მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
კოსიერევოს მონასტერი
კოსიერევოს მონასტერი თავდაპირველად მდინარე ტრებეშანიცის მარცხენა ნაპირზე იდგა. გადმოცემის თანახმად, სავანე წმინდა მეფე სტეფანე დეჩანელს დაუარსებია, ხოლო მის ვაჟს დუშან სილნის დიდძალი ძღვენი შეუწირავს მონასტრისთვის.

ისტორიულ წყაროებში კოსიერევო და მისი პროიღუმენი დიონისე პირველად 1592 წელს იხსენიება. ეს სავანე თურქებმა მრავალჯერ გაძარცვეს და გადაწვეს. 1807 წელს, ერთ-ერთი შემოსევისას, დაინგრა მონასტრის ეკლესია, რომელიც 10 წლის შემდეგ ჰაჯი დიონისე დობრიჩევაცმა აღადგინა.

1864 წელს მონასტრის მნიშვნელოვანი გარდაქმნა დაიწყო.

1884 წლიდან 1914 წლამდე კოსიერევოში განისვენებდა სერბეთის მეორე ეპისკოპოსის, წმინდა საბა I-ის მოწაფის წმინდა არსენი სრემსკის ნეშტი. გადმოცემით, ჩერნოგორიელი თავადი დანიელ პეტროვიჩ ნეგოი (1851-1860წ.) კოსიერევოს იღუმენს ფეოდოსის (მიშკოვიჩს) დაჰპირებია, რომ მონასტერს რომელიმე წმინდანის წმინდა ნაწილებს გადასცემდა. დანიელის მემკვიდრემ და ძმისწულმა ნიკოლაიმ ბიძის აღთქმა შეასრულა და წმინდა არსენის წმინდა ნაწილები კოსიერევოში გადააბრძანა. 1914 წლის აგვისტოში ჩერნოგორიელებმა ტყვიების წვიმაში წმინდა ნაწილები ვედიმპლეში, წმინდა მთავარანგელოზების ტაძარში გადაასვენეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრიელებმა გაძარცვეს მონასტერი, თითქმის მიწასთან გაასწორეს ეკლესია, ხოლო სენაკები დაწვეს. დანგრეული ეკლესიის ადგილას 1933 წელს ახალი ააშენეს.

KARIBCHE KARIBCHE
კოსიერევოს მონასტრის კანკელი                                        ლუკა მოციქულის წმინდა ნაწილი

1942 წელს წითელმა პარტიზანებმა მოკლეს კოსიერევოს მღვდელმონაზონი თეოფანე (ბეატოვიჩი). ბერი თეოფანე 1890 წლის 14 ოქტომბერს ჰერცოგოვინაში დაიბადა. 1908 წელს ჰერცოგოვინელ აჯანყებულებთან ერთად იგი ჩერნოგორიაში გადავიდა, ხოლო 1919 წელს პენსილვანიაში, წმინდა ტიხონის მონასტერში, მორჩილად შედგა. 1921 წელს იგი ბერად აღიკვეცა, მცირე ხნის შემდეგ კი ბერდიაკვანი გახდა. ოცდაათიან წლებში თეოფანე სერბეთის ეპისკოპოს მარდარიოსთან (უსკოკოვიჩთან) (1889-1935წ.) ერთად ამერიკაში სერბების ეკლესიური ცხოვრების ორგანიზაციაზე ზრუნავდა. მეტისმეტი ღვაწლის შედეგად ბერდიაკვანი მძიმედ დასნეულდა და 1939 წელს სამშობლოში დაბრუნდა. პატრიარქმა გაბრიელმა (დოჟიჩმა) იგი ჩერნოგორია-პრიმორიეს მიტროპოლიაში მიავლინა, ხოლო ჩერნოგორიელმა მიტროპოლიტმა იოანიკემ (ლიპოვაცმა) 1940 წლის 28 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი.

კოსიერევოს წინამძღვრის იღუმენ დამიანეს (ტომიჩის) მტკიცებით, თეოფანე 1942 წლის შობას კომუნისტებმა შეიპყრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, ხოლო გზაში მოკლეს და თხრილში ჩააგდეს.

1966 წელს, ტრებიშნიცაზე ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობისას, მონასტერი ჰერცოგოვინის საზღვრიდან ოდნავ მოშორებით, ჩერნოგორიის ქალაქ ნიკშიჩიდან 40კმ-ზე, სოფელ პეტროვიჩში გადაიტანეს. ახალი ტაძარი თანამედროვე სამშენებლო მასალებით არის ნაგები, თუმცა მოსაპირკეთებლად ძველი ქვა გამოიყენეს. ტაძარი მხატვარმა ნაუმ ანდრიჩემ მოხატა.

ამჟამად მონასტერში ინახება წმინდა მოციქულისა და მახარებლის ლუკას ტერფი და წმინდა არსენი სრემსკის წმინდა ნაწილები.

უძველეს ნაბეჭდ წიგნებს შორის გამოირჩევა 1851 წლის სახარება.

მონასტრის სიახლოვეს არის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ძველი სასაფლაოს ეკლესია.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1