წმინდანთა კუნძული
წმინდანთა კუნძული
ვერავინ ბედავს, თვალი გაუსწოროს ღვთისმშობლისა და ყრმის სახეებს
კვიპროსი აგვისტოში - ეს არის მზით გადამწვარი, უფერული ბალახით დაფარული მიწა, მწიფე მტევნებით დახუნძლული ვენახები და ალერსიანი ზღვა. კუნძულის გაცნობა ლარნაკის ვიწრო დაბეტონებული სანაპიროთი იწყება. ლარნაკა სიდიდით მესამეა კვიპროსის ოთხ ქალაქს შორის. მართლმადიდებელ სამყაროში იგი იმით არის ცნობილი, რომ აქ ბრძანდება უდიდესი სიწმინდე - წმინდა ლაზარეს აკლდამა. თვით ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან "ლარნას" - აკლდამა. წინათ მას კიტიონი ერქვა. გარდამოცემის თანახმად, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მართალმა ლაზარემ კიდევ 30 წელიწადი იცხოვრა კუნძულ კვიპროსზე, სადაც კიტიონის პირველ ეპისკოპოსად იქნა არჩეული.

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა ლაზარეს აკლდამაში ჩასასვლელი                                                     წმინდა ლაზარეს აკლდამა

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა ლაზარეს ხატი                                                            წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესია

აი წმინდა ლაზარეს ეკლესია... ჩავდივართ კრიპტაში, სადაც წმინდა ლაზარეს აკლდამაა. ამ ქვებმა ოდესღაც მიიღეს ადამიანის სხეული, რომელიც თვით უფლის მეგობარი იყო მისი მიწიერი ცხოვრების დროს, ადამიანისა, რომელსაც მოევლინა უდიდესი სახარებისეული სასწაული - სასწაული ოთხი დღის გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგომისა. "ლაზარე, ქრისტეს მეგობარი" - ასეთი წარწერაა მარმარილოს სარკოფაგზე.

ახლა ქვის აკლდამა ცარიელია, ზოგიერთი მომლოცველი წვება კიდეც მასში და გამოჯანმრთელებაზე სასოებს. მართალი ლაზარეს წმინდა ნაწილები ინახება ზარდახშაში, რომელიც ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, წმინდანის ხატის წინ დგას.

სოფელ კიტში არის ბიზანტიური ეკლესია პანაგია ანგელოკტისტი. ეს სახელი სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: "აშენებულია ანგელოსების მიერ". ტაძრის აფსიდაში შემორჩენილია ღვთისმშობლის მოზაიკური გამოსახულება, რომელიც VI საუკუნით თარიღდება.

პაფოსი არც ისე დიდი ქალაქია. 20 ათასამდე კაცი თუ ცხოვრობს. ჩინებული ჰავა აქ მთელი მსოფლიოდან იზიდავს დამსვენებლებს. ანტიკური ძეგლები ქალაქში მრავლად არის შემორჩენილი.

ძველმა რომაელებმა პაფოსი თავიანთი პროკონსულების რეზიდენციად აქციეს. ერთ-ერთი ციცერონი გახლდათ. "საქმე მოციქულთა" გვამცნობს, თუ როგორ მოაქციეს პავლე და ბარნაბა მოციქულებმა ქრისტიანად რომაელი პროკონსული სერგი პავლე.

პაფოსში შემორჩენილია ცნობილი გამათრახების სვეტი, რომელზეც იყო მიბმული პავლე მოციქული, როდესაც ოცდაცხრამეტჯერ დაჰკრეს მათრახი.

მარმარილოს სვეტი სხვებისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ შეხებისას აუხსნელი შეგრძნება გვებადება. შეგრძნება, რომელიც მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა სიწმინდეებს ვეხებით. აი ქვები - უტყვი მოწმეები, რომლებზეც თითქმის ორი ათასი წლის წინათ იღვრებოდა მოციქულის სისხლი შოლტით მიყენებული ჭრილობებიდან.

ლიმასოლი კვიპროსის სიდიდით მეორე ქალაქია. იგი კუნძულის უდიდესი ნავსადგური გახლავთ. ცოტა ხნის წინ აქ ააშენეს ხის რუსული ტაძარი, რომელიც მოსკოვის წმინდა მიტროპოლიტ ალექსის სახელობისაა და სპეციალურად ჩამოიტანეს რუსეთიდან. საზოგადოდ, კვიპროსზე ხის ნაგებობა თითქმის არ არის, რადგან ხე კუნძულზე ძალიან ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ ლიმასოლში არაერთი ბერძნული ტაძარია, რუსულ ტაძარში მსახურებას ესწრებიან ბერძნებიც. ტაძრის მრევლი ხშირად აწყობს მიმოსვლას ხმელთაშუა ზღვის სიწმინდეების მოსალოცად.

სტავროვუნის მონასტერში ინახება უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც აქ მოციქულთასწორმა დედოფალმა ელენემ მოიტანა. სავანე ათონის წესდებით ცხოვრობს და ქალებს იქ შესვლა ეკრძალებათ.

წმინდა ჰერაკლიადას დედათა მონასტრის მთავარ ტაძარში ინახება წმინდა ნაწილები მღვდელმთავრისა - პირველი კვიპროსელი ქრისტიანისა, რომელიც მოციქულებმა პავლემ და ბარნაბამ მონათლეს.

კვიპროსის დედაქალაქი ნიქოზიაა. ეს კუნძულის ყველაზე ცხელი ადგილი გახლავთ. ამჟამად ქალაქი კედლით ორად არის გაყოფილი. სევდისმომგვრელი სანახაობაა: შუა ქალაქში - სასაზღვრო კოშკურები, ნეიტრალურ ზონაში - დანგრეული და მიტოვებული სახლები, თურქულ მხარეზე - წაბილწული მართლმადიდებლური ტაძრები, საუკეთესო შემთხვევაში დახურულ ბაზრებად რომ უქცევიათ, უარეს შემთხვევაში - ფეხისადგილად.

კვიპროსის მონასტრებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი კიკოსი გახლავთ. აქ არის დაბრძანებული ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - კიკოსის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც წმინდა ლუკა მოციქულის მიერ თვით ღვთისმშობლის სახიდან არის გადმოღებული მისი მიწიერი ცხოვრების დროს. ეს ხატი კარგა ხანს ეგვიპტეში იმყოფებოდა - ის თვით ლუკა მოციქულმა გაუგზავნა მარკოზის მიერ მოქცეულ ქრისტიანებს. 980 წელს, როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ხატი კონსტანტინოპოლში ჩამოაბრძანეს. კვიპროსზე კი იგი თვით ზეციური დედოფლის ნებით მოხვდა: ერთხელ იმპერატორის ნაცვალი, ბიზანტიელი დიდებული მანუელ ვუტომიტისი შვლებზე სანადიროდ გაემართა. ტროოდოსის ტყეებში, მთის ბილიკზე, ნაცვალი მეუდაბნოე ესაიას შეხვდა. განდეგილი ლოცულობდა და დიდებულს არ მიესალმა. აღშფოთებულმა მანუელმა მსახურებს უბრძანა, დასწეოდნენ მეუდაბნოეს და სასტიკად ეცემათ.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE
კიკოსის მონასტერი

მალე კუნძულის მმართველს მძიმე სენი შეეყარა და ლოგინად ჩავარდა. მას გაახსენდა უსამართლოდ დასჯილი ბერი და მსახურები წარავლინა, რომ ბოდიში მოეხადათ. ესაიამ შეუნდო დიდებულს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ილოცა. მანუელი განიკურნა და მეუდანოეს ნებისმიერი თხოვნის შესრულება აღუთქვა. განდეგილმა განუცხადა, მქონდა ხილვა, რომ კონსტანტინოპოლში, იმპერატორ ალექსი კომნენოსთან უნდა გაემგზავრო და კვიპროსზე ჩამოიტანო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ლუკა მოციქულმა დაწერაო, მაგრამ მანუელმა ვერ გაბედა იმპერატორს ხლებოდა და იმასღა დასჯერა, რომ ესაიას ტაძრის ასაგებად ფული შესწირა. მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყო.

იმ ხანებში იმპერატორის ქალიშვილს ისეთივე სენი შეეყარა, როგორიც მანუელს ჰქონდა. კუნძულის განმგებელმა ამაში ღვთის განგება დაინახა, წარუდგა იმპერატორს და მეუდაბნოე მამის შესახებ უამბო. ესაია კონსტანტინოპოლში მიიწვიეს. ისიც მანუელთან ერთად იმპერატორს ეახლა. მეფის ასული განიკურნა, მაგრამ იმპერატორი დანაპირების შესრულებას არ ჩქარობდა. მაშინ ქალიშვილი ისევ ლოგინად ჩავარდა. ალექსი კომნენოსმა მოინანია ურჩობა, მაგრამ ხატთან განშორება უმძიმდა, გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეცადა ბერი. მან სასწაულმოქმედი ხატის ზუსტი ასლი შეუკვეთა, განდეგილს ორივე აჩვენა და არჩევანი მას მიანდო. უხუცესმა ილოცა და პასუხად სასწაულმოქმედ ხატზე ფუტკარი დაჯდა. ფუტკარი, როგორც სიმბოლო კიკოსის მონასტრისა, დღესაც ყველა ხატსა და ფრესკაზეა გამოსახული. იმპერატორი ვეღარ ეურჩა ღვთის ნებას და იძულებული გახდა, ხატი ესაიასთვის გაეტანებინა, მაგრამ ბრძანა: "ამიერიდან ვეღარავინ იხილავს ღვთისმშობლისა და ყრმის სახეს კონსტანტინოპოლში... მაშ, დაე, კვიპროსზეც ვერავინ დაინახოს - სასწაულმოქმედი ხატი საბურველით იქნებაო დაფარული". იმპერატორის ბრძანება დღესაც სრულდება - ვერავინ ბედავს, თვალი გაუსწოროს ღვთისმშობლისა და ყრმის სახეებს, რომლებიც თვით პატრიარქისა და კვიპროსის მთავარეპისკოპოსისთვისაც კი დაფარულია.

KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE
კიკოსის ღვთისმშობლის ხატი

სასწაულმოქმედი ხატის მარჯვნივ დაინახავთ გამხმარი ხელის ტვიფარს, რომელიც იმ ადამიანს მოგვაგონებს, სიწმინდის წაბილწვას რომ ცდილობდა.

კიკოსის სავანეში ხატმა უამრავი სასწაული მოახდინა.

ოსმალთა ბატონობის დროს კუნძულზე გვალვა ჩამოვარდა. თურქეთის ფაშამ დაიბარა მონასტის იღუმენი და უბრძანა, სასწაულმოქმედი ხატის წინაშე წვიმის მოსვლისთვის ელოცა. "თუ არ გაწვიმდება, - დაემუქრა ფაშა ბერს, - ამ ხატს თავზე გადაგამსხვრევო". იღუმენმა ილოცა და მოხდა სასწაული - გაწვიმდა. თურქეთის მმართველმა მონასტერს მადლობის ნიშნად გადასცა სიგელი, რომელიც სავანეს სამუდამოდ ათავისუფლებდა გადასახადებისგან.

კიკოსის მონასტერი თავისი მშვენიერებით განგაცვიფრებთ: დიდებული არქიტექტურა, მრავალრიცხოვანი ფრესკა და მოზაიკა. აქ უწყვეტ ნაკადად მიედინებიან ტურისტები და მომლოცველები. გაივლით მყუდრო შიგა ეზოს, შეხვალთ მთავარ ტაძარში და უახლოვდებით სასწაულმოქმედ კიკოტისას, რომელიც კანკელშია მოთავსებული.

მონასტერში ღვთისმსახურებისთვის საჭირო საგნების, სამოსელისა და ხატების ძალიან მდიდარი კოლექციაა დაცული. აქ საქართველოს მეფე-მთავრების მიერ შეწირულ უამრავ ნივთს ნახავთ. მათ შორის გამოირჩევა კიკოსის ხატისთვის ერეკლე II-ის მიერ შეწირული საბურველი. ცამეტი წლისა სწორედ კიკოსის მონასტერში შედგა მორჩილად მომავალი არქიეპისკოპოსი მაკარიოსი. მეზობლად, მთიან სოფელში, არქიეპისკოპოსის საფლავი მდებარეობს.

ტროოდოსის მთებში არის კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ხატი უწმინდესი ღვთისმშობლისა - ტროოდიტისა, რომელიც მისივე სახელობის მონასტერშია დაბრძანებული. ტროოდიტისას მონასტერში უამრავი უშვილო წყვილი მიდის და შვილიერებას ევედრება. მათი ლოცვა უპასუხოდ არ რჩება.

ერთ ქალს, რომელსაც დიდხანს არ ჰყავდა შვილი, ხატის მეოხებით ვაჟი შეეძინა. ბედნიერი დედა ღვთისმშობელს შეჰპირდა, რომ შვილს მას შესწირავდა. გავიდა დრო და ვაჟი სავანის მორჩილი გახდა, მაგრამ დედას ძალიან მოენატრა იგი, ერთხელ, ღამით, მონასტერში შე-
იპარა, გააღვიძა ბიჭი და ფეხაკრეფით წაიყვანა ჭიშკრისკენ. უეცრად მშენებარე ტაძრის კედლიდან ქვა მოწყდა და პირდაპირ ბიჭს დაეცა თავზე. თავზარდაცემულმა დედამ ხელი დასტაცა ბავშვს და დაინახა, რომ პატარა საღ-სალამათი იყო. ბიჭი ქვასთან ერთად ჩამოვარდნილმა ღვთისმშობლის ხატმა გადაარჩინა. დედა მიხვდა, რომ მისი ვაჟი მონასტერში უნდა დარჩენილიყო და აღარასოდეს უცდია პირობის დარღვევა.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1