მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ჟუპა ნიკშიჩის მონასტერი
ჟუპას მონასტერი მდებარეობს ჩერნოგორიის ქალაქ ნიკშიჩის მახლობლად, მდინარე გრაჩანიცის მარცხენა ნაპირზე. ვარაუდობენ, რომ მონასტერი დაარსდა შუა საუკუნეებში. თურმე თავდაპირველად მონასტერი გრაჩანიცის მარჯვენა ნაპირზე იდგა, მაგრამ ქვათა ცვენამ დაანგრია. სავანე აღადგინეს ზეტის თავადებმა ჩერნოევიჩებმა, მაგრამ კვლავ ჩამოიქცა. XVII საუკუნის I ნახევარში მოსახლეობამ ხუროთმოძღვარ იოვიცის ხელმძღვანელობით მდინარის მეორე ნაპირზე ააშენა ეკლესია და კელიები. მათ დანგრეული საყდრის თითოეული ქვა სათუთად გადაჰქონდათ ახალ ადგილზე. 1809 წელს თურქების მიერ შევიწროებული ჟუპელი ბერები სხვადასხვა მონასტერში მიმოიფანტნენ. XIX საუკუნეში ჟუპა ნიკშიჩის მონასტერი თურქეთის უღლის წინააღმდეგ სერბების აჯანყების ცენტრად იქცა. ამის გამო თურქებმა არაერთხელ ააოხრეს სავანე. 1853 წელს იგი დაწვა ომერ-ფაშას დამსჯელმა რაზმმა. მაშინ დაიღუპა ცნობილი ჟუპის მატიანე.

1877 წელს ჩერნოგორიის ჯარებმა ნიკშიჩს ალყა შემოარტყეს და ჟუპაში ჩერნოგორიელი მეომრებისთვის ლაზარეთი გამართეს. ლაზარეთს მეთაურობდა ცნობილი რუსი ქირურგი სტუდიისკი. მართლმადიდებელი სლავების თურქებზე გამარჯვების შემდეგ ეს მხარე ჩერნოგორიას შეუერთდა. 1881 წელს თავადმა ნიკოლაი პეტროვიჩ-ნეგოშმა ააშენა წმინდა მოციქულ ლუკას ახალი სამონასტრო ეკლესია. 1930-იან წლებში არქიმანდრიტმა ნიკოდიმოსმა (იანუშევიჩი) ბევრი რამ გააკეთა მონასტრის გასაძლიერებლად და თვითონვე გახდა ნიკშიჩის მხარეში პირველი მსხვერპლი კომუნისტებისა.

ნიკოდიმოსი დაიბადა 1875 წლის 12 ივნისს. ბერდიაკვნად ხელი დაასხეს 1898 წელს. მონაწილეობდა 1912-1918 წლების სერბეთის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. 1941 წლის 29 ივნისს პარტიზანებმა ყოვლად უმიზეზოდ მოკლეს. იმ საღამოს შრომით დაღლილი არქიმანდრიტი ისვენებდა კელიის ტერასაზე. ამ დროს მონასტრის ჭიშკარს პარტიზანების ჯგუფი მიადგა. მამა ნიკოდიმოსი კელიაში შეიკეტა. პარტიზანებმა კარები ვერ შეამტვრიეს და სროლა დაიწყეს. არქიმანდრიტს ავტომატის ექვსი ტყვია მოხვდა... პარტიზანებმა მონასტერი გაძარცვეს...

"სახალხო საქმისთვის მებრძოლთა" მეორე მსხვერპლი გახდა მღვდელმონაზონი გაბრიელი (დაბიჩი). ის დაიბადა 1904 წლის სექტემბერში სერბეთის ქალაქ პუტინცაში. რაკოვიცის სამონასტრო სკოლის დამთავრების შემდეგ ბერად აღიკვეცა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში დიაკვნად დაასხეს ხელი. 1928 წლის 1 აპრილს მღვდელმონაზვნად აკურთხეს და დანიშნეს ქ. ბუდავის სამრევლოს წინამძღვრად. მამა გაბრიელი ასევე ხელმძღვანელობდა რეჟევიჩისა და ქალაქ პეტროვიცის მრევლს. შემდგომში იყო რეჟევიჩის, მორაჩის, დუჟის და ჟუპის მონასტრების წინამძღვარი გახდა. 1942 წელს, ხარება დღეს, მამა გაბრიელი კომუნისტებმა პარტიზანულ შტაბში წაიყვანეს... კარგა ხნის შემდეგ ორმოში მისი დამახინჯებული სხეული იპოვეს და მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ომის შემდეგ მონასტერი გაუკაცრიელდა. კელიების კორპუსი 1990-იან წლებში ტურისტულმა ფირმამ დაიკავა. განზრახული იყო მამათა მონასტრის აღდგენა, მაგრამ 1997 წელს აქ დედათა მონასტერი დააარსეს. გარდა სამონასტრო საქმიანობისა, დედები ხატებს წერენ, კერავენ, ქსოვენ, თარგმნიან წმინდა მამების შემოქმედებას.

წმინდა მოციქულ ლუკას სამონასტრო ეკლესია მორაჩის მონასტრის მიძინების ტაძრის ან დანგრეული ჟუპის ეკლესიის გეგმის მიხედვითაა აშენებული.

შესასვლელში სერბული წარწერა გვამცნობს: "ეს წმინდა მოციქულ ლუკას ტაძარი ააშენა ჩერნოგორიის თავადმა ნიკოლაი I-მა ბიძის თავად დანიილის სულის საცხოვნებლად 1881 წელს". ტაძარში, კლიროსის მარცხნივ დგას პატარა კიდობანი წმინდა მოციქულ ლუკას წმინდა ნაწილებით. ეკლესიის ჩრდილოეთით, პატარა სასაფლაოზე დაკრძალულია წმინდა მოწამე გაბრიელი (დაბიჩი), მის საფლავზე ხის ჯვარია აღმართული. იქვე ახლოს დგას თანამედროვე ბეტონის სამრეკლო. ეკლესიის სამხრეთით წყაროა, რომლის თაღზეც წარწერაა: "იუგოსლავიის მეფის, ალექსანდრე I ყარაგეორგიევიჩის შეწირულობით არქიმანდრიტმა ნიკოდიმ იანოშევიჩმა, ამ სავანის წინამძღვარმა, გამოიყვანა ეს წყალი 1933 წელს".

მონასტრის წინამძღვარი 1998 წლიდან არის მონაზონი ეფემია (ნიკჩევიჩი). ამჟამად აქ 8 მონაზონი და 2 მორჩილი ცხოვრობს.
ბეჭდვა
1კ1