მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საიდნაიას ქალთა მონასტერი
იქ, სადაც ანტიოქიის უძველესი საპატრიარქო მდებარეობდა, დამასკოდან არც ისე შორს, მთებში, არის საიდნაიას ქალთა მონასტერი. სოფელი საიდნაია წმინდა წერილთან ბევრი რამით არის დაკავშირებული. აქაურებს შეუძლიათ გაჩვენონ ადგილი, სადაც კაენმა მოკლა თავისი ძმა აბელი. ამ არემარის მკვიდრნი მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი თავიანთი ერთგულებით არიან ცნობილი. ძველად, როდესაც სირიის მრავალი ქალაქი და სოფელი განუდგა ქრისტიანობას, საიდნაია მართლმადიდებელი რწმენის მტკიცე დამცველად დარჩა.

მონასტერი ქალაქის თავზე აღმართულია როგორც შეუვალი ციხესიმაგრე, მონასტრის ყველა კედელი შიგნიდან დაფარულია ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისადმი აღვლენილი ლოცვებით, ვედრებით და სამადლობლებით, ხოლო პატარა სამლოცველოში შესვლა მხოლოდ ფეხშიშველა შეიძლება. გადმოცემით, საიდნაიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომლებიც წმინდა ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. სირიულ ენაზე ამ ხატს "chahoura" ან "chagoura" ჰქვია, რაც ნიშნავს "სახელგანთქმულს, ცნობილს და მოზეიმეს". ამ სასწაულმოქმედი ხატის გარდა, მონასტერში დავანებულია ღვთისმშობლისა და წმინდანების მრავალი ხატი, რომლებიც მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე საუკუნეებით თარიღდება.

ამჟამად მონასტერში თხუთმეტამდე მონაზონია. ათასობით მართლმადიდებელი მთელი მსოფლიოდან მთელი წლის განმავლობაში მოდის ამ წმინდა ადგილის მოსალოცად, განსაკუთრებით - 21 სექტემბერს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე.

მონასტრის ბიბლიოთეკაში ასობით უძველესი წიგნია დაცული. არის ხელნაწერიც, რომელიც ადასტურებს, რომ ქალთა მონასტერი დაახლოებით 547 წელს დაარსდა. აქ წერია, რომ როდესაც ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა, სირიაზე გაიარა და გზად ამ უდაბნოში გაჩერდა, რომ ჯარს ცოტა შეესვენა. ახლომახლო წყარო არსად იყო. იმპერატორი ხვდებოდა, რომ თუ წყალს ვერ იპოვიდნენ, ბრძოლას ვერ შეძლებდნენ. უეცრად ქურციკს მოჰკრა თვალი და დაედევნა - იმედი ჰქონდა, იგი წყაროსთან მიიყვანდა. იმპერატორის მოლოდინი გამართლდა. უეცრად სასწაული მოხდა - ქურციკმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბრწყინვალე სახე მიიღო. მან ხელი გაუწოდა იმპერატორს და უთხრა: "არ მესროლო, იუსტინიანე, და აქ, ამ ბორცვზე, ჩემთვის ეკლესია ააშენე". ეს თქვა თუ არა, გაუჩინარდა.

იუსტინიანემ დაბრუნებისთანავე ბრძანა, დაუყოვნებლივ დაემუშავებინათ ეკლესიის მშენებლობის გეგმა. არქიტექტორებმა ბრძანების შესრულება დააგვიანეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიზმრად მოევლინა იუსტინიანეს, აჩვენა ქალთა მონასტრის გეგმა და უთხრა, რომ ეს მონასტერი მისი მფარველობის ქვეშ იქნებოდა.

იუსტინიანემ იმავე დღეს დაიწყო მშენებლობა. სულ მალე მონასტერმა სახელი მოიხვეჭა და იერუსალიმის შემდეგ მეორე სიწმინდე გახდა, სადაც ამდენი მომლოცველი თუ მონაზონი მიისწრაფოდა სირიიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან. მერვე საუკუნის მიწურულს მონასტრის წინამძღვარი იყო ღირსი მარინა, რომელმაც ღვთისსათნო ცხოვრებით საყოველთაო პატივისცემა მოიპოვა.

ერთხელ ბერძენი მეუდაბნოე ბერი თეოდორე ეგვიპტიდან წმინდა მიწის მოსალოცად მიდიოდა. გზად მონასტერში შეჩერდა. გამოთხოვებისას იღუმენიამ სთხოვა, იერუსალიმში ღვთისმშობლის ძვირფასი და მშვენიერი ხატი ეყიდა, მაგრამ თეოდორეს დაავიწყდა თხოვნა. უკან დაბრუნებისას ბერი უცნობმა ხმამ შეაჩერა: "ხომ არაფერი დაგვიწყებია იერუსალიმში? რა დაგავალა მარინა წინამძღვარმაო?" ბერი თეოდორე მაშინვე გაბრუნდა იერუსალიმში და იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი იპოვა.

გზად ამ წმინდა ხატის მეშვეობით პირადად მასზე დიდი სასწაული აღესრულა: იმხანად ქარავნებს ხშირად ესხმოდნენ თავს ყაჩაღები და ველური მხეცები. საშიშროების ჟამს მეუდაბნოეს ხელში ეჭირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და შეწევნას ევედრებოდა. მართლაც, მას ყოველგვარი განსაცდელი ასცდა.

უკვე მონასტერს უახლოვდებოდა თეოდორე, როდესაც ბოროტმა სძლია და გადაწყვიტა, ეს ძვირფასი ხატი თავისთვის დაეტოვებინა. საიდნაიას მონასტერში არც კი შესულა, ეგვიპტისკენ ისე აიღო გეზი, მაგრამ როგორც კი ხომალდში ჩაჯდა, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, გემი კინაღამ ჩაიძირა. ბერი მიხვდა, რომ ამ უბედურების მიზეზი თვითონ იყო, სასწრაფოდ დატოვა გემი და საიდნაიაში დაბრუნდა, მაგრამ გზაში კვლავ სძლია ცდუნებამ და მონასტერში მისულმა წინამძღვარს უთხრა, ხატის შეძენა ვერ მოვახერხეო.

თეოდორეს სურდა, გარიჟრაჟზე ხატითურთ მალულად დაეტოვებინა მონასტერი, მაგრამ კარიბჭესთან მისულმა ნაბიჯიც ვეღარ გადადგა წინ. ბერი იძულებული გახდა, წინამძღვარს თავის საქციელში გამოტყდომოდა და ხატი მიეცა.

ხატი მონასტერში დარჩა და მის განსაკუთრებულ სიწმინდედ იქცა.


ტალ კაუკაბის წმინდა პავლე მოციქულის სახელობის საპატრიარქოს მონასტერი
მისი უნეტარესობა, პატრიარქი თეოდორე VI (1958-1970), დაინტერესდა მიწებით, რომლებიც დამასკოდან 18კმ-ზე მდებარეობს და კაუკაბი ეწოდება. პატრიარქმა მოისურვა, ამ ადგილას ძველრომაული ან ბიზანტიური სტილის დიდებული ნაგებობა აღემართა.

KARIBCHEიქვეა ვულკანური ბორცვი, რომლის ფერდობები შავი ქვებით არის დაფარული. იქ მიმავალი მგზავრი, უზრუნველად რომ გასცქერის არემარეს, ვერაფერს ხედავს ისეთს, რაც პავლე მოციქულის ხილვას და მის მოქცევას მოაგონებდა, მაგრამ ძველად იცოდნენ ამ ადგილის სიწმინდისა და მნიშვნელობის შესახებ. აქ იდგა წმინდა პავლეს მონასტერი, რომლისგანაც შემორჩა მხოლოდ რამდენიმე დამუშავებული ქვა, კორინთული სვეტის ზედა ნაწილი, წვიმის წყლის მოსაგროვებელი ორი ჭა, ორმოები და დიდი შენობის საძირკველი, რომელსაც დღემდე ეტყობა კირის კვალი.

ვულკანურ ბორცვსა და რომაულ გზას შორის ეკლესიის ნაშთებს და მიმობნეულ კრამიტის ნამსხვრევებს შეამჩნევთ. თლილი ქვების ნაწილი, რომლებიც ძველ ნაგებობას ეკუთვნოდა, უკვე დიდი ხანია თანამედროვე შენობებისთვის არის გამოყენებული.

მონასტრის შესახებ, ჯვაროსნულ ლაშქრობათა ეპოქიდან მოყოლებული, შუა საუკუნეთა წყაროები მოგვითხრობენ. მაგალითად, ჯეკ ფიტრის "იერუსალიმის ისტორია" და ბოკოკის "აღმოსავლეთის აღწერილობა". სოფელ კაუკაბის მკვიდრნი ამ ადგილს "წმინდა პავლეს ბორცვს" უწოდებენ და პატივს მიაგებენ ამ მიწას, მოდიან და აღთქმას დებენ, რომ შვილებს ბორცვის მწვერვალზე მონათლავენ.

ეგნატე პატრიარქის ძალისხმევით გაუკაცურებული მონასტერი განახლდა. სავანის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი მათე რიზკი. მონასტერი იქცა ქრისტიანულ საგანმანათლებლო ცენტრად, რომელსაც ხალხი "ქრისტეს ჭეშმარიტებას" უწოდებს.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1