მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
წმინდა თეკლას კვიპროსის სავანე
უძველესი დროიდან კუნძულ კვიპროსს "წმინდანების კუნძულს" უწოდებდნენ. დღემდე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოედინებიან მართლმადიდებელი მომლოცველები, რომ პატივი სცენ ლაზარეს საფლავს ლარნაკაში და უფლის ჯვარს სტავროვუნის მონასტერში, რომ ილოცონ სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის წინაშე კიკოსის მონასტერში, რომელიც, გადმოცემის თანახმად, დაწერილია ლუკა მახარებლის მიერ, ეამბორონ მოწამეების - კვიპრიანეს და იუსტინას წმინდა ნაწილებს წმინდა კვიპრიანეს მონასტერში, მენიკოში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ კვიპროსზე დღემდე შესანიშნავად არის შემონახული პირველმოწამე თეკლას წმინდა ნაწილები, რომელიც მოციქულ პავლეს მოწაფე იყო და ეწამა I საუკუნეში.

წმინდა თეკლა ცნობილი და დიდებული გვარის შვილი იყო. ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ იკონიაში. 18 წლისა ჭაბუკ ფამირზე დაინიშნა. ამ დროისათვის იკონიაში მოვიდა მოციქული პავლე, რომელიც ქადაგებდა სახარებას და ასწავლიდა ქრისტეს შესახებ. კეთილ ნიადაგში ჩავარდა ღვთის სიტყვა. სულიწმინდის ძალით იგი ღრმად ჩაწვდა თეკლას გულს, რომელმაც დაუფიქრებლად მიატოვა ყველაფერი ამქვეყნიური და მიაპყრო მზერა ზეციურ საქმროს - ქრისტეს. ფამირმა, რომელმაც დაკარგა საცოლე, ადგილობრივ მმართველთან უჩივლა პავლეს და ჯადოქრობაში დასდო ბრალი. მოციქული დილეგში ჩაამწყვდიეს. თეკლამ გაიგო ეს, მოისყიდა მცველი და შეიპარა პატიმართან, რომელმაც, დაინახა რა მისი რწმენაში განმტკიცება, თეკლას "პირველი სულიერი ქალწული" უწოდა. მალე ნათესავებმა ჩაიგდეს ხელში თეკლა. უნდოდათ, კოცონზე დაეწვათ. ცეცხლი გარს შემოერტყა მას, მაგრამ სხეულს არ შეეხო. შემდეგ კი ჩაქრა კოკისპირული წვიმის შედეგად. ჩამოვიდა თუ არა კოცონიდან, თეკლა მოციქულ პავლეს გაჰყვა ანტიოქიაში, სადაც იგი ხელახლა შეიპყრეს და მხეცებს მიუგდეს შესაჭმელად, შემდეგ კი გველებს, მაგრამ მათ არაფერი დაუშავეს. შეშინებულმა მმართველმა გაუშვა წმინდანი. იგი ქალაქ სელევკიის მახლობლად გამოქვაბულში დასახლდა. ლოცულობდა, ავადმყოფებს კურნავდა, ახდენდა სასწაულებს და ასწავლიდა ქრისტეს რწმენას. ექიმები და ჯადოქრები უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ ავადმყოფები მათთან კი არ მიდიოდნენ, არამედ თეკლასთან, რომელიც მათ უფასოდ მკურნალობდა. შურიანებმა მოისყიდეს გარყვნილი ახალგაზრდები, რომ წმინდანი გაეუპატიურებინათ. თეკლა მათი დანახვისთანავე მიხვდა ყმაწვილების განზრახვას და გაიქცა, ღმერთს ეხვეწებოდა შველას. მის წინ გაირღვა კლდე და იგი იქ დაიმალა. ეს მოხდა სირიაში.

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა თეკლეს მონასტერი ლარნაკაში                                                      წმინდა თეკლეს წყარო

ღვთის განგებით, წმინდა ნაწილების ნაწილი ქრისტიანებმა მოიპოვეს და სირიის მახლობლად, კუნძულ კვიპროსზე გადაიტანეს. დღეისათვის ეს წმინდა ნაწილები ინახება წმინდა თეკლას დედათა მონასტერში, რომელიც აგებულია ზეთისხილით დაფარულ მთაზე, სოფელ მოსფილოტის გარეუბანში, ქალაქ ლარნაკას სიახლოვეს.

გადმოცემის თანახმად, დიდმოწამე თეკლას მონასტერი IV საუკუნეში დააარსა წმინდა ელენემ. იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას დედოფალმა მოინახულა კვიპროსი. მისი ლოცვის დროს ახლანდელი სავანის ადგილას მიწიდან ამოხეთქა სამკურნალო წყარომ, რომელმაც დედოფალი და მისი მხლებლები დანამა. წმინდა ელენემ ამ ადგილას პირველმოწამე თეკლას სახელზე ააშენა ტაძარი. წერილობით წყაროებში მონასტერი პირველად მოიხსენიება 1780 წელს. კვიპროსის არქიეპისკოპოსის მფლობელობის აღწერაში ჩამოთვლილია ყველა წმინდა საგანი, რომელიც სავანეს ეკუთვნის. XVIII საუკუნის ბოლოდან მონასტერი ხშირად ჩანს. ამ დროს აქ მამათა მონასტერი იყო, ჰქონდა მიწები; ამავე დროისაა ბაზილიკა და სამონასტრო კელიები. 1806 წელს ესპანელმა მოგზაურმა ალი ბეიმ (1767-1818) ნახა სავანის ერთი ბერი და რამდენიმე მუშა, რომელნიც ამუშავებდნენ მონასტრის მიწებს. ინგლისელმა მოგზაურებმა - ჰენრი ლაითმა და უილიამ ტერნერმა 1814-1815 წლებში მოინახულეს სავანე. ისინი წერდნენ, თურქეთის ბატონობის დროს (1571-1878) აქ არნახულმა სიღარიბემ დაისადგურა. მონასტერში დაგვხვდა მხოლოდ ერთი ბერი, სრულიად უწიგნური, რომელსაც კითხვა არ შეეძლო, მაგრამ ლიტურგია ზეპირად ჩაატარაო. XIX საუკუნის II ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში სამონასტრო შენობები გადასცეს სკოლას, სადაც ორმოცდაათამდე ბავშვი სწავლობდა.

სამონაზვნო ცხოვრება სავანეში 1956 წელს აღდგა, როდესაც არქიეპისკოპოს მაკარიოს II-ის (1913-1977) ნებართვით თურქების მიერ განადგურებული მონასტრიდან აქ მოვიდა სამი ძველი სტილის მიმდევარი მწირი. მაგრამ 1979 წელს მათ დატოვეს სავანე. 1991 წლის 9 ნოემბერს მონასტერში დასახლდა ორი მონაზონი - კონსტანცია და ევლოგია. ასე დაიწყო სავანის აღორძინება. დღეისათვის მონასტერში შვიდი მონაზონია, იღუმენია კონსტანციაა. მონასტრის დღესასწაულზე, 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) აქ იკრიბებიან კვიპროსელები კუნძულის ყველა კუთხიდან. წმინდა თეკლას მონასტერი კვიპროსზე ძალიან ცნობილია. აქაურ წმინდა წყაროსთან სასწაულმოქმედი თიხაა, რომელიც დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალო ერთადერთ საშუალებად ითვლებოდა.

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა თეკლას სასწაულმოქმედი ხატი           წმინდა თეკლა პირველმოწამის წმინდა ნაწილები მილანში

მონასტერში თიხით განკურნების სასწაული ყოველდღე ხდება. სავანის დები ამას აღნუსხავენ. აი, ორი მათგანი: მოგვითხრობს პანაის ხადუინასი: "ახალგაზრდობაში კანის მძიმე დაავადება შემეყარა - ფეხები გამონაყარით დამეფარა და სიარული მიჭირდა. ექიმებმა ვერაფერი მიშველეს. ერთხელ მე და ჩემი ძმა ვასილი სტავროვუნიში მივდიოდით. გავჩერდით წმინდა თეკლას წმინდა მონასტერში მისი წმინდა ნაწილების თაყვანის საცემად. ავიღე თიხა წმინდა თეკლას წყაროდან და წავისვი ფეხებზე. მალე გამონაყარი უკვალოდ გაქრა".

აი, მეორე სასწაული: "ორი წელი ხელებზე გამონაყარი მტანჯავდა. ექიმმა მითხრა, ეს დაავადება უკურნებელიაო. ამომიწვა გამონაყარი, მაგრამ მალევე გამიჩნდა. 24 სექტემბერს, როდესაც ეკლესია იხსენიებს წმინდა თეკლას, ლიტურგია მოვისმინე მის მონასტერში, მოსფილოტში. მსახურების შემდეგ მოვაწყვეთ ლიტანიობა წმინდა ხატით ხელში. ღვთის წყალობით, იმ დღეს ვეზიარე. წამოსვლის წინ ხელებზე წავისვი თიხა და საბოლოოდ განვიკურნე. მადლობას ვუხდი უფალს და წმინდა თეკლას - ეს განკურნება მისი შუამდგომლობით მოხდა".

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1