდა. შთაბეჭდილებების გაზიარება "კარიბჭის" მკითხველისთვის ვთხოვე.
ივერონის მონასტერში გარდა იმ კეთილი ემოციებისა, რასაც აღძრავს ქართველში და არაქართველშიც, გელით იმ სასწაულთან შეხება, რომელიც ღირსმა მამა გაბრიელმა წყლიდან გამოაბრძანა - ეს გახლავთ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, პორტაიტისა ანუ კარიბჭის სახელით ცნობილი. ივერონში ჩემი თვალით ვნახე წირვის დროს, თუ როგორ ქანაობდა მთელი ღამის განმავლობაში ხატის წინ დაკიდებული კანდელი. 

ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარში, ზუსტად მშვენიერი სამეუფო კარის წინ, ჰკიდია დიდი უძველესი ვერცხლის კანდელი, შეწირული მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილის მიერ 1834 წელს. ეს კანდელი წარმოადგენს უცნაურ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას, ხილულ საოცრებას, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და მოძრაობს თავისთავად. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე წირვისა და ლოცვის დროს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში მოულოდნელად და უეცრად მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურღია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს მეტწილად ღამისთევის დროს, როდესაც იწყება ღმრთიმსახურების მთავარი ნაწილი, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს ჩვენსას ღმრთისმშობელს და როცა ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სანთელი. უძველესი გადმოცემის მიხედვით, რომელმაც დღემდე მოაღწია უხუცესი მამებისაგან, კანდელის თავისთავად მოძრაობას დღესასწაულებზე შემდეგი მნიშნველობა აქვს: ითვლება, როგორც თვალხილული ნიშანი და დასტური იმისა, რომ ღმრთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება და ეუბნება იქ მყოფთ: "აი ნიშანი, შეხედეთ, თქვენთანა ვარ, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ზეიმში და ბერებთან და სხვა ქრისტიანებთან ერთად ვზეიმობ, ვითარცა დედა თავის შვილებთან. ვლოცავ პატიოსანი და კეთილი საქმეების მოქმედთ. თბილ დედობრივ დარიგებას ვაძლევ ზარმაცთ, რომ გამოსწორდნენ, რადგან მიუხედავად მთელი ჩემი თანაგრძნობისა მათ მიმართ, უძლური ვარ რაიმე გავაკეთო გულგრილთა სულების გადასარჩენად".

KARIBCHE

რაც შეეხება კანდელის მოძრაობას ჩვეულებრივ დღეებში, იგივე გადმოცემის მიხედვით, იგი მოასწავებს რაიმე უბედურებას ქვეყნისთვის სავალალო შედეგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწისძვრა, ომი ან სასიკვდილო ეპიდემია. ესეც ღმრთის განგებაა, ღმრთისმშობლის მეოხება, დროული შეტყობინება, რათა ლოცვითა და სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი შეცოდებანი ღმრთის წინაშე და შეძლებისდაგვარად ავიცდინოთ მომავალი უბედურება.
ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას:

ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ ჩათვალა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლვაზე. ამიტომაც გადაწყვიტა ქვიშა ჩაეყარა კანდელის გარე სათავსოში მის დასამძიმებლად და ამგვარად, მისი აზრით, კანდელი აღარ იმოძრავებდა. მაგრამ პირველსავე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, იხილა სხვა საოცრება. კანდელი სიმძიმის გამო მოწყვეტილი იყო თავის საკიდს და იატაკზე დაცემული გამართული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმა ქვემოთ ვიწრო და წვეტიანი იყო. წინანდელივით ენთო მისი შუქი, თითქოსდა არაფერიც არ შემთხვეოდა. მაშინ შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და მყის თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცოდების საღიარებლად; განუცხადა ყველას ეს ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ "სადაც ღმრთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".
ათონელთა მოწმობით, თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი ძირს იღვრებოდა. იგივე ხდებოდა ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდე. კანდელი მოძრაობდა სომხეთის თავს დამტყდარი მიწისძვრის წინაც.

KARIBCHEივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, დაუყოვნებლივ აცნობებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს, რის შემდეგაც აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხებისა და შეწყალებისათვის. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა, რადგან თვით მარადის ქალწული იუწყება მოახლოებული უბედურების შესახებ. ჭეშმარიტად, სახიერი მეკარის ეს კანდელი დიდებული მოწმობაა იმისა, რომ ღმრთისმშობელი მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფება და არ მიგვატოვებს უმძიმეს განსაცდელშიც კი.
სასწაულმოქმედ კანდელზე ერთ ამბავს გავიხსენებ:

ათონის მოსალოცად ერთი ინგლისელი კაცი სახელად აიდენი მივიდა. იქაური სასწაულების შემყურე ეს ადამიანი ბერი გახდა. იმდენად დიდი მადლი შეიგრძენო, რომ ბერობა გადაწყვიტა. დღეს მღვდელ-მონაზონია. იქ ყოფნისას ვხედავ რომ ეს ბერი მივიდა ამ მოქანავე კანდელთან და ხელით გააჩერა. გულში ვფიქრობდი, ქართველების მიერ შეწირული სასწაულებრივად მოქანავე კანდელის სანახავად მოვედი, ძლივს დავინახე ჩემი თვალით ეს სასწაული და იმასაც აჩერებს მეთქი? თურმე მორჩილება ჰქონდა, რომ კანდელისთვის ზეთი ჩაესხა. ამისთვის გააჩერა. ჩაასხა თუ არა და ისე დაამძიმა კანდელი, რომ რწევა უფრო მეტად დაიწყო. რას წარმოვიდგენდი, რომ ადამიანისგან ასე გაქვავებული კანდელი თავისით დაიწყებდა ქანაობას და გავიდოდა ერთ მეტრამდე და გააგრძელებდა თავისით ქანაობას. ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებდი. მერე ცოტა არ იყოს და გავკადნიერდი და შევღაღადე ღვთისმშობელს, რომ ხომ ჩემი თვალით ვხედავ, რომ მადლიც არის და წირვაც არის და მთლად უღირსი და ცოდვილი რომ არ ვარ ბოლომდე დამიმოწმე-მეთქი და რადგან ჩვენც საცხოვნებელი მადლი არ მოგვკლებია ქართველებს და არც არასოდეს მოგვაკლდება, დაისვენოს ახლა მთელი ღამე რომ ქანაობს მეთქი. მართლა არ გაჩერდა? თავისით გაჩერდა და თავზე დამაჩერდა. ასეთი სასწაული ვნახე. 

ივერონში მოღვაწეობდა სქემმღვდელმონაზონი მაქსიმე. მამა მაქსიმეს ჰქონდა მორჩილება, რომ მოვლა-პატრონობა გაეწია ივერიის ღვთისმშობლის ხატისთვის. ამ მამას გამოეცხადა ღვთისმშობელი და დაავალა, მისი სასწაულისთვის ტყეში, დაქანებულ ადგილას პატარა ეკლესია აეგო. ღვთისმშობელმა თავად დაუხაზა ნახაზი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტაძარი. ეს ძალიან ლამაზი ღვთისმშობლის კარის ეკლესია, ივერონიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ტყეში მდებარეობს. ეს უკვე აშენებულია ღვთისმშობლის გამოცხადებით. მამა მაქსიმემ საუბრის დროს ასეთი რამ მითხრა. საერთოდ რომ დამელაპარაკა მუდამ მდუმარებაში მყოფი მამა, ისიც საწაულია. ვიცით, რომ მდუმარება ქრისტიანობაში ერთ-ერთი უდიდესი ღვაწლია და ყველას არ ძალუძს თუ სპეციალუური კურთხევა არ იქნება ღვთისგან. ეს რჩეულთა ხვედრია. მამა მაქსიმემ ასეთი რამ მკითხა - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში რომ ჩამოვა, შენ გინდა მის გვერდით ყოფნაო? საოცარია, რომ მამა მაქსიმემ, მისმა მიწიერმა პატრონმა დაამტკიცა წინასწარმეტყველება.


ბეჭდვა
1კ1