მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ჟიჩეს მონასტერი
"კარიბჭის" საშუალებით ჩვენს მკითხველს საშუალება აქვს, მსოფლიოს მართლმადიდებლური სიწმინდეების მიმოხილვისა. ამჯერად შემოგთავაზებთ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეებს. გაგაცნობთ სერბეთის უდიდეს სიწმინდეს - ჟიჩეს მონასტერს. აქედან იწყება სერბეთის სასულიერო-საეკლესიო და საერო-სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

ჟიჩეს მონასტერი სერბეთის გულში, რაშკას ისტორიულ ოლქშია. მისი დამაარსებელი (XIII ს-ის დასაწყისი) და შემომწირველი იყო წმინდა სტეფანე (ბერობაში სიმონი), ხოლო მაშენებელი - საბა. ისინი დიდი სერბი წმინდა ხელმწიფის, სტეფანე ნემანის ვაჟიშვილები გახლდნენ. ნემანიჩების დინასტიამ მსოფლიო ეკლესიას მრავალი ღვთის მადიდებელი და სათნომყოფელი მისცა.

წმინდა საბა ბიზანტიაში სერბეთის დამოუკიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. მან იქიდან ჩამოიყვანა მხატვრები ჟიჩეს უფლის ტაძრის მოსახატად. უნდოდა, ეკლესიას საკათედრო ტაძრის სახე მიეღო და ამგვარად დაკავშირებოდა სამოციქულო ეკლესიას - სიონში, იერუსალიმში, "ყველა ეკლესიის დედას", რომელიც თავად მაცხოვარმა დააარსა.

ასი წლის შემდეგ წმინდა ნიკოდიმოსმა სერბულ ენაზე თარგმნილი იერუსალიმის ტიპიკონის მისეულ შესავალში წმინდა საბა შეადარა მოსეს - საბამ "ეს დიდი ეკლესია" ააგო სიონის მსგავსადო.

აქ გვერდიგვერდ დგას ორი სამლოცველო - ერთი მიძღვნილია წმინდა საბასადმი და მეორე - პირველმოწამე არქიმანდრიტ სტეფანესადმი. სტეფანე იყო სერბეთის სახელმწიფოს მცველი და დინასტიის მფარველი, ხოლო წმინდა საბა - მაგალითი მართლმადიდებელი ბერობისა, ტიპიკონის შემქმნელი, რომელიც დღემდე გამოიყენება.

ტაძარი გამშვენდა 1221 წელს, დიდი საეკლესიო კრების დროს. მაშინ მთავარეპისკოპოსმა საბამ წარმოსთქვა ცნობილი სიტყვა ჭეშმარიტი რწმენისა და ერეტიკოსების შესახებ და ამით გაახარა სერბეთის მართლმადიდებლები. ამ კრებაზე პირველმა სერბმა მთავარეპისკოპოსმა საბამ აკურთხა სტეფანე ნემაჩინი, როგორც პირველი მართლმადიდებელი მეფე. მან მერე პირველკურთხეულის ტიტული მიიღო.

ეს ორი თარიღი - 1219 და 1221 წლები სერბეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღებია. ერთდროულად შეიქმნა სერბეთის ეროვნული ეკლესია და სერბეთის ეროვნული სახელმწიფო, როგორც ერთიანი სახალხო ორგანიზმი, სულისა და სხეულის ერთიანობა. აქედან იწყება ერთდროული აყვავება ორი "ხელისუფლების შტოსი" - სულიერისა და მონარქიულისა - მათი ერთობლიობა, თანაზიარობა და დღეგრძელობა.

ჟიჩე - ამ თანხმობის სიმბოლო იყო.

მომდევნო საუკუნეში წმინდა საბა
III-მ სოლუნელ ზოგრაფებს განააახლებინა ბულგარელთა თავდასხმებისაგან დაზიანებული ფრესკები. ჟიჩეს მონასტერი დიდ მამულებსაც ფლობდა.

აქ დაცულია მაცხოვრის ჯვრის ნაწილი და ღვთისმშობლის სარტყელი, იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა და თავის ქალას ნაწილი, მოციქულების წმინდა ნაწილები, წინასწარმეტყველების, მოწამეების ხატები, ძვირფასი ჭურჭელი. ჟიჩეში იყო მთავარეპისკოპოსის ტახტი, აქ აკურთხებდნენ მეფეებს. ხალხური ეპოსი სავანეს ქებას ასხამს და "შვიდბჭიან ჟიჩეს" უწოდებს, რადგანაც სტეფანე პირველკურთხეულისგან დაწყებული, შვიდი ხელმწიფის კურთხევის პერიოდში იგებოდა ახალი კარიბჭე. ამ სავანეში სერბეთის ტახტზე აკურთხეს 19 მეფე. სულ ბოლოს - XX საუკუნის დასაწყისში.

მეუფე ნიკოლაის (ვლადიმიროვიჩი) თქმით, ჟიჩეზე ლაპარაკისას ვგულისხმობთ ხალხს და ქვეყანას. ტაძრის მეწამული ფერი, რომელიც მონარქიული ხელისუფლების სიმბოლოა, იმავდროულად მოგვაგონებს ამ მიდამოებში დაღვრილ მართლმადიდებლების სისხლს. მონასტერს თავს ესხმოდნენ მტრები, ამიტომ სამთავარეპისკოპოსო დროებით პეჩში გადაჰქონდათ, ხოლო შემდეგ ხდებოდა განადგურებული ფრესკების განახლება, დანგრეულის შენება, საძმოს ხელახალი შეკრება. თურქების ბატონობისას მონასტერში ცხოვრება ჩაქრა, აურაცხელი სიწმინდე სამუდამოდ დაიკარგა.

გაუკაცრიელებული ნემანიჩების მონასტერი 1804 წელს განაახლა ყარაგიორგიევიჩების სამეფო დინასტიის დამაარსებელმა. ამის შემდეგაც განიცდიდა მონასტერი სასტიკ თავდასხმებს. მხოლოდ 1855 წლიდან უჟიჩსკო-კრუშევაცკის მეუფემ იოანიკემ (ნეშკოვიჩი) შეძლო ჟიჩეს გადარჩენა და აღორძინება.

XX საუკუნეში მეფე ალექსანდრე ყარაგიორგიევიჩმა ჩაატარა მასშტაბური სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები. 1930-იან წლებში შენობის განახლებასა და მონასტრის კულტურულ და სულიერ განვითარებაზე ზრუნავდა მეუფე ნიკოლაი (ველიმიროვიჩი). იმ დროისთვის სერბეთში სასულიერო ცხოვრება უმაღლეს დონეზე იყო, ჟიჩე სავსე იყო ბერებით. აქ შეაფარეს თავი რუსეთიდან გამოქცეულებმაც.

მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც სერბმა ხალხმა, ასევე მონასტერმაც დიდი განსაცდელი გამოიარა. ათიათასობით სერბი დახვრიტეს კრალევეში, კრაგუეჩცეში, ასიათასობით კაცი იტანჯებოდა უსტაშების ბანაკებში. მონასტერი ძალიან დაზიანდა დაბომბვების შედეგად, დაიწვა კელიები, სტამბა, საეპისკოპოსო პალატები, დაიღუპა შუასაუკუნეების ფრესკები. მეუფე მაშინვე შეუდგა დანგრეულის აღდგენას, მაგრამ დააპატიმრეს და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვეს სერბ პატრიარქ გაბრიელთან ერთად. ომის შემდეგ იგი იძულებული გახდა, ამერიკაში გამგზავრებულიყო.

KARIBCHEომის შემდეგ სავანე დედათა მონასტრად გადაკეთდა, რადგანაც კომუნისტების დროს დედათა მონასტრის გახსნა უფრო ადვილი იყო, "ხალხის ოპიუმი" ითვლებოდა "განუვითარებელი ქალების" ხვედრად. ღვთის შემწეობით, მთელი სერბეთისა და ჟიჩეს ღვთის სათნომყოფელების ლოცვებით, მონასტერი ხელახლა აშენდა და მოიხატა. 1987 წლის მიწისძვრის შედეგად მონასტერი ძალიან დაზარალდა, არქეოლოგიური გამოკვლევებისა და სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ კი თავდაპირველი სახე მიიღო.

უკანასკნელ ათწლეულში განაახლეს სატრაპეზო და წმინდა საბას ეკლესია. ამ დროს სასწაულად გამოჩნდა რუსეთის წმინდა მოწამე მეფის, ნიკოლოზ II-ის სახე, რომელიც წარყვნის შიშით ლურჯი მკვრივი ქაღალდით დაეფარათ. ომის შემდეგ ტიტო არა მარტო მხეცურად გაუსწორდა სამღვდელოებას და ბერებს, არამედ ყველა რუსოფილს.

ჟიჩეს მონასტერი ყველაზე დიდია სერბეთში. აქ მოღვაწეობს 45 მონაზონი იღუმენია ელენეს წინამძღვრობით და არქიმანდრიტი გერასიმე. წესდება არის ძალიან მკაცრი.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საომარი მოქმედებების მიუხედავად, დედები დაუღალავად შრომობენ სამონასტრო სავარგულებზე, ხატების სახელოსნოში, შენდება ახალი კელიები, ფართოვდება მონასტრის ტერიტორია.

მონასტერში ცხოვრობდნენ კოსოვოელი და მეტოქიელი ლტოლვილები.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1