მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ბულგარელი წმინდანები და სიწმინდეები
შიპკა
2005 წლის 9 თებერვალს შიპკის ქრისტეშობის ტაძარი-მემორიალი გადაეცა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რუსი და ბულგარელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის ისეთი სიწმინდის დაბრუნება, როგორიცაა შიპკა, ჭეშმარიტი ზეიმია. ერთმორწმუნე ძმების გამარჯვების სიმბოლო-ტაძარმა გაუძლო რეჟიმებს, ათეიზმის ზეწოლას, ის ერთხანს მუზეუმად გადააკეთეს და ბოლოს, ღვთის ნებით, კვლავ სალოცავად იქცა.

შიპკის ქრისტეშობის ტაძარი ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იმ ადგილას, სადაც ტაძარი დგას, 1877 აგვისტოში მიმდინარეობდა შიპკის უღელტეხილის დასაცავად თავგანწირული ბრძოლა თურქებსა და რუს-ბულგარელთა ლაშქარს შორის. აქედან დაიწყო კონსტანტინოპოლზე წარმატებული შეტევა.

ტაძრის აშენების იდეა ეკუთვნის სახელგანთქმული გენერლის დედას, ოლგა ნიკოლოზის ასულ სკობელევას. დიდებული განზრახვა სახალხო საქმედ იქცა. სახსრები გაიღეს სამოქალაქო და სამხედრო ორგანიზაციებმა, რუსეთის ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. მშენებლობის კომიტეტს სათავეში ჩაუდგა გრაფი ნიკოლაი იგნატიევი. შემომწირველებს სურდათ, ტაძარი აგებულიყო განმათავისუფლებელ ჯარისკაცთა სულების საოხად, ამიტომ მან, მსგავსად ალექსანდრე ნეველის ტაძრისა, მიიღო ტაძარი-მემორიალის სახელწოდება. მოგვიანებით, 1902 წელს, გრაფმა პ. იგნატიევმა მოუწოდა საზოგადოებას, ქრისტესშობის სამონასტრო კომპლექსთან შეექმნათ მუზეუმი. არქიტექტორმა ა. ტომიშკომ XVII საუკუნის რუსული ეკლესიების სტილი აირჩია. ტაძრის შიგნით და ღია გალერეების კედლებზე მემორიალური ფილები მნახველს ამცნობდა შიპკის ბრძოლის მონაწილე ჯარის ნაწილებს, უღელტეხილის დამცველ ოფიცერთა სახელებს. ტაძარში, 17 სარკოფაგში განისვენებენ ემისრების ნეშტები. ზარების ჩამოსასხმელად რუსეთის სამხედრო უწყებამ გამოყო 30 ტონამდე ნასროლი ვაზნა. ყველაზე დიდი ზარი იწონის 11 ტონას და იგი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის საჩუქარია.

ბულგარეთის გათავისუფლების 25-ე წლისთავზე დაამთავრეს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც შედიოდა ტაძარი, საბერო კორპუსი, სამლოცველო სახლი, შენობა თავშესაფრისა და სასულიერო სემინარიისთვის.

1902 წლის 15 სექტემბერს სტარო-ზაგორსკის მიტროპოლიტმა მეთოდემ აკურთხა ტაძარი. მისასალმებელ სიტყვაში მან შიპკის სამონასტრო კომპლექსის შექმნას უწოდა უდიდესი დღესასწაული, ბულგარელი ხალხის ცხოვრებაში მსოფლიო მნიშვნელობის ამბავი. წმინდა სინოდმა მაშინვე გასცა განკარგულება შიპკის მონასტერში რუსი ბერების ჩასახლების შესახებ. ოქტომბერში წინამძღვრად დაინიშნა ალექსანდრე ნეველის ლავრის ბერი, მღვდელმონაზონი გენადი. 1904 წლის აპრილში იგი შეცვალა მღვდელმონაზონმა ფერაპონტმა, რომელიც ტროიცკ-სერგის ლავრის მორჩილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1915 წელს, იღუმენად დაინიშნა კიევ-პეჩორის ლავრის მღვდელმონაზონი მაქსიმე. 1920 წელს მონასტრის მორჩილი ნიკოლოზ ჩერნოვი აკურთხეს ბერად სერგის სახელით. ის 1961 წლის მაისამდე აღასრულებდა იღუმენის მორჩილებას. 1961 წლიდან 1968 წლამდე ტაძრის წინამძღვარი და ეკონომოსი იყო დეკანოზი გორდეევი. მის შემდეგ დამთავრდა დამაარსებლების მიერ დაკანონებული მემკვიდრეობითობა.

1934 წლამდე შიპკის ტაძარი მიწა-წყლითა და ნაგებობებით რუსეთის საკუთრებას წარმოადგენდა. 1934 წლის 23 ივლისს სტამბოლში დიპლომატიურ პროტოკოლს ხელი მოაწერა ბულგარეთში საბჭოთა კავშირის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა თეოდორე რასკოლნიკოვმა, რის შედეგად ტაძარი გადაეცა მფლობელობაში ბულგარეთს. 1935 წელს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაძარი გადასცა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის "უწყებას და მმართველობას" და ბულგარეთში რუსული მრევლის მმართველს, მთავარეპისკოპოს სერაფიმეს (სობოლევი) დაევალა, შეედგინა აქტი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ. 1944 წელს მოსკოვის საპატრიარქომ სცნო მთავარეპისკოპოს სერაფიმეს უფლებამოსილება ბულგარეთში რუსული თემის მმართველობის შესახებ, რასაც დაეთანხმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია. მოგვიანებით, 1952 წლის 8 ნოემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გააუქმა რუსეთის კეთილმოწესეობა და ყველა რუსული საეკლესიო თემი ტაძარ-მემორიალ შიპკითურთ ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქციას გადასცა. მაგრამ ათეისტური რეჟიმის პერიოდში ტაძრის საკუთრების უფლება გადავიდა თავდაცვის სამინისტროს ხელში(!), ხოლო შემდეგ კულტურის სამინისტროს გადაეცა. ქრისტესშობის ეკლესიის შენობა საერთო სამუზეუმო კომპლექსში ჩართეს.

თურქეთის უღლისაგან ბულგარეთის გათავისუფლების 125 წლისთავისათვის ბალტიისპირეთის სამშენებლო კომპანიამ ჩაატარა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და 2003 წლის 3 მარტს, როდესაც ტაძარი-მემორიალი მოინახულეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა გიორგი პირვანოვმა, ტაძარი წარსდგა თავისი პირვანდელი სილამაზით და დიდებულებით, მაგრამ იგი მაინც მუზეუმად დარჩა.

სტაროზაგორსკის მიტროპოლიტმა გალაქტიონმა არაერთხელ წამოაყენა საკითხი ტაძრის სტატუსის შესახებ. მხარდაჭერა ვერ იპოვა და 2003 წლის ზაფხულში პროტესტის ნიშნად უარი თქვა "მუზეუმში" ღვთისმსახურებაზე.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ, 2001 წელს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბულგარეთის ტახტის მემკვიდრე სიმეონ საქს-კობურგ-გოთელი აირჩიეს და 2002 წელს მიიღეს ახალი კანონი რწმენის აღმსარებლობის შესახებ, რომელმაც განამტკიცა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და ავტორიტეტი. ეკლესიას მიეცა ყველა პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა.

ტაძარი-მემორიალის ბედი წელიწადი გაჯანჯლდა.

ბულგარეთის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შიპკის ქრისტესშობის ტაძარი-მემორიალი მაინც გადაეცა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიწებით და ნაგებობებით.

2005 წლის 9 თებერვალს დოკუმენტს საზეიმოდ მოეწერა ხელი შიპკის ეკლესია-მემორიალის სტაროზაგორსკის მიტროპოლიტის გამგებლობაში გადაცემას.

ცერემონიის დამთავრების შემდეგ სტაროზაგორსკის მიტროპოლიტმა გალაქტიონმა წარმოთქვა: "ტაძარი არის სალოცავი სახლი. უნდა მორჩილებით მივიღოთ ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფება, მაგრამ წმინდა წერილში ნათქვამია, ითხოვდეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ!.. ჩვენ ვლოცულობდით და ღმერთმა ისმინა ჩვენი ლოცვები... ტაძარი შექმნილია რუსეთ-თურქეთის გამათავისუფლებელ ომში დაღუპული მეომრების მოსახსენებელი ლოცვებისთვის. ტაძრის კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ეძებს ღმერთთან ურთიერთობას".

2005 წლის 3 მარტს ტაძარში აღნიშნეს თურქეთის უღლისაგან ბულგარეთის გათავისუფლების 127-ე წლისთავი.

2005 წლის 2 მარტს მიტროპოლიტმა გალაქტიონმა დანიშნა ახალი იღუმენი სერგი შაპკოვი. 2005 წლის 3 მარტს დილით მიტროპოლიტი გალაქტიონი ხელმძღვანელობდა საღმრთო ლიტურგიას. ღვთისმსახურებას დაესწრნენ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სიმეონ საქს-კობურგ-გოთელი მეუღლით, რუსეთის ელჩი ავ. პოტაპოვი, გუბერნატორი მ. ნეაკოვა, ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები, მრავალრიცხოვანი მრევლი. მღვდელმონაზონი სერგი შაპკოვი აკურთხეს არქიმანდრიტად.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1