მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ბალამანდის მონასტერი
ბალამანდის მონასტერი მდებარეობს ბეირუთიდან 80 კმ-ის მოშორებით, კლდის პლატოზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, 1157 წელს, უძველეს ბიზანტიურ ნანგრევებზე ცისტერციანელმა ბერებმა ბალამანდის სააბატო ააგეს.

ცისტერციანელებმა მონასტერი მანამდე დატოვეს, სანამ სულთან კალავანის მამლუქები ტრიპოლის დაიკავებდნენ. ჯვაროსნების წასვლიდან სამასი წლის შემდეგ ანტიოქიელმა ბერებმა ეს ადგილი დაიბრუნეს.

XVIII და XIX საუკუნეებში მონასტერმა კურის რაიონსა და ტრიპოლიში მამულები შეიძინა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მოჰკიდა ხელი.

იმ ოთხი საუკუნის განმავლობაში, რაც ის მართლმადიდებლური კულტურის კერად ითვლებოდა, მონასტერმა უამრავი ხატი, ხელნაწერი და ლიტურგიული სამკაული შეაგროვა. მისი ორივე ტაძარი ძვირფასი კანკელებით და ხატებით არის შემკული.

მონასტრის ხელნაწერთა კოლექცია მოიცავს 170 მანუსკრიპტს, რომლებიც ფასდაუდებელ საუნჯეს წარმოადგენს. მათი უმრავლესობა XVII-XIX საუკუნეებისაა. არის უძველესი ხელნაწერებიც, რომლებიც XIII-XV საუკუნეებით თარიღდება და არაბულ და სირიულ ენებზეა შესრულებული.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქიის საპატრიარქოში 1724 წლის სქიზმის დროს უპირატესობა ბერძნულ ენას ენიჭებოდა, ბალამანდის მონასტრის ბიბლიოთეკაში ბერძნული მხოლოდ რამდენიმე წიგნია დაცული. XVII საუკუნის ილუსტრირებული სახარება 1976 წელს მოიპარეს და დღემდე არ უპოვიათ.

ბალამანდის ხატები შესრულებულია მრავალი ქვეყნის ხატმწერთა მიერ, რომლებიც სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ამ მონასტერში და მისი ხატწერის ტრადიციებს განაგრძობდნენ.

სასწაულმოქმედი ოდიგიტრიის ხატი X საუკუნით თარიღდება.

ხატების უმრავლესობა შეკრებილი და დაწერილია ბალამანდის აყვავების ორი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პირველი XVII საუკუნეში იწყება და XVIII-მდე გრძელდება. ამ პერიოდის ყველა ნამუშევარი ალეპოელი ხატმწერის ნეხმეტი ალ მუსავირის მიერ არის ხელმოწერილი. მეორე პერიოდი, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებიდან იწყება, იერუსალიმური სკოლის აღორძინებით გამოირჩევა. დანარჩენი ხატები სხვა მხარეებიდან ჩამოიტანეს ან შესწირეს მონასტერს. ზოგიერთი რუსეთიდანაც კია ჩამოტანილი.

ბალამანდს დღესაც მრავალი მომლოცველი სტუმრობს. აქ თავშესაფარს პოულობს ყველა, ვინც კი ღვთიურ ჭეშმარიტებას, რწმენასა და სიყვარულს ეძიებს.


წმინდა ილია შოია, დურ შვეირის საპატრიარქო მონასტერი
ეს მონასტერი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის მეორე რეზიდენციაა ლიბანში. ის იქ მას შემდეგ გადაიტანეს, რაც 1860 წელს დამასკოს საპატრიარქო რეზიდენცია და მარიამიტის ეკლესია ხანძარმა შთანთქა. მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 150 მ სიმაღლეზე, მატნ შიმალტის ულამაზეს მთაზე, რომელიც ბეირუთიდან 31 კმ-ზე ლიბანის მთებს ესაზღვრება.

მონასტერს საძირკველი ჩაუყარა რამდენიმე მეუდაბნოე მამამ, რომლებიც გაეცალნენ ამა სოფელს და მიუვალ მთაზე ექვსი სენაკი და პატარა ეკლესია ააშენეს.

როდის აიგო მონასტერი, დანამდვილებით არავინ იცის. მიახლოებითი თარიღიც კი არ არის ცნობილი, რადგან სავანემ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ბუნებრივი კატაკლიზმი განიცადა. გაუკაცურებული სენაკები დროთა განმავლობაში მონასტრის საწყობებად იქცა.

1997 წელს, როცა სავანის აღდგენა და გაფართოება დაიწყო, ძველ კორპუსსაც ჩაუტარეს რესტავრაცია. უძველეს სენაკებზე მონასტრის კომბინირებული ნაგებობები დააშენეს. ახალი შენობები იმავე არქიტექტურული სტილით აიგო, როგორითაც ძველი იყო ნაშენი. გარდა ამისა, გააშენეს თაღოვანი შესასვლელებით გარშემორტყმული ორი ეზო.

სამხრეთით ახალი შენობის კედლები ჩუქურთმებით და ორნამენტებით არის შემკული. დეკორატიულ კიბეს ავყავართ სახურავზე, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება. ზედა კორპუსში მონაზონთა სენაკები და პატრიარქის საზაფხულო რეზიდენციაა.

ეკლესიის ახალი ეკვდერი მდიდრულად არის მორთული ორნამენტებით და სახარებისეული სიუჟეტებით, წმინდანთა გამოსახულებებით და ქრისტიანული სიმბოლოებით.

მონასტრის ეკლესია არქიტექტურული ძეგლია. მისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა კაკლის ხის უნიკალური, მოჩუქურთმებული კანკელი.

ლიბანის სამოქალაქო ომის დროს მონასტერმა რამდენიმე დამანგრეველი დარტყმა განიცადა. საომარ მოქმედებათა დასრულების შემდეგ სავანის ახლანდელი წინამძღვრის, ეპისკოპოს ილიას ხელმძღვანელობით სავანეში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.

მონასტრის საძმო გარშემო სოფლებიდან იღებს საზრდოს. თვით სავანესაც რამდენიმე ფერმა აქვს. სამონასტრო მიწებზე მოჰყავთ ტრადიციული კულტურები და გამოჰყავთ მცენარეთა ახალი ჯიშები.

თავის მხრივ, მონასტერი სულიერ საზრდოს აწვდის ირგვლივ მდებარე სოფლების მოსახლეობას. აქ აღესრულება ნათლობისა და ჯვრისწერის საიდუმლოები, საეკლესიო დღესასწაულებზე - სადღესასწაულო ღვთისმსახურება.

ამჟამად დურ შვეირის მონასტერი მნიშვნელოვანი სასულიერო ცენტრია. აქ იმართება წმინდა სინოდის სხდომები, კონფერენციები. დროდადრო აქვე ხდება მღვდლებისა და ეპისკოპოსების ხელდასხმა. აქვეა უმაღლესი სასულიერო სასამართლო.

მონასტერში ყოველ წელიწადს იმართება ოფიციალური შეხვედრა პარლამენტის, სამინისტროებისა და მართლმადიდებელი საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელსაც მისი უნეტარესობა თავმჯდომარეობს.

სავანეში ინახება უამრავი ხელოვნების ნიმუში, XV და XVI საუკუნეების ხატები, 63 ხელნაწერი.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1