მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
ტურ-აბდინი - უძველესი ცეტრი აღმოსავლეთის მონაზვნობისა
მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი ცენტრი აღმოსავლეთის მონაზვნობისა - ტურ-აბდინი, რომლის სახელიც "თაყვანისცემის მთად" ითარგმნება. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მის პირობით საზღვრად შეიძლება ჩაითვალოს მდინარე ტიგროსი, სამხრეთით - თურქეთ-სირიის თანამედროვე საზღვარი, ხოლო მის დასავლეთ ფორპოსტად ითვლება ქალაქი მარდინი, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ერთ-ერთი ცენტრი. ამ რეგიონში, რომელიც განთქმულია წმინდა მოღვაწეებით, შემონახულია უძველესი ქრისტიანული ტრადიციების კვალი.

ტურ-აბდინის სულიერ ცენტრად შეიძლება ჩაითვალოს წმინდა გაბრიელის მონასტერი - მორ გაბრიელი. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქრისტიანული მონასტერი მსოფლიოში. მისი პირველი დათარიღება 397 წელს განეკუთვნება, რაც 8 წლით უსწრებს პალესტინის წმინდა საბას მონასტრის დაარსების თარიღს, ასორმოცდაათი წლით - სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრისას და ოთხი საუკუნით - ათონის სავანეებისას. ტრადიციის თანახმად, მონასტერი მორ შმუილმა (სამუილმა) და მორ შემუნმა (სიმონმა) დააარსეს. ისინი წარმოშობით სირიელები იყვნენ. მორ შმუილი სოფელ ეშტში დაიბადა. მან სიყრმიდანვე აირჩია მეუდაბნოეთა ცხოვრების წესი და უძველესი ნიზიბიის მახლობლად, უმრის მთაზე დასახლდა. ეს მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ბერმონაზვნობის დამკვიდრების ცისკარზე მოხდა, ამიტომ მორ შმუილი შეიძლება სირიული ბერმონაზვნული ტრადიციის ერთ-ერთ მამად ჩაითვალოს.

KARIBCHEKARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა გაბრიელის მონასტერი - მორ გაბრიელი

რამდენიმე ხნის შემდეგ მას ახალგაზრდა მორ შემუნი დაემოწაფა. მონასტრის დაარსებას ერთ სასწაულს უკავშირებენ. მორ შმუილმა და მორ შემუნმა გადაწყვიტეს, გასცლოდნენ სოფელს. გზას დაადგნენ და იმდენ ხანს იარეს, სანამ გალობით მთელი დავითნი არ ჩაათავეს. უკანასკნელი ფსალმუნი რომ დასრულდა, ისინი წარმართული ტაძრის ნანგრევებთან აღმოჩნდნენ. შეისვენეს და მგზავრობით დაღლილებს ჩაეძინათ. ამ ძილში მორ შემუნს ანგელოზი მოევლინა მორ შმუილის სახით და უთხრა: "შემუნ, შვილო ჩემო, ადექი. მოდი, მონასტერს ჩავუყაროთ საძირკველი". შემუნი ადგა და გაჰყვა ანგელოზს. მან აჩვენა ქვები, რომლებიც მონასტრის დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამანები უნდა ყოფილიყო. ქვებს შორის უზარმაზარი სივრცე იყო მოქცეული. შემუნმა იკითხა, რა საჭირო იყო ამხელა ადგილი ორი მეუდაბნოისთვის. ანგელოზმა უპასუხა, რომ მომავალში აქ მრავალი ბერი დამკვიდრდებოდა. მაშინ შემუნმა ჰკითხა: "ვინ ააშენებს ასეთ დიდ მონასტერს?" პასუხად ანგელოზმა ჰაერში დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ასწია ქვა და უპასუხა: "ძალა, რომელიც ამ ქვას ჰაერში აკავებს, ააშენებს ამ სავანეს".

დილით მორ შმუილმა მორ შემუნი გააღვიძა და სავანის ასაგებად ქვების შეგროვება სთხოვა. მოწაფემ გაკვირვებით უპასუხა: "კი მაგრამ, მასწავლებელო, ჩვენ ხომ მთელი ღამე ვჭრიდით მონასტრის საძირკველს?!" და ორივე მიხვდა, რომ მოხდა სასწაული - თვით ღმერთმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი ახალი სავანისთვის საძირკვლის ჩასაყრელად.

ახლა ვეღარავინ დაადგენს, ნამდვილია თუ არა ეს გადმოცემა, მაგრამ ფაქტია - იმ ადგილას სულ მალე შეიქმნა ბერ-მონაზონთა მრავალრიცხოვანი თემი. მრავალი საუკუნის განმავლობაში მონასტერს მორ შემუნის სახელი ერქვა. ორივე წმინდა დამაარსებელი სავანეშია დაკრძალული. მათ საფლავებზე არსებული მცირე ჩაღრმავებიდან მომლოცველები სასწაულმოქმედ ქვიშას იღებენ, რომლის მეოხებითაც მრავალი განკურნებულა.

ძველად მონასტერი მოღვაწეებით იყო განთქმული. მაგალითად, აქ უცხოვრია ბერს, რომელიც 15 წლის განმავლობაში წუთითაც არ დამჯდარა.

მეტისმეტმა ღვაწლმა, ადამიანის სხეულისადმი რადიკალურად უარყოფითმა დამოკიდებულებამ მორ შემუნის სავანე, პალესტინისა და ეგვიპტის მრავალი სხვა მონასტრის დარად, მიიყვანა მონოფიზიტურ ერესამდე, რომელიც შეუწყნარებლად ამცირებდა ადამიანური ბუნების მნიშვნელობას ქრისტეში. მორ შემუნის მონასტერი მონოფიზიტური მოძრაობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა და დღემდე რჩება ამ ტრადიციის ფორპოსტად.

მონასტერმა იმთავითვე მიიპყრო ბიზანტიის იმპერატორების ყურადღება, რომლებიც მეოთხე საუკუნის მიწურულს უკვე უხვი შესაწირავით აჯილდოებდნენ მას. აიგო სავანის მთავარი ტაძარი და შეიმკო მოზაიკით, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

მეშვიდე საუკუნეში, როცა არაბებმა სირია დაიპყრეს, მონასტრის ყველაზე ცნობილი მოღვაწე მორ გაბრიელი იყო. მისი ღვაწლი იმდენად დიდი გახლდათ, რომ მონასტერს მისდამი მოწიწების ნიშნად მორ გაბრიელი დაერქვა და დღემდე ამ სახელით იხსენიება.

ამჟამად მონასტერი წარმოადგენს შერეულ თემს, რომელშიც ორი ბერი და ათზე მეტი მონაზონი ცხოვრობენ. აქვეა სირია-იაკობინელთა ეპისკოპოსის ტურ-აბდინის რეზიდენცია. მონასტერთან არსებულ სკოლაში ორ ათეულამდე ყმაწვილი ცხოვრობს და სწავლობს სირიულ ენასა და საღვთისმეტყველო საგნებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ტურ-აბდინის ქრისტიანული თემი ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ეთნიკური წმენდის შედეგად ქრისტიანული მოსახლეობის გაძევებამ, აგრეთვე თურქებსა და ქურთებს შორის მუდმივმა დაპირისპირებამ, რომელიც ყველაზე მეტად ქრისტიანებს აზარალებდა, გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის ქრისტიანული მოსახლეობა ამ რეგიონში გაქრობის ზღვართან მიიყვანა. სულ ორიოდე წელიწადია, ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ თურქეთმა ევროკავშირში შესვლის სურვილი გამოთქვა და, ამის კვალობაზე, ხელისუფლებაც გაცილებით სულგრძელი გახდა ქრისტიანთა მიმართ.

რეგიონის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება დეირულზაფარანის ანუ ელ-ზაფარანის მონასტერი, რომელიც ქალაქ მარდინიდან 5-6 კმ-ით არის დაშორებული. იგი ააშენეს მზის წარმართული ტაძრის ადგილას, რომლის ნაკვალევი სავანის ქვედა ტაძარშია შემორჩენილი. ეს მონასტერიც უძველესია. მისი რამდენიმე შენობა - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, წმინდა ანანიას ტაძარი, რომელიც იმპერატორმა ანასტასიმ 12 000 წამებულის აკლდამაზე ააშენა, სამლოცველო-საძვალე - მეექვსე საუკუნით თარიღდება.

KARIBCHE KARIBCHE
ელ-ზაფარანის მონასტერი

რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში მონასტერი სირიელ-იაკობინელთა პატრიარქების რეზიდენციას წარმოადგენდა. ამჟამად აქ ქალაქ მარდინის ეპისკოპოსი ცხოვრობს.

ტურ-აბდინში მრავალი მიტოვებული სავანე და უძველესი ტაძარია, რომელთაგან ზოგიერთი მოუვლელობის გამო ნანგრევებად არის ქცეული. მათ შორის არის ტურ-აბდინის უძველესი მონასტერი მორ ოგენი, რომელიც იზლოს მთის ფერდობზე დგას, მორ იაკუბის მონასტერი სალახაში, ღვთისმშობლის ეკლესია ხახაში, მორ იაკუბის ეკლესია ნიზიბიაში, წმინდა ეფრემ ასურის (306-378) მშობლიურ ქალაქში. ტაძარი 338 წელს, წმინდა იაკობ ნიზიბიელის გარდაცვალების შემდეგ აშენდა.

ქრისტიანული ძეგლები, რომელნიც ტურაბდინში დღემდეა შემორჩენილი, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ საგანძურისა, რომლის უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, სამუდამოდ დაკარგულია.


წმინდა თეკლეს საპატრიარქოს მონასტერი მაალულიაში
მაალულია არამეული სიტყვაა. არამეულ ენაზე ის ამგვარად გამოითქმის: "მოულიულა", - რაც ნიშნავს შესასვლელს, რომელიც გაიარა წმინდა თეკლემ მთებში.

მონასტერი დამასკოდან 60კმ-ზეა. მის გვერდით მდებარეობს სოფელი კალამონიანი, რომელიც არწივის ბუდეს მოგაგონებთ. სახლები კლდეებზე, ორიგინალური არქიტექტურული სტილით, საფეხურებად არის გაშენებული. სოფლის მკვიდრნი არამეულ და არაბულ ენებზე ლაპარაკობენ.

KARIBCHE

წმინდა თეკლეს მონასტერი ერთ-ერთი უძველესი სავანეა სირიაში. ის მეოთხე საუკუნით თარიღდება. მონასტრის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ჯერ გააფართოვეს გამოქვაბული, რომელიც მთის აღმოსავლეთ ნაწილში, სავანის ზემოთ მდებარეობს. მის სამხრეთ ნაწილში აკლდამაა, სადაც მონასტრის მფარველის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. გამოქვაბულის გვერდით დგას ძველი დახურული ეკლესია ქვის ტრაპეზით, რომლის საკურთხეველიც კლდეშია ნაკვეთი. ტაძრის მახლობლად წყაროა, რომლის წყალსაც მორწმუნეები კურთხევასავით იღებენ, სვამენ, ჯვარის სახით ისვამენ შუბლზე.

გამოქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჭერიდან მაკურნებელი წყალი წვეთავს. იქვე, გამოქვაბულშივე, დგას ხე, რომლის ასაკი საუკუნეებს აღწევს.

ამ სიწმინდეებთან მივყავართ კიბეს, რომელიც მონასტრის შიდა ეზოსკენ მიემართება.

მონასტერს XVIII საუკუნეში მისივე მკვიდრთა შემოწირულობით რამდენიმე სენაკი მიემატა. ეს შენობები კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში, კლდეებზეა განლაგებული. სამხრეთ ნაწილში ტაძარია, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში აიგო.

მონასტერთან მოქმედებს სკოლა ობოლი გოგონებისთვის. ის მონასტრის ახლანდელმა წინამძღვარმა დედა ბილაგიე საიაფამ გახსნა. იღუმენიამ დააარსა სახელოსნოც, სადაც თავშესაფრის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები ხელსაქმეს სწავლობენ.

იღუმენია მონასტრის სამფლობელოების ნაწილს აქირავებს, რათა შემოსული თანხები სავანის რესტავრაციას და სხვა საჭიროებას მოახმაროს.

მონასტერში მსახურობენ ქალაქის მღვდლები, რომლებიც უნეტარესი პატრიარქის ეგნატე IV-ის ხელმძღვანელობით ახალგაზრდებთანაც მუშაობენ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1