მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ზოჩიშტეს წმინდა კოზმასა და დამიანეს მონასტერი
წმინდა კოზმასა და დამიანეს მონასტერი მდებარეობს სოფელ ზოჩიშტეში, ორახოვციდან 5კმ-ის დაშორებით, პრიზრენის მიდამოებში. მონასტრის დაარსების თარიღი უცნობია. პირველად ის მოხსენიებულია მეფე სტეფანე დეჩანელის 1327 წლის წყალობის სიგელში. უძველესი მოხატულობის ფრაგმენტები და თვით ტაძარიც მიეკუთვნება XIV საუკუნეს. მონასტრის უძვირფასესი განძია სასწაულმოქმედი წმინდანების, კოზმასა და დამიანეს წმინდა ნაწილები. მათ წმინდა ნაწილებთან უამრავი სასწაული ხდებოდა. მონასტერში ჩამოდიოდნენ ალბანელები და მუსლიმანები, ბოშები, რომელნიც პატივს სცემდნენ სიწმინდეს. მომსვლელები ითხოვდნენ, მათთვის ელოცათ და წვებოდნენ წამებულთა წმინდა ნაწილების ქვეშ. ვიდრე ნატოს ჯარები დაბომბავდნენ, მონასტერში რაშკო-პრიზრენელი მეუფის არტემის ოთხი სულიერი შვილი ბერი ცხოვრობდა. მონასტერში საერთო საცხოვრებლის წესი მოქმედებდა. საძმო ხატებს ამზადებდა და მისიონერულ მუშაობას ეწეოდა განსაკუთრებით ბავშვებში, რომელნიც ხშირად სტუმრობდნენ მონასტერს.

1998-1999 წლების ომის დროს მონასტერს განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს ტერორისტები. 1998 წლის ზაფხულში ექსტრემისტებმა ტყვედ ჩაიგდეს მონასტრის საძმო და ოცამდე მოხუცი, რომლებიც აქ ალბანელებს გამოექცნენ. წითელი ჯვრის ჩარევის შემდეგ ტყვეები გაათავისუფლეს. ველიკა ხოჩის მიდამოებში ყველა სერბული დასახლება პრაქტიკულად დაცარიელდა. 1999 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ალბანელებმა გაანადგურეს სერბების დარჩენილი სახლები და გააძევეს მოსახლეობა, არ დაინდეს ეს უძველესი ქრისტიანული სიწმინდეც. 1999 წლის ივნისში საძმო იძულებული გახდა დაეტოვებინა სავანე და გადასახლებულიყო დუბოკი პოტოკის მონასტერში, კოსოვოსა და მეტოხიის ჩრდილოეთით.

1999 წლის 13-14 სექტემბერს ალბანელმა ექსტრემისტებმა მონასტერი გაძარცვეს და დაანგრიეს, მოგვიანებით ტაძარიც ააფეთქეს. წმინდა კოზმასა და დამიანეს სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილები ამჟამად სოპოჩანის მონასტერშია და წინანდებურად კურნავს მათთან რწმენითა და სიყვარულით მოსულებს.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1