მართლმადიდებლური სიწმინდეები
მართლმადიდებლური სიწმინდეები
თაბორის მთა
არქიტექტურას ხშირად "გარინდებულ მუსიკას" უწოდებენ. ეს შედარება ყველაზე უკეთ მიესადაგება თაბორის მთაზე ანტონიო ბარლუცის მიერ აგებულ ფერისცვალების ბაზილიკას.

ბარლუციმ ეკლესიის მშენებლობა 1919 წელს დაიწყო... ახალგაზრდა, ექსპერიმენტებს მოწყურებულმა, თამამმა არქიტექტორმა რომში მოგზაურობისას (მაშინ ალბათ ვერც კი იფიქრებდა, რომ სამუდამოდ შორდებოდა იტალიას) ენერგიულ თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბა და სამშობლოს გამოეთხოვა, რათა ძირფესვიანად განეახლებინა პალესტინის საეკლესიო არქიტექტურის ენა.

გუნდში ანტონიომ პირველ ყოვლისა მიიწვია თავისი მეგობარი ჩეზარე ფილიპი, ახალგაზრდა ვენეციელი. მეორე ენთუზიასტი გახლდათ პიერ რიჩი, რომელიც უკვე მთელი წელი მასთან ერთად მუშაობდა გეთსემანიის პროექტზე.

ბარლუცი და ფილიპი თაბორზე ერთად გაემგზავრნენ. იმ დროისთვის ეს საკმაოდ ძნელი გზა იყო. მეგობრები მალე მიხვდნენ, რომ მიხვეულ-მოხვეული საცალფეხო ბილიკებით მარმარილოს, გრანიტისა და სხვა მასალის მთაზე ატანა ვირების გარეშე არ მოხერხდებოდა.

პროექტის გენერალურ სუპერინტენდანტად დაინიშნა ფილიპე, მშენებლად - პიემონტელი (ჩრდილოეთ იტალია) დე რეგიბესი, მისი ორი ბიძაშვილი კი კალატოზებად მოეწყო. სკულპტურული სამუშაოები რომანიელი მხატვრის ხელმძღვანელობით სრულდებოდა. კალაბრიელი (სამხრეთ იტალია) თავადი კი მიწისმთხრელების ბრიგადას ხელმძღვანელობდა. ერთი სიტყვით, ბერლუცის რაზმში თითქმის მთელი იტალია იყო წარმოდგენილი. მთავარი შრომითი ძალა კი 350 პალესტინელი არაბი გახლდათ, რომლებიც ახლომახლო სოფლებიდან დაიქირავეს.

ანტონიო დღესა და ღამეს ასწორებდა. ხშირად იგი ერთდროულად იყო არქიტექტორიც, ინჟინერიც, დარაჯიც... ერთხელ, თითქოსდა უნებლიეთ, ხელებზე დაიხედა და ბებერებით და ნაჭდევებით დაფარული ხელისგულების დანახვაზე ხუმრობით მიმართა ფილიპის: "ახლა ხვდები, რატომ გამიფუჭდა ხელწერა?"

KARIBCHE
მოზაიკისა და ჩუქურთმის ოსტატები მარჯვედ მიმოდიოდნენ თაბორსა და გეთსემანიას შორის. ასე ერთდროულად შენდებოდა ორი ტაძარი. 100 გალილეველ ფელახს, გუშინდელ აქლემის მეხრეებს, ქვისმთლელობა შეასწავლეს. ქვებს იქვე მოიპოვებდნენ.

სხვა დამქირავებლებისგან განსხავებით, რომლებიც იაფფასიან არაბ მუშახელს სასტიკ ექსპლუატაციას უწევდნენ, ბარლუცი ზრუნავდა თავის მშენებლებზე. თუ მუშა ავად გახდებოდა, იგი მაშინვე გადაჰყავდათ ნაზარეთის ჰოსპიტალში, ხოლო ხელფასს გამოჯანმრთელებამდე უნარჩუნებდნენ. მუშებისთვის მთაზევე ააშენეს დროებითი საცხოვრებლები, რათა მათ ყოველდღე არ გაევლოთ ორსაათიანი დამქანცველი გზა. ბარლუცი გრძნობდა ბავშვურად უბრალო და გულუბრყვილო პალესტინელების ფსიქოლოგიას, აფასებდა მათ სულიერ სიწმინდეს, თავმდაბლობას და შრომისმოყვარეობას. არაბებსაც, თავის მხრივ, უყვარდათ იგი, "მალმის" - "ოსტატს" უწოდებდნენ. ხელფასის გაცემის დროს იგი ყოველთვის დროულად მიდიოდა თაბორზე, რათა პირადად მიეცა მუშებისთვის ოქრო, რომელიც წინა დღეს გამოეტანა იერუსალიმის ბანკიდან.

ხუთი წელიც არ გასულიყო, რომ ტაძარი დასრულდა. ეს მართლაც საოცრება იყო - მშენებლობა ხომ ევროპულ ქალაქში კი არა, ნახევრად ველურ ქვეყანაში მიმდინარეობდა, სადაც არც გზები იყო, არც ინფრასტრუქტურა და არც მომზადებული სამუშაო ძალა, თანაც - 588 მ სიმაღლეზე, სადაც დღესაც კი გაჭირვებით ადიან.

1924 წლის 1 ივნისს კარდინალმა ჯორჯიმ, რომელიც ბაზილიკის საკურთხებლად მიბრძანდა, ბარლუცის საკუთარი ხელით დააბნია თეთრ პიჯაკზე რომის პაპის მედალი, თუმცა არქიტექტორს ის უფრო აღელვებდა, რას იტყოდა მისი უფროსი ძმა ჯულიო, რომელიც ანტონიოს არქიტექტურული კარიერის სათავესთან იდგა და რომელიც საგანგებოდ ჩამოსულიყო რომიდან, რომ მის ბენეფისს დასწრებოდა.

ძველი გადმოცემის თანახმად, ყოველი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი მსხვერპლს მოითხოვს... ერთ-ერთი თანამოაზრე, რიჩი, თავისივე პროექტის მიხედვით ტაძრის ასაშენებლად ბარლუციმ იერიქონში გაგზავნა. იმ დროს თაბორზე ტაძარი ჯერ კიდევ არ იყო ნაკურთხი. ერთხელ, როცა ახალგაზრდა არქიტექტორი მკვდარი ზღვის მეორე ნაპირზე ნევოს მთისკენ მიემგზავრებოდა, ცხენმა გაიტაცა. რიჩი ჩამოვარდა და საშინლად დაშავდა. ჯანმრთელობაშერყეულმა ერთხანს რომში იმკურნალა, შემდეგ ახლო აღმოსავლეთში დაბრუნდა და იორდანიის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ იქ დიდხანს არ უმუშავია - 1928 წელს გარდაიცვალა. იმხანად იგი ოცდათორმეტი წლისაც არ იყო.

მაგრამ დავუბრუნდეთ თაბორის ბაზილიკას.

ტაძარი უფლის ფერისცვალების სახელობისაა.

KARIBCHE"და წაიყვანა იესომ მოსწავლეები პეტრე, იაკობი და იოანე და ავიდა მათთან ერთად მაღალ მთაზე, რომ ელოცათ, და როდესაც ლოცულობდა, მისმა სახემ ფერი იცვალა, მისი სამოსი გათეთრდა, როგორც თოვლი". აი, ამ ამბავს ეძღვნება უძველესი საეკლესიო დღესასწაული უფლის ფერისცვალებისა.

სახარებაში არ არის ნახსენები იმ მთის სახელი, სადაც უფალმა მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა, მაგრამ ადრეული ქრისტიანობის აღმწერელნი თაბორში უშეცდომოდ ცნობდნენ ფერისცვალების მთას - მომცროს, ტყით დაფარულს, რომელიც აღმართული იყო ეზდრელონის ნაყოფიერ ველზე - ისრაელის უძველეს მიწაზე.

თაბორის მთა ძველთაგანვე წარმართების ღვთისმსახურების ადგილი გახლდათ. სხვადასხვა ხალხი იქ სხვადასხვა ღმერთს სწირავდა მსხვერპლს. ამავე მთაზე იყო "საიდუმლო" მეფის მელქისედეკის გამოქვაბული, რომელსაც შეხვდა ბიბლიური აბრაამი, როცა თავისი ტომითურთ პირველად ჩავიდა პალესტინაში, "პატივი სცა მას და მისცა მთელი თავისი ჯოგისა და შემოსავლის მეათედი". "მელქისედეკი" ზეციურ წმინდა ძალას ნიშნავს. მსგავსი მელქისედეკისა, სამოციქულო სწავლებით, იყო უფალი იესო ქრისტე, რომელიც იტევდა სამეუფო, სამღვდელმთავრო, საწინასწარმეტყველო მსახურებას. ფერისცვალების დროს, როცა მოწაფეებმა იხილეს მასწავლებლის ღვთაებრივი დიდება, იგი მოევლინა მათ, როგორც მელქისედეკი.

თაბორის მთაზე საეკლესიო ცხოვრებას დედოფალ ელენეს დროს ჩაეყარა საფუძველი. ელენე იყო დედა მოციქულთა სწორი კონსტანტინესი, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. დედოფალმა წმინდა მიწა 327 წელს მოინახულა. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ უმთავრეს სიწმინდეთა: ცხოველმყოფელი წმინდა ჯვრის, გოლგოთისა და უფლის საფლავის - აღმოჩენას. მანვე შემოგვინახა დღემდე აღდგომის ტაძარი იერუსალიმში და შობის ტაძარი ბეთლემში.

ფერისცვალების ტაძარი, რომელიც დედოფალმა ააგო თაბორზე, არ შემონახულა. მას რთული ისტორია ჰქონდა. მეშვიდე ასწლეულის დასაწყისში სპარსელებმა პალესტინაში ყველა ეკლესია და მონასტერი გაანადგურეს. XII საუკუნეში ქრისტიანული სიწმინდე აღადგინეს (უფრო სწორად, ხელახლა ააგეს) ჯვაროსნებმა, მაგრამ მათ წმინდა მიწაზე ძალაუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნეს.

თაბორიდან ჩანს კიტიმი - ბორცვი, რომლის ძირას სულთანმა სალადინმა 1187 წელს საბოლოოდ გაანადგურა ჯვაროსანთა ლაშქარი. მუსულმანებმა თაბორის მთის ყველა ქრისტიანული ნაგებობა მიწასთან გაასწორეს... შვიდი ასწლეული გავიდა, სანამ მართლმადიდებლები და კათოლიკეები პრაქტიკულად ერთდროულად ნაწილობრივ მაინც აღადგენდნენ მწვერვალის ყოველ საეკლესიო სიწმინდეს.

XIX საუკუნის შუა წლებში თაბორის ნანგრევებში დასახლდა მოხუცი ირინარქი, რუმინელი სლავი, "სახელგანთქმული დერვიში" - ასე უწოდებდნენ მას მოწიწებით ადგილობრივი ბედუინები. მრავალი წლის საიდუმლო ლოცვითი გმირობის შემდეგ ირინარქმა მელქისედეკის გამოქვაბულში შემოწირულობით (რომელთა შორის რუსეთიდან მიღებული შემოწირულობაც გახლდათ) ტაძრის აღდგენა დაიწყო, თუმცა მის კურთხევას ვერ მოესწრო.

მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობამ ფრანცისკელები გამოაცოცხლა, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მათ მაშინვე არ მისცა მშენებლობის დაწყების უფლება. ფრანცისკელებმა მორალური მხარდაჭერისთვის მართლმადიდებლებს მიმართეს. შედეგად ნაზარეთის მიტროპოლიტმა ნიფონტმა მათ უბოძა სიგელი, რომელიც ადასტურებდა, რომ ამიერიდან კათოლიკე ბერებს უფლება ჰქონდათ, თაბორზე, უძველეს ნანგრევებში, ფერისცვალების დღესასწაულზე მსახურება ჩაეტარებინათ.

საბოლოოდ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, მართლმადიდებლებმა და ფრანცისკელებმა მშვიდობიანად გაინაწილეს თაბორი და თავ-თავიანთი სამფლობელოები ქვის გალავნებით გამიჯნეს, რომელთაც ორი მეტრი სიგანის "ნეიტრალური" გზა ყოფდა.

ფერისცვალების მართლმადიდებლური ტაძრის შემდეგ თაბორის აღმოსავლეთ ფერდობზე აიგო იმავე დღესასწაულის სახელობის პატარა კათოლიკური ბაზილიკა. სამწუხაროდ, მასზე მხოლოდ საუკუნის დასაწყისის ფოტოების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1