კვიპროსის სიწმინდეები
კვიპროსის სიწმინდეები
მახერას ღვთისმშობლის მონასტერი
მახერას ღვთისმშობლის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური სავანეა კვიპროსზე.
იგი დაარსდა XII საუკუნის მიწურულს. მონასტერი სოფელ ლაზანიის მახლობლად კიონიის (მახერას) მთაზე, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე, დაბურულ ტყეში დგას. იქ მისვლა სოფელ კაპედისის გავლით შეიძლება.

მონასტრის კუთვნილი ეკლესია 1892-1900 წლებში დამწვარი ეკლესიის ადგილას ააშენეს. ხის მოჩუქურთმებული კანკელი 1919 წელს გაკეთდა. სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს კვადრატულ მოედანს. შენობები 1892 წლის შემდეგ აიგო. 1900 წელს აშენებული დახურული სამონასტრო ორკადები 19 მ სიმაღლისაა.

აქ დაცული მახერას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ლუკა მახარებლის ხელით დაწერილ 70 ხატთაგან ერთ-ერთია და კვიპროსზე VII-IX სს-ში, ხატმებრძოლობის პერიოდში, მცირე აზიიდან ჩამოაბრძანა უცნობმა მეუდაბნოემ და მახერას მთებში გადამალა. დაახლოებით 1145 წელს ხატი აღმოაჩინეს ნეოფიტე და ეგნატე მეუდაბნოეებმა - საღვთო გამოცხადებამ გაუხსნა მათ ხატის გამოქვაბულის შესასვლელი, რომელსაც ბუჩქნარი მოსდებოდა. გადმოცემის თანახმად, ღვთის განგებით, მათ ხელში აღმოჩნდა დანა, რომლითაც ბუჩქები გასხიპეს. ხატი ხელუხლებელი დახვდათ. ხატს "მახერიოტისა" ეწოდა ("მახერა" - დანა - ჰქვია მთას და გარშემო ადგილებსაც). ის უფრო ცნობილია მახერას ღვთისმშობლის ხატის სახელით. მონასტერი, რომელიც ამავე სახელს ატარებს, ააშენეს იმავე ადგილზე, სადაც ხატი იპოვეს. მახერას ღვთისმშობლის მონასტერი კვირპოსის სამ სტავროპიგიალურ მონასტერთაგან ერთ-ერთია. თავდაპირველად ის პატარა უდაბნო იყო. ნეოფიტე და ეგნატე პირველნი დასახლდნენ აქ. ნეოფიტეს სიკვდილის შემდეგ უხუცესი პროკოპი დაემკვიდრა ეგნატესთან. 1172 წელს ბერები კონსტანტინოპოლში, იმპერატორ მანუილ კომნენოსს ეწვივნენ და მთაზე მონასტრის ასაშენებლად დახმარება სთხოვეს. იმპერატორმა მათ წელიწადში 50 მონეტა დაუწესა.

ბერებმა ღვთისმშობლის პატივსაცემად ააშენეს სამლოცველო და სენაკები. ბერი პროკოპის გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ ეგნატე და სკიტში ახალმოსული ორი ბერი. ეგნატეს გარდაცვალების შემდეგ მონასტრის მამა-წინამძღვარი გახდა ნილოსი. მან ააშენა ეკლესია, კელიები, მონასტერს შემოავლო გალავანი.

მოგვიანებით აქ უამრავი ბერი დაემკვიდრა. ისინი იყვნენ მწყემსები, მიწათმოქმედები, მცხობელები, მეღვინეები, მესპილენძეები და სხვ. ნილოსის შემდეგ მონასტრის წინამძღვარი იოაკიმე გახდა.

KARIBCHE1231 წლამდე მონასტრის შესახებ არავითარი ცნობა არ შემონახულა. 1340 წელს დედოფალი ალისია, ფრანკ ჰუგო IV-ის მეუღლე, განიკურნა ჯვარცმაზე მთხვევის შემდეგ.

მემატიანე ლეონტი მახერას გადმოცემით, 1337 წელს ალისია ღვთისმშობელმა დასაჯა საკურთხეველში შეჭრის გამო. 1385 წელს მეფე ჯეიმს I-მა თავის მეუღლესთან, ელოიზასთან ერთად 39 დღე გაატარა მონასტერში. 1393 წელს, როდესაც კვიპროსს შავი ჭირი მოედო, მეფე-დედოფალი და მთელი სამეფო კარი დიდი ხნით დამკვიდრდნენ მონასტერში.

მახერას მონასტერი 1530 წელს ხანძარმა გაანადგურა, მხოლოდ ღვთისმშობლის ხატი გადარჩა. ამ პერიოდიდან მონასტრის შესახებ არაფერია ცნობილი. შემდგომი ცნობები XVII საუკუნეს განეკუთვნება. წინამძღვარმა ლეონტიმ შეაგროვა ფული და 1697 წელს მონასტრის ეკლესია შეაკეთა. მისი მემკვიდრე უცნობია. 1720 წელს მონასტრის მამა-წინამძღვარი გახდა პართენი, ტომით არაბი. პართენი კვიპროსზე ნინველობისას ჩამოვიდა. შეისწავლა ბერძნული ენა და მახერას მონასტერში ბერად აღიკვეცა.

არქიმანდრიტ კვიპრიანეს გადმოცემით, პართენმა აღადგინა მონასტერი, დაამატა მას მრავალი ნაგებობა, გაუმრავლა ვენახები და სხვა მიწები. 1760 წელს მონასტერი ფლობდა ყველა პრივილეგიას. პართენის აღსრულების (1766 წ.) შემდეგ იოანიკე II-მ გააგრძელა სარესტავრაციო სამუშაოები.

1773 წელს მან მონასტრის არქიმანდრიტი, ხაზინადარი და დიაკვანი კვიპრიანე, რომელიც შემდგომ კვიპროსის არქიეპისკოპოსი გახდა, მოლდოვლახეთში დახმარების სათხოვნელად გაგზავნა. 1794 წელს იმავე მიზნით მეორე ექსპედიცია გაიგზავნა. 1795 წელს მონასტრის პრივილეგიები ხელახლა გააცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გერასიმე III-მ. 1796-1827 წლებში მონასტერს მეთაურობდა გერმანე. მან მონასტრის ვალის დიდი ნაწილი გადაიხადა. 1843-1848 წლებში წინამძღვრად იყო კალენიკე I, შემდეგ ეზეკიელი. 1857 წელს ეზეკიელი შეცვალა კალენიკე II-მ, რომელიც 1868 წლამდე დარჩა. მისი მემკვიდრე ქრისტეფორე გახდა. ხოლო 1892 წელს იგი შეცვალა ეგნატე II-მ, რომელიც 1900 წლამდე მოღვაწეობდა.

1892 წლის 5 სექტემბრის ხანძარმა, რომელიც სანთლების საწყობში გაჩნდა, გაანადგურა მახერას მონასტერი. ბერებმა შეძლეს ხატის გადარჩენა.

1900-დან 1937 წლამდე მიტროფანე წინამძღვრობდა მოანსტერს. 1937 წლიდან 1948 წლამდე ეს თანამდებობა ვაკანტური იყო. შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა არქიმანდრიტი გრიგოლი, მერე - ირინეოსი. 1960 წელს იგი წმინდა სინოდმა გაათავისუფლა და აირჩია ერპიდიოსი, რომელსაც ეს თანამდებობა 1964 წლამდე ეკავა. 1987 წლამდე არქიმანდრიტი დიონისე იყო წინამძღვარი.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დიონისე შეცვალა არქიმანდრიტმა ხარიტონმა.

XVII საუკუნიდან მახერას მონასტერში მიმდინარეობდა სასულიერო წიგნების გადაწერა-გამრავლება.

მახერას მონასტერს ბევრი პროვინცია ემორჩილებოდა და ჰქონდა დიდი მიწები. მონასტერმა დიდი როლი შეასრულა 1955-1959 წლების ომში. მონასტრის ახლოს აფარებდა თავს გმირი გრიგოლ აფქსენტიუსი, რომელიც სარწმუნოებრივი და ეროვნული თვითშეგნების საყრდენი იყო კვიპროსზე. ოსმალთა ოკუპაციის დროს მონასტერი მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარებისა და მოსახლეობის თანადგომის ცენტრი გახლდათ, აქ იყო ბერძნული სკოლა... თურქები მონასტერს ავიწროებდნენ. ძალადობა ძლიერ გაიზარდა 1821 წლის ივლისში, რომელიც კუნძულზე ბერძნების ხოცვა-ჟლეტით დასრულდა. მონასტრის წინამძღვარი, მამა გერმანე, დიდი გაჭირვებით გადაურჩა ამ სასაკლაოს.

თურქებმა მონასტრის საკუთრების დიდ ნაწილს კონფისკაცია გაუკეთეს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მონასტრის ვალი.

მახერას მონასტერი იზიდავს როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას...

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1