მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ცეტინის მონასტერი
ცეტინის მონასტერი ჩერნოგორიის ძველი დედაქალაქის ცენტრში, ქალაქ ცეტინში მდებარეობს. მისი დაარსებიდან 500 წელიწადზე მეტი გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მონასტერი ჩერნოგორიელი მიტროპოლიტების რეზიდენციას წარმოადგენდა. გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ მონასტერი მართლმადიდებელი ჩერნოგორიის გულია, მისი თავისუფლებისმოყვარე სულის სიმბოლო და აკვანი.

მონასტერი 1465-1490 წლებში აშენდა. ის ზეტას (ძველი ჩერნოგორიის) მმართველმა თავადმა ივან ჩერნოევიჩმა დააფუძნა. 1479 წელს ზეტა თურქეთის სულთანმა მეჰმედ II-მ დაიპყრო და ივანმა თავი იტალიას შეაფარა. ანკონაში მან ლორეტის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი მოინახულა და აღთქმა დადო, რომ თუ სამშობლოში დაბრუნდებოდა, ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიას ააშენებდა.

1481 წელს მეჰმედ II გარდაიცვალა და ივან ჩერნოევიჩი ზეტაში დაბრუნდა, სამიოდე წლის შემდეგ კი თურქებისთვის მიუწვდომელ ადგილას მონასტრის მშენებლობა დაიწყო. ახალაგებულ მონასტერში დაფუძნდა ზეტის ეპისკოპოსის რეზიდენცია, რომელიც მანამდე კრანიაში მდებარეობდა. ივანე ჩერნოევიჩმა სავანეს უხვი შესაწირი უბოძა.

მონასტერი ჩიპურის ბორცვზე მდებარეობდა. თანამედროვეთა გადმოცემით, ის პატარა იყო, მაგრამ მშვენიერი. მის ცენტრში აღმართული იყო სამი მხრიდან სვეტებით გარშემორტყმული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც, გადმოცემით, ზღვისპირელმა ხელოსნებმა ააგეს. იქვე იდგა პეტრე მოციქულის სახელობის პატარა ეკლესია, სენაკები, მიტროპოლიტის პალატები და სამეურნეო შენობები. მონასტერს გარს ერტყა თხრილები და გალავანი.

ივან ჩერნოევიჩი 1490 წელს გარდაიცვალა. ის მონასტრის ეკლესიაში დაკრძალეს.

ივანეს მემკვიდრემ, გიორგიმ, რომელიც ზეტას 1490-1496 წლებში მართავდა, ცეტინის მონასტერში სტამბა მოაწყო, სადაც დაიბეჭდა ფსალმუნები, ლოცვანები, სახარება.

მორეის ომის დროს (1684-1699) ცეტინის მონასტერში ვენეციის გარნიზონი დაბანაკდა. უკან დახევისას ვენეციელებმა მონასტერი დანაღმეს და როდესაც იქ თურქები შევიდნენ, ააფეთქეს. მათმა მეთაურმა გადარჩენილი ეკლესიისა და სენაკების განადგურება ბრძანა.

მიტროპოლიტმა დანიელმა, რომელიც ჩერნოგორიას 1916 წლამდე (ოფიციალურად - 1918 წლამდე) განაგებდა, მონასტერი აღადგინა. ახალი სავანის მშენებლობისას დანგრეული მონასტრის მასალები გამოიყენეს. ახალი ეკლესიის კედელში დაატანეს ქვის რელიეფი ორთავა არწივის გამოსახულებით - ეს ივან ჩერნოევიჩის გერბი იყო.

1702 წლის მიწურულს ცეტინის მონასტერი იქცა იმ მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრად, რომელთაც ჩერნოგორიის ბედი გადაწყვიტეს.

1702 წლის ქრისტესშობის წინა ღამეს მართლმადიდებელი ჩერნოგორიელები მეუფე დანიელის ბრძანებით თავს დაესხნენ პოტურჩენცებს - ჩერნოგორიელებს, რომელთაც ისლამი მიიღეს და თურქულ პოლიტიკას ატარებდნენ. ყველა პოტურჩენცი, გარდა მონათლულებისა, ქვეყნიდან გააძევეს. მიტროპოლიტმა დანიელმა სწორედ ცეტინის მონასტერში მოუწოდა მორწმუნეებს საღვთო ომისკენ.

მეუფე დანიელმა საგარეოპოლიტიკური კურსი შეიცვალა - კათოლიკურ ვენეციასთან ურთიერთობა შეწყვიტა და მართლმადიდებელ რუსეთთან გააბა კავშირი. 1711 წელს ცეტინში რუსეთი დესპანები მიიღეს. გადაწყდა, ერთად ებრძოლათ თურქეთის წინააღმდეგ.

1712 წლის 17 ივლისს ცარევო ლაზაში ჩერნოგორიელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ თურქების მეორე რაზმი ცეტინში შეიჭრა და მონასტერი დაარბია.

1714 წელს თურქებმა ჩერნოგორია დალაშქრეს და ნაცარტუტად აქციეს. მეუფე დანიელმა დახმარების სათხოვნელად რუსეთს მიაშურა და მიიღო კიდეც პეტრე I-ისგან თანხა თურქების მიერ დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღსადგენად. მაშინ აღორძინდა ცეტინის მონასტერიც.

მეუფე დანიელის გარდაცვალების შემდეგ ცეტინის კათედრა მისმა ძმისწულმა, მიტროპოლიტმა საბამ (პეტროვიჩ-ნეგოშმა) დაიკავა. 1781-1784 წლებში ჩერნოგორიის ეპისკოპოსი იყო საბას ძმისწული არსენი (პლამენაცი). 1784-1830 წლებში კათედრა ეკავა პეტრე I-ს (პეტროვიჩ-ნეგოშს), რომელიც მოგვიანებით პეტრე ცეტინსკის სახელით წმინდანად შერაცხეს. 1785 წელს მონასტერი სკადარის ფაშას მაჰმუდ ბუსატლის თავდასხმას შეეწირა.

წმინდა პეტრეს სენაკი სავანეში დღემდე არსებობს.

წმინდა პეტრე ცეტინსკის მემკვიდრის, მიტროპოლიტ პეტრე II-ის (1830-1851წ.წ.) დროს მონასტერი გაფართოვდა. იმ დროისთვის მონასტერში იყო სკოლა, სტამბა, რომელიც პეტრე II-მ რუსეთიდან ჩამოიტანა 1833 წელს. აქ ჩერდებოდნენ უცხოელი სტუმრები. 1838 წელს მონასტრის გვერდით ეპისკოპოსის ახალი რეზიდენცია ააშენეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ცეტინი ავსტრიის ჯარმა დაიპყრო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 1918 წლის 26 ნოემბერს, ჩერნოგორია სერბეთს შეუერთდა, ხოლო 1918 წლის 1 დეკემბერს სერბეთი სლოვენიასა და ხორვატიასთან ერთად იუგოსლავიის სამეფოში გაერთიანდა.

1920-1938 წლებში ჩერნოგორიის მიტროპოლიტი იყო გაბრიელი (დოჟიჩი), სერბეთის მომავალი პატრიარქი (1938-1950წ.წ.). მისი მწყემსმთავრობის ჟამს, 1925-1927 წლებში, მონასტერში რადიკალური გარდაქმნები მოხდა. აიგო ახალი სამიტროპოლიტო რეზიდენცია. სამრეკლომ თანამედროვე სახე მიიღო.

1940-1945 წლებში ცეტინის კათედრა დაიკავა მომავალმა დიდმოწამემ იოანიკიმ (ლიპოვაცმა), რომელმაც იტალიური ოკუპაცია გადაიტანა, ხოლო 1944 წელს 70 მღვდელთან ერთად ცეტინიდან გაექცა ტიტოს რაზმების შეტევას.

1947 წელს ჩერნოგორიის მიტროპოლიტი გახდა არსენი (ბრადარევიჩი). 1954 წელს მიტროპოლიტ არსენს და 7 ჩერნოგორიელ მღვდელს "ჩერნოგორიაში სახალხო რეჟიმის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზების გამო და ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობისთვის" ცეტინის სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მეუფის "დანაშაული" ის გახლდათ, რომ 1945 წელს, როდესაც იგი ზაგრების მიტროპოლიის ადმინისტრატორი იყო, უშიშრად ამხილა კათოლიკური ეკლესიის ბოროტება მართლმადიდებელი ხორვატების მიმართ მეორე მსოფლიო ომის დროს. მიტროპოლიტს ისიც დასდეს ბრალად, რომ შეხვედრისას ეკლესიების მსოფლიო საბჭოს მდივანს რობერტ ტობიას აცნობა, სახალხო ხელისუფლება სერბეთის ეკლესიას დევნისო.

KARIBCHE

იოანე ნათლისმცემლის ხელის მტევანი

გათავისუფლების შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ მეუფე არსენს ნება არ მისცა ცეტინში დაბრუნებულიყო. 1961 წელს ჩერნოგორიის კათედრაზე დანიელი (დაიკოვიჩი) დაადგინეს. მისი მწყემსმთავრობისას, 1984 წელს, აიგო ახალი სამიტროპოლიტო რეზიდენცია, ძველი კი სამუზეუმო ექსპოზიციებისთვის გამოიყენეს.

1990 წლიდან ჩერნოგორიის მიტროპოლიტია ამფილოქე (რადოვიჩი).

მონასტრის ეკლესიაში, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზეა ნაკურთხი, ინახება მონასტრის მთავარი სიწმინდეები: კიდობანი წმინდა პეტრე ცეტინსკის წმინდა ნაწილებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელის მტევანი და მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი.

ეკლესიის კანკელი ხით არის მოჩუქურთმებული. ხატები მიეწერება კორფუელ ნიკოლოზ ასპიოტს (სხვა მონაცემებით - მაკედონიელ ძმებს ჯინოვსებს). ეკლესიაში ორი აკლდამაა. სამხრეთ კედელთან ჩერნოგორიელი თავადი დანიელ I პეტროვიჩ-ნეგოშია (1852-1860წ.წ.) დაკრძალული, ხოლო ჩრდილოეთ კედელთან - მისი ძმა ვოევოდა მირკო, რომელსაც თურქებზე გამარჯვების გამო "ჩერნოგორიის მახვილი" უწოდეს.

მონასტრის ეზოში განისვენებს თავად დანიელის ქვრივი დარინკა, ხოლო კარიბჭის მარცხნივ ჩერნოგორიელი მიტროპოლიტის მიტროფანეს (ბანას) საფლავის ქვაა ჯვრით (1885-1920წ.წ.). მიტროფანეს ეპისკოპოსად 1885 წელს პეტერბურგში, ისაკის ტაძარში დაასხეს ხელი.

ცეტინის მონასტერში, წმინდა პეტრე ცეტინსკის სენაკში, დავანებულია წმინდა თეოდორე სტრატილატის რამდენიმე წმინდა ნაწილი. მონასტრის მუზეუმში გამოფენილია წმინდა სტეფანე დეჩანელის გვირგვინი, წმინდა საბას მანტია, ჩერნოგორიელი მიტროპოლიტების სამოსი და რუსი იმპერატორების შემოწირულობანი, ასევე - XVIII-XIX საუკუნეების ძვირფასი ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები. მაგალითად, დივოში ტიხორადიჩის ხელნაწერი სახარება (1350წ.).

მონასტერსა და ჩერნოგორიის მეფის ნიკოლოზის სასახლე-მუზეუმს შორის, ივან-ბეგის ძველი მონასტრის ნანგრევებზე, დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის კარის ეკლესია, რომელიც ცეტინის მონასტერს ეკუთვნის და ცეტინის სემინარიის ტაძარს წარმოადგენს. ეკლესიაში განისვენებენ ჩერნოგორიის უკანასკნელი მეფე ნიკოლოზი (გარდაიცვალა 1921წ.) და მისი მეუღლე მილენა. მათი ნეშტები აქ 1989 წელს გადმოასვენეს სან-რემოს (იტალია) რუსული ეკლესიიდან.

ცეტინის სემინარია, სადაც ცეტინელი ბერები ასწავლიან, მონასტრის ახლოს, ყოფილი ეკლესიის სასამართლოს შენობაშია განთავსებული. სემინარიის ახლოს, ნეგოშის ქუჩაზე, მდებარეობს ჟურნალ "სვეტიგორას" რედაქცია და მართლმადიდებელი რადიო "სვეტიგორა", სადაც ასევე ცეტინელი ბერები მუშაობენ. მონასტრის ზემოთ, არწივის ჯვრის მთის მწვერვალზე, დგას მეუფე დანიელის მავზოლეუმი - ღია სამლოცველო.

მიტროპოლიტი პეტრე II დაკრძალულია წმინდა პეტრე ცეტინსკის ეკლესიაში, რომელიც 1972 წელს დაანგრია ტიტოს ხელისუფლებამ და მის ადგილას მავზოლეუმი ააშენა.

ცეტინის სავანეს მიაკუთვნებენ კომოვიმას წმინდა ილიას მონასტერსაც, რომელიც ჩერნოგორიის მეფემ ნიკოლოზ I-მა ბიძის, თავად დანიელის სულის საცხოვნებლად ააგო.

ამჟამად მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ლუკა (ანიჩი), ხელოვნების ისტორიის მაგისტრი.

მონასტრის საძმო ათზე მეტ ბერსა და მორჩილს ითვლის.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1