მწყემსთა ველი - ადგილი, სადაც უფლის ანგელოზმა აცნობა მწყემსებს უფლის შობის შესახებ
28.12.2014
შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა;
მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი:
გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას მწყემსავდნენ. სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: "ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე". ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არა მარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასათვის, ვინც მას მიიღებს, როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.
იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ მწყემსებს აუწყა, ზეციდან მრავალი ანგელოზის გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
რატომ აირჩია ანგელოზმა უბრალო მწყემსები და არ აუწყა ქვეყნად მესიის მოვლინება იუდეველ უხუცესებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს? იმიტომ, რომ "ბრმების ბრმა წინამძღოლებმა" დაივიწყეს მესიის შესახებ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი არსი.
ერთმანეთში მოთათბირების შემდეგ, მწყემსებმა გადაწყვიტეს ახალშობილის დაბადების ადგილას მისულიყვნენ და ენახათ მართალი იყო თუ არა, რაც მათ მთავარანგელოზმა უთხრა. მისულებმა ნახეს საქონლის ბაგაში მწოლარე ყრმა და ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მათ ეუწყათ. მწყემსებმა ირწმუნეს, რომ ის იყო მესია, რომელსაც ამდენს ხანს ელოდნენ და რომ იგი მოვიდა, რათა იხსნას კაცობრიობა.