დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმინდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (+395-408) - 31 აგვისტო (13 სექტემბერი)
დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმინდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (+395-408) - 31 აგვისტო (13 სექტემბერი)
სამ ნაწილად გაყოფილი სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, გარდამოცემით, აქლემის ბეწვისგან (სტევი) დაუმზადებია თვით უფლის დედას , ხოლო მისი მიძინებისა და ზეცაში ამაღლების წინ მან ის თომა მოციქულს გადასცა. წმინდა სარტყლის შენახვა თავს იდო ორმა ღვთისმოშიშმა იერუსალიმელმა ღარიბმა დედაკაცმა. მათ შთამომავლებს თაობიდან თაობას გადაეცემოდა შესანახად ეს სიწმინდე.

იმპერატორ არკადის მმართველობის ჟამს წმინდა სარტყელი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სარტყელი დაიდო მშვენიერ ლუსკუმაში, რომელსაც "წმინდა ლუსკუმა" ეწოდა. ეს მოხდა 31 აგვისტოს. წმინდა რელიკვიას დედაქალაქი და მისი მკვიდრნი მტრის თავდასხმისა და ბოროტ სულთა შემოტევისგან უნდა დაეცვა. რამდენიმე წლის შემდეგ არკადის ქალიშვილმა პულხერიამ დიდებული ქალკოპრატიის ტაძარი ააგო და მასში დაასვენა წმინდა სარტყელი.

შემდგომ საუკუნეებში წმინდა სარტყელი კაპადუკიაში, ამასეას სამხრეთით, ქალაქ ზილაში გადაიტანეს. კონსტანტინოპოლში ის კვლავ გადაასვენეს იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს, რომლის მეფობისას აშენდა წმინდა სოფიოს ტაძარი.
მისმა მემკვიდრემ, იუსტინიანე II-მ და რძალმა სოფიომ რესტავრაცია ჩაუტარეს ქალკოპრატიის ტაძარს და წმინდა ლუსკუმის სახელზე პატარა ტაძარი ააგეს. პატიოსანი სარტყელი წმინდა ტრაპეზზე ინახებოდა.

KARIBCHE

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანმა სარტყელმა კონსტანტინოპოლში მრავალი სასწაული მოახდინა. მან განკურნა იმპერატორ ლევ VI-ის, ბრძენად წოდებულის მეუღლე ზოია, რომელიც არაწმინდა სულისაგან იტანჯებოდა. როცა პატრიარქმა წმინდა სარტყელი ზოიას შეახო, ის მაშინათვე გათავისუფლდა სატანჯველისგან. მან მადლიერების ნიშნად სარტყელი ოქრომკედით შეამკო და ამგვარი სახით ინახება ის დღეს ვათოპედის მონასტერში.

დაახლოებით 1150 წელს პატიოსანი სარტყელი დასვენებული იყო კონსტანტინოპოლის დიდ პალატში, წმინდა მიქაელის ტაძარში. ეტყობა, ის მაშინ დაანაწილეს და გადაასვენეს ტაძარში.

XII საუკუნეში მანუელ I კომნენოსის მეფობისას, ოფიციალურად დადგინდა 31 აგვისტოს პატიოსანი სარტყლის დადების დღესასწაული, რადგანაც ადრე, ღვთისმშობლის საფარვლის ხსენების დღეს, 2 ივლისს იზეიმებოდა.

ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, 1204 წელს სარტყლის ზოგიერთი ნაწილი ხელთ იგდეს ბარბაროსებმა, რომელთაც ისინი დასავლეთში წაიღეს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი არ დაკარგულა. ზუსტადაა ცნობილი, რომ პატიოსანი სარტყლის ნაწილი კონსტანტინოპოლში დარჩა, ქალაქის ხელმეორედ დაპყრობის დროს იგი ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა.

ბოლო მოწმობა იმისა, რომ სარტყელი კონსტანტინოპოლში ინახებოდა, გახლავთ 1424-1453 წლებით დათარიღებული, ანონიმი რუსი მომლოცველის ჩანაწერები. უცნობია, რა მოხდა შემდგომში, 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ვათოპედის მონასტერში მოხვდა და დღემდე იქ ინახება.

ამ ნაწილმა მონასტერში დიდი თავგადასავლების შემდეგ მოაღწია. კონსტანტინე დიდმა დაამზადა ჯვარი, რომელიც ლაშქრობისას თან დაჰქონდა თავისი არმიის დასაცავად. ჯვრის შუაში ჩასვენებული იყო ძელიცხოვლის პატარა ნაწილი. ჯვარზე გაკეთებულ საცავებში მნიშვნელოვანი მოწამეების წმინდა ნაწილები და პატიოსანი სარტყლის ჩამონაჭერი ინახებოდა. ეს ჯვარი თან დაჰქონდათ ლაშქრობისას სხვა იმპერატორებსაც. ბულგართა წინააღმდეგ ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობისას, რომელიც წამოიწყო იმპერატორმა ისააკ II ანგელოსმა, მას სძლია მმართველმა ასანმა. მაშინ ერთმა მღვდელმა ჯვარი წყალში გადააგდო, რათა მტერს ხელში არ ჩავარდნოდა და არ შეებილწა. მაგრამ ის მაინც იპოვეს და ბულგარეთის მეფეს, ასანს გადასცეს.

ბულგარელებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ სერბებთან. 1330 წელს ბულგარელთა არმია საშინლად გაანადგურა სერბთა ჯარმა, რომელსაც მეთაურობდა წმინდა დიდმოწამე მეფე ლაზარე. ამგვარად, სამეფო ჯვარი სერბთა ხელში გადავიდა. მეფე ლაზარემ ვათოპედის მონასტერს გადასცა სამეფო ჯვარი, ძელიცხოველის ნაწილთან ერთად, ასევე წმინდა სატყლის ნაწილი და სხვა სიწმინდეები. მას შემდეგ ის მონასტრის საკრებულო ტაძრის საკურთხეველში ინახება.უყურადღებოდ არ შეიძლება დავტოვოთ ვათოპედის მონასტრის ერთი გარდამოცემა, რომლის მიხედვითაც პატიოსანი სარტყელი სავანეს უძღვნა იმპერატორმა იოანე VI-მ (1341-1354), რომელმაც შემდგომში მეფობაზე უარი თქვა და ვათოპედის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად იოსების სახელით. თურქეთის ბატონობის დროს მონასტრის საძმომ პატიოსან სარტყელთან ერთად ლიტანიობით შემოიარა კრეტა, მაკედონია, თრაკია, კონსტანტინოპოლი და მცირე აზია, რათა ეკურთხებინათ და გაეძლიერებინათ დამონებული ქრისტიანები და განეკურნათ ისინი გადამდები სნეულებისაგან.


წმინდა სარტყლის სასწაულები


ურიცხვი სასწაული მოუხდენია პატიოსან სარტყელს. მოგითხრობთ ზოგიერთ მათანზე.

1. ხომალდი ადგილიდან არ დაიძრა. ერთხელ კუნძულ ეოსის მცხოვრებლებმა ვათოპედის მონასტერს სთხოვეს, პატიოსანი სარტყელი მათთან მიებრძანებინათ თაყვანისცემისთვის. სარტყლის მეგზური მონაზვნები დაბინავებულნი იყვნენ ერთი მღვდლის სახლში, რომლის მეუღლემაც სარტყელს ჩუმად ჩამოაჭრა პატარა ნაჭერი. როცა მამები ხომალდზე ავიდნენ და წასვლა დააპირეს, გემი ადგილიდან არ დაიძრა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ამ დროს მშვიდი იყო. დაინახა რა ეს უცნაური ამბავი, მღვდლის ცოლმა შეინანა ჩადენილი და მამებს გადასცა სარტყლის ნაჭერი. მხოლოდ მაშინღა დაიძრა გემი. მამებმა მეორე ლუსკუმა დაამზადეს, სადაც დღემდე ინახება ეს ნაწილი.

2. წმინდა სარტყლის პერიპეტიები. 1821 წლის აჯანყებისგან კრეტას მკვიდრთა თხოვნით, სადაც ჭირი მძვინვარებდა, წმინდა სარტყელი ერთ-ერთ კუნძულზე მიაბრძანეს, თუმცა როდესაც მონაზვნები უკან დაბრუნებას აპირებდნენ, ისინი თურქებმა შეიპყრეს და სახრჩობელაზე წაიყვანეს. წმინდა სარტყელი გამოისყიდა ინგლისის კონსულმა დომენიკო სანტ-ანტონიომ. სარტყელი კუნძულ სანტორინში გადაასვენეს, სადაც გადასახლდა კონსული. სარტყლის მიბრძანების ამბავი მთელმა კუნძულმა შეიტყო. კუნძულის ეპისკოპოსმა ამის შესახებ შეატყობინა ვათოპედის მონასტერს. სანტორინში გაიგზავნა პროიღუმენი დიონისე. კონსულმა წმინდა სარტყლისთვის 15000 პიასტრი მოითხოვა, და აღფრთოვანებულმა ხალხმა სიხარულით შეაგროვა ეს თანხა, ამგვარად, წმინდა სარტყელი გამოსყიდულ იქნა და ვათოპედის მონასტერს დაუბრუნდა. რაც ენოსში მღვდლის ცოლს დაემართა, იგივე შეემთხვა კონსულის მეუღლეს. ვიდრე სარტყელს პროიღუმენ დიონისეს გადასცემდნენ, მან ქმრისგან მალულად მოაჭრა პატარა ნაჭერი სარტყელს, მალევე მისი ქმარი უეცრად გარდაიცვალა, და და დედა მძიმედ დასნეულდნენ. ამიტომაც მან 1839 წელს მონასტერში წერილი გაგზავნა, სარტყლის ნაჭერთან ერთად და ლოცვა სთხოვა მეოხებისა. მას მერე დღემდე ყოველ 10 ოქტომბერს საზეიმოდ აღინიშნება წმინდა სარტყლის ნაწილის ვათოპედში დაბრუნება.

3. გადამდები სნეულების გაქრობა - მკვდრის გაცოცხლება. 1864 წელს წმინდა სარტყელი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რადგან იქ ქოლერა მძვინვარებდა. ხომალდი მიუახლოვდა თუ არა პორტს, ქოლერა გაქრა და ავადმყოფთაგან არავინ მომკვდარა. ამ უჩვეულო სასწაულმა სულთნის ყურადღებაც მიიპყრო და მან პატიოსანი სარტყლის თავის სასახლეში მიტანა ითხოვა, რათა მთხვეოდა. სარტყლის კონსტანტინოპოლში ყოფნისას ერთმა გალატელმა ბერძენმა ითხოვა, სიწმინდე მასთან სახლში მიებრძანებინათ - შვილი ჰყავდა მძიმე სნეული. თუმცა, როცა წმინდა სარტყელი მიიტანეს, ის უკვე გარდაცვლილიყო. მიუხედავად ამისა, მამებმა სასო არ წარიკვეთეს. პირიქით, მიცვალებულის ნახვა ითხოვეს და როცა მას პატიოსანი სარტყელი შეახეს, მკვდარი გაცოცხლდა.

4. კალიების შემოსევა. 1894 წელს წმინდა სარტყლის მიბრძანება ითხოვეს მალიტელებმა, მცირე აზიაში, რადგან იქ კალია ანადგურებდა ველ-მინდვრებსა და ტყეებს. როცა ხომალდი, წმინდა სარტყლითურთ პორტს მიუახლოვდა, ცა კალიების ღრუბლებით დაიფარა და ზღვაში ჩაიხრჩო. სწორედ ამ დროს ჩამოდგა გემიც. სასწაულს უცქერდნენ სიწმინდის მომლოდინე მალი¬ტელები, რომლებიც ნაპირთან იდგნენ და "უფალო, შეგვიწყალენს" გალობდნენ.

5. მამა დანიელ კატუნაკელი ნეფრიტისგან განკურნა. არქიმანდრიტი ქერუბიმი წიგნში, "თანამედროვე მთაწმიდელი მამები", აღწერს მამა დანიელ კატუნაკელის მწვავე ნეფრიტისგან სასწაულებრივად განკურნების ამბავს: "მან ვათოპედის მონასტერთან მიახლოებაც კი ვერ მოასწრო, რომ მწვავე ნეფრიტის შეტევამ დააგდო და ლოგინს მიაჯაჭვა. მრავალი კვირის მანძილზე მონასტრის საბჭოს წევრები მასზე უზომო სიყვარულით ზრუნავდნენ. მაგრამ ყველაზე მეტად მისთვის ათონის უდიდესი მკურნალი ღვთისმშობელი იღვწოდა. მამა დანიელი განსაკუთრებულ კრძალვას განიცდიდა და სჯეროდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ის მას აცრემლებული, გულმხურვალედ ევედრებოდა და დარწმუნებული იყო, მის თხოვნას შეისმენდა... მართლაც, 31 აგვისტოს, როცა ღვთისმშობლის სარტყლის დადება იდღესასწაულება, ავადმყოფი უეცრად სრულიად განიკურნა! ის მეტად უკვე აღარ შეუწუხებია საშინელ სნეულებას, რომელიც მას ათწლეულობით სტანჯავდა.

6. მამა ფილოთეოს ზერეაკოსის განკურნება. ღირსსახსოვარი მამა ფილოთეოსი მოგვითხრობს, თუ როგორ განიკურნა ის აუტანელი თავის ტკივილისგან. "ვათოპედის მონასტერში მივედი 31 ივლისს. შევედი არქონდარიკში, სადაც ადგილი მიმიჩინეს, მაგრამ ვერ ვითმენდი აუტანელ ტკივილს. მალე ტკივილი ისე გამიძლიერდა, რომ თავზე ხელებწავლებული ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი. ექიმთან წაყვანა ვითხოვე, რომელმაც ტკივილის შესამსუბუქებლად წამალი მომცა. მედპუნქტიდან მომავალმა გზად ეკლესიაში შევიარე. სწორედ ამ დროს საკურთხევლიდან გამოაბრძანეს წმინდა სარტყელი და მას ერთი იკონიელი ბერ-დიაკონი ეამბორა. დიდის კრძალვით ვემთხვიე ჯერ ჯვარსა და ღვთისმშობლის ხატს, "მნათედ" წოდებულს (ვიმატარისა), შემდეგ კი ძელიცხოველსა და მხურვალე კეთილმოკრძალებით და ცრემლებით - პატიოსან სარტყელს, იმ შეგრძნებით, რომ საცოდავი და არარაობა მივემთხვეოდი პატიოსან სარტყელს, რომელიც წელზე ჰქონდა შემოკრული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. და ჰოი, სასწაული! - ტკივილმა გამიარა და სავსებით გამოვჯანმრთელდი. დიდებული და მიუწვდომელია შენი სასწაულები, ყოვლადწმიდაო. დაე, დიდებულ და ქებულ იქმნას სახელი შენი იმისთვის, რომ არ შესწყვეტ ჩვენი სულების და სხეულთა განკურნებას... წმინდა საკურთხევლიდან გამოსული, დამუნჯებული ვიყავი ტაძრის შუაში და ჩემთვის ვამბობდი, თუ როგორ ვგრძნობდი თავს აქამდე და უეცრად როგორ განვიკურნე".

7. კალიები წყალში ჩაცვივდნენ. მამა პაისი ათონელისადმი მიძღვნილ წიგნში "სიტყვა" მოთხრობილია წმინდა სარტყლის სასწაულზე. გთავაზობთ ამონარიდს ამ წიგნიდან:- მუხლუხოების საწინააღმდეგო შხამით თუ შეწამლეთ.- შევწამლეთ, მამაო. - ამდენი მონაზონი ხართ და ერთი მუხლუხოს მოკვლაც კი არ შეგიძლიათ! ოკუპაციის დროს, როცა კალიები შემოესია ამ მხარეს (ქალკიდიას) მაშინ წმინდა სარტყელი მოაბრძანეს ვათოპედის მონასტრიდან და კალიები ღრუბლებად ზღვაში ჩაცვივდა.

8. წმინდა სარტყელი განსაკუთრებით შეეწევა უშვილო ოჯახებს. ვათოპედის მონასტერში უშვილოებს აძლევენ წმინდა სარტყელზე შენახებ პატარა სარტყლებს და მათი წელზე შემორტყმის შემდეგ ბევრ მათგანს შვილიერების უნარი მისცემია. მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს:კონგოელი მღვდელი, მამა თეოტიმე, რომელიც საბერძნეთში ერთ-ერთ უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფა-კულტეტზე სწავლობდა, უშვილო იყო. მან მონასტრის მამებს წმინდა სარტყელზე შენახები სარტყელი სთხოვა. 1992 წლის მარტში მიიღო ის. იმავე წლის მაისში მისი მეუღლე დაორსულდა და საკეისრო კვეთით ვაჟი გააჩინა. ნათლობისას ბიჭს, ღვთისმშობლის პატივად, მარიოსი დაარქვეს."შვიდი წელი გათხოვილი ვიყავი, მაგრამ ბავშვები არ მყავდა, - სწერს სამადლობელ წერილში ვინმე ქსანთია ვათოპედის მონასტერს, - რჩევა ვთხოვე სალონიკელ და ათენელ ექიმებს, ვიმკურნალე, ბოლო შრომის გვირგვინად გამომიგზავნეს ღვთისმშობლის სარტყელს შენახები სარტყელი. დავორსულდი და 1994 წლის 31 აგვისტოს პატიოსანი სარტყლის დღესასწაულზე გავაჩინე სრულიად ჯანმრთელი ბიჭი. არ შემიძლია გამოვხატო ის მადლიერება, სიყვარული და აღფრთოვანება, რომელსაც განვიცდი შემოქმედის მიმართ და იგი არ მტოვებს მე, უღირსს. კვლავ ფეხმძიმედ ვარ. ექიმმა მითხრა, რომ ტყუპი შემეძინება..."
....................................
დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმინდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა

ტროპარი:

ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი:

ღმრთისშემწყნარებელი მუცელი შენი, ღმრთისმშობე¬ლო, რომელი შეიცვა პატიოსანმან სარტყელმან შენმან, არს სიმტკიცე ქალაქისა შენისა უბრძოლველი და საუნჯე კეთილთა მოუკლებელი, მხოლოო მშობელო, მარადის ქალწულო.

სხვა კონდაკი:

პატიოსნისა სარტყელისა შენისა დადებასა დღესასწაულობს დღეს ტაძარი შენი, ყოვლად საგალობელო, და ლმობიერად გიხმობს შენ: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.
................................

აქვე წაიკითხოთ:

13 სექტემბერს ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაულია

ბეჭდვა
1კ1