წმინდა მეფის ხელშენახები
წმინდა მეფის ხელშენახები
უცქერ დავითისეული საქართველოს რუკას, იხსენებ წარსულს და მაინც გიკვირს, როგორ მოახერხა ნახევარი ქართლის მფლობელმა წმინდა მეფემ ქვეყნის ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმვა. აი მეფე ახალი ისრაელისა, აი მეფე დავითისებრ სინანულის საგალობელთა შემქმნელი!

ორი წლის წინ ქუთაისში ერთი მშვენიერი წიგნი გამოიცა - ბატონ გივი ტყეშელაშვილის "გელათის საგანძური", რომელიც გელათის მონასტრის დაარსების მეცხრაასე წლისთავს ეძღვნება. მასში მოთხრობილია გელათის საეკლესიო სიწმინდეებზე, რომელთა შორისაც ბევრი წმინდა დავით აღმაშენებლის ხელშენახები ყოფილა. ზოგიერთ მათგანზე მოგითხრობთ.

KARIBCHEბეჭედი. გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ფრესკაზე წმინდა მეფე დავითს მარცხენა ხელში ტაძრის მაკეტი უპყრია, მარცხენა ხელის თითზე კი სამეფო ბეჭედი უკეთია. გადმოცემით, სწორედ ეს ბეჭედი ყოფილა დაცული მონასტრის საგანძურში. დეკანოზი დავით ღამბაშიძე წერდა: "ბეჭდის სიდიდე უნდა იყოს მიზეზი, რომ ხალხი დღესაც ღონიერ კაცად სთვლის დავით აღმაშენებელს". ეს ბეჭედი, ლეგენდის მიხედვით, დავითს სახელმწიფო ბეჭდის ნაცვლად ჰქონია. როცა წმინდა მეფე რომელიმე სიგელს ხელს აწერდა ანდა რაიმე საქმის გადაწყვეტა სურდა, განსაკუთრებით კი ბრძოლაში შესვლის წინ, ახდიდა ბეჭდის კიდობანს და ეამბორებოდა წმინდანთა ნაწილებს, მათგან გამოითხოვდა შეწევნას. ბეჭდის ზედაპირი ამობურცული იყო და ოქროში დაფერილი, მის სიღრმეში ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი გახლდათ ამოტვიფრული. ბეჭედში დაცულ სიწმინდეთა შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. ბატონი გივის აზრით, "სანაწილეში ძელი ჭეშმარიტის ნაწილთან ერთად მოთავსებული უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგის ნაწილი. ამას ბეჭედზე ამოტვიფრული წმინდა გიორგის გამოსახულებაც ადასტურებს".

1904 წლის 17 ივლისს გელათის მონასტერი გაიძარცვა. სხვა სიწმინდეთა შორის ყაჩაღებმა დავით აღმაშენებლის ბეჭედიც გაიტაცეს. გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. სიწმინდე დაეკარგა ქართველ ხალხს. აკაკი წერეთელს გულდამწუხრებულს უთქვამს: "ბევრი რამ მამა-პაპათა ნაანდერძევი, დღეს დაკარგულ-დავიწყებული, მიგლოვია, მაგრამ არც ერთი ისე არ დამსობია გულზე, როგორც ეს უკანასკნელი უკუღმართობა".

დარუბანდის კარები. ლეგენდით, ერთი ქართველი ვაჭარი დარუბანდში ლეკებმა გაძარცვეს. მათმა ბელადმა კი დასცინა: "წადი საქართველოში და სამართალი შენს მეფე დავითსა სთხოვეო". ვაჭარს მიუგია: "სამართალი შენ გააჩინე, თორემ დავითს რომ ვუთხრა, საქმე ცუდად წაგივაო", რაზეც ლეკთა ბელადს დაცინვით უთქვამს: "რას მიზამს, დარუბანდის კარები არ ჩამომიხსნასო".

ეს რომ მეფე დავითმა გაიგო, ვაჭარი დაამშვიდა: "საქონელს საქონლითვე დაგიბრუნებო". მერე კი ათას ცხენს ორი ათასი კიდობანი აჰკიდა და თითოში თითო შეირაღებული ჯარისკაცი ჩასვა. ყოველ ცხენს მხედრად ვაჭრად გადაცმული ვაჟკაცი დაუდგინა და დარუბანდში გაისტუმრა. თვითონაც უკან გაჰყვა. ლეკების ბელადთან კაცი გაგზავნა, საქონელი მომაქვს გასაყიდად და კარები გამიღეო. გახარებული ლეკები ასეც მოიქცნენ.

დაღამებისას შეიარაღებული ქართველები კიდობნებიდან ამოძვრნენ და სამი ათასმა შეიარაღებულმა კაცმა დარუბანდი აიღო. დავითმა ჩამოახსნევინა რკინის კარები, გელათში ჩამოიტანა და მონასტრის სამხრეთ კარიბჭეში ჩადგა. ამ ამბავს მემატიანეც გვამცნობს: 1124 წელს დავითის მეომარნი "დაეხსნეს შაბურანს დარუბანდელსა და მოწყვიტნეს ქურდნი ლეკნი".

KARIBCHEმე-18 საუკუნეში, სოლომონ I-ის მეფობისას, დავით აღმაშენებლის მიერ დაუბანდიდან ჩამოტანილი რკინის კარების ერთი ფრთა ღვთისმშობლის ტაძრის გადასახურად ლურსმნებად დაჭრეს. წარწერიანი ნაწილი კი შეინახეს და იგი დღესაც დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში.

წმინდა გიორგის თხემი და დიდი სანაწილე. წმინდა დავით აღმაშენებელმა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობასთან ერთად წმინდა გიორგის ტაძრის აგებაც გადაწყვიტა. მეფეს ტაძრის აშენება უფრო მაღლა სურდა, მაგრამ წმინდა გიორგი გამოეცხადა და იმ ადგილზე მიუთითა, სადაც ახლა ეკლესიაა აშენებული. მეფის მოძღვარს ბერ არსენს, ამ სასწაულებრივი გამოცხადების მოწამეს, მხოლოდ ზეციური ხმა გაუგონია, წმინდა გიორგი კი ვერ დაუნახავს. სამაგიეროდ, წმინდა გიორგის ყველა ხედავდა, როცა 1121 წელს დიდგორის ომში ქართველთა ლაშქარს "განცხადებულად და სახილველად წინაუძღოდა... და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".

წმინდა დავითმა გელათის მონასტერს, სხვა მრავალ სიწმინდეს შორის, წმინდა გიორგის თხემის ნაწილიც დაუტოვა ანდერძით. მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს, როცა ერთიანი საქართველო დაიშალა, წმინდა გიორგის თხემი კვლავ გელათის მონასტერში დარჩა. ამას მოწმობს რუსი მოგზაურების ტოლჩანოვისა და იევლევის აღწერილობა წმინდა დავითის შეწირული სანაწილისა.

სანაწილე და წმინდა გიორგის თხემი გელათის მონასტრის გაუქმების შემდეგ, 1924 წლის 22 ნოემბერს, გიორგობის წინა დღეს, გელათიდან ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ჩამოიტანეს. 2005 წლის ნოემბერში წმინდა გიორგის თხემი დედაეკლესიას დაუბრუნდა და ახლა 1833 წელს დამზადებულ მუხის სანაწილეშია ჩასვენებული.

გელათის მონასტერს დაუბრუნდა დიდ სანაწილეში მოთავსებული უდიდესი სიწმინდეებიც: წმინდა თეოდორე ტირონის თავის ქალას ნაწილი შუბლის ძვლით (წმინდანს შუბლზე ვერცხლის ლურსმნებით აქვს დაკრული ვერცხლის მედალიონი წმიდანის გამოსახულებით და შესაბამისი წარწერით ბერძნულ ენაზე), წმინდა დიმიტრის თავის ქალას ზედა ნაწილი (ქალას თავბოლოზე ჯვარედინად აქვს გადაკრული მოოქრული თითბრის რკალები. ცენტრში წმინდანის გამოსახულებაა), წმინდა სამსონ უცხოთშემწყნარებლის ბარძაყის ძვალი, წმინდა იოანე ოქროპირის წვივის ძვალი, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მხრის ძვალი, წმინდა თეოდორე სტრატილატის წვივის ძვალი, წმინდა თეოქტიტეს წვივის ძვალი, წმინდა თომა მოციქულის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმინდა ბენედიქტეს სხივის ძვალი, წმინდა ემილიანეს ძვლის ნაწილი. აქვეა ორი უცნობი წმინდანის ნაწილები. შეეწიოს ეს სიწმინდენი ქუთაისსა და მთელ საქართველოს!

KARIBCHE
დიდი სანაწილე

გელათის ერთ-ერთი უპირველესი განძი ძელი ჭეშმარიტის ნაწილი ყოფილა, რომელიც დავით აღმაშენებელმა დაუტოვა მონასტერს. როგორც ირკვევა, დავით აღმაშენებლის მიერ შეწირული ძელი ჭეშმარიტის ნაწილისთვის მცირე ნაწილები ჩამოუჭრიათ და გარდამოხსნის ხატში ჩაუსვენებიათ. ეს სანაწილე ხატი ქუთაისის მუზეუმშია დაცული.

წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი.
გადმოცემა გვამცნობს, რომ წმინდა დავითმა სამი ეკლესიის (გელათში, მარტვილსა და სუჯუნაში) ბალავერი ერთად ჩაყარა, მაგრამ ეშმაკი გამუდმებით უნგრევდა ნაშრომს. მეფე დავითი ჩაუსაფრდა და დაიჭირა. ბოროტი მყისვე ჯორად იქცა და მეფემაც რკინის ლაგამი ამოსდო. როცა ტაძრების შენება დაასრულა, დიაკვანს ჯორი წყლის დასალევად წააყვანინა. ოღონდ, ლაგამი არ მოხსნაო, გააფრთხილა. დიაკვანი მაინც შემცდარა და ლაგამი მოუხსნია, - წყალს უკეთ დალევსო. ჯორი კი წამსვე გამქრალა.

მეორე ლეგენდით, თბილისიდან ქუთაისს მარტოდმარტო მიმავალმა მეფემ მცხეთის სანახებში რქოსანი ცხენი შენიშნა და შეიპყრო. როცა მხლებლები დაეწივნენ, მეფეს უბრძანებია, წმინდა გიორგის ცხენის ლაგამით შეკაზმეთო. ეს ცხენი ისეთი მკვირცხლი და დაუღალავი ყოფილა, რომ დავითი მისით ერთ დღეში მოივლიდა ხოლმე ქართლს, კახეთს, სომხეთს, აფხაზეთს და "აგულსმოდგინებდა მუშაკთა".

იოანე ბატონიშვილის ცნობით, წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი გელათის მონასტერში ყოფილა დაცული. ბატონი გივის თქმით, იგი მუზეუმში ინახება, იმდროინდელი ბიზანტიური ხელობის ნიმუშია, რკინისგან არის დამზადებული და კარგადაც შემონახულა.
ბეჭდვა
1კ1